Facebook Twitter

საქმე №ას-1133-2022 28 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.მ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სამინისტრო“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხოლო, შპს „ი.მ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის 2019 წლის 11 იანვარს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N10 ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე პრეისკურანტით CVP – 79530000; 79540000, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროსა და ადგილზე გაეწია სათარჯიმნო მომსახურება (იხ. ს.ფ. 18-30).

2.2. ხელშეკრულებაზე თანდართული მომსახურების გაწევის პირობებითა და პრეისკურანტით განისაზღვრა მომსახურების პირობები და ვადა. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 450 000 ლარი; ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 03.12.2019წ. N2 ურთიერთშეთანხმების ოქმით ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 370 000 ლარამდე; ხოლო, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 27.12.2019წ. N3 ურთიერთშეთანხმების ოქმით კი, გაიზარდა - 407 000 ლარამდე (იხ. ს.ფ. 18-33).

2.3. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების (ხელშეკრულებაზე თანდართულ მომსახურების პრეისკურანტში და მომსახურების გაწევის პირობებში მოცემული რომელიმე პირობის არშესრულების ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით.

2.4. ხელშეკრულების თანახმად, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების დადებიდან ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (დღე-ღამის ნებისმიერ დროს). შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღების შემდგომ მიმწოდებელს დაუყოვნებლივ (არაუმეტეს 1 საათი) უნდა უზრუნველეყო შესაბამისი ენის სპეციალისტ(ებ)ის გადაგზავნა ზეპირ თარგმანში მონაწილეობის მისაღებად.

2.5. მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ არაბული და რუსული ენის სათარჯიმნო მომსახურების ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.

3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, თარჯიმანთა ბიუროს საკონტაქტო ტელეფონზე 2019 წლის 03 დეკემბერს განხორციელდა არაერთი ზარი, რათა გაეგზავნათ არაბული ენის სპეციალისტი, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა მოპასუხემ ვერ უზრუნველყო თარჯიმნის გამოყოფა. შესაბამისად, მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებების 9.3 პუნქტით განსაზღვრული პირობა, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო 3 700 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1% (370 000x1)). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამ ნაწილში თავდაპირველად შედავებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო შემდგომ სასამართლო სხდომაზე მხარემ სადავო გახადა ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მომსახურება დაგვიანებით გაუწია (იხ. ს.ფ. 1-16; 08.06.2022წ. სხდომის ოქმი 13:31 წთ.); ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 05 თებერვალს 17:00 საათზე დანიშნულ სასამართლო პროცესზე უნდა გამოცხადებულიყო რუსული ენის სპეციალისტი, თუმცა, მიუხედავად გაფრთხილებისა, პროცესზე რუსული ენის თარჯიმანი არ გამოცხადებულა. შესაბამისად, მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულების 9.3 პუნქტით განსაზღვრული პირობა, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო 4 070 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1% (407 000x1)).

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102.1, 105-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ როგორც სარჩელში, ასევე, სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N002031219003 საქმეზე; აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის 03 დეკემბერს 15:18 საათიდან 18:36 საათამდე თარჯიმანთა ბიუროს საკონტაქტო ტელეფონზე განხორციელდა არაერთი ზარი, რათა გადაეგზავნათ არაბული ენის სპეციალისტი, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში უნდა გამოცხადებულიყო. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო თარჯიმნის გამოყოფა; საქმეში წარდგენილია მოსარჩელის 05.12.2019წ. და 10.12.2019წ. წერილები, რომლებშიც მითითებულია, რომ სისხლის სამართლის N002031219003 საქმეზე მოწმის სახით გამოსაკითხი იყო არასრულწლოვანი ბ.ვ.ბ.ა–სი, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა და საჭიროებდა არაბული ენის მცოდნე თარჯიმნის მომსახურებას. აღნიშნულის გამო, თარჯიმნის მოწვევის მიზნით, 2019 წლის 03 დეკემბერს 15:18 საათზე, 15:47 საათზე, 16:17 საათზე და 17:49 საათზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის, გ.ს–იას მიერ მისივე მობ. ტელეფონის ნომრიდან მოხდა მოპასუხის საკონტაქტო ნომერზე - ..... დაკავშირება, ხოლო იმავე განყოფილების უფროსის მოადგილე, თ.ს–ვი მისივე მობილური ტელეფონის ნომრიდან 16:29 საათზე, 17:22 საათზე, 17:54 საათზე 18:03 საათზე, 18:10 საათზე და 18:36 საათზე უკავშირდებოდა იმავე ბიუროს საკონტაქტო ნომერზე - ......; მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო თარჯიმნის გამოყოფა, უფრო კონკრეტულად კი, არაბული ენის თარჯიმანი დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში მიყვანილ იქნა იმავე განყოფილების თანამშრომლების მიერ 18:49 საათზე, რის გამოც ვერ მოხერხდა არასრულწლოვანი მოწმის ბ.ვ.ბ.ა–თვის თარჯიმნის მომსახურების დროული უზრუნველყოფა და მისი მოწმის სახით გამოკითხვა დაგვიანებით მოხდა (იხ. ს.ფ. 34-37); საქმეში ასევე წარდგენილია 2019 წლის 03 დეკემბრის ,,მთარგმნელ-თარჯიმნის მომსახურების აქტი“, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს გაეწია არაბული ენის მთარგმნელობითი მომსახურება 19:00 საათიდან 22:00 საათამდე (იხ. ს.ფ. 66).

5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებით დგინდება მოპასუხის მიერ არაბული ენის სათარჯიმნო მომსახურების გაწევის ფაქტი, ხოლო იმის დასადგენად, სახეზეა თუ არა მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ მათი მხრიდან 15:18 საათიდან 18:36 საათამდე პერიოდში თარჯიმანთა ბიუროს საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე არაერთი ზარი განხორციელდა. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს შეეძლო წარედგინა გამავალი ზარების დამადასტურებელი მტკიცებულება, სატელეფონო გზავნილები და ა. შ., რაც მის მიერ წარდგენილი არ ყოფილა. აპელანტის განმარტებით, მოგვიანებით ისინი დაკავშირებას მოპასუხის დირექტორთანაც ცდილობდნენ, თუმცა არც აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებაა საქმეში წარდგენილი. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შედგენილ წერილს იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხისა და მისი დირექტორის მისამართით სატელეფონო ზარები ხორციელდებოდა, აღნიშნულს მხარის ახსნა-განმარტების ეფექტი აქვს და უშუალოდ მტკიცებით პირველწყაროს არ წარმოადგენს, ანუ ზარებისა თუ შეტყობინებების ფაქტს ვერ ამტკიცებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დადასტურა მოპასუხის მხრიდან არაბული ენის მთარგმნელობითი მომსახურების დაგვიანებით გაწევის ფაქტი.

6. სააპელაციო სასამართლომ რუსული ენის სათარჯიმნო მომსახურების ნაწილში მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილია 05.02.2020წ. ,,მთარგმნელ-თარჯიმნის მომსახურების აქტი“, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს გაეწია რუსული ენის მთარგმნელობითი მომსახურება 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, ასევე, იმავე დღეს - 18:00 საათიდან 18:40 საათამდე (იხ. ს.ფ. 64-65); საქმეში ასევე წარდგენილია მოსარჩელის 06.02.2020წ. და 09.03.2020წ. წერილები, რომლებშიც მითითებულია, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების წარმოებაში არსებულ N006030220012 სისხლის სამართლის საქმეზე 2020 წლის 04 თებერვალს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ს.მ–ა, რომელიც ვერ ფლობს სამართალწარმების ენას, შესაბამისად, მოპასუხის დირექტორს ეცნობა, რომ რუსული ენის თარჯიმანი გამოცხადებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 05 თებერვალს 17:00 საათზე დანიშნულ სასამართლო პროცესზე, სადაც ს.მ–ას აღკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა განხილულიყო. მიუხედავად გაფრთხილებისა, 2020 წლის 05 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ს.მ–ას სასამართლო პროცესზე მოპასუხის რუსული ენის თარჯიმანი არ გამოცხადდა, რის გამოც სასამართლო პროცესი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, ხოლო რუსული ენის თარჯიმნად პროცესზე საქმის განმხილველმა მოსამართლემ ამავე სასამართლოს რუსული ენის მცოდნე თარჯიმანი მოიწვია (იხ. ს.ფ. 38-40). მოპასუხის წარმომადგენელმა მოსარჩელის მხრიდან მასთან კომუნიკაცია სხვა შინაარსით დაადასტურა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მან აღნიშნა, რომ დაუკავშირდა მოსარჩელის წარმომადგენელი და ჰკითხა ხომ არ ჰყავდათ სასამართლოში თარჯიმანი, რომელსაც შეეძლო სასამართლო პროცესზე სათარჯიმნო მომსახურება გაეწია (იხ. 08.06.2022წ. სხდომის ოქმი, 13:20 სთ)

7. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ის ითხოვდა მოპასუხის მხრიდან სასამართლო პროცესზე თარჯიმნის გამოცხადებას. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს შეეძლო წარედგინა სატელეფონო ზარებისა თუ შეტყობინებების ამსახველი მტკიცებულება. ამასთან, აღნიშნული გარემოების დადასტურების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის დადგენა, საერთოდ ევალებოდა თუ არა მოპასუხეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და მთარგმნელობითი მომსახურების გაწევა. მოპასუხის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სათარჯიმნო მომსახურების გაწევა მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა (იხ. ს.ფ. 53-63; მხარეთა ახსნა-განმარტება).

8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დასტურდება მოსაჩელის მოთხოვნა თარჯიმნის მომსახურების თაობაზე, მაგრამ არა იმ შინაარსით, რომელიც მოსარჩელემ მიუთითა, არამედ იმ შინარსით, რომელიც მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესში მოპასუხის წარმომადგენლის მონაწილეობა დასტურდება ბრალდებულის სასამართლომდე მიყვანისა და მისი საპატიმრო დაწესებულებამდე ეტაპირების პროცესში, ესე იგი იქ, სადაც მოსარჩელე თავის ფუნქციას ახორციელებდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს. ამასთან, მოცემულ შემთვევაში არ დგინდება მოპასუხის მოვალეობა უშუალოდ სასამართლო პროცესებზე მთარგმნელობითი მომსახურების გაწევის თაობაზე; მოპასუხის კონტრაქტორი მოსარჩელეა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს მხარეს არ წარმოადგენს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა/არ შეასრულა, რაც მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას საფუძველს აცლის.

10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო საჩივრის თანახმად:

16.1. მოპასუხემ არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, რომლებითაც დგინდება მოპასუხის მიერ მომსახურების გაწევის ვადაგადაცილების ფაქტები;

16.2. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის დირექტორმა თავად დაადასტურა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლები მას ნამდვილად უკავშირდებოდნენ ტელეფონის ნომერზე და სთხოვდნენ თარჯიმნის გამოყოფას, შესაბამისად, გაუგებარია რატომ მიიჩნია სასამართლომ სადავოდ ფაქტი, რომელიც ორივე მხარემ დაადასტურა;

16.3. თუნდაც მხარეს სადავოდ გაეხადა აღნიშნული გარემოება, შეუძლებელია, რომ მოსარჩელეს ოთხი წლის წინანდელი ამონაწერები წარედგინა. სამინისტროში მუშაობს 40 000 თანამშრომელი, შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, რომელი თანამშრომლის მიერ ხდებოდა მოპასუხის მიმართ ზარების განხორციელება.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი).

19. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

20. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).

22. განსახილველ შემთვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხემ მოსარჩელესთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა/არ შეასრულა. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომ მისი მხრიდან მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, მოპასუხემ არაბული ენის სათარჯიმნო მომსახურება დაგვიანებით, ხოლო რუსული ენის სათარჯიმნო მომსახურება საერთოდ არ გაუწია. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი