საქმე №ას-527-2024 5 ივლისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „Y.C.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „Y.C.“-ის (შემდეგში მოსარჩელე, მენარდე/მიმწოდებელი) სარჩელი დაკმაყოფილდა. სს „ს.რ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, შემსყიდველი, აპელანტი ან კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 8 213,72 ლარის ანაზღაურება.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დადებული, 2020 წლის 16 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nშს20-377 ხელშეკრულებით მიმწოდებელმა იკისრა, შემსყიდველის კუთვნილი მიკროავტობუსების და ავტობუსების ტექნიკური მომსახურების ვალდებულება დანართის (ფასების ცხრილი, დანართი N2/პრეისკურანტი) შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 52 683.86 აშშ დოლარს (ს.ფ. 32-35; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 16.12.2020 წლის Nშს20-377 ხელშეკრულება);
3.2. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.6 მუხლის შესაბამისად, შემსყიდველის/შემკვეთის წერილობითი მიმართვისთანავე მიმწოდებელი ვალდებულია არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის დათვალიერება, რაზედაც მხარეებს შორის შედგება დათვალიერების (დეფექტური) აქტი. ამავე პირობების 3.9 მუხლის თანახმად კი, მიმწოდებელი/მენარდე ვალდებულია ტექნიკური მომსახურება (რემონტი) კვანძებზე (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, გამაძლიერებელი, წამყვანი ხიდი) განახორციელოს შესასრულებელი მომსახურების აქტის შედგენიდან არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეში, ხოლო სხვა დანარჩენი სახის რემონტი არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში (ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები; ს.ფ. 32-39);
3.3. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 7.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცილების შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისთვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.1%-ის ოდენობით, რომელიც გაანგარიშებულ იქნება აშშ დოლარში და მოთხოვნილი (გაქვითული) იქნება ქართულ ლარში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღის ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში (ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები; ს.ფ. 32-39);
3.4. მოპასუხემ/შემკვეთმა 2021 წლის 12 აპრილს მიმართა მოსარჩელეს/მენარდეს და ხელშეკრულების ფარგლებში მოითხოვა სალოკომოტივო დეპარტამენტის სამტრედიის სალოკომოტივო დეპოს მიკროავტობუსის (სახ.N .......) ტექნიკური მომსახურება (ს.ფ. 42; 2021 წლის 12 აპრილის წერილი);
3.5. 2021 წლის 27 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შემსრულებელმა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nშს20-377 ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულა 12 067.71 ლარის ღირებულების სამუშაოები, საიდანაც შემსყიდველმა მიმწოდებელს ჩაურიცხა 3 853.99 8 ლარი, ხოლო, დარჩენილი თანხა (12 067.71-3 853.99) 8 213.68 ლარი, ხელშეკრულების 7.1 მუხლის საფუძველზე, დაუქვითა პირგასამტეხლოს ანგარიშში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მომსახურების ვალდებულება.
3.6. მოპასუხემ 2022 წლის 9 თებერვლის ელექტრონული წერილით მოსარჩელეს აცნობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ, კერძოდ, პირგასამტეხლო დაიანგარიშა ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში შეადგენს 8 213.68 ლარს და, ვინაიდან არსებობდა ურთიერთშემხვედრი ვალდებულება, შემსყიდველმა ურთიერთმოთხოვნები გაქვითა (ს.ფ. 51-52; მიღება-ჩაბარების აქტი; ს.ფ. 54-55; 2022 წლის 9 თებერვლის წერილი);
3.7. შემსყიდველის მიმართ აღძრული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 8 213.72 ლარის გადახდის დაკისრება, ვინაიდან მენარდემ მომსახურების ვალდებულება შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, რის გამოც არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების და შესაბამისად, მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის წინაპირობა.
3.8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასებისთვის დასადგენი იყო, შეასრულა თუ არა მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დათქმულ ვადაში.
3.9. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ შემსყიდველი და მიმწოდებელი ურთიერთშეთანხმების აქტებით თანხმდებოდნენ განახლებულ პირობებზე, რომლის შესრულებაზეც თითოეულ შემთხვევაზე დამოუკიდებლად დგებოდა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ სამუშაოები სრულდებოდა გათვალისწინებულ ვადაში და ამ ვადის დარღვევის დამადსატურებელი მტკიცებულება მოპასუხეს (შემკვეთს) არ წარუდგენია.
3.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით შემსყიდველმა ვერ დაადასტურა მიმწოდებელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადების დაარღვევა.
3.11. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ ნაწილის ანაზღაურება, რომელიც მოპასუხემ მოსარჩელეს პირგასამტეხლოს ანგარიშში გაუქვითა.
3.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოსარჩელის/მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის ფაქტი, არ არსებობდა ხელშეკრულების 7.1 მუხლით გათვალისწინებული (იხ. წინამდებარე განჩინების 3.3 ქვეპუნქტი) პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. ასევე, უსაფუძვლო იყო მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა, რადგან დადგინდა, რომ შემსრულებელს ვადაში ჰქონდა შესრულებული სამუშაოები.
3.13. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხისთვის შეასრულა 12 067.71 ლარის ღირებულების სამუშაოები, საიდანაც შემსყიდველმა ჩარიცხა 3 853.99 ლარი, არსებობს დარჩენილი 8 213.72 ლარის, მოსარჩელის/მენარდის სასარგებლოდ მოპასუხისათვის/შემკვეთისათვის დაკისრების საფუძველი.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.
4.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მხრიდან ვადების გადაცილების ფაქტი. ამასთან, ის არასათანადოდ და არაჯეროვნად ამოწმებდა ავტომობილს. ავტოსატრანსპორტო საშუალების შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ჩაბარებამდე და ექსპლოატაციამდე ვლინდებოდა ყოველი ახალი დაზიანება, რომლის გამოვლენა, პირველივე ჯერზე, სათანადო შემოწმებით იყო შესაძლებელი.
4.3. კასატორის განმარტებით, შემსყიდველსა და მოსარჩელეს შორის 2020 წლის 16 დეკემბერს დაიდო ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" შს/20- 377 ხელშეკრულება, მოპასუხის კუთვნილი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ტექნიკური მომსახურების თაობაზე. კასატორი, შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე რიცხავდა მომსახურების საფასურს. 2020 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული შს/20-377 ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელემ/მენარდემ ტექნიკური მომსახურეობა გაუწია სამტრედიის სალოკომოტივო დეპოს კუთვნილ მიკროავტობუსს (უაზი სახ. ნომერი: ტტ-340-ტნ), მოპასუხის 2021 წლის 12 აპრილის №13 წერილის საფუძველზე. 2021 წლის 13 აპრილს დათვალიერდა აღნიშნული ავტომობილი და შედგა დეფექტური აქტი.
4.4. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.9 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური მომსახურება (რემონტი) კვანძებზე (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, გამაძლიერებელი, წამყვანი ხიდი) განახორციელოს შესასრულებელი მომსახურების აქტის შედგენიდან არაუმეტეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო სხვა დანარჩენი სახის რემონტი არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. მიმწოდებელმა/მენარდემ 2021 წლის 19 მაისს, შემსყიდველს/შემკვეთს წერილით აცნობა, რომ მუშაობის პერიოდში, დაშლის შემდგომ, აღმოჩენილ იქნა დამატებითი დაზიანებები, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული პრეისკურანტით და პირველი დეფექტური აქტით. ამიტომ 2021 წლის 19 მაისს შედგა მეორე დათვალიერების (დეფექტური) აქტი. აღნიშნულ მიკროავტობუსთან დაკავშირებით, ასევე, 2021 წლის 22 სექტემბერს შედგა მესამე დათვალიერების (დეფექტური) აქტი ხოლო, საბოლოოდ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარება გაფორმდა 2021 წლის 27 სექტემბერს.
4.5. 2020 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული შს/20-377 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.6 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის წერილობითი მიმართვიდან, 24 საათში მიმწოდებელი ვალდებულია ჩაატაროს ავტომობილის დათვალიერება და შეადგინოს დათვალიერების (დეფექტური) აქტი. მოპასუხე ორგანიზაციის წერილობითი მიმართვიდან (12 აპრილი), პირველი დათვალიერების (დეფექტური) აქტი შედგა 13 აპრილს (ანუ, 24 საათის განმავლობაში), მეორე დათვალიერების (დეფექტური) აქტი შედგა (19 მაისი) 38-ე კალენდარულ დღეს, ხოლო მესამე დათვალიერების (დეფექტური) აქტი შედგენილ იქნა (22 სექტემბერი) 164-ე კალენდარულ დღეს. საბოლოოდ მიღება-ჩაბარება გაფორმდა 2021 წლის 27 სექტემბერს, 171-ე კალენდარულ დღეს.
4.6. ქრონოლოგიის შესაბამისად ხდებოდა მოპასუხესა/შემკვეთსა და მოსარჩელე/მენარდე საწარმოს შორის დეფექტური აქტების შედგენა, რადგან ხელშეკრულებითა და წინა პერიოდისათვის შედგენილი აქტებით ვერ ხდებოდა განსაზღვრა, თუ რა ტიპის მომსახურების გაწევა სჭირდებოდა სამტრედიის სალოკომოტივო დეპოს კუთვნილ მიკროავტობუსს. მოსარჩელეც მიუთითებს სარჩელში, რომ საბოლოოდ, მენარდე საწარმოსსერვისცენტრიდან 27 სექტემბერს იქნა გამოყვანილი მიკროავტობუსი, რომელიც, ძრავიდან ზეთის გაჟონვის შედეგად, კვლავ დაზიანდა. აღნიშნულის თაობაზე ჯერ ტელეფონის საშუალებით, ხოლო შემდეგ წერილობით ეცნობა მოსარჩელეს, რის შედეგადაც, მათ მიერ, ხარვეზი აღმოიფხვრა. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.6 და 3.9 პუნქტებით დადგენილია მომსახურების გაწევის პირობები და ვადები, რაც ცალსახად დაირღვა მოსარჩელის მხრიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების 7.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცილების შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისთვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.1%-ის ოდენობით, რომელიც გაანგარიშებულ იქნება აშშ დოლარში და მოთხოვნილი (გაქვითული) იქნება ეროვნულ ვალუტაში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღის ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში.
4.7. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხემ/შემკვეთმა წერილობით აცნობა მოსარჩელეს/მემარდეს, და განუმარტა, რომ ვინაიდან, არსებობდა ურთიერთშემხვედრი ვალდებულებები, მოსარჩელის მიმართ, ვადაგადაცილების შედეგად არსებული დავალიანების გაქვითვა მოხდებოდა საქართველოს კანონმდებლობისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. დავალიანება კი შეადგენდა 8 213.68 ლარს. აღნიშნულის თაობაზე მენარდეს ასევე ეცნობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. კასატორი არ იზიარებს პრეტენზიას, რომ თითქოს შემსყიდველის მიერ ვალდებულება არ იქნა სრულად შესრულებული, რადგან 2020 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული შს/20-377 ხელშეკრულების პრეამბულის მე-4 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებს მისი ხელმოწერის დღიდან მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისიწინებული ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 30 იანვრისა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება კი განისაზღვრა დღგ-ის გარეშე 52 683. 86 აშშ დოლარით, ხოლო დღგ-ის ჩათვლით 62 166.95 აშშ დოლარით, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მომსახურება გაეწია მოპასუხის/შემკვეთის კუთვნილ არაერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას და მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა დროულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, ხოლო, რაც შეეხება, განსახილველ შემთხვევას, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგად, გამოყენებული იქნა პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 8 213.72 ლარს(იხ. მოპასუხსი საკასაციო საჩივარი- ს.ფ.249-250).
4.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს/კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
8. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
10. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ-ები: N ას-696-696-2018, 6.07.2018; N ას-495-2020, 23.10.2020წ; N ას-776-2020. 21.04.2021წ; N ას-545-2021, 29.11.2022წ.). საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
11. განსახილველ შემთხვევაში დასადგენი იყო მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადებში შესრულება.
12. მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2020 წლის 16 დეკემბრის Nშს20-377 ხელშეკრულება და მისი სპეციფიკურ პირობები, ასევე, მხარეთა მიერ ხელმოწერილ იმ ურთიერთშეთანხმების აქტები, რომლებიც მხარეებმა მითითებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად მიიჩნიეს, კერძოდ, დადგენილია, რომ:
-მოპასუხემ 2021 წლის 12 აპრილს წერილობით მიმართა მოსარჩელეს და, ხელშეკრულების ფარგლებში, მოითხოვა სალოკომოტივო დეპარტამენტის სამტრედიის სალოკომოტივო დეპოს მიკროავტობუსს (სახ.N .....) ჩატარებოდა ტექნიკური მომსახურება;
- 2021 წლის 13 აპრილს შედგა შესასრულებელი მომსახურების აქტი (ხარჯთაღრიცხვა), სადაც მითითებულია საჭირო მომსახურების ჩამონათვალი; აქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ვადა იყო 20 დღე, 2021 წლის 10 მაისის ჩათვლით;
- შემსრულებლის/მენარდის სერვის ცენტრში პირველადი დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიკროავტობუსზე ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოები არ იყო გათვალისწინებული მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით, შესაბამისად, 20.04.2021 წელს, მოდავე მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი ურთიერთშეთანხმების აქტი N1, რომელშიც დამატებით განისაზღვრა მომსახურების პირობები;
- 2021 წლის 10 მაისს შედგა ჩამონათვალისა და განფასების აქტი N9.1/2021. - 2021 წლის 19 მაისს შედგა დათვალიერების (დეფექტური) აქტი N9/2021, ასევე, შესასრულებელი მომსახურების აქტი N9/2021; 9 -2021 წლის 19 მაისს, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ მიკროავტობუსს, დათვალიერების და დაშლის შემდეგ აღმოაჩნდა ისეთი დაზიანებები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული პრეისკურანტით და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება;
- რეაგირების მიზნით, მხარეებმა 2021 წლის 21 მაისს ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების N3 აქტს;
- 2021 წლის 27 სექტემბერს ხელმოწერილი ურთიერთშეთანხმების N4 აქტის თანახმად, მოსარჩელეს/მენარდეს კვლავ უნდა გაეწია მომსახურება, რომელიც არ იყო გათვალისწინებული 2020 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულების პრეისკურანტით;
- საბოლოოდ, 2021 წლის 27 სექტემბერს შედგენილია ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულება ჯამში შეადგენს 12 067.71 ლარს.
13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შემსყიდველი და მიმწოდებელი ურთიერთშეთანხმების აქტით შეთანხმდნენ განახლებულ პირობებზე, რომლის შესრულებაზეც თითოეულ შემთხვევაზე დამოუკიდებლად დგებოდა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ მენარდის მიერ სამუშაოები სრულდებოდა გათვალისწინებულ ვადაში და ამ ვადის დარღვევის მტკიცებულება მოპასუხეს/შემკვეთს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, შემსყიდველმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადები დაარღვია.
14. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ ნაწილის ანაზღაურება, რომელიც მოპასუხემ მოსარჩელეს გაუქვითა პირგასამტეხლოს ანგარიშში.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ.; Nას-258-2024, 12.04.2024წ.).
16. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად არ არსებობს ხელშეკრულების 7.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების (ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების დაკავების სახით) საფუძველი.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სსკ-ის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. გაქვითვა ითვალისწინებს დამოუკიდებელი მოთხოვნების არსებობას და ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, მიმართულია მსგავსი მოთხოვნების გამარტივებულ შესრულებაზე.
18. მოთხოვნათა გაქვითვა გაქვითვის უფლების მქონე პირებს ორ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს: 1) იგი იძლევა შესაძლებლობას, რომ ვალდებულმა პირმა თავისი ვალდებულება რეალური შესრულების გარეშე შეასრულოს; 2) იგი უმარტივებს კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებას სასარჩელო პროცესში ჩაბმის გარეშე (შდრ:სუსგ-ებს: №ას-1299-2018, 29.11.2019 წ.; Nას-236-2023, 4.05.2023წ.). გაქვითვის პირველი სავალდებულო წინაპირობაა, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი. თითოეული მათგანი ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. მოთხოვნის მოვალე უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი კი უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის მოვალე (შდრ: სუსგ №ას-1710-2018, 03.07.2020წ.; №ას-236-2023, 4.05.2023წ.). ამგვარად, უნდა არსებობდეს საპასუხო მოთხოვნები (ურთიერთმოთხოვნები). აუცილებელია ასევე, რომ ორივე ეს მოთხოვნა არსებობდეს გაქვითვის შესახებ გამცხადების გაკეთების მომენტში (იხ. მ. ახალაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებები, მუხლი 442, თბ., 2022, 79.). იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს ნამდვილობის პირობებს, კერძოდ: ა) საპასუხო მოთხოვნა რეალურად უნდა არსებობდეს; ბ) ეს მოთხოვნა უნდა იყოს უდავო; გ) როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს საპასუხო მოთხოვნის შესრულების ვადა (შდრ: სუსგ № ას-1039-2020, 3.02.2022 წ.; №ას-1159-2021, 1.04.2022 წ; №ას-1632-2021, 12.02.2021 წ.; Nას-1173-2023, 10.01.2024წ.).
19. საკასაციო სასამართლო სასამართლო განმარტავს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისათვის, როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. სსკ-ის 442-ე მუხლის მეორე ნაწილი გამონაკლისის სახით ითვალისწინებს ვალდებულებათა გაქვითვას იმ შემთხვევაშიც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა არ დამდგარა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ მოთხოვნის მქონე მხარს უჭერეს გაქვითვას (შდრ: სუსგ-ები: №ას-1173-1193-2011, 12.12.2011 წ.; №ას-286-608-2009, 22.10.2009 წ.; №ას-938-888-2015, 27.05.2016 წ. № ას-681-635-2017, 7.07.2017 წ.; №ას-236-2023, 4.05.2023წ.; Nას-1173-2023, 10.01.2024წ.).
20. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ/შემკვეთმა ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები უნდა ჩაითვალოს ვადაში შესრულებულად და არ არსებობს მისი აუნაზღაურებლობის საფუძველი
21. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ შეასრულა 12 067.71 ლარის ღირებულების სამუშაოები, საიდანაც შემკვეთმა ჩარიცხა 3 853.99 ლარი, შესაბამისად არსებობს დარჩენილი 8 213.72 ლარის (რომელიც პირგასამტეხლოს სახით გაუქვითა შემკვეთმა მენარდე საწარმოს), მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.
22. საკასაციო სასამართლომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი შეამოწმა ძირითადი საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). შესაბამისად, კასატორის სამართლებრივად უმნიშვნელო შედავებაზე მსჯელობას აღარ განავითარებს.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია შემკვეთის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
25. კასატორის პროცესუალური მოწინააღმდეგის წარმომადგენელი ადვოკატის მოთხოვნის ფარგლებში, მენარდე საწარმოსათვის გაწეული საადვოკატო მომსახურების (წარმოდგენილია საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება და 1200 /ათას ორასი/ ლარის ადვოკატისათვის გადახდის ქვითარი) მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლოს, მოპასუხის საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის საპროცესო ეტაპის გათვალისწინებით, მოსარჩელის ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების (წარმოდგენილია საკასაციო შესაგებელი) მხედველობაში მიღებით, დახარჯული დროისა და შრომითი რესურსის ანაზღაურებისათვის, დასაბუთებულად მიაჩნია მოპასუხისათვის, მოსარჩელე საწარმოს სასარგებლოდ, 360 ლარის (სამას სამოცი) ლარის დაკისრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.რ–ას“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.03.2024 წელს #395 საგადახდო დავალებით გადახდილი 410.69 ლარის 70% - 287.48 ლარი.
3. სს „ს.რ–ას“ შპს „Y.C.-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 360 ლარის ოდენობით;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ზ. ძლიერიშვილი