Facebook Twitter

საქმე №ას-408-2024 5 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ს.ს.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ს.ს.კ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, ორგანიზაცია) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 85 000 ლარის ანაზღაურება.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, წინამდებარე საქმეზე მიღებულია არა დაუსწრებელი არამედ არსებითი გადაწყვეტილება, თუმცა საქმის მასალების და გადაწყვეტილების დასაბუთების (სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილის) მიხედვით დგინდება, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ მიიღო არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-105 და 243-ე მუხლებით, არამედ, მოპასუხის მხრიდან შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სსკ 2321-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარიც, თავისი შინაარსით, წარმოადგენდა საჩივარს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, რაც განხილული უნდა ყოფილიყო სსსკ-ის 240-ე მუხლის საერთო საფუძვლებით და ამავე მუხლის მესამე პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად.

4. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დგინდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა მოპასუხისთვის, N724 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 85 000 ლარის, მიყენებული ზიანის 9163.7 ლარის და 4186 ლარის გადახდის დაკისრება; ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულების მე-14 მუხლის შინაარსის ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც, ,,ხელშეკულება ძალაში შედის ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 31 დეკემბრის ჩათვლით’’; ასევე - მოპასუხისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის 3838.43 ლარის გადახდის დაკისრება;

5. საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელის წარმომადგენელს, სსსკ-ის 184-ე მუხლის თანახმად, გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. 2020 წლის 30 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და წარადგინა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის თანახმად მოპასუხისათვის გაგზავნილი სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ჩაბარდა ორგანიზაციის საქმეთა მმართველს - მ.დ–ძეს, 2020 წლის 24 თებერვალს. მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი არ იქნა წარდგენილი კანონით დადგენილი წესით.

6. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის მიუხედავად, აუცილებელი იყო საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა იმის დასადგენად, რამდენად ამართლებდა იურიდიულად სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნებს, რის გამოც, ჩაინიშნა სასამართლო სხდომა, რომელზეც გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი და მიუთითა, რომ სარჩელს არ ცნობს.

7. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ უარი თქვა მე-3 და მე-5 სასარჩელო მოთხოვნებზე, სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა, შეწყდა საქმის წარმოება მე-3 და მე-5 სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში. სასამართლომ, საქმის ზეპირი მოსმენის, მხარეთა პოზიციების შეჯერების შედეგად მიიჩნია, რომ პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან, მოპასუხისთვის 85 000 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით, დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 85000 ლარის, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 2550 ლარისა და ადვოკატის მომსახურების საფასურის - 2500 ლარის გადახდა;

8. აპელანტის (მოპასუხის) განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოსი წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობა იმან განაპირობა, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა სხვა დავაც, რის გამოც კანცელარიაში მოხდა მასალების აღრევა და იურიდიულ სამსახურს დროულად არ ეცნობა მოცემული სარჩელის თაობაზე.

9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და განმარტა, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულია ორგანიზაციისათვის შეტყობინების ჩაბარების წესი. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების გაგზავნისას, როდესაც შეტყობინება უშუალოდ ორგანიზაციას ეგზავნება, შეტყობინება უნდა ჩაბარდეს: ა) კანცელარიას, ბ) ასეთი დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან პირს, გ) ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც შეტყობინებას ადრესატს გადასცემს, დ) მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. კანონით განსაზღვრული სუბიექტებიდან ერთ-ერთისათვის სასამართლო შეტყობინების გადაცემას კანონი მის ნამდვილობას უკავშირებს, რასაც შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვება.

10. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო პრეტენზია (შედავება) იმასთან დაკავშირებით, რომ გზავნილის მიმღები პირი იყო ორგანიზაციის წარმომადგენელი - საქმეთა მმართველი, რომელიც იბარებდა შესულ კორესპონდეციას, თუმცა, როგორც აპელანტი განმარტავს, მან გზავნილი არ გადასცა იურიდიულ სამსახურს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მოსაზრება სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გამომდინარე, არ მიიჩნია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად

11. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ყველა გარემოება, რაზეც მხარე უთითებს.

12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით მოპასუხე ორგანიზაციის კანცელარიას ჩაბარდა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზის (მიზეზების) შესახებ უცნობებია, ასევე - არც შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია და არც საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. იგი დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა განპირობებული იყო იმ მიზეზით, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა სხვა დავაც, რის გამოც კანცელარიაში მოხდა მასალების აღრევა და იურიდიულ სამსახურს დროულად არ ეცნობა მოცემული სარჩელის თაობაზე, რაც საპატიო მიზეზად ვერ მიიჩნევა. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ბ'' ქვეპუნქტის შემადგენლობის არსებობას, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

13. სარჩელის იურიდიულ მართებულობასთან დაკავშირებით აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 5 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალსიწინებული სამუშაო, ხოლო მოპასუხეს უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ორ ეტაპად. ხელშეკრულების ფასს წარმოადგენდა 115 000 ლარი. მოსარჩელემ სრულად და ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელეს გადაუხადა მხოლოდ პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 30000 ლარის ოდენობით და ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიუხედავად არ იხდის მეორე ეტაპის შესრულებული სამუშაოს ღირებულებას - 85000 ლარს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის /შემდეგში:სსკ/ 629-ე მუხლი).

14. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას ნარდობისსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.

15. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ სხვა საქმეზე, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებას და აღნიშნულ გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს ენიჭება პრეიდუციური მნიშვნელობა. კერძოდ, აპელანტი უთითებს, რომ უკვე გადაწყვეტილ საქმეზე სასამართლოს მიერ მოცმეული დავის მოსარჩელე მხარე სახელშეკრულებო ვალდებულების დამრღვევ მხარედ არის დადგენილი, რასაც პრეიდუციური ძალა გააჩნია, თუმცა სასამართლომ პრეიუდიციული ძალის მქონე ფაქტები უგულებელჰყო, რითაც დაირღვა სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტი“.

16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 106-ე, 266-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სხვა საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ დავაზე პრეიუდიციული, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად ვერ მიიჩნევა, რადგან მოცემულ დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე განხილული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართალწარმოების რეჟიმში, რომლის დროსაც სსსკ-ის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება/შეფასება არ ხდება და სასამართლო ისმენს მხოლოდ მოპასუხის სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

17. აპელანტმა ასევე მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 აგვისტოს საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის შესახებ განჩინების გაუქმება. მისი განმარტებით, მხარეებს შორის N 2/5764-19 და N 2/3287-20 საქმეებზე დავა მიმდინარეობდა ერთსა და იმავე მხარეებს შორის, დავის საგანი არის იგივე, N724 ხელშეკრულების 3.4 და 4.1. პუნქტებით გათვალისწინებული პირობის შესრულება, ხოლო დავის საფუძველიც ორივე შემთხვევაში არის N724 სახელშეკრულებო პირობის დარღვევა და მოსარჩელის მიერ ვალდებულების კრიტიკული ხარვეზებით, არაჯეროვანი შესრულება. 2021 წლის 15 ივლისს, N2/3287-20 საქმეზე პირველი სასამართლო სხდომის ჩანიშვნის დროისათვის უკვე არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინება მოსარჩელის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც მოსარჩელემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nას-501-2021 განჩინების საფუძველზე კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის №2/5764-19 გადაწყვეტილება და აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს მიენიჭა პრეიუდიციული ძალა.

18. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რადგან, როგორც საქმის მასალებით დგინდება, მართალია, სამოქალაქო საქმეებზე N 2/5764-19 და 2/3287-20 მონაწილეობენ ერთი და იგივე მხარეები, ორივე საქმეზე დავა გამომდინარეობდა 2018 წლის 5 ივლისის N 724 ხელშეკრულებიდან, თუმცა, მხარეთა შორის დავა მიმდინარეობდა სხვადასხვა საფუძვლით. კერძოდ, სამოქალაქო ადრე განხილულ საქმეზე N 2/5764-19 მოსარჩელე მოასუხისაგან ითხოვდა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას, ხოლო მოცემულ საქმეზე N 2/3287-20 მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვს მენარდის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას (მოსარჩელის მოთხოვნაა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს N724 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 85 000 ლარის გადახდა). სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს ორი სამოქალაქო დავა არ წარმოადგენს ერთსა და იმავე მხარეებს შორის, ერთსა და იმავე საგანზე, ერთი და იმავე საფუძვლით არსებულ დავებს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დავის მხარეები ერთი და იგივეა, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნები და ამ მოთხოვნების საფუძვლები არის განსხვავებული, რაც გამორიცხავს სსსკ-ის 272-ე მუხლის “ბ: ქვეპუნქტის შესაბამისად საქმის წარმოების შეწყვეტის საპროცესოსამართლებრივ საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აგვისტოს საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.

19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

19.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოპასუხისთვის 85 000 ლარის დაკისრების ნაწილში და სარჩელის სრულად უარყოფა.

19.2. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მოკვლევისა და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და რეალურ ფაქტებთან შეუსაბამო გარემოებები მიიჩნია დამტკიცებულად. მოპასუხის მტკიცებით, მის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლოს სსსკ-ის 230-ე და 2321 მუხლების საფუძველზე არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება. ამასთან, შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო ტექნიკური მიზეზით, ვინაიდან მოპასუხემ გარკვეული დამაბრკოლებელი გარემოებების გამო დროულად ვერ მიიღო სარჩელი და კასატორისთვის სარჩელის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ სასამართლოს მხრიდან მოსამზადებელი სხდომის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ.

19.3. კასატორის განმარტებით, მენარდის სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად მოპასუხეს (შემკვეთს) სრულიად არაჯეროვანი და გამოუსადეგარი შესრულების სანაცვლოდ, ხელშეკრულების დამრღვევი მხარის სასარგებლოდ დაეკისრა 90 050 ლარის გადახდა (საპროცესო ხარჯების ჩათვლით).

19.4. კასატორის შეფასებით სასამართლოს სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევით პრეიუდიციული ძალის მქონე ფაქტები უგულებელყჰო და იურიდიულად დაუსაბუთებელი სასარჩელო მოთხოვნა დამტკიცებულად შეაფასა.

19.5. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, დაირღვა სსსკ-ის 394-ე მუხლის „ზ“ პუნქტი, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. გადაწყვეტილება გამოიტანა მოსამართლემ, რომელიც N724 ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვაში უკვე მონაწილეობდა.

19.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

22. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს/კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

23. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).

24. კასატორს წარმოდგენილი აქვს ვრცელი საკასაციო საჩივარი, რომელსაც სასამართლო შეამოწმებს ძირითადი საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). შესაბამისად, კასატორის სამართლებრივად უმნიშვნელო შედავებაზე საკასაციო სასამართლო მსჯელობას აღარ განავითარებს.

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, კასატორის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზის არასაპატიობასთან დაკავშრებით.

26. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელის წარმომადგენელს სსსკ-ის 184-ე მუხლის თანახმად, გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისთვის ჩასაბარებლად. 2020 წლის 30 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის თანახმად სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ჩაბარდა მოპასუხე ორგანიზაციის საქმეთა მმართველს - მ.დ–ძეს, 2020 წლის 24 თებერვალს. კასატორმა (მოპასუხემ) კი წერილობითი შესაგებელი კანონით დადგენილი წესით არ წარადგინა.

27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საჩივრის ავტორი არ შედავებია იმ გარემოებას, რომ გზავნილის მიმღები პირი იყო ორგანიზაციის წარმომადგენელი - საქმეთა მმართველი რომელიც იბარებდა შესულ კორესპონდენციას, თუმცა მან გზავნილი არ გადასცა იურიდიულ სამსახურს. აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისთვის გაგზავნილი სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრსატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზეპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. დასახელებული ნორმის ანალიზით ჩანს, რომ კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული ნორმა არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობის ზოგად დასახელებას, რომელთაც უფლება აქვთ, შეტყობინება ჩააბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად, გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან (იხ. სუსგ-ები: Nას-697-668-2016 9.02.2017წ.;; N ას-330-2019 19.11.2019წ.; N ას-1074-2020, 3.09.2021წ.№ას-362-2023 17.05.2023 წ.; Nას-1317-2023.; 14.12.2023წ.)

29. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება და ასეთი შეუსრულებლობის მიზეზი საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ობიექტურად დაუძლეველი გარემოების არსებობის შემთხვევაში. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ის გარემოება, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

30. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – შესაგებლის წარუდგენლობას. ამგვარი გარემოებების დადასტურების მტკიცების სტანდარტი დაწესებულია სსსკ-ის 102-ე-103-ე მუხლენოთ/ ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ყველა გარემოება, რაზეც მხარე უთითებს.

31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია სარჩელის და თანდართული დოკუმენტების კანცელარიისთვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება. ამასთან, სადავო არ არის სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა. კასატორის პრეტენზია ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა სხვა დავაც, რის გამოც კანცელარიაში მოხდა მასალების აღრევა და იურიდიულ სამსახურს დროულად არ ეცნობა სარჩელის თაობაზე, რაც საპატიო მიზეზად ვერ იქნება მიჩნეული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ვერ წარმოადგინა სსსკ-ის 215-ე და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

32. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზები, რის გამოც არ არსებობს სადავო გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 241-ე მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი წინაპირობა.

33. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, წარმოდგენილი სარჩელი დაკმაყოფილებულ ნაწილში არ ამართლებდა იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას, რადგან 2021 წლის 15 ივლისს სასამართლო სხდომის ჩანიშვნის დროისათვის უკვე არსებობდა სხვა საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც უცვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით. კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის 12 გადაწყვეტილება და აღნიშნულ გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს მიენიჭა პრეიდუციული მნიშვნელობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ მოსარჩელე სახელშეკრულებო ვალდებულების დამრღვევ მხარედ არის დადგენილი, რასაც წინამდებარე დავის მიმართპრეიდუციული ძალა გააჩნია, თუმცა სასამართლომ ჯეროვნად არ შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები და კანონსაწინააღმდეგოდ, პრეიდუციული ძალის მქონე დადასტურებულ ფაქტის უგულებელყოფით, იდენტურ სახელშეკრულებო ვალდებულებასთან დაკავშირებით, მოპაუხეს დააკისრა ვალდებულების დამრღვევი მხარის მიმართ 85 000 ლარის ანაზღაურება.

34. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სარჩელის იურიდიულ მართებულობასთან დაკავშირებით.

35. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 5 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალსიწინებული სამუშაო, ხოლო მოპასუხეს უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ორ ეტაპად. ხელშეკრულების ფასი იყო 115 000 ლარი. მოსარჩელემ (მენარდემ) სრულად და ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ (შემკვეთმა) ნაწილობრივ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეს გადაუხადა მხოლოდ პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 30 000 ლარი და, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიუხედავად, არ იხდის მეორე ეტაპის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას - 85000 ლარს.

36. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 629-ე მუხლიდან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება, რომელიც მიეკუთვნება მომსახურების ტიპის ხელშეკრულებას (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური). ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებული (სინალაგმატური “sinalagma”), სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. იგი ძირითადად მოწესრიგებულია სსკ-ის, 629 - 656-ე მუხლებით. სსკ 636-ე მუხლის მიხედვით „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი”. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში მენარდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 629.1 და 648-ე მუხლების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე წარმოშობილია, ნამდვილია და განხორციელებადია.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას და არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაფერხებელი წინაპირობა.

38. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას, კერძოდ მოსარჩელის სახელშეკრულებო ვალდებულების დამრღვევ მხარედ დადგენას უნდა მინიჭებოდა პრეიდუციული ძალა და თითქოსდა სასამართლომ უგულებელჰყო პრეიდუციული ძალის მქონე ფაქტები, რითაც დაარღვია სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტი.

39. სსსკ-ის 106-ე მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ; ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

40. განსახილველ შემთხვევაში სხვა საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ დავაზე პრეიუდიციული, წინასწარ დადგენილ ფაქტებად არ შეიძლება იყოს მიჩნეული, ვინაიდან წინამდებარე დავაპირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართალწარმოებით, რომლის დროსაც მოპასუხისგან მტკიცებულებების მიღება/შეფასება არ ხდება და სასამართლო ისმენს მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

41. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად შემოწმებას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება, იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა, იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას და საქმის არსებითად განხილვის აუცილებლობას იმ განსხვავებით, რომ ასეთ დროს მოპასუხისაგან (მოწინააღმდეგე მხარისაგან) მტკიცებულებების მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს. სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში სსსკ-ის 106-ე მუხლით (მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ) სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის არსებითი განხილვის დროს შეჯიბრითობის პრინციპის საფუძველზე.

42. საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ დავაზე განმაარტავს რომ სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით მოსარჩელის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში გადმოცემული მოსარჩელის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ მოსარჩელე მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასება არ ხდება და მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო (შეად. სუსგ-ებს: №ას-970-2021, 29.11.2021წ.; №ას-656-626-2016, 27.03.2017წ. №ას330-2019, 19.11.2019წ.; №ას-662-2019, 11.12.2020წ.; ას-1121-2020, 24.12.2021წ.; №ას-620-2021, 13.10.2021წ.; N ას-970-2021, 29.11.2021წ; Nას-35-2022, 31.05.2022წ.; Nას-362-2023, 17.05.2023წ.; Nას-1478-2023, 13.02.2024წ.)

43. კასატორმა სსსკ-ის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე”პუნქტის (სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს თუ იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით) საფუძველზე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 აგვისტოს საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის შესახებ განჩინების გაუქმება.

44. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას, რომ, საქმის მასალებით დგინდება, სამოქალაქო საქმეებზე N 2/5764-19 და 2/3287-20 მონაწილეობენ ერთი და იგივე მხარეები, ორივე დავა გამომდინარეობდა 2018 წლის 5 ივლისის N 724 ხელშეკრულებიდან, მაგრამ მხარეთა შორის დავა მიმდინარეობდა სხვადასხვა საფუძვლით. კერძოდ, სამოქალაქო საქმეზე N 2/5764-19 კასატორი მოსარჩელისაგან ითხოვდა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას, ხოლო მოცემულ საქმეზე N 2/3287-20 მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვს მენარდის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას (N724 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 85 000 ლარის გადახდსა); ამდენად დგინდება, რომ აღნიშნული დავები არ წარმოადგენენ ერთგვაროვან დავებს. სსსკ-ის 272-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

45. შესაბამისად, დასაბუთებული და კანონიერია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დავის მხარეები ერთი და იგივე არიან, ორივე შემთხვევაში დავა მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრვ ურთიერთობას ეფუძნება, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნები და ამ მოთხოვნების საფუძვლები არის განსხვავებული, რაც გამორიცხავს ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად საქმის წარმოების შეწყვეტის შესაძლებლობას. ამის გათვალისწინებით, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აგვისტოს საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, რაც მართებულად დაადგინა სააპელაციო სასამართლომ

46. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, დაირღვა სსსკ-ის 394-ე მუხლის „ზ“ პუნქტი, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. გადაწყვეტილება გამოიტანა მოსამართლემ რომელიც N724 ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ დავის განხილვაში სააპელაციო სასამართლოშიუკვე მონაწილეობდა.

47. საკასაციო სასამართლო აღნიშნული პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ პრეტენზია დაუსაბუთებელია, რამდენადაც სსსკ-ის 394-ე მუხლის „ზ“ პუნქტის ჩანაწერი (გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ ის გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ) გულისხმობს მოსამართლის მიერ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში ერთი და იმავე საქმის განხილვის დაუშვებლობას. სსსკ-ის 29-ე მუხლი არეგულირებს საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობის წესებს და ადგენს, რომ ერთი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობა მოსამართლეს უფლებას ართმევს, იგივე საქმე განიხილოს სხვა რომელიმე ინსტანციის წესით. ამავდროულად, მოსამართლის მიერ საქმის ერთსა და იმავე ინსტანციის სასამართლოში განმეორებით განხილვის აკრძალვას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (შეად. სუსგ-ებს: №ას-626-934-09, 12.10.2009წ.; Nას-348-2020, 31.10.2022წ.;).

48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია მოპასუხის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული.

49. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას (ს/ნ 2045..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.04.2024 წელს #01475 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 4250 ლარის 70% - 2975 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ზ.ძლიერიშვილი