საქმე №ას-449-2024 5 ივლისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ.პ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.თ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – დაკისრებული ალიმენტის გაზრდა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით თ.თ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დ.პ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) წინააღმდეგ, დაკისრებული ალიმენტის გაზრდის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი გაიზარდა და მოპასუხეს, 2013 წლის 26 მაისს დაბადებული ა.პ–ის სასარგებლოდ, დაეკისრა თვეში 750 ლარის გადახდა 2023 წლის 16 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს თანაცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი - 2013 წლის 26 მაისს დაბადებული ა.პ–ი (იხ. დაბადების მოწმობა - ს.ფ. 22).
3.2. ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად და მის აღზრდაზე ძირითადად მოსარჩელე ზრუნავს (იხ.ს.ფ. 69-81).
3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს ა.პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - თვეში 250 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მოპასუხე ასრულებს საალიმენტო ვალდებულებას. გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოპასუხის ხელზე ასაღები ხელფასი 1099,40 ლარს შეადგენდა (იხ.თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.06.2014 წლის გადაწყვეტილება - ს.ფ. 24-29; საბანკო ამონაწერი - ს.ფ. 101-103).
3.4. ა.პ–ი დადის ცეკვის წრეზე, რომლის ღირებულება შეადგენს 60 ლარს. თანხას მოპასუხე იხდის. არასრულწლოვანი დამატებით ემზადება მათემატიკაში, რომლის ღირებულება 50 ლარია ყოველთვიურად (იხ. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; ხელწერილი - ს.ფ. 30; ქვითარი- ს.ფ. 31).
3.5. არასრულწლოვანს აღენიშნება ორივე ტერფის ვალგუსური დეფორმაცია და ხერხემლის მარცხენამხრივი I-II ხარისხის გამრუდება. ა.პ–ს აქვს მიოპია და „D“ ვიტამინის ნაკლებობა. ბავშვი იღებს გარკვეულ მედიკამენტებს ექიმის დანიშნულებით. მას გაეწია სტომატოლოგიური მომსახურება. ბავშვისთვის დანიშნული სამკურნალო ვარჯიშის და მასაჟის, ასევე აპარატული ელექტროთერაპიის ერთი კურსის ღირებულებაა 1275 ლარი. ასეთი თერაპია ბავშვს წელიწადში ორჯერ სჭირდება. მოპასუხეს გადახდილი აქვს დამატებით მკურნალობის საფასური 250 ლარი, ტანვარჯიშის - 100 ლარი, სათვალის ღირებულება - 130 ლარი და ექსკურსიისთვის საჭირო თანხა - 100 ლარი (იხ. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და სამედიცინო დოკუმენტაცია - ს.ფ. 35-52; საბანკო ამონაწერი- ს.ფ. 101-106).
3.6. ა.პ–ი დაზღვეულია მოპასუხის სამსახურებრივი დაზღვევის ფარგლებში სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ში. დაზღვევა არ ანაზღაურებს მხედველობასთან დაკავშირებული დამხმარე საშუალებების შესაძენად საჭირო ხარჯს, ასევე - ვარჯიშის, მასაჟისა და აპარატული ელექტროთერაპიის ხარჯს. დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში იფარება გეგმიური ამბულატორიული მომსახურების 80%, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების ღირებულების 70%, ასევე სტომატოლოგიური მომსახურების ნაწილი (იხ. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; დაზღვევის ხელშეკრულება - ს.ფ. 156- 167); ცნობა - ს.ფ. 112; მიმართვა - ს.ფ. 188-189).
3.7. მოსარჩელე 2022 წლის ნოემბრიდან სარგებლობს სალომბარდე მომსახურებით, რისთვისაც იგი თვეში 32 ლარს იხდის. ხელშეკრულების ვადა შეადგენს 1 წელს და სრულდება 2023 წლის ნოემბერში. მოსარჩელეს აქვს საკრედიტო დავალიანება, რომლის დასაფარად მოსარჩელე ყოველთვიურად იხდის დაახლოებით 275 აშშ დოლარს. 11.07.2022 წლის მდგომარეობით კრედიტის სრულად დასაფარად გადასახდელი იყო 10749.77 აშშ დოლარი (იხ. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; სალომბარდე სესხის ხელშეკრულება -ს.ფ. 53-56; კრედიტის დაფარვის გრაფიკი - ს.ფ. 57-68).
3.8. მოპასუხე ასრულებს ორი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს. ერთ-ერთი სესხის დასაფარად მოპასუხე თვეში იხდის დაახლოებით 650 ლარს. სესხის გადახდის გრაფიკის თანახმად, გადახდა სრულდება 2024 წლის თებერვალში. მეორე სესხის გადახდა სრულდება 2024 წლის დეკემბერში. სესხი გაცემულია 17.08.2022 წელს (20 000 ლარი) და პირველი გადახდა უნდა შესრულდეს 20.07.2023 წელს, მეორე გადახდა - 20.11.2023 წელს, მესამე გადახდა - 20.12.2023 წელს, შემდგომი გადახდა - 20.11.20214 წელს და ამავე წლის დეკემბერში სესხი უნდა დაიფაროს სრულად. (იხ. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; კრედიტის დაფარვის გრაფიკები - ს.ფ. 107-111).
3.9. მოსარჩელე მუშაობს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში და მისი შემოსავალი, საქმის პირველი ინსტანციით განხილვის დროს, თვეში საშუალოდ 2000 ლარს შეადგენდა (იხ. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; ცნობა -ს.ფ. 168-171; ხელშეკრულება - ს.ფ. 174-182; სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა - ს.ფ. 183-186). სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი შეთანხმებით დგინდება, რომ მოსარჩელის ხელფასი გაზრდილია და 24 საათიანი მორიგეობის ანაზღაურებაა 273 ლარი, ხოლო 12 საათიანი მორიგეობის - 136,50 ლარი. დგინდება, რომ 05.02.2024 წელს მას 2295,60 ჩაერიცხა. მოსარჩელე 2023 წლის მაისიდან დამატებით მუშაობს შპს „ჯეო მედში“ ექიმის პოზიციაზე და 14 საათიანი მორიგეობისას მისი ხელფასია 80 ლარი. მოსარჩელემ (ბავშვის დედამ) განმარტა, რომ მას თვეში 300-320 ლარი ხელფასი გამოსდის, რასაც აპელანტიც (ბავშვის მამაც) დაეთანხმა.
3.10. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს თვეში საშუალოდ 2643 ლარს. (იხ. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია - ს.ფ. 128-134). სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი 27.12.2023 წლის ცნობით დგინდება, რომ არასრულწლოვნის მამის ხელზე ასაღები ხელფასი იყო 2576.79 ლარი. 09.02.2024 წლის ცნობით დასტურდება, რომ მისი ხელზე ასაღები ხელფასია 2828,93 ლარი.
3.11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ალიმენტის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგო მოპასუხის/აპელანტის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
3.12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ალიმენტის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არასრულწლოვნის ყოველთვიური ხარჯი და დამატებითი ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ხარჯებისა, სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის/მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ: არასრულწლოვანი დარეგისტრირდა 2023/2024 სასწავლო წლისთვის კომაროვის სკოლის პროექტ „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასში, სადაც წლიური გადასახადია 840 ლარი. ასევე 09.11.2023 წ. ცნობით დგინდება, რომ ბავშვი ემზადება ინგლისურში, რაც ყოველთვიურად 90 ლარი ჯდება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში მიეთითოს, რომ მოსარჩელის მიერ ბავშვის ხარჯები დაანგარიშებულია შემდეგნაირად: არასრულწლოვნის კვების თვიური ღირებულება დაახლოებით 435 ლარია, ჰიგიენა თვიურად - 83 ლარი, სკოლის აქტივობები (თეატრი, კინო, მუზეუმი) – 30 ლარი, სასკოლო ნივთები (რვეული, კალამი) – 20 ლარი, ტელეფონის ანგარიში - 10 ლარი, ექსკურსია წელიწადში ორჯერ - 80-100 ლარი, ცეკვის ტანისამოსი წლიურად - 300 ლარი, სათვალე - 200- 250 ლარი, ორთოპედიული ღაბაშები - 150 ლარი, დასვენების ხარჯი - 2000 ლარი, მედიკამენტები (პოლივიტამინები, მიკროლემენტები, ვიტამინი D, კალციუმი, ომეგა 3) - ჯამში 515 ლარი, (რაც ნაწილობრივ ანაზღაურდება დაზღვევით), ოფთალმოლოგის კონსულტაცია და კვლევები წელიწადში ორჯერ - 160 ლარი, (რაც ნაწილობრივ ანაზღაურდება დაზღვევით), ჩაცმა სეზონური - 3000 ლარი, (რაც აპელანტის მიერ ნაწილობრივ შედავებულია და ამ შედავებას სასამართლოც იზიარებს.)
3.13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არასრულწლოვნის დამატებით ხარჯებში, გარდა დაკისრებული 250 ლარის - ალიმენტისა, აპელანტი (ბავშვის მამა) ნაწილობრივ მონაწილეობდა, რაც 2023 წლის იანვარი-ნოემბრის განმავლობაში შემდეგი ოდენობით გამოიხატა: ცეკვის ფორმა - 120 ლარი; ცეკვის გადასახადი - 240 ლარი; მათემატიკა - 150, სასკოლო ჩანთა - 150 ლარი. ასევე დგინდება, რომ მამის მიერ საახალწლო საჩუქარი 2023 წლის 20 დეკემბერს 100 ლარი, ხოლო 2024 წლის 22 იანვარს მასაჟის 220 ლარი გადრიცხულია მოსარჩელესთან.
3.14. ალიმენტის გაზრდის მოთხოვნით სარჩელი აღძრულია 2023 წლის 16 თებერვალს.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილი ალიმენტის ოდენობა უცვლელ კატეგორიას არ წარმოადგენს და, ობიექტური ან სუბიექტური გარემოებების ცვლილებასთან ერთად, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება შეიცვალოს. ალიმენტის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენდა.
4.1 მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის - 250 ლარის გაზრდა და 1000 ლარით შეცვლა, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, არასრულწლოვნის აუცილებელი საჭიროებები კი - გაიზარდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაკისრებული ალიმენტი გაიზარდა 750 ლარამდე. რასაც აპელანტი (ბავშვის მამა) ნაწილობრივ - 400 ლარის ნაწილში ეთანხმება. შესაბამისად, აპელანტი სადავოდ ხდის 350 ლარს.
4.2 მოცემულ საქმეზე გამოსაკვლევი იყო, თუ რა თანხა უნდა გაეღოთ ყოველთვიურად ორივე მშობელს, რომ ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდა უზრუნველყოფილიყო, რას შეადგენდა თითოეული მშობლის ყოველთვიური შემოსავალი, გაუმჯობესდა თუ არა ალიმენტვალდებული პირის (მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანის მამის) მატერიალური მდგომარეობა, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელისა და შესაგებლის ფარგლებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია (იხ. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები).
4.3 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტის მტკიცების ტვირთი მდგომარეობდა უპირატესად იმ გარემოების დადასტურებაში, რომ მოპასუხე მხარის ფინანსური მდგომარეობა და ბავშვის საჭიროებები იმგვარად არ შეცვლილა, რომ მას დაკისრებული ალიმენტი 250 ლარიდან 500 ლარით, 750 ლარამდე, გაზრდოდა, ანუ აპელანტს უნდა დაემტკიცებინა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ალიმენტვალდებული პირის მდგომარეობა ანდა ბავშვის საჭიროებები და დედის (მოსარჩელის) ფინანსური შესაძლებლობები.
4.4 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა როგორც ალიმენტვალდებული პირის - მამის ფინანსური შესაძლებლობები, საკრედიტო და სხვა ვალდებულებების გავლენა მის გადახდისუნარიანობაზე, ასევე არასრულწლოვნის საჭიროებები, გაითვალისწინა მისი ჩვეულებრივი, ასევე სპეციალური ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებები, ასევე მხედველობაში მიიღო დედის შემოსავლები და ვალდებულებები. მნიშვნელოვანია მოცემულობა, რომ არასრულწლოვანი მუდმივად ცხოვრობს მოსარჩელესთან (დედასთან), იგი არის 10 წლის და აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც მუდმივ და განგრძობად სპეციალურ ყურადღებას, მკურნალობას, კვებით ხელშეწყობას და სხვა ღონისძიებებს (აქტივობებს) მოითხოვს. ამასთან, ალიმენტის ცვლილებაზე მსჯელობისას, მხარეთა მდგომარეობის შეცვლაში მხოლოდ ალიმენტვალდებული პირი არ იგულისხმება და სასამართლომ სწორად შეაფასა ასევე არასრულწლოვნის მიმდინარე და გრძელვადიანი საჭიროებებიც მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
4.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ საქმეზე სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის დადგენისათვის, მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს არასრულწლოვნის ყოველთვიური საჭიროებები იმგვარად, რომ ნათელი იყოს, თუ რომელი საჭიროება განეკუთვნება საალიმენტო ვალდებულებას და რომელი - დამატებით ხარჯებს.
4.6 ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ არ გაიზიარა ბავშვის საჭიროებების ჭრილში პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, ვინაიდან, სწორედ ბავშვის ჯანმრთელობიდან გამომდინარე სპეციალური საჭიროებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფაქტობრივად განგრძობადი და ყოველთვიური ხასიათისაა, თავისი არსით, არა საალიმენტო, არამედ დამატებითი ხარჯების კატეგორიას მიეკუთვნება, მით უფრო, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ზოგიერთი აქტივობა მაგალითად, ცეკვა, ცურვა ან ტანვარჯიში, რაც ჩვეულებრივ საალიმენტო ვალდებულებად განიხილება, კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სამედიცინო რეკომენდაციას წარმოადგენს, რის გამოც დამატებით ხარჯებად უნდა იქნას განხილული.
4.7 აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მამისათვის (მოპასუხისათვის) დაკისრებული ყოველთვიური სარჩო არასრულწლოვნის სასარგებლოდ მოიცავს დაახლოებით 500 ლარის ოდენობით საალიმენტო, ხოლო დაახლოებით 250 ლარის ოდენობით დამატებით ხარჯებს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული სამართლებრივი კვალიფიკაციის დაკონკრეტება ემსახურება არა მხოლოდ სამართლებრივ გამართულობას, არამედ, მომავალში მშობლებს აარიდებს დამატებით გაუგებრობებს ან კომუნიკაციის სირთულეებს.
4.8 სააპელაციო სასამართლომ მეტი თვალსაჩინოებისთვის განმარტა, რომ, როგორც მოსარჩელემ მიუთითა და უმეტესწილად მითითებული ოდენობები დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არასრულწლოვნის საჭიროებები წლის მანძილზე თანხის თითოეულ თვეზე გადანაწილებით შემდეგნაირად გამოიყურება:
- კვების თვიური ღირებულება დაახლოებით 435 ლარია;
- ჰიგიენა თვიურად - 83 ლარი;
- სკოლის აქტივობები (თეატრი, კინო, მუზეუმი) თვეში - 30 ლარი;
- სასკოლო ნივთები (რვეული, კალამი) - თვეში 20 ლარი;
- მათემატიკაში მომზადება თვეში - 50 ლარი;
- არასრულწლოვანი დარეგისტრირებულია 2023/2024 სასწავლო წლისთვის კომაროვის სკოლის პროექტ „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასში, სადაც წლიური გადასახადია 840 ლარი, თვეში - 70 ლარი;
- ინგლისურში მომზადება თვეში - 90 ლარი;
- ტელეფონის ანგარიში თვეში - 10 ლარი;
- ჩაცმა სეზონური - 3000 ლარი, თვეში დაახლოებით 250 ლარი (გასათვალისწინებელია, აპელანტის/მოპასუხის შედავება ამ ნაწილში, რასაც სააპელაციო სასამართლოც იზიარებს და შესაძლებლად მიაჩნია აღნიშნული ხარჯის გონივრულ ოდენობამდე შემცირება, თვეში დაახლოებით 100 ლარამდე);
- ექსკურსია წელიწადში ორჯერ - 80-100 ლარი, თვეში - 8 ლარი;
- დასვენების ხარჯი - 2000 ლარი, თვეში 167 ლარი;
- ცეკვის წრე თვეში - 60 ლარი;
- ცეკვის ტანისამოსი წლიურად - 300 ლარი, თვეში - 25 ლარი;
- მედიკამენტები (პოლივიტამინები, მიკროლემენტები, ვიტამინი D, კალციუმი, ომეგა 3) - ჯამში 515 ლარი, თვეში - 43 ლარი. (გასათვალისწინებელია, რომ ნაწილი წამლებისა ანაზღაურდება დაზღვევით);
- ბავშვისთვის დანიშნული სამკურნალო ვარჯიშის და მასაჟის, ასევე აპარატული ელექტროთერაპიის ერთი კურსის ღირებულებაა 1275 ლარი. ასეთი თერაპია ბავშვს წელიწადში ორჯერ სჭირდება, თვეში 212 ლარი;
- ოფთალმოლოგის კონსულტაცია და კვლევები წელიწადში ორჯერ - 160 ლარი, თვეში - 13 ლარი (გასათვალისწინებელია, რომ ნაწილობრივ ანაზღაურდება დაზღვევით);
- სათვალე - 200-250 ლარი, თვეში - 20 ლარი;
- ორთოპედიული ღაბაშები - 150 ლარი, თვეში 12 ლარი;
4.9. სააპელაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ, მართალია, მითითებული თანხები დამატებით ხარჯებსაც მოიცავს, მაგრამ თუკი არასრულწლოვანს წარმოეშობა სხვა დამატებითი ხარჯების საჭიროებები, ორივე მშობელი თანაბრად იქნება ვალდებული, მონაწილეობა მიიღოს მათში. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, ალიმენტის გაზრდის მოთხოვნის დროს, სასამართლო მხედველობაში იღებს ორივე მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებს, თუმცა, უპირატესად გასათვალისწინებელია ბავშვის საჭიროებები, ხოლო საჭიროებების დაკმაყოფილებაში ორივე მშობელს თანაბარი ვალდებულება ეკისრება. ასევე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა გადაუხვიოს მშობელთა პასუხისმგებლობის თანაბრობის პრინციპს ერთ-ერთი მშობლის სასარგებლოდ, რაც შეიძლება გამართლებული იყოს სხვადასხვა ფაქტორით. მაგალითად, როდესაც მშობელი, რომელთანაც ბავშვი მუდმივად ცხოვრობს, გარდა ფინანსური რესურსისა, არასრულწლოვნის აზღდას ყველა სხვა (დროის, ემოციურ თუ სხვა) რესურსსაც ახმარს, რისი კომპენსირებაც ზოგჯერ, მართალია, სიმბოლურად, მაგრამ ფინანსური კუთხით შესაძლებელია მოხდეს. თუმცა, სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ საქმეზე დადგენილი არასრულწლოვნის საჭიროებების გათვალისწინებით, წინამდებარე საქმეში ფაქტობრივად მშობელთა პასუხისმგებლობის თანაბრობის პრინციპიდან გადახვევას ადგილი არ ჰქონია. (იხ. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები).
4.10. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ მტკიცებას, რაც სააპელაციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია მამის - ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი. მართალია, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ/ბავშვის დედამ) მიუთითა დამატებითი სამსახურის დაწყებაზე, რაც თვეში დაახლოებით 300-320 ლარით მეტ შემოსავალს გულისხმობს, თუმცა, ასევე დადგინდა, რომ მამის ხელფასიც გაიზარდა 2024 წლიდან. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის მხრიდან არასრულწლოვნის გაზრდილი ხარჯები სააპელაციო ინსტანციაშიც იქნა წარმოდგენილი, მაგ. ინგლისურ ენაში მომზადების საფასური.
4.11. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეზე მოსარჩელემ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რაც უკვე დაკისრებული ალიმენტის გაზრდის ჭრილში მოპასუხისა და არასრულწლოვნის მდგომარეობის სათანადო ცვლილების დასაბუთებაში მდგომარეობდა, ხოლო საწინააღმდეგო აპელანტმა (ბავშვის მამამ) ვერც სააპელაციო ინსტანციაში დაადასტურა, შესაბამისად, ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
5.9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5.10. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიკვლია დეტალურად ის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხად დატოვა, რადგან მოსარჩელეს არ ჰქონდა გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოპასუხე, შვილის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ნაწილში, მეორე მშობელთან მიმართებით არის არათანაბარ მდგომარეობაში.
5.11. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დაანგარიშებაში მითითებული თანხების ყოველთვიურად ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლომ მოპასუხის მიერ დახარჯული თანხები არასწორად მიაწერა მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯებს. ამასთან, ხარჯთახრიცხვას დაამატა სამომავლოდ შესაძლო სამედიცინო ხარჯები, რის საფუძველზეც გაიზარდა ყოველთვიური ხარჯი.
5.12. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მხარეები არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა, მიუხედავად იმისა, რომ მათ გააჩნდათ როგორც თანაბარი შემოსავალი, ასევე - თანაბარი საბანკო ვალდებულებები. აღნიშნული ქმედებით, სასამართლომ მოპასუხის მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო მოსარჩელის შემსუბუქდა.
5.13. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს არაერთი მოსაზრება და სამართლებრივად არ დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. აღნიშნული განმარტების მიუხედავად, მოსამართლემ მხოლოდ ალიმენტის გადამხდელი პირის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმსჯელა, ხოლო მოსარჩელის გაუმჯობესებულ მდგომარეობაზე არ უმსჯელია. ამასთან, მოსარჩელისთვის არ მოუთხოვია გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
5.14. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადგილზე გამოაცხადა, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, თავის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის -500 ლარის გადახდა, ხოლო დამატებითი ხარჯი - 250 ლარი, თუმცა განჩინების ჩაბარების შემდეგ ირკვევა, რომ უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
5.15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად იქნა მიჩნეული შემდეგი არგუმენტაციით:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
8. საკასაციო სასამართლო, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.
9. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს, უფლებებთან ერთად, ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).
10. სსსკ-ის თავი XLIII განსაზღვრავს საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებებს. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, საქორწინო და საოჯახო საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები იმ დამატებებით, რაც ამ თავშია დადგენილი, ხოლო 354-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
11. გასაჩივრებული განჩინებით დავის საგანია მშობლის საალიმენტო ვალდებულების შესრულება, კერძოდ, სასამართლოს მიერ უკვე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის გაზრდა.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე შვილის საჭიროებებს. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
13. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
14. ბავშვის უფლებათა კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის, სულ მცირე, საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას.
15. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
16. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება, მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული, იზრუნონ არასრულწლოვან შვილებზე. სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, ან/და გააჩნია საბანკო ვალდებულებები, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
17. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესია, ცხოვრების ისეთ დონით უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისთვის, რის გამოც ორივე მშობელის სტაბილურ თანადგომას საჭიროებს.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27.06.2011წ; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017 წ; №ას-ას-1301-2019, 13.03.2020 წ; №ას-878-2021, 27.10.2021 წ. Nას-1262-2023, 8.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ; Nას-1606-2023, 10.04.2024წ.).
19. სსკ-ის 1222-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა – შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა უცვლელ კატეგორიას არ წარმოადგენს და ობიექტური ან სუბიექტური გარემოებების ცვლილებასთან ერთად, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება შეიცვალოს, რაზედაც ასევე სავსებით მართებულად მიუთითა სააპელაციო სასამართლომ.
20. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ იგი უზრუნველყოფილ იქნეს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ალიმენტის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა არ უნდა იყოს სიმბოლური და გათვალისწინებულ იქნას სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 09.01.2024 წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შეადგენდა 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში შესაბამისად, 256.9, 256.4, 256.0, 251.8, 253.7, 254.5, 249.8, 253.5, 250.9, 252.1, 252.3, და 249.7 ლარს. ამასთან, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლომ დაადგინოს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ მდგომარეობასთან ერთად, ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. ალიმენტი არ უნდა იყოს სიმბოლური და რეალურად უნდა უზრუნველყოს სარჩენი პირისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა (შეად: სუსგ-ებს: №ას-1610-1511-2012, 4.02.2013 წ.; №ას-495-469-2015, 1.07.2015 წ.; №ას-463-463-2018, 14.01.2020 წ; №ას-1355-2019, 25.02.2020 წ.; №ას-767-2021, 18.11.2021 წ.; №ას-358-2023, 27.06.2023 წ.; Nას-1023-2023, 16.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ.).
22. სასამართლო პრაქტიკით, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდის სამართლებრივი შედეგის მიღება სსკ-ის 1222-ე, 1212-ე და 1214-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, უკავშირდება შემდეგი სამართლებრივი წინაპირობების განხორციელებას: ა) სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; ბ) ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო; გ) დადგენილი ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამრიგად, ასეთ საქმეზე გამოსაკვლევია: რამდენი თანხა უნდა გაიღოს ყოველთვიურად ორივე მშობელმა, რომ ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდა უზრუნველყოფილი იყოს, რას შეადგენს თითოეული მშობლის ყოველთვიური შემოსავალი, ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ არა (შეად. სუსგ-ას №ას-912-862-2015, 11.03.2016 წ.). ამავე კოდექსის 1215-ე მუხლი ადგენს დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობას, კერძოდ, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
23. განსახილველ საქმეზე გამოსაკვლევი იყო, თუ რა თანხა უნდა გაეღოთ ყოველთვიურად ორივე მშობელს, ბავშვის ნორმალური რჩენისთვის, რას შეადგენდა თითოეული მშობლის შემოსავალი, გაუმჯობესდა თუ არა ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა და გაიზარადა თუ არა არასრულწლოვანის საჭიროებები.
24. აღნიშნულ საქმეზე კასატორს (ბავშვის მამას) ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა და ბავშვის საჭიროებები იმდენად არ შეცვლილა, რომ მას უკვე დაკისრებული ალიმენტი 250 ლარიდან 500 ლარით, 750 ლარამდე გაზრდოდა.
25. საკასაციო სასამართლოს შეფასებით პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა სწორად შეაფასეს, როგორც ალიმენტვალდებული მამის ფინანსური შესაძლებლობები, საკრედიტო და სხვა ვალდებულებების გავლენა მის გადახდისუნარიანობაზე, დედის შემოსავლები და ვალდებულებები, ასევე არასრულწლოვნის ჩვეულებრივი და სპეციალური, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებები.
26. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი მუდმივად ცხოვრობს მოსარჩელესთან (დედასთან), არის 10 წლის და აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც მუდმივ და განგრძობად სპეციალურ ყურადღებას, მკურნალობას, კვებით ხელშეწყობას და სხვა აქტივობებს საჭიროებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, არასრულწლოვნის მიმდინარე და გრძელვადიან საჭიროებებთან დაკავშირებით.
27. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამიჯნა არასრულწლოვნის ყოველთვიური საჭიროებები, კერძოდ რომელი საჭიროება განეკუთვნება საალიმენტო ვალდებულებას და რომელი დამატებით ხარჯებს.
28. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის ჯანმრთელობიდან გამომდინარე სპეციალური საჭიროებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფაქტობრივად განგრძობადი და ყოველთვიური ხასიათისაა, თავისი არსით, არა საალიმენტო, არამედ დამატებითი ხარჯების კატეგორიას მიეკუთვნება. მით უფრო იმის მხედველობაში მიღებით, რომ ზოგიერთი აქტივობა მაგალითად, ცეკვა, ცურვა ან ტანვარჯიში, რაც ჩვეულებრივ საალიმენტო ვალდებულებად განიხილება, კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სამედიცინო რეკომენდაციას წარმოადგენს, რის გამოც დამატებით ხარჯებად უნდა იქნას განხილული. აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მამისათვის დაკისრებული ყოველთვიური სარჩო არასრულწლოვნის სასარგებლოდ მოიცავს დაახლოებით 500 ლარის ოდენობით საალიმენტო, ხოლო დაახლოებით 250 ლარის ოდენობით დამატებით ხარჯებს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით და აპელანტისათვის სხდომაზე მიწოდებული განმარტებით (სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების დრო) აღნიშნული სამართლებრივი კვალიფიკაციის დაკონკრეტება ემსახურება არა მხოლოდ სამართლებრივ გამართულობას, არამედ, მომავალში მშობლებს აარიდებს დამატებით გაუგებრობებს ან კომუნიკაციის სირთულეებს.
29. საკასაციო სასამართლო იზიარებს აღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე საქმეზე Nას-907-2023, რომელშიც საკასაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ალიმენტის და დამატებითი ხარჯების გამიჯვნისთაობაზე: “საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით ( ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა). ალიმენტის ძირითადი დანიშნულებაა ბავშვის ნორმალური აღზრდის მატერიალური უზრუნველყოფა. ცალკეულ შემთხვევებში საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით, მაგალითად, ბავშვის მძიმე ავადმყოფობა,სწავლის საფასურის გადახდის აუცილებლობა და სხვა. განსაკუთრებულ გარემოებათა წარმოშობის გამო გასაწევი ხარჯების განსაზღვრის შემდეგ, სასამართლო, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, საზღვრავს აუცილებელ ხარჯებში მათი მონაწილეობის ხარისხს და იმ სახსრების ოდენობას, რომელიც მოპასუხეს უნდა დაეკისროს. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელის სახით ან განსაზღვრული დროითა და განსაზღვრული სახსრების გადახდით (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 257). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1215-ე მუხლი წარმოადგენს საგამონაკლისო ნორმას, რომელსაც არ აქვს ალიმენტის მსგავსი განგრძობადი ხასიათი. ალიმენტისაგან, როგორც მშობლის უპირობო ვალდებულებისაგან, განსხვავებთ, რომელიც არ მოითხოვს შვილის სპეციალური საჭიროების ადდასტურებას, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. „საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებით ხარჯების განხორციელებაში, რაც გამოწვეულია განსაკუთრებულ გარემოებებით. ეს არის ამ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებითი გადახდევინება“ (შდრ: სუსგ №ას-180-507-2009, 25 ივნისი, 2009 წ.). დამატებით ხარჯებში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ მშობელს დაკისრებული ჰქონდეს შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა (შდრ: სუსგ №ას-763-714-2010, 02 დეკემბერი, 2010 წ.). მხარემ, რომელიც ითხოვს დამატებითი ხარჯების გაწევას, უნდა დაადასტუროს ამგვარი ხარჯების საჭიროება ან მათი ფაქტობრივი გაწევა. ამასთან, მართალია დამატებით ხარჯებში მონაწილეობა ალიმენტთან პირდაპირ დაკავშირებული არ არის, თუმცა სასამართლო ითვალისწინებს დაკისრებული ალიმენტის ოდენობასაც, ვინაიდან, თუკი ალიმენტის ოდენობა ფარავს განსაკუთრებულ ხარჯებს, აღარ არსებობს მშობლისათვის დამატებითი თანხის დაკისრების აუცილებლობა (შდრ: სუსგ №ას-605-579-2016, 17 თებერვალი, 2017 წ.). დამატებით ხარჯებში მონაწილეობა დადგენილ უნდა იქნას მყარი თანხით და არ შეიძლება მისი წილობრივი დაკავშირება ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობასთან. მართალია, საერთო წესის მიხედვით, დამატებით ხარჯებში მონაწილეობას ერჯერადი ხასიათი გააჩნია, თუმცა საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია მშობელს დამატებით ხარჯებში მონაწილეობა დაეკისროს პერიოდული გადახდის სახით გარკვეული დროის განმავლობაში (შდრ: სუსგ №ას-180-507-2009, 25 ივნისი, 2009 წ.). თუკი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამას მოითხოვს, შესაძლებელია დამატებით ხარჯებში განისაზღვროს ყოველთვიურად, ბავშვის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე ან მანამდე მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. (შდრ: სუსგ №ას-733-733-2018, 11 ივლისი, 2018 წ.)”.
30. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ, რომელმაც არასრულწოვანის სასარგებლოდ მოითხოვა საალიმენტო ვალდებულების გაზრდა და მოპასუხის დამატებით ხარჯებში მონაწილოება, წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც ადასტურებს არასრულწლოვნის საჭიროებებს წლის მანძილზე, რომელიც თითოეულ თვეზე გადანაწილებით შემდეგნაირად გამოიყურება:
- კვების თვიური ღირებულება დაახლოებით 435 ლარია;
- ჰიგიენა თვიურად - 83 ლარი;
- სკოლის აქტივობები (თეატრი, კინო, მუზეუმი) თვეში - 30 ლარი;
- სასკოლო ნივთები (რვეული, კალამი) - თვეში 20 ლარი. - მათემატიკაში მომზადება თვეში - 50 ლარი;
- არასრულწლოვანი დარეგისტრირებულია 2023/2024 სასწავლო წლისთვის კომაროვის სკოლის პროექტ „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასში, სადაც წლიური გადასახადია 840 ლარი, თვეში - 70 ლარი;
- ინგლისურში მომზადება თვეში - 90 ლარი;
- ტელეფონის ანგარიში თვეში - 10 ლარი;
- ჩაცმა სეზონური - 3000 ლარი, თვეში დაახლოებით 250 ლარი (ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა აპელანტის/მოპასუხის შედავება ამ ნაწილში, და შესაძლებლად მიიჩნია აღნიშნული ხარჯის გონივრულ ოდენობამდე შემცირება, თვეში დაახლოებით 100 ლარამდე);
- ექსკურსია წელიწადში ორჯერ - 80-100 ლარი, თვეში - 8 ლარი;
- დასვენების ხარჯი - 2000 ლარი, თვეში 167 ლარი;
- ცეკვის წრე თვეში - 60 ლარი;
- ცეკვის ტანისამოსი წლიურად - 300 ლარი, თვეში - 25 ლარი;
- მედიკამენტები (პოლივიტამინები, მიკროლემენტები, ვიტამინი D, კალციუმი, ომეგა 3) - ჯამში 515 ლარი, თვეში - 43 ლარი (გასათვალისწინებელია, რომ ნაწილი წამლებისა ანაზღაურდება დაზღვევით);
- ბავშვისთვის დანიშნული სამკურნალო ვარჯიშის და მასაჟის, ასევე აპარატული ელექტროთერაპიის ერთი კურსის ღირებულებაა 1275 ლარი. ასეთი თერაპია ბავშვს წელიწადში ორჯერ სჭირდება, თვეში 212 ლარი;
- ოფთალმოლოგის კონსულტაცია და კვლევები წელიწადში ორჯერ - 160 ლარი, თვეში - 13 ლარი (გასათვალისწინებელია, რომ ნაწილობრივ ანაზღაურდება დაზღვევით);
- სათვალე - 200-250 ლარი, თვეში - 20 ლარი;
- ორთოპედიული ღაბაშები - 150 ლარი, თვეში 12 ლარი.
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მითითებული დაანგარიშება დამატებით ხარჯებსაც მოიცავს, მაგრამ თუკი არასრულწლოვანს წარმოეშობა სხვა დამატებითი ხარჯების საჭიროებები, ორივე მშობელი თანაბრად ვალდებული იქნება მონაწილეობა მიიღოს მათში.
32. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ მხარეები არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა, მიუხედავად იმისა, რომ მათ გააჩნდათ როგორც თანაბარი შემოსავალი, ასევე თანაბარი საბანკო ვალდებულებები, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო მხედველობაში იღებს ორივე მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებს, თუმცა, უპირატესია ბავშვის საჭიროებები, რომლის დაკმაყოფილებაშიც ორივე მშობელს თანაბარი ვალდებულება ეკისრება. თუმცა, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა გადაუხვიოს მშობელთა პასუხისმგებლობის თანაბრობის პრინციპს ერთ-ერთი მშობლის სასარგებლოდ, რაც გამართლებული შეიძლება იყოს სხვადასხვა ფაქტორით. მაგალითად, როდესაც მშობელი, რომელთანაც ბავშვი მუდმივად ცხოვრობს, გარდა ფინანსური რესურსისა, არასრულწლოვნის აღზრდას ყველა სხვა რესურსსაც ახმარს, რისი კომპენსირებაც ზოგჯერ ფინანსური კუთხით შესაძლებელია მოხდეს. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია ორივე მშობლის შესაძლებლობები და იმსჯელა მათ თანაბარ მონაწილეობასა და ვალდებულებაზე, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა. თანაბარ პირობებში ჩაყენება არ ნიშნავს მხარეთა შორის ბავშვისათვის საჭირო ალიმენტისა თუ სხვა ხარჯების მათემატიკურად თანაბრად გაყოფას, რადგან გასათვალისწინებელია თითოეული მშობლის მატერიალური მდგომარეობა, მოვალეობები შვილისა და სხვა პირების წინაშე, ვისთან ცხოვრობს ბავშვი და ყველა ის კრიტერიუმი, რაზედაც იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და რის საფუძველზეც სამართლებრივად გამიჯნა საალიმენტო ვალდებულებისა და დამატებითი ხარჯების მოცულობა, რომელიც მოპასუხეს დაეკისრა.
33. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეში მშობელთა პასუხისმგებლობის თანაბრობრის პრინციპიდან გადახვევას ადგილი არ ჰქონია. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ მტკიცებას, რაც სააპელაციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია მამის - ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი. მართალია, მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა დამატებითი სამსახურის დაწყება, რაც თვეში დაახლოებით 300-320 ლარით მეტ შემოსავალს გულისხმობს, თუმცა, ასევე დადგინდა, რომ მამის ხელფასიც გაიზარდა 2024 წლიდან. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემ არასრულწლოვნის გაზრდილი ხარჯები სააპელაციო სასამართლოშიც წარადგინა, მაგ. ინგლისურ ენაში მომზადების საფასური.
33.9. კასატორის მორიგ პრეტენზიის თანახმად, სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადგილზე გამოაცხადა, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მოპასუხეს/აპელანტს დაეკისრა ალიმენტის - 500 ლარის გადახდა, ხოლო დამატებით ხარჯი - 250 ლარი, თუმცა განჩინების ჩაბარების შემდეგ ირკვევა, რომ უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
33.10. აღნიშნულ პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლომ შეამოწმა 2024 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი, რომელშიც მოსამართლემ განმარტა, რომ დაკისრებული თანხა 750 ლარი დარჩა უცვლელი, თუმცა შეიცვალა სამართლებრივი შეფასება. სასამართლომ გამიჯნა ალიმენტი და დამატებითი ხარჯები, შესაბამისად მოპასუხეს დააკისრა 500 ლარი ალიმენტი და დამატებითი ხარჯი 250 ლარი (იხ. 2024 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი, დრო - 15:24:05). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორის აღნიშნული პრეტენზია უსაფუძვლოა და აღნიშნულს ვერ გაიზიარებს.
34. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
35. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ მოტივაციასთან დაკავშირებით, რაც მისი დაუშვებლად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების, როგორც კანონიერი და დასაბუთებული მართლმსაჯულების აქტის, უცვლელად დატოვების საფუძველია.
36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.პ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ.პ–ს (პ/ნ.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.ე–ას მიერ 10.04.2024 წელს #7789 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან ზედემტად გადახდილი 150 ლარი და 150 ლარის 70% - 105 ლარი - ჯამში 255 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ზ. ძლიერიშვილი