Facebook Twitter

საქმე №ას-463-2024 5 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ ს.ი. და კ. ს–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ჯ.კ“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ვალდებულების ჯეროვნად შესრულების აღიარება, თანხის დაკისრება, ხელშეკრულების პუნქტის ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „კ.ჯ.კ“-ის (შემდეგში: მოსარჩელე, მენარდე) სარჩელი ა(ა)იპ ს.ი: და კ. ს–ოს“ (შემდეგში: მოპასუხე, შემკვეთი, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების აღიარების, თანხის დაკისრების და ხელშეკრულების პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 36 112,09 ლარის გადახდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ - თანხის 36 112,09 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 2021 წლის 13 აგვისტოს დაიდო N71 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის ღირებულებაც, შეთანხმების მომენტში 469 995.30 ლარი იყო.

- ხელშეკრულების 8.1. მუხლით სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

- ხელშეკრულების 6.1. მუხლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტით (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი).

- ხელშეკრულების 10.1 მუხლის თანახმად, მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული კალენდარული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შესასრულებელი ვალდებულების (დარჩენილი) შესაბამისი ღირებულების 0.5 %-ის ოდენობით”.

4.2. მხარეებს შორის 2022 წლის 8 აგვისტოს დაიდო შეთანხმება, ცვლილება შევიდა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო ნაწილში და ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 442 235.77 ლარით. ამ გარემოებაზე მხარეები არ დავობენ.

4.3. მხარეებს შორის 2021 წლის 10 დეკემბერს დაიდო შეთანხმება, რომლითაც შეიცვალა სამუშაოების შესრულების ვადა და განისაზღვრა 2021 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.

4.4. ხელშეკრულების თანახმად, განსაზღვრული იყო გარკვეული სამუშაოების შესრულების ვადები, სამუშაოების შესრულების შესახებ მხარეებს პერიოდულად უნდა შეედგინათ მიღება-ჩაბარების აქტი, ისევე როგორც - სამუშაოების საბოლოოდ დასრულებისას.

4.5. მენარდეს, 2022 წლის 17 თებერვალს შედგენილი ,,ჯარიმის აქტის" თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 2021 წლის 17 დეკემბრისათვის შესასრულებელი ჰქონდა 177 644,18 ლარის სამუშაოები, რაც 38 დღის დაგვიანებით - 2022 წლის 24 იანვარს შეასრულა, რის გამოც, შემკვეთმა, პირგასამტეხლოს სახით, დაუკავა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების - 177 644.18 ლარის 0,5% 38 დღისათვის - 33 752.36 ლარი.

4.6. 2022 წლის 12 აპრილს შედგენილი ,,ჯარიმის აქტის" თანახმად, 2022 წლის 10 თებერვლისათვის შესასრულებელი სამუშაოს 17 დღის დაგვიანებით შესრულებისათვის შემკვეთმა მენარდეს პირგასამტეხლოს სახით დაუკავა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,5% 17 დღისათვის - 8655.72 ლარი.

4.7. 2022 წლის 23 მაისს შედგენილი ,,ჯარიმის აქტის" თანახმად, სამუშაოების 2022 წლის 10 თებერვლიდან იმავე წლის 14 თებერვლამდე, 4 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, შემკვეთმა მენარდეს ,,შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაუკავა პირგასამტეხლო" 684.48 ლარი - შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,5% 4 დღისათვის. ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელეს არ გადაუხადა (პირგასამტეხლოს სახით დაუკავა) 43 092.56 ლარი.

4.8. მხარეები არ დავობენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 2022 წლის 14 თებერვალს დასრულდა.

5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან.

6. დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის გარდა, სააპელაციო სასამართლოს განსახილველი იყო პირგასამტეხლოს გამოთვლის წესიც. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 10.1 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობის გამოანგარიშების წესსა და ოდენობაზე. აღნიშნული პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში ყოველ დაგვიანებულ კალენდარული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შესასრულებელი ვალდებულების (დარჩენილი) შესაბამისი ღირებულების 0.5 %-ის ოდენობით“.

7. აპელანტი (შემკვეთი) არ ეთანხმებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ ვალდებულების დარღვევის გამო, არ არსებობდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 43 092.56 ლარის 6980.47 ლარით შემცირებისა და დარჩენილი თანხის მოპასუხისთვის (როგორც შესრულებული სამუშაოების ღირებულების) დაკისრების საფუძვლები. აპელანტის შეფასებით, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისა და პირგასამტეხლოს განსაზღვრის მომენტისთვის შეუძლებელი იყო ხელშეკრულების საბოლოო ღირებულების განსაზღვრა (442 235.77 ლარი), რომელიც საბოლოოდ 8.08.2022 წელს შეთანხმდა, ჯარიმის აქტებით პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ხელშეკრულების საწყისი ღირებულებიდან მოხდა, რაც მხარეთა ნების შესაბამისი და მართლზომიერია.

8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებიდან გამოთვლისა და მისი ოდენობის შემცირების ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა. იგი წარმოადგენს ძირითადი ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან, ამასთან, ვალდებულების მოცულობა ხელშეკრულების მხარეთა მიერ შეთანხმებული საბოლოო ღირებულებით უნდა განისაზღვროს (არ არის სადავო, რომ ხელშეკრულების თავდაპირველ და საბოლოოდ შეთანხმებულ ღირებულებას შორის სხვაობამ 27 759.53 ლარი შეადგინა).

9. სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ (მენარდემ) 59 დღით გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების საერთო ვადას. მოპასუხის მიერ პირგასამტეხლო, ჯამში, გამოთვლილია 59 ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის დარიცხვით (24.01.2022 წლამდე 38 დღის, 10.02.2022 წლამდე 17 დღისა და 14.02.2022 წლამდე 4 დღისთვის), სულ, 43092.56 ლარის ოდენობით. ხოლო პირველი ინსტანციის მიერ აღნიშნული პირგასამტეხლო შემცირებულია 0,1%-მდე, რაც სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია.

10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომელმაც განმარტა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს, 43 092,56 ლარის შემცირების მიზანშეწონილობა იმგვარად, რომ პირგასამტეხლო უნდა შეადგენდეს, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, შეუსრულებული სამუშაოების ღირებულების 0,1%-ს და, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თითოეულ ეტაპზე, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებას გამოაკლდეს ხელშეკრულების პირვანდელ და საბოლოო ღირებულებებს შორის სხვაობა - 27 759,53 ლარი და გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ 17.12.2021 წლისთვის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება იყო 149 884.65 ლარი, 2022 წლის 24 იანვრისთვის - 74 072.32 ლარი, 2022 წლის 10 თებერვლისთვის (2022 წლის 14 თებერვლამდე) – 6464.39 ლარი. აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელისთვის პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო მითითებული თანხების 0.1%-ის - 2021 წლის 18 დეკემბრიდან 2022 წლის 24 იანვრამდე 5695.44 (149884.65X0.1%X38დღე) ლარის, 25.01.2022 წლიდან 10.02.2022 წლამდე 1259.19 (74072.32X0.01%X17დღე) ლარისა და 11.02.2022 წლიდან 14.02.2022 წლამდე 6464.39X0.01%X4დღე) 25.84 ლარის ჯამით, სულ - 6980,47 ლარით.

11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის (შემკვეთის) მიერ მოსარჩელისთვის (მენარდისათვის) პირგასამტეხლოს სახით დაკავებული 43 092.56 ლარი, მართებულად შემცირდა 6980,47 ლარით და დარჩენილი თანხა - 36 112.09 ლარი როგორც მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის საზღაური დაეკისრა მოპასუხეს.

12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, მხარეთა შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების 10.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, პირგასამტეხლოს გამოთვლის წესსა და ოდენობაზე, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკავებას მენარდეც ეთანხმებოდა.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ფუნქციის გათვალისწინებთ, რადგან ვალდებულება საბოლოდ შესრულდა, მის ხარისხთან დაკავშირებით მოპასუხეს პრეტენზიები არ წარმოუდგენია, ასევე, შემკვეთს არ მიუთითებია ხელშეკრულების ვადის გადაცილებით გამოწვეულ ზიანზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის მიერ 6980,47 ლარით შემცირებული პირგასამტეხლოს გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება .

14.2. კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია მხარეებს შორის 2021 წლის 13 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 10.1 პუნქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, ამასთან, არ დაადგინა, რომ მენარდემ ხელშეკრულება დროულად და ჯეროვნად შეასრულა, სასამართლომ ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 36 112,09 ლარის გადახდა.

14.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრ ვადაში ვერ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება. კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, მას სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2022 წლის 17 დეკემბერს, თუმცა ამ ვადაში სამუშაოები ვერ დაასრულა, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა და რომელიც გამოიქვითა ხელშეკრულების ღირებულებიდან.

14.4. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მხარეები ხელშეკრულების დადების დროს შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა პირობაზე (მათ შორის პირგასამტეხლოზე) და უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლო, მაშინ, როდესაც, მენარდის მხრიდან ხელმოწერილი იყო ჯარიმის აქტები.

14.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის (შემკვეთის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის წესს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირა.

18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებიდან გამოთვლისა და მისი ოდენობის შემცირების ნაწილში, გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობის თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. ასევე, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოების გაანგარიშებას პირგასამტეხლოს სახით დაკავებული 43 092.56 ლარის 6980,47 ლარამდე შემცირების და დარჩენილი თანხის 36 112.09 ლარის მოპასუხისთვის, როგორც მოსარჩელის (მენარდის) მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს საზღაურის დაკისრების თაობაზე. საკასაციო სასამართლოს შეფასებით მის გასაბათილებლად კასატორს (შემკვეთს) დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენია.

20. სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების საერთო ვადას 59 დღით გადააცილა. მოპასუხის მიერ პირგასამტეხლო, ჯამში, გამოთვლილია 59 ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის დარიცხვით (24.01.2022 წლამდე 38 დღის, 10.02.2022 წლამდე 17 დღისა და 14.02.2022 წლამდე 4 დღისთვის), სულ, 43 092.56 ლარის ოდენობით. ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული პირგასამტეხლო შეამცირა 0,1%-მდე, რასაც სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და საკასაციო სასამართლოს შეფასებითაც დასაბუთებული და მართლზომიერია.

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებს დასკვნას, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს, 43 092,56 ლარის შემცირების მიზანშეწონილობაზე იმგვარად, რომ პირგასამტეხლო უნდა შეადგენდეს, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, შეუსრულებული სამუშაოების ღირებულების 0,1%-ს და, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თითოეულ ეტაპზე, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებას უნდა გამოაკლდეს ხელშეკრულების პირვანდელ და საბოლოო ღირებულებას შორის სხვაობა - 27 759,53 ლარი. გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 17 დეკემბრისთვის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება იყო 149 884.65 ლარი, 2022 წლის 24 იანვრისთვის - 74 072.32 ლარი, 2022 წლის 10 თებერვლისთვის (2022 წლის 14 თებერვლამდე) – 6464.39 ლარი. ამის შესაბამისად, მოსარჩელისთვის პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო მითითებული თანხების 0.1%-ის - 2021 წლის 18 დეკემბრიდან 2022 წლის 24 იანვრამდე 5695.44 (149884.65X0.1%X38დღე) ლარის, 25.01.2022 წლიდან 10.02.2022 წლამდე 1259.19 (74072.32X0.01%X17დღე) ლარისა და 11.02.2022 წლიდან 14.02.2022 წლამდე 6464.39X0.01%X4დღე) 25.84 ლარის ჯამით, სულ - 6980.47 ლარით.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ.; Nას-258-2024, 12.04.2024წ.).

23. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ.; Nას-258-2024, 12.04.2024წ.).

24. „პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას“ (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf).

25. მხარეთა შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების 10.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს გამოთვლის წესსა და ოდენობაზე. მიუხედავად ამისა, სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ.).

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა;

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ პირგასამტეხლოს ფუქნციის გათვალისწინებით, რადგან ვალდებულება საბოლოოდ შესრულებულია, მოპასუხეს (შემკვეთს) კი პრეტენზია არ გამოუთქვამს მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხთან და ხელშეკრულების ვადის გადაცილებით გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით, ამდენად, 6980,47 ლარით შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან.

29. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკას მოიხმობს, სადაც განმარტებულია, რომ როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას-51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.07.2022წ.; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.; №ას-852-2023, 26.01.2024წ.).

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

31. საკასაციო სასამართლოს შეფასებით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და დასაბუთებული, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ ს.ი: და კ. ს–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა(ა)იპ ს.ი: და კ. ს–ოს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.12.2023 წელს #03666 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 1806 ლარის 70% - 1264.2 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ზ.ძლიერიშვილი