საქმე №ას-694-2024 5 ივლისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ლ.ი–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ლ.ი–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) საკასაციო პრეტენზიების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, უძრავი ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ შედგენილ ადგილზე დათვალიერების აქტზე, რომლითაც დასტურდება მოპასუხის მიერ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი. კასატორი არ ეთანხმება აღნიშნული აქტისთვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებას, ვინაიდან ის დაინტერესებული მხარის მიერ არის შედგენილი. დოკუმენტს სხვა ნეიტრალური პირები, მოწმეები ხელს არ აწერენ.
1.2. კასატორი ასევე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოების სააპელაციო სასამართლოსეულ შეფასებას, რომელიც მოპასუხის სამეწარმეო საქმიანობის პროცესს ასახავს. მოპასუხის მტკიცებით, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებმა ვერ დაადგინეს რეალური ფაქტები, კერძოდ, რის საფუძველზე დაასკვნა მოსარჩელემ, რომ მოპასუხე მოსარჩელის ტერიტორიაზე საქმიანობს. კასატორის განმარტებით, ფოტო, რომელზეც მოპასუხის ორდერი და ქვითარი ჩანს, რომელსაც იგი საქმიანობიდან გამომდინარე ასობით კლიენტს უწერს, ვერ ადასტურებს მოპასუხე საწარმოს მოსარჩელის ტერიტორიაზე საქმიანობის ფაქტს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრის პრეტენზიებისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170.1-ე /მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას/ და 172.1-ე /მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება/ მუხლების დანაწესი.
4.2. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი გარემოებები:
4.2.1. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ნაკვ. ..... მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი: 1372.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობა N1 (საკადასტრო კოდი N.......) სახელმწიფოს საკუთრებაა. მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18-19).
4.2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე, ქ. თბილისში, ........., ნაკვ. ..... მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი: 1372.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობა N1 (საკადასტრო კოდი N.......) არის მოპასუხის მფლობელობაში. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; 09.08.2022 წლის აქტი (ს.ფ. 21); ფოტოსურათები (ს.ფ. 23-31).
4.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ასევე, სადავოდ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (მდებარე, ქ. თბილისში, ........., ნაკვ. ...... მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი: 1372.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობა N1 (საკადასტრო კოდი N.......)) მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაშია.
4.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 170-ე და 172.1-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, კერძოდ: ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2023 წლის 11 აპრილის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელია. მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
6. კასატორს არ წარმოუდგენია საჯარო რეესტრის ამონაწერის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება. ამასთან, სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე, ის მხოლოდ უარყოფს უძრავი ნივთის ფლობას.
7. კასატორის მიერ სადავო უძრავი ნივთის მფლობელობის ფაქტთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ შეძლო მის კუთვნილ უძრავ ნივთზე მოპასუხის მხრიდან მფლობელობის ფაქტის დადასტურება. კერძოდ, საქმეში წარდგენილია 2022 წლის 9 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ შედგენილი ადგილზე დათვალიერების აქტი, რომლის მიხედვით, N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთით არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ნივთს სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს მოპასუხე საწარმო. აღნიშნულ აქტზე ასევე არის მესაკუთრის სხვა თანამშრომლის ხელმოწერა. მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია ფოტოსურათები, რომელიც მისი განმარტებით, ასახავს მოპასუხის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამუშაო პროცესს. აღნიშნული ფოტოსურათებიდან ერთ-ერთზე ასახულია სალაროს შემოსავლის ორდერი და ქვითარი (ს.ფ. 31). სალაროს შემოსავლის ორდერზე ორგანიზაციის დასახელებაში მითითებულია მოპასუხე საწარმო. თავის მხრივ, მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნული მტკიცებულებების გამაქარწყლებელი შესაბამისი მტკიცებულებები, მაგ: ფაქტების კონსტატაციის მასალები, რომელიც ასახავდა სადავო მისამართზე არსებულ სიტუაციას და გამორიცხავდა კასატორის მხრიდან მფლობელობის განხორციელებას; საწინააღმდეგოს არარსებობის პირობებში კი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ თითქოს იგი მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე არ ახორციელებს საქმიანობას.
8. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.
9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-102-2021, 31.03.2021 წ., Nას-110-2022, 15.04.2022 წ., ას-1259-2022, 09.12.2022 წ; N ას-271-2023, 20.04.2023წ., N ას-769-2023, 21.07.2023წ., Nას-789-2023, 29.09.2023წ.; N ას-1166-2023, 17.11.2023წ.; Nას-1083-2023, 26.01.2024წ.).
10. საკასაციო სასამართლომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი შეამოწმა ძირითადი საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81), შესაბამისად, კასატორის სამართლებრივად უმნიშვნელო შედავებაზე მსჯელობას აღარ განავითარებს.
11. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ლ.ი–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ლ.ი–ს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.05.2024 წელს #8424 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან ზედემტად გადახდილი 150 ლარი და 150 ლარის 70% - 105 ლარი - ჯამში 255 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
თ. ზამბახიძე