Facebook Twitter

საქმე №ას-802-2024 18 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ლ.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ა–ძე, თ.შ–ძე, მ.ჭ–ი, ლ.თ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, თანხის დაყოვნების მიზეზით ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით რ.ა–ძის, თ.შ–ძის, მ.ჭ–ისა და ლ.თ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით თ.შ–ძისა და ლ.თ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; რ.ა–ძისა და მ.ჭ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასა და მისი დაყოვნებისათვის ზიანის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „ლ.ბ–ს“ რ.ა–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის 13278 ლარის გადახდა და ამ თანხის გადახდის დაყოვნებისათვის, 2021 წლის 22 ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 13278 ლარის 0.07% - 9.29 ლარის ანაზღაურება; სს „ლ.ბ–ს“ მ.ჭ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის 1853 ლარის გადახდა და ამ თანხის გადახდის დაყოვნებისათვის, 2021 წლის 22 ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 1853 ლარის 0.07% - 1.30 ლარის ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ლ.ბ–მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრის, სახელმწიფო ბაჟის - 1172.52 ლარის (რ.ა–ძის მიმართ მოთხოვნის ნაწილში) და 300 ლარის (მ.ჭ–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის, საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სახით.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სს „ლ.ბ–ს“ გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და 2024 წლის 3 ივლისს ჩაბარდა კანცელარიას.

სს „ლ.ბ–ის“ დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის ქვითრებთან და CD დისკთან ერთად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2024 წლის 16 ივლისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრის, სახელმწიფო ბაჟის - 1172.52 ლარის (რ.ა–ძის მიმართ მოთხოვნის ნაწილში) და 300 ლარის (მ.ჭ–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის, საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სახით.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2024 წლის 3 ივლისს ჩაბარდა კანცელარიას (იხ.შეტყობინების ბარათი ტ.5, ს.ფ.145).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა, დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 4 ივლისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2024 წლის 13 ივლისს, მაგრამ ვინაიდან 13 ივლისი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ პირველ სამუშაო დღეს, 2024 წლის 15 ივლისს - ორშაბათს.

საქმეში წარმოდგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრითა და მასზე დართული კონვერტით დგინდება, რომ „საქართველოს ფოსტას“ დოკუმენტები ჩაბარდა ვადის დარღვევით - 2024 წლის 16 ივლისს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ფოსტის ვებგვერდზე (https://www.gpost.ge/ ) არსებული მონაცემებით, ასევე დგინდება საფოსტო გზავნილის #AP01507059250 მიღება 2024 წლის 16 ივლისს, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, სს „ლ.ბ–ს“ უნდა დაუბრუნდეს 2024 წლის 12 ივლისის #2 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი და 2024 წლის 12 ივლისის #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1172.52 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 374-ე, 399-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. სს „ლ.ბ–ს“ (ს/კ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 12 ივლისის #2 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი და 2024 წლის 12 ივლისის #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1172.52 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი