Facebook Twitter

საქმე №ა-2856-ა-8-2024 12 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებლები – ლ.ს–ი, ლ.ს–ი, ე.ნ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ს–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.ს–ის, მ.ს–ის, ლ.ს–ისა და ე.ნ–ძის სარჩელი თ.ს–ის წინააღმდეგ, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ლ.ს–ის, ლ.ს–ის, მ.ს–ისა და ე.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ლ.ს–ის, ლ.ს–ისა და ე.ნ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: ლ.ს–ი, ლ.ს–ი და ე.ნ–ძე ცნობილ იქნენ 2009 წლის 17 ნოემბერს გარდაცვლილი მამის - ი.ს–ის მემკვიდრეებად და უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე: რაიონი გარდაბანი, სოფელი ........, საკადასტრო კოდი №........, მიწის ნაკვეთი ფართობით 4961.00 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების №1, №2, №3) მამკვიდრებლის კუთვნილი 2/5 (40%) წილის მესაკუთრეებად; ცვლილება შევიდა ზემოხსენებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში, რომლითაც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდება მთელი უძრავი ქონების 2/5 წილი: ლ.ს–ის, ლ.ს–ისა და ე.ნ–ძის სახელზე; მ.ს–ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით თ.ს–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ.ს–ის, მ.ს–ის, ლ.ს–ისა და ე.ნ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც თ.ს–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/3 წილის, მდებარე: რაიონი გარდაბანი, სოფელი ........, ს/კ........ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ლ.ს–ს, მ.ს–ს, ლ.ს–სა და ე.ნ–ძეს თ.ს–ის სასარგებლოდ, დაეკისრათ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3000 ლარი.

4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2024 წლის 29 მაისს, ლ.ს–ის, ლ.ს–ისა და ე.ნ–ძის წარმომადგენელმა მ.ბ–ამ განცხადებით მომართა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

5. განმცხადებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ლ.ს–ი დაუფლებული იყო მამკვიდრებლის ი.ს–ის ფულად თანხას, რაც დასტურდება მამკვიდრებელ ი.ს–ის კუთვნილი ფულადი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტით - საქართველოს სახელმწიფო კომერციული ბანკის გარდაბნის ფილიალის მიერ გაცემული ცნობით და ი.ს–ის აწ გარდაცვლილი მეუღლის (მოსარჩელეთა გამზრდელი) დ.ს–ის შემნახველი სალაროს წიგნაკით. განმცხადებლის მითითებით, დასახელებული მტკიცებულებანი ლ.ს–მა აღმოაჩინა ა/წლის 17 მაისს სახლში შენახულ პირად დოკუმენტაციასთან ერთად, როდესაც დასჭირდა კუთვნილი ქორწინების მოწმობა. მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო მოძებნილი და წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, უდავოდ გამოიწვევდა მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით ლ.ს–ის, ლ.ს–ისა და ე.ნ–ძის განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

7. საკასაციო სასამართლოს, 2024 წლის 9 ივლისს, ახსნა-განმარტებით მომართა თ.ს–ის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ მ.ბ–ას მიერ განცხადებაზე თანდართული საბუთები თ.ს–მა წარადგინა ნოტარიუსთან, თუმცა ნოტარიუსმა უარი უთხრა ამ საბუთების მიღებაზე, რადგან ისინი არ იყო საჭირო. თ.ს–მა საბუთები უკან წაიღო და თავის საცხოვრებელ სახლში შეინახა, სადაც ამჟამად უკანონოდ ცხოვრობს თ.ს–ის ყოფილი მეუღლე ლ.ი–ი. ლ.ი–მა აღნიშნული საბუთები აიღო და გადასცა მოსარჩელეთა ადვოკატს მ.ბ–ას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა მოსარჩელეთა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და დაასკვნა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს განცხადება საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების (საქმეზე N ას-618-2023) გაუქმებისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 421.1-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ასახულია სსსკ-ის 423.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, კერძოდ: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განცხადებაში მითითებული არგუმენტი ახლად აღმოჩენილი გარემოების შესახებ, -საქართველოს სახელმწიფო კომერციული ბანკის გარდაბნის ფილიალის მიერ გაცემული ცნობისა და ი.ს–ის აწ გარდაცვლილი მეუღლის (მოსარჩელეთა გამზრდელი) დ.ს–ის შემნახველი სალაროს წიგნაკის, სახლში შენახულ პირად დოკუმენტაციასთან ერთად, ლ.ს–ის მიერ 2024 წლის 17 მაისს აღმოჩენის შესახებ, როდესაც მას დასჭირდა კუთვნილი ქორწინების მოწმობა, იმდენად უსაფუძვლოა, რომ საკასაციო სასამართლომ მოცემული განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის ფორმა დაადგინა, რადგან განმცხადებელს არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტი, რომელიც ზეპირი მოსმენით უნდა იქნას განხილული. შესაბამისად, ფორმალურად საქმის განხილვის ზეპირი მოსმენის ჩატარება არ ემსახურება მართლმსაჯულების ეკონომიურობისა და ეფექტურობის პრინციპს. ამასთან, განცხადების არგუმენტები ახლად აღმოჩენილი გარემოების შესახებ ერთმნიშვნელოვნად არ წარმოშობს იმ საფუძველს, რომელიც კანონითაა დადგენილი.

10. სსკ-ის 423.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ. ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შეად. სუსგ-ებს: N ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ; N ა-6389-1-16-2021, 15.04.2021წ; N ა-694-22, 17.05.2022წ; N ას-585-2021, 6.05.2022წ; N ა-4490-21-ა-17-2021, 17.05.2022წ; N ა-6779-ა-3-2023, 25.04.2023წ; N ა-1854-1-8-2023, 15.06.2023წ; N ას-635-2023, 5.7.2023წ; ა-6581-ა-4-2024, 5.03.20204წ.).

11. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანია განმცხადებელთა (მოსარჩელეთა) მიერ წარმოდგენილი განცხადების არგუმენტები და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს თუ არა სსსკ-ის 423.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის წინაპირობებს.

12. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის, დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება. „ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულების აქტი, რომლის მეშვეობითაც წესრიგდება მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობები. გადაწყვეტილება სასამართლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა“ (იხ. მ. ს.იშვილი, სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც საპროცესო დოკუმენტი და მისი გასაჩივრების ფორმები მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, „მართლმსაჯულება და კანონი“ , № 4(47), 2015, გვ.19.);

14. სასამართლო გადაწყვეტილების „საბოლოობის“, მისი შეუქცევადობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი გულისხმობს, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია და მისი შედეგები შეუქცევადია. ხსენებულ პრინციპს მრავალი მიზანი აქვს. მისი საჯაროსამართლებრივი ინტერესი გამოიხატება, მაგალითად: სამართლებრივ განსაზღვრულობაში, სამართლებრივ უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და მართლმსაჯულობისადმი სანდოობაში. გადაწყვეტილების „საბოლოობის“ პრინციპი კერძო პირის უფლებასა და ინტერესსაც ემსახურება, რადგან ის ამით განმეორებითი სამართალწარმოებისგან დაცული იქნება.

15. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ყოველთვის ვერ გახდება ხელახალი სამართალწარმოებისათვის სამართლებრივი ბარიერი, რადგან შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმით შელახული განმცხადებლის ინტერესი აღემატებოდეს ამ გადაწყვეტილების გაუქმებით შელახულ ინტერესს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებლისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმა, გამართლებული ვერ იქნება.

16. სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის, დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომელსაც იგი იძენს გარკვეული, კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობების საფუძველზე (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005, გვ.377).

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან განასხვავებენ გადაწყვეტილების ფორმალურ და მატერიალურ კანონიერ ძალას. გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომლის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს. სასამართლო გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა გათვალისწინებულია სსსკ-ის 264-ე მუხლით. „დავა გადაწყვეტილია“ პრინციპიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სსსკ-ის 265-ე და 421-ე მუხლები, რომლებიც იძლევიან საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

18. სასამართლოს გადაწყვეტილების, როგორც ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტის, უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაში მდგომარეობს. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე - ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ-ის მე-10 მუხლი, XXVIII თავი). ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმისწარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე აღინიშნა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის XI კარით (საქმის წარმოების განახლება) და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმისწარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმისწარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, უპირველესად, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.

20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების შესაბამისად, „არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით...“.

21. „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ისე, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 53; § 58; იხ. აგრეთვე: Brumărescu v. Romania [GC], no.28342/95, § 61, ECHR 1999-VII; Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII; Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX); შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო.

22. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელთა მთავარი დასაბუთება, თუ რატომ უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და განახლდეს საქმის წარმოება, დაფუძნებულია წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში ასახულ გარემოებებზე.

23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებელთა დასაბუთება არ შეესაბამება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტს, რადგან არ არის გამოვლენილი ის გარემოებები, რომლებიც უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ. ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე სსსკ-ის 423.1 -ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის წინაპირობები არ შეიძლება განხორციელებულად იქნეს მიჩნეული, რადგან მოსარჩელეები თვითონვე აცხადებენ, რომ 2024 წლის 29 მაისის განცხადებაზე დართული დოკუმენტები ადრე რომ ყოფილიყო მოძიებული და სასამართლოში წარდგენილი, მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა. თუმცა მიზეზი თუ რის გამო არ იქნა აღნიშნული დოკუმენტები მოძიებული და წარდგენილი განმცხადებლებს არ დაუსახელებიათ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს თუ რამდენად საპატიო იყო მიზეზი რის გამოც მოსარჩელეებმა კონკრეტული მტკიცებულებები საქმის განხილვის დროს სასამართლოში ვერ წარადგინეს (იხ. სსსკ-ის 203-ე და 215-ე მუხლები).

25. „ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვთ ამ საქმის გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი და არც შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო არც განმცხადებლის და არც სასამართლოსათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებათა წარმოშობა, შეცვლა, ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებაზე“ (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი; მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული); თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2015წ; გვ. 730-731).

26. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და მასზე დართული დოკუმენტაციის მიხედვით არ გამოვლინდა სსსკ-ის 423.1-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, რადგან არ დგინდება, რომ განმცხადებელთათვის ობიექტურად უცნობი იყო მამკვიდრებლის ფულადი თანხის მიღების შესახებ, ამასთან, სუბიექტურად, შეუძლებელი იყო მხარის მიერ ინფორმაციის მოძიება, მათ შორის, სასამართლოს წინაშე დასაბუთებული შუამდგომლობის წარდგენის გზით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ს–ის, ლ.ს–ისა და ე.ნ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური