Facebook Twitter

საქმე №ას-457-2024 5 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს კ.ს–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს გაუქმება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „კ.ს–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, კომპანია ან მენარდე/მიმწოდებელი, პირველი აპელანტი) სარჩელი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, სააგენტო ან შემკვეთი/შემსყიდველი მეორე აპელანტი, კასატორი) წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს გაუქმებისა და თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე სააგენტოს მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ 762 175 ლარის გადახდა დაეკისრა; კომპანიის სარჩელი პირგასამტეხლოს გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სააგენტოს შეგებებული სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ, პირგასამტეხლოსა და თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კომპანიას სააგენტოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 400 000 ლარის გადახდა დაეკისრა; კომპანიას სააგენტოს სასარგებლოდ ელექტროენერგიის დავალიანების - 7 500 ლარისა და წყალმომარაგების საფასურის - 3 784.12 ლარის გადახდა დაეკისრა; სააგენტოს შეგებებული სარჩელი ზედმეტად გადარიცხული თანხის - 860 663.31 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მენარდე კომპანიის (პირველი აპელანტის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ამავე გადაწყვეტილებით შემკვეთი სააგენტოს (მეორე აპელანტის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შემკვეთ სააგენტოს მენარდე კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 478 047 ლარის გადახდა; კომპანიის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა; კომპანიას სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 411 688.9 ლარის გადახდა; სხვა ნაწილში სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. სააგენტოსა და კომპანიას შორის, 2019 წლის 26 აგვისტოს, გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N320701/03/107, რომლის მიხედვითაც, 2019-2020 წლების ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, შემკვეთის/შემსყიდველის მიერ 2019 წლის 8 ივლისს გამოცხადდა N190013481 ელექტრონული ტენდერი სააგენტოს მიერ ქ. თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე (კლასიფიკატორის (CPV) კოდები: 45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები; 45214220 - საშუალო სკოლების მშენებლობა) და მიიღო მენარდისაგან/მიმწოდებლისაგან სატენდერო წინადადება სამუშაოს შესრულებაზე შემდეგ თანხაზე: 9 499 951.75 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;

3.2. მთლიანი ხელშეკრულების ღირებულება, სამუშაოს სრულფასოვანი მიწოდებისთვის დაკავშირებული ყველა ხარჯისა და მენარდისათვის/მიმწოდებლისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით 10 086 659 ლარით განისაზღვრა;

3.3. მენარდეს/მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით, უნდა უზრუნველეყო;

3.4. ხელშეკრულების მე-10 მუხლით ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულ იქნა საჯარიმო სანქცია. კერძოდ, 10.3 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის დასრულების საბოლოო ვადის დარღვევის შემთხვევაში, მენარდეს/მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს - ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.05%-ის გადახდა;

3.5. ხელშეკრულების 10.8 მუხლით დადგინდა, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა), მენარდე/მიმწოდებელი ყოველ შემთხვევაზე დაჯარიმდებოდა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.05%-ით;

3.6. ხელშეკრულების 10.9 მუხლის თანახმად, კი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში (არაჯეროვანი ან ნაწილობრივი შესრულებისას) მენარდეს/მიმწოდებელს პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5% დაეკისრებოდა და შემკვეთი/შემსყიდველი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიას სრულად გამოითხოვდა;

3.7. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით;

3.8. 2019 წლის ნოემბრის N320701/03/107-1 შეთანხმებით ხელშეკრულების 8.3 მუხლი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს სამი სახის ანგარიშსწორება - საავანსო, შუალედური და საბოლოო, აქედან 2019 წელს 1 900 000.00 ლარი, ხოლო 2020 წელს 7 599 951.75 ლარი“. ხელშეკრულების დანარჩენი მუხლები/პუნქტები დარჩა უცვლელი;

3.9. 2020 წლის ივლისის N320701/03/107-2 შეთანხმებით მენარდე/მიმწოდებელ კომპანიას ქ. თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი - „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად გაუგრძელდა ვადა 50 კალენდარული დღით, 2020 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით, საჯარიმო სანქციების გამოყენების გარეშე;

3.10. ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 1.8 მუხლში და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით“. ხელშეკრულების დანარჩენი მუხლები/პუნქტები დარჩა უცვლელი;

3.11. 2020 წლის აგვისტოს N320701/03/107-3 შეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი - „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეიცვალა და ჩამოყალიბდა შეთანხმებაზე თანდართული რედაქციით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება დარჩა უცვლელი;

3.12. ამავე შეთანხმებით სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა გაიზარდა 45 კალენდარული დღით, 2020 წლის 20 აგვისტოდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, საჯარიმო სანქციების გამოყენების გარეშე;

3.13. ცვლილება შევიდა N320701/03/107 ხელშეკრულების 1.8 მუხლში და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით“. ხელშეკრულების დანარჩენი მუხლები/პუნქტები დარჩა უცვლელი.

3.14. 2020 წლის ნოემბრის N320701/03/107-4 შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 8.10 მუხლში და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, აქედან: 2019 წელს - 1 900 000.00 ლარი, 2020 წელს - 5 899 951.75 ლარი, ხოლო 2021 წელს გათვალისწინებული იქნება - 1 700 000.00 ლარი“. ხელშეკრულების დანარჩენი მუხლები/პუნქტები დარჩა უცვლელი;

3.15. 2020 წლის დეკემბრის N320701/03/107-5 შეთანხმებით მენარდე/მიმწოდებელ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი - „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად გაუგრძელდა ვადა 2020 წლის 4 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებით;

3.16. ცვლილება შევიდა N320701/03/107 ხელშეკრულების 1.9 მუხლში და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია 2021 წლის 30 მარტის ჩათვლით“;

3.17. 2021 წლის აპრილის N320701/03/107-6 შეთანხმებით მენარდე/მიმწოდებელ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი - „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად გაუგრძელდა ვადა 2021 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 25 ივნისის ჩათვლით, ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებით;

3.18. ცვლილება შევიდა N320701/03/107 ხელშეკრულების 1.9 მუხლში და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მისი გაფორმების დღიდან 2021 წლის 25 ივლისის ჩათვლით“;

3.19. 2021 წლის 2 ივნისის N320701/03/107-7 შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 6.2 და 6.4 პუნქტებში და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

3.19.1. 6.2. – „მიღება-ჩაბარების აქტს, მიმწოდებლის სახელით ხელს აწერს ხელშეკრულების ხელმომწერი, ან მისი უფლებამონაცვლე პირი და პროექტის ხელმძღვანელი, ხოლო შემსყიდველის მხრიდან სააგენტოს თანამშრომელი გ.ს–ძე“;

3.19.2. 6.4. – „მიმწოდებლის მხრიდან შუალედური შესრულების აქტს (ფორმა N2 და ფორმა N3) მიმწოდებლის სახელით ხელს აწერს პროექტის ხელმძღვანელი, ხოლო შემსყიდველის მხრიდან სააგენტოს თანამშრომელი გ.ს–ძე“;

3.19.3. ხელშეკრულების დანარჩენი მუხლები/პუნქტები დარჩა უცვლელი;

3.20. 2021 წლის 17 ივნისის N320701/03/107-8 შეთანხმებით მენარდე.მიმწოდებელ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი - „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა- მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეიცვალა და ჩამოყალიბდა შეთანხმებაზე თანდართული რედაქციით:

3.20.1. N320701/03/107 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება გაიზარდა 170 708.47 ლარით და 9 499 951.75 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 9 670 660.22 ლარით;

3.20.2. ცვლილება შევიდა 8.10 მუხლში და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, აქედან: 2019 წელს - 1 900 000.00 ლარი, 2020 წელს - 5 899 951.75 ლარი, ხოლო 2021 წელს გათვალისწინებული იქნება - 1 870 708.47 ლარი“;

3.20.3. ხელშეკრულების დანარჩენი მუხლები/პუნქტები დარჩა უცვლელი;

3.21. 2021 წლის 19 ივლისის N320701/03/107-9 შეთანხმებით მენარდე/მიმწოდებელ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი - „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეიცვალა და ჩამოყალიბდა შეთანხმებაზე თანდართული რედაქციით:

3.21.1. N320701/03/107 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება გაიზარდა 744 534.61 ლარით და 9 670 660.22 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 10 415 194.83 ლარით;

3.21.2. ცვლილება შევიდა 8.10 მუხლში და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, აქედან: 2019 წელს - 1 900 000.00 ლარი, 2020 წელს - 5 899 951.75 ლარი, ხოლო 2021 წელს გათვალისწინებული იქნება - 2 615 243.08 ლარი“;

3.22. სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის შენობის დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი განისაზღვრა წინამდებარე შეთანხმებაზე თანდართული რედაქციით და დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად მიმწოდებელს განესაზღვრა ვადა 2021 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით, საჯარიმო სანქციების გამოყენებით;

3.23. ცვლილება შევიდა N320701/03/107 ხელშეკრულების 1.9 მუხლში და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მისი გაფორმებიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“;

3.24. 2021 წლის 29 სექტემბრის N320701/03/107-10 შეთანხმებით მენარდე/მიმწოდებელ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი - „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეიცვალა და ჩამოყალიბდა შეთანხმებაზე თანდართული რედაქციით:

3.24.1. N320701/03/107 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შემცირდა 2 089.24 ლარით და ნაცვლად 10 415 194.83 ლარისა განისაზღვრა 10 413 105.59 ლარით;

3.24.2. სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად მენარდე/მიმწოდებელ კომპანიას გაუგრძელდა ვადა 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, საჯარიმო სანქციების გამოყენებით;

3.24.3. ხელშეკრულების დანარჩენი მუხლები/პუნქტები დარჩა უცვლელი;

3.25. 2021 წლის 8 დეკემბრის N320701/03/107-11 შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 8.11 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენას უზრუნველყოფს შემსყიდველი. შემსყიდველი უფლებამოსილია ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენამდე შესრულებულ სამუშაოზე შეაჩეროს საბოლოო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2.5%-ის ოდენობით“. ხელშეკრულების დანარჩენი მუხლები/პუნქტები დარჩა უცვლელი;

3.26. მენარდე/მიმწოდებელი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება შემსყიდველი სააგენტოს მიმართ უზრუნველყოფილ იქნა სს „ბ–ის“ (გარანტის) მიერ #138424 საავანსო საბანკო გარანტიით (გაცემის თარიღი: 11.11.2021წ.), რომლითაც საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა 150 000 ლარით და #116871 ხელშეკრულების შესრულების უპირობო საბანკო გარანტიით (გაცემის თარიღი: 26.08.2019წ.), რომელიც გაცემულ იქნა 474 997.60 ლარზე;

3.27. საბანკო გარანტიების ვადა რამდენჯერმე იქნა გაგრძელებული. საბოლოოდ, #138424 საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 11 ივლისის ჩათვლით, ხოლო #116871 საბანკო გარანტიის - 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით;

3.28. გარანტმა, 2022 წლის 30 დეკემბერს, საბანკო გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარს (სააგენტოს) 520 767.60 ლარი (#116871 საბანკო გარანტიის ფარგლებში) და 115 000 ლარი (#138424 საბანკო გარანტიის ფარგლებში) ჩაურიცხა;

3.29. მენარდეს/მიმწოდებელს (მოსარჩელეს) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია;

3.30. შემკვეთმა სააგენტომ 2022 წლის 14 თებერვალს ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა;

3.31. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს“ (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 01.06.2022წ. N002927322 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მენარდის. მიმწოდებლის მიერ N320701/03/107 (AT190913481) ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ქ. თბილისის სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199-ე საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ, ნაცვლად ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მოცემული 10 413 105,59 ლარისა, ხარჯთაღრიცხვაში ნაჩვენები ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით შეადგინა 10 697 233,71 ლარი, რაც სახელშეკრულებო, ღირებულებას აღემატება 284 128.12 ლარით. ერთეულ სამუშაოთა მოცულობები, რაოდენობები და ღირებულებები მოცემულია დასკვნის დანართში;

3.32. რაც შეეხება ხარისხს: შენობის სახურავის ნაწილი დღეის მდგომარეობით (საქმის განხილვის დროისათვის) დაზიანებულია, რის გამოც შენობის ზოგიერთ ოთახში ხდება ატმოსფერული ნალექების ჩადინება. ხოლო ის სამუშაოები, რომელიც დღეის მდგომარეობით დასრულებულია, ვიზუალური დათვალიერებით დამაკმაყოფილებელია, ხოლო დაუსრულებელ სამუშაოების ხარისხზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში 2019 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული N320701/03/107 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, რომლითაც მოსარჩელე კომპანიამ მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი - „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა- მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის სამშენებლო სამუშაოების წარმოების ვალდებულება იკისრა.

5. მოსარჩელე (მენარდე) კომპანია ძირითადი სარჩელით დარიცხული პირგასამტეხლოს გაუქმებას ითხოვს, ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელე სააგენტოს (შემკვეთის) ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა კომპანიისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაა.

6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სსკ-ის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში გამსესხებელს ეკრძალება, მის მიერ გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის მომხმარებლის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად არის წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, რომელიც სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2 პროცენტს აღემატება) გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული, კერძოდ ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი საკანონმდებლო დანაწესებთან შეუსაბამობაში არ უნდა მოდიოდეს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).

8. საკასაციო სასამართლო დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89). პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქლქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვ. 89, სუსგ 31 მაისი, 2022 წ. საქმე №ას-1006-2021, პ.17).

9. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვ. 93).

10. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის 2019 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-10 მუხლი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას (პირგასამტეხლოს) ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის. კერძოდ, 10.3 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის დასრულების საბოლოო ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.05 %.

11. ხელშეკრულების 10.8 მუხლი ადგენს, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა), მენარდე/მიმწოდებელი ყოველ შემთხვევაზე ჯარიმდება ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.05%-ით.

12. ხელშეკრულების 10.9 მუხლის თანახმად, კი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში (არაჯეროვანი ან ნაწილობრივი შესრულებისას) მენარდეს/მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 % და შემსყიდველი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიას სრულად გამოითხოვს.

13. ამგვარად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სამი სახის პირგასამტეხლო სხვადასხვა შემთხვევებისთვის.

14. შემსყიდველის შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია მენარდისათვის/მიმწოდებლისთვის ორი სახის პირგასამტეხლოს დაკისრება: 668 463.65 ლარი - ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დარიცხული პირგასამტეხლო და 520 655.28 ლარი - არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დარიცხული ჯარიმა. სულ 1 189 11.93 ლარი.

15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება დარღვეულია, რის გამოც შემსყიდველი სააგენტოს მიერ ხელშეკრულება ცალმხრივად, 2022 წლის 14 თებერვალს, შეწყდა. პირველი აპელანტი (მენარდე/მიმწოდებელი) მიუთითებს, რომ არ იყო ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია, ამასთან, კონტრაჰენტი (შემკვეთი/შემსყიდველი) გავიდა ხელშეკრულებიდან და მოცემული შემთხვევა არწარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტას, რა შემთხვევაშიც ხელშეკრულება ითვალისწინებს მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 %-ით. მენარდე/მიმწოდებელი კომპანია მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების შეწყვეტისთვის დარიცხული ჯარიმის - 520 655,28 ლარის დაკისრების საფუძველი, ასევე შედავებული აქვს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა.

16. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მხარეთა შორის განხორციელდა აქტიური კომუნიკაცია, რომელიც უკავშირდებოდა შემკვეთის/შემსყიდველის მხრიდან მენარდის/მიმწოდებლის გაფრთხილებას სამუშაოების დროულად წარმოებასა და მუშა-ხელის მობილიზებასთან მიმართებით. აგრეთვე, შემკვეთი სააგენტო გამოთქვამდა პრეტენზიას კონკრეტული სამუშაოების ხარისხთან მიმართებით. თავის მხრივ, მენარდე კომპანია ითხოვდა დამატებით ვადებს სამუშაოების შესასრულებლად, რამაც განაპირობა სამუშაოების შესრულების ვადებთან მიმართებით ხელშეკრულებაში ცვლილებების არაერთხელ შეტანა. დადგენილია, რომ თავდაპირველად ხელშეკრულებით სამუშაოების შესრულება უნდა დასრულებულიყო 2020 წლის 30 ივნისს, ხოლო მენარდის არაერთი თხოვნის გათვალისწინებით, სამუშაოების შესრულების ვადასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში შევიდა ექვსი ცვლილება და სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად 2021 წლის 30 ნოემბერი განისაზღვრა. ე.ი. სამუშაოების წარმოების დასრულების ვადა ჯამში 15 თვით გახანგრძლივდა.

17. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ მენარდე კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ჰქონდა პრობლემა სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც მიეცა არაერთი გაფრთხილება.

18. მენარდე კომპანიამ 2019 წლის 30 დეკემბერს წარადგინა კალენდარული გეგმა-გრაფიკი და იკისრა ვალდებულება, ნარდობის ხელშეკრულების პირობების შესრულების შესახებ (წარდგენილი გრაფიკის შესაბამისად). 2020 წლის 17 იანვარს უკვე დაფიქსირდა გრაფიკის დარღვევის ფაქტი, რის შესახებაც ეცნობა მენარდე კომპანიას და ეთხოვა ჩამორჩენის აღმოფხვრა.

19. შემკვეთის შეგებებული სარჩელით მოპასუხე მენარდე კომპანიას, 2020 წლის 21 იანვარს, 5 და 10 თებერვალს მიეწოდა ინფორმაცია დარღვევების შესახებ და ეთხოვა მათი გამოსწორება. აღნიშნული შეტყობინებებით, აგრეთვე მიეწოდა ინფორმაცია შესაძლო პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, თუკი არ აღმოიფხვრებოდა დარღვევები.

20. შემკვეთი სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ 2020 წლის 14 თებერვალს სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების რევიზია განხორციელდა, რის შედეგადაც კვლავ დაფიქსირდა მენარდის მხრიდან გეგმა-გრაფიკის დარღვევა და სამუშაოების წარმოების ნელი ტემპი.

21. მენარდე კომპანიას 2020 წლის 17 და 26 თებერვალს კვლავ ეცნობა დარღვევებისა და გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენის შესახებ და ეთხოვა მათი გამოსწორება.

22. შემკვეთი სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ 2020 წლის 20 მარტს განხორციელდა მენარდე კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების ინსპექტირება, რის შედეგადაც კვლავ გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები. ხარვეზების აღმოსაფხვრელად მენარდე კომპანიას 7 დღის ვადა მიეცა.

23. 2020 წლის 23 მარტს ჩატარდა განმეორებითი ინსპექტირება, რომლის საფუძველზეც კვლავ დაფიქსირდა დარღვევები. მენარდე კომპანიას 2020 წლის 27 მარტს ეცნობა და ეთხოვა დარღვევების გამოსწორება.

24. 2020 წლის 30 ივნისს, იმ დროს, როდესაც მენარდეს დასრულებული უნდა ჰქონოდა სამშენებლო სამუშაოები, შემკვეთ სააგენტოს წარედგინა მენარდე კომპანიის წერილი სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის შესახებ.

25. შემსყიდველი სააგენტოს 2020 წლის 7 ივლისის წერილით მენარდე კომპანიას სამუშაოების დასრულებისთვის მიეცა დამატებითი ვადა 2020 წლის 1 სექტემბრამდე.

26. 2020 წლის 6 ივლისს განხორციელდა სამუშაოების მიმდინარეობის შემოწმება, რის შედეგადაც დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დარღვევები. მენარდე კომპანიას კიდევ ერთხელ ეთხოვა ხარვეზების გამოსწორება, სამშენებლო მოედანზე მუშახელის დამატება და შეთანხმებული გრაფიკის დაცვა. ასევე, 2020 წლის 8 ივლისის წერილით მოსარჩელეს მიეცა დამატებითი ვადა სამუშაოების დასრულებისთვის 2020 წლის 1 სექტემბრამდე. ამავე წერილით კომპანიას ეთხოვა სამუშაოების გააქტიურება და შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის დაცვა.

27. 2020 წლის 21 სექტემბერს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე მენარდე კომპანიას 22 სექტემბერს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, გაფრთხილების მორიგი წერილი გაიგზავნა 2020 წლის 21 ოქტომბერსაც.

28. 2020 წლის 12 ოქტომბერს მენარდე კომპანიამ ისევ მოითხოვა დამატებითი ვადა სამუშაოების დასასრულებლად. შემკვეთი სააგენტოს 2020 წლის 18 დეკემბრის წერილით მენარდე კომპანიას მეიცა დამატებითი ვადა სამუშაოების დასასრულებლად. აღნიშნული კორესპონდენციით მენარდეს სამუშაოების დასასრულებლად მიეცა ვადა 2021 წლის 28 თებერვლამდე.

29. შემკვეთი სააგენტოს მიერ 2021 წლის 20 იანვარს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად კვლავ დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დარღვევები და გრაფიკიდან ჩამორჩენა.

30. 2021 წლის 23 თებერვალს და 5 აპრილს შემკვეთ სააგენტოს წარედგინა მენარდე კომპანიის წერილი დამატებითი ვადის მიცემასთან დაკავშირებით.

31. მენარდეს 2021 წლის 24 მაისს, 9 ივლისს და 18 აგვისტოს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები და ეთხოვა სამუშაოების დროულად წარმოება.

32. 2021 წლის 10 აგვისტოს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა განახორციელა ობიექტის მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგად კვლავ ფიქსირდებოდა დარღვევები. 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით სამუშაოები მიმდინარეობდა დაბალ ტემპში, სამშენებლო მოედანზე იყო სამშენებლო მასალების ნაკლებობა, თანამშრომლებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ ორგანიზაციას ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რაც აფერხებდა სამუშაოების დასრულებას.

33. 2021 წლის 18 აგვისტოს მენარდე კომპანიას გაეგზავნა მე-14 გაფრთხილების წერილი და ეთხოვა სამუშაოების დროულად წარმოება.

34. 2021 წლის 15 სექტემბერს მენარდე კომპანიამ მოითხოვა დამატებითი ვადა სამუშაოების დასასრულებლად.

35. 2021 წლის 7 და 11 ოქტომბერს მენარდე კომპანიას გაეგზავნა გაფრთხილების წერილები. შემკვეთი სააგენტოს წერილებში მითითებული იყო არსებული პრობლემები და ასევე, მენარდე კომპანიას ეცნობა სამუშაოების დროულად განუხორციელებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის შესახებ.

36. საბოლოოდ, 2022 წლის 14 თებერვალს, შემკვეთი სააგენტოს მიერ ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო; ერთი მხრივ, იმ საფუძვლით, რომ სამუშაოები ვერ სრულდებოდა დათქმულ ვადებში, მეორე მხრივ, შეწყვეტის საფუძველი გახდა მენარდე კომპანიის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.

37. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში ორმხრივად შეტანილი პირველი ორი ცვლილებით სამუშაოების დასრულების ვადები გახანგრძლივდა საჯარიმო სანქციის დარიცხვის გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ შემკვეთის მიერ გათვალისწინებული იქნა ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობაც. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი სამუშაოების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მენარდე კომპანიის ბრალეული მიზეზით, რამაც შემკვეთ სააგენტოს დაუკარგა ინტერესი კონკრეტულ კონტრაჰენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებაზე და მენარდეს დააკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების 10.3 პუნქტის შესაბამისად.

38. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, მენარდე კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადები, მეორე მხრივ კი შესრულება იყო ნაკლიანი.

39. ამ მხრივ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს მენარდე კომპანიის დირექტორმა კ.მ–ძემ, შპს „ს.ე. ს–ის“ ტექნიკურმა ზედამხედველმა გ.პ–მა, სააგენტოს სამშენებლო სამსახურის პროექტის კოორდინატორმა ზურაბ რაზმაძემ, მენეჯერებმა გიორგი თოდუამ, გ.ს–ძემ და შ.კ–ძემ ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მშენებლობაზე გამოვლენილი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს და მათი მოცულობები აღწერეს, რაზედაც შედგა შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელი უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა მოაწერეს. აღნიშნულ აქტში მითითებული სამუშაოების და მოცულობების საფუძველზე დადგენილი იქნა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რამაც შეადგინა - 411 688 90 ლარი. აღსანიშნავია, რომ მენარდის მიერ სხვა საწინააღმდეგო საპირწონე მტკიცებულება, რაც შესრულების ხარისხს დაადასტურებდა, წარმოდგენილი არ არის.

40. სსკ-ის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

41. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ შესრულების ვადის დარღვევის გამო შემკვეთმა (სააგენტომ) არაერთხელ გააფრთხილა მენარდე (კომპანია), თუმცა უშედეგოდ. ამასთან, შესრულებული სამუშაოები აღმოჩნდა ნაკლიანი, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი აქტი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შესახებ, მას ხელს აწერს და ადასტურებს მენარდე კომპანიის დირექტორიც.

42. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო შემკვეთი კი არ გავიდა ხელშეკრულებიდან, არამედ მან ხელშეკრულება შეწყვიტა მენარდე კომპანიის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, რა შემთხვევაშიც ხელშეკრულების 10.9 მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ამდენად, ასევე დასაბუთებულია შეგებებული სარჩელით მოსარჩელის (შემკვეთი საგენტოს) მოთხოვნა არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების შეწყვეტისთვის დარიცხული ჯარიმის 520 655,28 ლარის დაკისრების თაობაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობაზე, ვინაიდან მენარდე კომპანიამ პირგასამტეხლოს ოდენობა სადავო გახადა და მისი შემცირება მოითხოვა.

43. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

44. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობით განსაზღვრა.

45. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მენარდე კომპანიის მიერ ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლო განსაზღვრა 400 000 ლარის ოდენობით, რასაც ეთანხმება სააპელაციო სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოიცავდა მხოლოდ მენარდისათვის ვადის გადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას და არ მოიცავდა არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დასაკისრებელ პირგასამტეხლოს, მაშინ, როდესაც კომპანიის დირექტორ კ.მ–ძის ხელმოწერილი აქტით, დადგენილია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რამაც - 411 688 90 ლარი შეადგინა.

46. შემკვეთი სააგენტოს შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია მენარდე კომპანიისათვის ორი სახის პირგასამტეხლოს დაკისრება: ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დარიცხული პირგასამტეხლო და არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დარიცხული ჯარიმა. დადგენილია, რომ მენარდე კომპანიამ სამუშაოთა შესრულების ვადას გადააცილა, ასევე სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც მენარდისათვის, შემკვეთის სასარგებლოდ, როგორც ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს, ასევე არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დარიცხული ჯარიმის დაკისრება დასაბუთებულია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, შემკვეთის მიერ მოთხოვნილი ორივე სახის პირგასამტეხლო უზრუნველყოფს ერთი და იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯამში 400 000 ლარის პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობას წარმოადგენს.

47. მენარდე კომპანიის მეორე სასარჩელო მოთხოვნა შეეხება მოპასუხისათვის (შემკვეთისათვის) 1 397 830 ლარის დაკისრებას. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული თანხა შედგება ოთხი ნაწილისგან: 284 128.12 ლარი - ზედმეტად შესრულებული სამუშაოს ღირებულება, 478 046.89 ლარი - ასანაზღაურებელი თანხა შესრულებულ სამუშაოებსა და უკვე გადახდილ თანხას შორის, 520 655 ლარი - სს „ბ–ის“ მიერ უზრუნველყოფის გარანტიის სახით გადახდილი თანხა, ხოლო 115 000 ლარი - სს „ბ–ის“ მიერ საავანსო გარანტიის სახით გადახდილი თანხა.

48. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01.06.2022წ. N002927322 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მენარდე კომპანიის მიერ N320701/03/107 (AT190913481) ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ქ. თბილისის სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199-ე საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ, ნაცვლად ექსპერტიზაზე წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მოცემული 10 413 105,59 ლარისა, ხარჯთაღრიცხვაში ნაჩვენები ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, შეადგინა 10 697 233,71 ლარი, რაც სახელშეკრულებო ღირებულებას 284 128.12 ლარით აღემატება.

49. სსკ-ის 631-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო.

50. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გაწეული სამუშაოების ღირებულება აღემატებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანხის ზღვრულ ოდენობას და გადაჭარბებამ შეადგინა 284 128,12 ლარი, რისი დაკისრების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხის დაკისრების ნაწილში შემკვეთი სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და 284 128,12 ლარის დაკისრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

51. რაც შეეხება შემკვეთისთვის (სააგენტოსათვის) 478 047 ლარის დაკისრებას, აღნიშნული თანხა წარმოადგენს სხვაობას ასანაზღაურებელი თანხას შესრულებულ სამუშაოებსა და უკვე გადახდილ თანხას შორის, რისი შესრულებაც შემკვეთის მიერ არ დასტურდება. შესაბამისად, შემკვეთ სააგენტოს მენარდე კომპანიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 478 047 ლარის გადახდა.

52. მენარდე კომპანიის სარჩელით ასევე მოთხოვნილია მოპასუხე სააგენტოსთვის 520 655 ლარის დაკისრება, რაც წარმოადგენს სს „ბ–ის“ მიერ უზრუნველყოფის გარანტიის სახით გადახდილი თანხას, ასევე 115 000 ლარის დაკისრებას, მოთხოვნას, რომელიც სს „ბ–ის“ მიერ საავანსო გარანტიის სახით გადახდილი თანხა არის.

53. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 879-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

54. სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. სსკ-ის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას.

55. დასახელებული ნორმების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საბანკო გარანტია წარმოადგენს სამმხრივ ხელშეკრულებას, რომელიც არ არის აქცესორული ხასიათის. შესაბამისად, არ არის დამოკიდებული ძირითად ვალდებულებაზე. ამდენად, პრინციპალი (მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე/მენარდე კომპანია) არ არის უფლებამოსილი, საგარანტიო თანხის ანაზღაურება მოითხოვოს ბენეფიციარისგან (მოპასუხისგან/შემკვეთისგან). სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მენარდე კომპანიამ მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში გაასაჩივრა და სააპელაციო საჩივარში ის არ მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომელიც მოპასუხისთვის საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის დაკისრებაზე უარის თქმას ეხება.

56. რაც შეეხება შემკვეთი სააგენტოს (შეგებებული მოსარჩელის) მოთხოვნას მენარდე კომპანიისათვის ზედმეტად გადარიცხული თანხის 860 663.31 ლარის დაკისრების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემკვეთის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დასაბუთებულია და ეფუძნება სსკ-ის 645-ე მუხლს, რომლის მიხედვით, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

57. ნივთის ნაკლის დადასტურების მიზნით საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 30 აგვისტოს აქტი (ტ. 2, ს.ფ. 129-131), ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მშენებლობაზე გამოვლენილი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობების შესახებ, რომელსაც თან ერთვის სამუშაოთა ჩამონათვალი და მასში შედის ვიტრაჟებზე დამცავი ე.წ. „ჯონსონის“ ფირის გაკვრის ღირებულება - 98 340 ლარი.

58. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 411 688,9 ლარი. აქტს ხელს აწერს მენარდე/მიმწოდებელი კომპანიის დირექტორი კ.მ–ძე, რომელიც ეთანხმება აქტს. აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 411 688,9 ლარის მენარდე კომპანიისათვის დაკისრება დასაბუთებულია და შემკვეთი სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება 860 663.31 ლარიდან დარჩენილ 448 974,41 ლარს, აღნიშნული თანხის მენარდისათვის უსაფუძვლოდ გადახდის ფაქტი არ დასტურდება.

59. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი აპელანტის (მენარდე კომპანიის) სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მეორე აპელანტის (შემკვეთი სააგენტოს) სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და, მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, მოპასუხე სააგენტოს, მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 478 047 ლარის გადახდა; ხოლო მენარდე კომპანიას, შემკვეთი სააგენტოს სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 411 688.90 ლარის გადახდა.

60. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

60.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შემკვეთმა სააგენტომ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის თავდაპირველი სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

60.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ დაასაბუთა და არ მიუთითა იმ გარემოებებზე, თუ რატომ მიიჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად;

60.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა შემკვეთ სააგენტოს უარი მენარდე კომპანიისათვის ზედმეტად გადარიცხული 448 974,41 ლარის უკან დაბრუნებაზე. სასამართლომ გვერდი აუარა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არ დაასაბუთა მათი უგულებელყოფის სამართლებრივი საფუძველი და სრულიად გაუგებარი მითითებით უარი უთხრა სააგენტოს აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

60.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით შემკვეთი სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ სააგენტოს საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

61. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

62. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

63. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება იმას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირა.

64. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გაანგარიშებას შემკვეთი სააგენტოს შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის (მენარდე კომპანიისათვის) დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თაობაზე და მიიჩნევს, რომ მის გასაბათილებლად კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენია. კასატორის მტკიცებით, შეგებებული სარჩელის მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც მას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სრულად უნდა დაეკისროს.

65. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-265-2024, 26.04.2024წ. N ას-289-2024, 29.05.2024წ; N ას-374-2024, 14.06.2024წ.).

66. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-265-2024, 26.04.2024წ. N ას-289-2024, 29.05.2024წ; N ას-374-2024, 14.06.2024წ.).

67. „პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას“ (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf).

68. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ; N ას-265-2024, 26.04.2024წ. N ას-289-2024, 29.05.2024წ; N ას-374-2024, 14.06.2024წ.).

69. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

70. საკასაციო სასამართლო უპირველესად შეაფასებს, თუ რამდენად კვალიფიციურად შეედავა შემკვეთი პირგასამტეხლოს შემცირებას, რადგან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ შეგებებული სარჩელის მოპასუხის (მენარდე კომპანიის) კვალიფიციური შედავების საფუძველზე იმსჯელა და შეაფასა კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (იხ. წინამდებარე განჩინების 42-46-ე პუნქტები). ზოგადად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკას მოიხმობს, სადაც განმარტებულია, რომ როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას-51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.07.2022წ.; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.; №ას-852-2023, 26.01.2024წ.).

71. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ შემკვეთი სააგენტოს შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე იმსჯელა, რომლითაც მენარდე კომპანიისათვის ორი სახის პირგასამტეხლოს დაკისრებაა მოთხოვნილი: ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დარიცხული პირგასამტეხლო და არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დარიცხული ჯარიმა. დადგენილია, რომ მენარდე კომპანიამ სამუშაოთა შესრულების ვადას გადააცილა, ასევე სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც მენარდისათვის, შემკვეთის სასარგებლოდ, როგორც ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს, ასევე არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დარიცხული ჯარიმის დაკისრება დასაბუთებულია. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან შემკვეთის მიერ მოთხოვნილი ორივე სახის პირგასამტეხლო უზრუნველყოფს ერთი და იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას, ჯამში 400 000 ლარის პირგასამტეხლო იმ გონივრულ ოდენობას წარმოადგენს, რაც მენარდეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის გამო. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას სრულად იზიარებს საკასაციო სასამართლო, რადგან პირგასამტეხლოს ფუნქციიდან და სამართლებრივი მიზნებიდან გამომდინარე (იხ. 64-70-ე პუნქტები) არიდებული უნდა იქნეს კრედიტორის გამდიდრება, სწორედ ამიტომ არის დასაშვები სასამართლოსეული კონტროლი ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებაზე პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან მიმართებით.

72. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააგენტოს საკასაციო საჩივარი ასევე ეხება მისთვის მენარდე კომპანიის სასარგებლოდ 478 047 ლარის დაკისრების ნაწილსაც, თუმცა, რა საფუძვლებით, რომელ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ ეთანხმება კასატორი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილს, საჩივარში არაა მითითებული. სააპელაციო სასამართლომ დაადგინდა, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს სხვაობას ასანაზღაურებელი თანხას შესრულებულ სამუშაოებსა და უკვე გადახდილ თანხას შორის, რისი შესრულებაც შემკვეთის მიერ არ დასტურდება. შესაბამისად, შემკვეთ სააგენტოს მენარდე კომპანიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 478 047 ლარი.

73. კასატორის მორიგი პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 56-58-ე პუნქტებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით დასაბუთებულად იმსჯელა სსკ-ის 645-ე მუხლიდან გამომდინარე სამართლებრივ შედეგზე და საქმეზე დადგენილი გარემოებების ფარგლებში განმარტა, თუ რატომ დაკმაყოფილდა შემკვეთის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ და მის მიერ მოთხოვნილი 860 663.31 ლარიდან დასაბუთებულად იქნა მიჩნეული უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისათვის 411 688,9 ლარის დაკისრება მენარდისათვის, ხოლო 860 663.31 ლარიდან დარჩენილი 448 974,41 ლარის მენარდისათვის უსაფუძვლოდ გადახდის ფაქტი შემკვეთს უნდა დაემტკიცებინა, რაც მან ვერ შეძლო. კასატორს ამ მიმართებით არც საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმოუდგენია დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია.

74. სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

75. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

76. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოპასუხე სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

77. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ზ. ძლიერიშვილი