Facebook Twitter

საქმე №ას-489-2024 5 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.ჯ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, სამინისტრო, აპელანტი, შემკვეთი/შემსყიდველი ან კასატორი) სარჩელი შპს „ტ.ჯ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მენარდე/მიმწოდებელი ან კომპანია) წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს -2 204.85 ლარის გადახდა დაეკისრა (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 5 451.11 ლარის დაკისრება).

2. თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით მოსარჩელე სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2022 წლის 5 აპრილს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N78 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, მენარდეს/მიმწოდებელს შემკვეთისათვის/შემსყიდველისთვის მართლწესრიგის ოფიცრის უნიფორმები უნდა მიეწოდებინა, შემკვეთის მოთხოვნიდან 35 კალენდარული დღის განმავლობაში, ორ ეტაპად, სეზონის შესაბამისად;

3.2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 209 658 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა. ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად, შემკვეთი/შემსყიდველი უფლებამოსილია, მენარდის/მიმწოდებლის მხრიდან შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მენარდეს/მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლოყოველ ვადაგადაცილებულდღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1 %-ის დოენობით (იხ. ხელშეკრულება- ს.ფ.23).

3.3. მოპასუხემ (მენარდემ) ხელშეკრულების მე-3 მუხლის 5.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა დაარღვია, კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად პირველი შეკვეთა 84 802 ლარის ღირებულების უნიფორმა, მენარდეს შემკვეთისათვის უნდა მიეწოებინა 2022 წლის 12 მაისის ჩათვლით. აღნიშნული უნიფორმა მოსარჩელეს (შემკვეთს)2022 წლის 7 ივნისს, 26 დღის დაგვიანებით, სრულად მიეწოდა;

3.4. მოპასუხის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდების გამო, მოსარჩელემ, ხელშეკრულების 10.3 პუნქტის საფუძველზე მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1 %, რამაც 5 451.11 ლარი შეადგინა.

4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

5. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აპელანტის (შემკვეთის) პრეტენზიაზე, რომ პირგასამტეხლო შეთანხმებული იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მოპასუხეს/მენარდეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, ჰქონდა შესაძლებლობა, პრეტენზია გამოეთქვა აღნიშნულის თაობაზე. მითითებული არგუმენტი სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობად, ვინაიდან როგორც დადგენილია მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სახელშეკრულებო პირობათა შემთავაზებელია ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წინასწარ დადგენილი პირობებით ატარებს ტენდერს. ამასთან, მეწარმე სუბიექტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ტენდერში, ან - არ მიიღონ. სახელშეკრულებო პირობათა შეცვლისა და მათზე ზემოქმედების შესაძლებლობა ტენდერში მონაწილე სუბიექტებს შეზღუდული აქვთ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის/შემკვეთის პრეტენზია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლო სახელშეკრულებო ურთიერთობაში, სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით, არ უნდა ჩარეულიყო.

7. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესის გამოყენებისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს კონტრაჰენტთა, როგორც ხელშემკვრელ პირთა, სტატუსი და როდესაც საკითხი მეწარმე სუბიექტის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებას ეხება, მას ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით უნდა მოეთხოვოს შეუსრულებელი ვალდებულების გამო მხარისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია (იხ. სუსგ №ას-1031-992-2016). “თუმცა, აღნიშნული, რაღა თქმა უნდა, არ გულისხმობს მეწარმე სუბიექტისთვის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობის გამორიცხვას, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესი აშკარად ზიანის მომტანია ერთი მხარისთვის, რადგან იგი მთლიანი ვალდებულების მოცულობიდან ანგარიშდება და არა დარღვეული ვალდებულის ღირებულებიდან. ასეთი შეთანხმება, როგორც წესი, ტენდერების არსებითი პირობაა, რამაც კომპანიათა გადახდისუუნარობამდე მიყვანა შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ, ასეთ დროს, სასამართლოს ფუნქცია ნორმის იმგვარი განმარტებაა, რომ მხარეებმა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ და არა მარტოოდენ ნორმის ფორმალური გამოყენებით - კანონიერი გადაწყვეტილება. ამიტომ, ამ საკითხთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს (იხ. საქმე №2ბ/7137-14), რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს კანონიერი ნდობა სახელმწიფო ორგანოს ქცევის კეთილსინდისიერების მიმართ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს. სანქციის სახით დაწესებული პირგასამტეხლო უნდა ატარებდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რასაც მას სსკ-ის 417-ე მუხლი ანიჭებს (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, გვ.98-99, ტომი 1).

8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მენარდის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად, კერძოდ, შემსყიდველის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო მოსარჩელის მიერ დარიცხული იქნა არა ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის, არამედ - ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სანქციის სახით პირგასამტეხლოს დაწესება არ უნდა გასცდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რასაც მას სსკ-ის 417-ე მუხლი ანიჭებს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერების პრინციპი ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმებთან ურთიერთკავშირში განიხილავს და იგი ინდივიდის მოქმედების თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა, სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაა იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას (კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 83). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება იმ თანხიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც მიმწოდებელს ვალდებულება არ დაურღვევია, ეწინააღმდეგება ყველა კერძოსამართლებრივ პრინციპს, კანონის დანაწესს და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად მოვალეს პირგასამტეხლო ვერ დაეკისრება იმ ვალდებულებიდან გამომდინარე, რაც მან ჯეროვნად შეასრულა, ან რისი შესრულების ვალდებულებაც არ წარმოშობია.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მენარდის/მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია 84 802 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ნაწილში, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 209 658 ლარს. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა გამოანგარიშებულ უნდა იქნას ვადაგადაცილებული ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე, რაც 26 დღის შემთხვევაში, 2 204,85 ლარს შეადგენს.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულება არის მხარეთა შორის მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. შესაბამისად, მხარეებისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ პირგასამტეხლოს გაანგარიშება მოხდებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების და არა - შესასრულებელი ვალდებულების ოდენობიდან.

10.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სამინისტროს (შემკვეთის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირა.

14. საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის არსებული ნარდობისსამართლებრივი ურთიერთობის (სსკ-ის 629-ე მუხლი) გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გაანგარიშებას მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თაობაზე და მიიჩნევს, რომ მის გასაბათილებლად კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენია. კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც მას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სრულად უნდა დაეკისროს.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-265-2024, 26.04.2024წ. N ას-289-2024, 29.05.2024წ; N ას-374-2024, 14.06.2024წ.).

16. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-265-2024, 26.04.2024წ. N ას-289-2024, 29.05.2024წ; N ას-374-2024, 14.06.2024წ).

17. „პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას“ (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf).

18. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ; N ას-265-2024, 26.04.2024წ. N ას-289-2024, 29.05.2024წ; N ას-374-2024, 14.06.2024წ).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

20. საკასაციო სასამართლო უპირველესად შეაფასებს, თუ რამდენად კვალიფიციურად შეედავა მოპასუხე მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს და განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკას მოიხმობს, სადაც განმარტებულია, რომ როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას-51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.07.2022წ.; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.; №ას-852-2023, 26.01.2024წ; N ას-265-2024, 26.04.2024წ. N ას-289-2024, 29.05.2024წ; N ას-374-2024, 14.06.2024წ).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების დარღვევიდან (იხ. სუსგ-ები: Nას-164-160-2016, 28.07.2016; Nას-581-2019 31.07.2019წ.; Nას-249-2021, 25.12.2022წ.; Nას-625-2022, 28.09.2023წ.; Nას-1009-2023, 29.09.2023წ.; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.; Nას-845-2023, 26.01.2024წ; N ას-265-2024, 26.04.2024წ. N ას-289-2024, 29.05.2024წ; N ას-374-2024, 14.06.2024წ).

23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელე სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ზ.ძლიერიშვილი