Facebook Twitter

საქმე №ას-560-2024 5 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.თ.გ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კასატორი, შემსყიდველი ან სამინისტრო) სარჩელი შპს „გ.თ.ჯ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, მეორე აპელანტი, მიმწოდებელი ან კომპანია) წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 7 682 ლარის გადახდა დაეკისრა (სარჩელით მოთხოვნილი იყო - 57 618.63 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება).

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 19 201 ლარის გადახდა დაეკისრა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2021 წლის 25 ივნისს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №485 (ტენდერი NAT 210006176) გაფორმდა;

3.2. მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება შემსყიდველისათვის სამინისტროს მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი ჟილეტები, ხელშეკრულების N1 დანართში გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში, არაუგვიანეს 2021 წლის 23 ოქტომბრისა, მიეწოდებინა;

3.3. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%;

3.4. ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა, მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების გაცნობიდან, არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა ყოფილიყო გადახდილი;

3.5. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ნაცვლად 2021 წლის 23 ოქტომბრისა, მოსარჩელეს 2021 წლის 21 დეკემბერს - 59 კალენდარული დღის დაგვიანებით მიაწოდა;

3.6. მოსარჩელე სამინისტრომ, ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე კომპანიას პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღურებულების 0,15 %, ჯამში - 57 618.63 ლარი დაარიცხა, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია.

4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე, 418-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული, „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები #ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).

5. სსკ-ის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. სსკ-ის 401-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად კი, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ როდესაც უდავოდ დგინდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება, მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება გამოიწვია ობიექტურმა გარემოებამ.

7. როგორც შესაგებელში, ასევე სააპელაციო საჩივარში, მიმწოდებელი მხარე - მეორე აპელანტი, მართალია, ადასტურებს და არ უარყოფს საქონლის დაგვიანებით მიწოდების ფაქტს, მაგრამ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობაში საკუთარი ბრალეულობის გამორიცხვის დასადასტურებლად ასევე უთითებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 11.2 მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც „ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას“. მიმწოდებელის განმარტებით კოვიდ პანდემიასთან (COVID-19) დაკავშირებით შემოღებულ იქნა რიგი რეგულაციები, რამაც შესრულებას ხელი შეუშალა. ამდენად, ფორსმაჟორული გარემოებების გამო, სახეზეა მიმწოდებლის არაბრალეულობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

8. საქმეში წარმოდგენილი 01.11.2021წ. დათარიღებული წერილით, რომლის ადრესატია პირველი აპელანტი (სამინისტრო), დასტურდება რომ მიმწოდებელი შემსყიდველისაგან ითხოვს 2021 წლის 25 დეკემბრამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებას. მიზეზად კი ასახელებს პანდემიიდან გამომდინარე ტრანსპორტირებასთან, კონტრაჰენტი საწარმოს საქიანობის შეფერხებით მუშაობასთან, კომუნიკაციის გაძნელებასთან, კონტეინერის მოძიებასთან და სხვ. დაკავშირებულ პრობლემებს (იხ. ს.ფ. 30-31).

9. უდავო გარემოებაა, რომ 10.11.2021წ. დათარიღებული N1 შეთანხმებით, ცვლილება შევიდა 25.06.2021წ. N485 ხელშეკრულების 2.5 მუხლში და ხელშეკრულების მოქმედების (და არა შესრულების) ვადა გაგრძელდა 2021 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ს.ფ. 29), ანუ, მართალია, შემსყიდველმა სამინისტრომ არ მიიჩნია, რომ გამოვლენილი იყო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის წინაპირობები, თუმცა ხელშეკრულების მოდიფიკაცია იმგვარად მოახდინა, რომ გაზარდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რასაც მიმწოდებელი კომპანიაც დაეთანხმა.

10. სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 25.06.2021წ. N485 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 11.1 პუნქტის შინაარსზე, რომლის მიხედვით ფორს-მაჟორი განმარტებულია როგორც - "სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული“. ამავე ხელშეკრულების 11.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, სსიპ „საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ დასკვნა ფორსმაჟორის დადასტურების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან“. ხელშეკრულების 11.4 პუნქტის მიხედვით - „იმ შემთხვევაში, თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით“.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის შესაბამისად, სსიპ „საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატისადმი“ მიმწოდებლის მიმართვის ფაქტს დაადასტურებდა, შესაბამისად, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნის მართებულობა იმის თაობაზე, რომ მტკიცების ტვირთის მქონე მოპასუხე კომპანიამ ვერ უზრუნველყო შემსყიდველი სამინისტროსათვის და ასევე სასამართლოსათვის წარედგინა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებების არსებობის თაობაზე სათანადო მტკიცებულებები.

12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება, რომელიც სასამართლოს აქვს მინიჭებული, ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს. ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604-605.).

13. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).

14. პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენებისა და მისი შემცირების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ და ერთგვაროვან, ზემოთ მოხმობილ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არა 0.15%-ის ოდენობით, არამედ 0.05%-ის ოდენობით, რაც ვადის გადაცილების პერიოდის მხედველობაში მიღებით შეადგენს 19 201 (651 058 *0.05% * 59) ლარს.

15. აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მიმწოდებელი კომპანიისათვის, სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სრულად უზრუნველყოფს ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

16.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელე სამინისტრომ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

16.2. კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს დაუსაბუთებლად შემცირება არაპროპორციულია და სცდება სსკ-ის 420-ე მუხლის მიზანს.

16.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

19. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირა.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გაანგარიშებას მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თაობაზე და მიიჩნევს, რომ მის გასაბათილებლად კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენია. კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც მას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სრულად უნდა დაეკისროს.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ).

22. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ.).

23. „პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას“ (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf).

24. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ.).

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

26. საკასაციო სასამართლო უპირველესად შეაფასებს, თუ რამდენად კვალიფიციურად შეედავა მოპასუხე მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს და განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკას მოიხმობს, სადაც განმარტებულია, რომ როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას-51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.07.2022წ.; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.; №ას-852-2023, 26.01.2024წ.).

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების დარღვევიდან (იხ. სუსგ-ები: Nას-164-160-2016, 28.07.2016; Nას-581-2019 31.07.2019წ.; Nას-249-2021, 25.12.2022წ.; Nას-625-2022, 28.09.2023წ.; Nას-1009-2023, 29.09.2023წ.; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.; Nას-845-2023, 26.01.2024წ.).

29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოსარჩელე სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

30. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ზ. ძლიერიშვილი