საქმე №ას-619-2024 12 ივლისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, სამინისტრო, შემსყიდველი, აპელანტი ან კასატორი,) სარჩელი შპს „ა–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია ან მიმწოდებელი) წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 359.04 ლარის გადახდა დაეკისრა (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 3 350.82 ლარის დაკისრება).
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2022 წლის 19 აპრილს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N308 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისათვის შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მიეწოდებინა ორიგინალი კარტრიჯები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით ეტაპობრივად, მოთხოვნიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების ღირებულება 101 540 ლარს შეადგენდა;
3.2. მიმწოდებელმა კომპანიამ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა დაარღვია, კერძოდ შემსყიდველის მიერ 2022 წლის 29 ნოემბერს განხორციელებული მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ნაცვლად 2022 წლის 19 დეკემბრისა, მიაწოდა 2023 წლის 10 იანვარს;
3.3. 2022 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ფორმაზე, ოდენობასა და გადახდის ვადებზე. კერძოდ, ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%;
3.4. მოპასუხემ ვალდებულება 2023 წლის 10 იანვარს შეასრულა, ხოლო ვადაგადაცილებული დღეების ოდენობამ - 22 დღე შეადგინა;
3.5. 2023 წლის 10 იანვარს დარჩენილი და დაგვიანებით შესრულებული სამუშაოების ღირებულება 10 880 ლარია;
3.6. შსს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 23 იანვრის წერილით მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების თაობაზე და განესაზღვრა დრო ვალდებულების ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე, თუმცა მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია.
4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში (სსკ-ის 477-ე მუხლი) სახეზეა მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებული პირგასამტეხლო და სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც მოვალისთვის (ამ შემთხვევაში მიმწოდებლისათვის) პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
6. რაც შეეხება დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს შეფასების საკითხია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიმწოდებლის სასარგებლოდ შემცირებული პირგასამტეხლოს კანონიერება,
7. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
8. ამდენად, სსკ-ი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აპელანტის პრეტენზიაზე, რომ პირგასამტეხლო შეთანხმებულ იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მოპასუხეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, ფიზიკურ პირთან შედარებით. მითითებული არგუმენტი სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობად, ვინაიდან, როგორც დადგენილია, მხარეთა შორის გაფორმებული შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სახელშეკრულებო პირობათა შემთავაზებელია ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წინასწარ დადგენილი პირობებით ატარებს ტენდერს. ამასთან, მეწარმე სუბიექტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ტენდერში, ან არ მიიღონ. სახელშეკრულებო პირობათა შეცვლისა და მათზე ზემოქმედების შესაძლებლობა ტენდერში მონაწილე სუბიექტებს შეზღუდული აქვთ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლოს არ უნდა ჩარეულიყო მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობაში სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით.
10. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების მიუხედავად. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს, სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27.01.2017; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016; №ას-222- 209-2015, 6.05.2015).
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერების პრინციპი ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმებთან ურთიერთკავშირში განიხილავს და იგი ინდივიდის მოქმედების თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა, სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაა იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას (კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 83). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება იმ თანხიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც მიმწოდებელს ვალდებულება არ დაურღვევია, ეწინააღმდეგება ყველა კერძოსამართლებრივ პრინციპს, კანონის დანაწესს და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად მოვალეს პირგასამტეხლო ვერ დაეკისრება იმ ვალდებულებიდან გამომდინარე, რაც მან ჯეროვნად შეასრულა, ან რისი შესრულების ვალდებულებაც არ წარმოშობია. სსკ-ის 417-ე მუხლიდან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რომ მოვალეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს იმ ვალდებულების ფარგლებში, რომლის არაჯეროვან შესრულებასაც ჰქონდა ადგილი.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია,მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას ადგილი ჰქონდა 10 880 ლარის ღირებულების საქონლის ნაწილში, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 101 540 ლარს. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ პირგასმატეხლოს ოდენობა გამოანგარიშებულ უნდა იქნას ვადაგადაცილებული ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე, რაც 22 დღის შემთხვევაში შეადგენს 359,04 ლარს (10880 x 0.15 / 100 x 22). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებებიც, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო შესრულდა სრულად, სახეზე არ არის ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით დამდგარი ზიანი, შესრულებული სამუშაო აკმაყოფილებდა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ხარისხს და შემსყიდველს რაიმე პრეტენზია შესრულების სხვა ასპექტის მიმართ არ დაუფიქსირებია. აპელანტი (შემსყიდველი) მხოლოდ ზოგადად უთითებდა სამუშაო პროცესის შეფერხების თაობაზე, თუმცა რაიმე კონკრეტული ფაქტი, ან მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც გამორიცხავს მისი პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შემსყიდველმა სამინისტრომ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, რადგან, მისი მტკიცებით,პირგასამტეხლოს ოდენობა უსაფუძვლოდ შემცირდა.
13.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინებით სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სამინისტროს საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირა.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გაანგარიშებას მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თაობაზე და მიიჩნევს, რომ მის გასაბათილებლად კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენია. კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც მას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სრულად უნდა დაეკისროს.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-265-2024, 26.04.2024წ. N ას-289-2024, 29.05.2024წ; N ას-374-2024, 14.06.2024წ.).
19. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-265-2024, 26.04.2024წ. N ას-289-2024, 29.05.2024წ; N ას-374-2024, 14.06.2024წ.).
20. „პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას“ (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf).
21. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ; N ას-265-2024, 26.04.2024წ. N ას-289-2024, 29.05.2024წ; N ას-374-2024, 14.06.2024წ.).
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
23. საკასაციო სასამართლო უპირველესად შეაფასებს, თუ რამდენად კვალიფიციურად შეედავა მოპასუხე მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს და განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მისი შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკას მოიხმობს, სადაც განმარტებულია, რომ როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას-51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.07.2022წ.; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.; №ას-852-2023, 26.01.2024წ; N ას-265-2024, 26.04.2024წ. N ას-289-2024, 29.05.2024წ; N ას-374-2024, 14.06.2024წ.).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების დარღვევიდან (იხ. სუსგ-ები: Nას-164-160-2016, 28.07.2016; Nას-581-2019 31.07.2019წ.; Nას-249-2021, 25.12.2022წ.; Nას-625-2022, 28.09.2023წ.; Nას-1009-2023, 29.09.2023წ.; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.; Nას-845-2023, 26.01.2024წ; N ას-265-2024, 26.04.2024წ. N ას-289-2024, 29.05.2024წ; N ას-374-2024, 14.06.2024წ.).
26. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელე სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
27. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ზ. ძლიერიშვილი