საქმე №ას-772-2024 5 ივლისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ.ქ–ია
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“
მოპასუხე - შპს „მ.ჯ–სი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში: საარბიტრაჟო მოსარჩელე ან კრედიტორი) განცხადება დაკმაყოფილდა; კრედიტორის მიერ შპს „მ.ჯ–სის“ (შემდეგში: პირველი საარბიტრაჟო მოპასუხე ან მოვალე) და მ.ქ–იას (შემდეგში: მეორე საარბიტრაჟო მოპასუხე, თავდები ან საჩივრის ავტორი) მიმართ აღძრული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად, მეორე საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა გაასხვისოს და სანივთო უფლებებით დატვირთოს ქ. ლანჩხუთში, ..... მდებარე N.......საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 მარტის განჩინებაზე, 2024 წლის 5 აპრილს, მეორე საარბიტრაჟო მოპასუხემ საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული განჩინების და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.
3. საჩივრის ავტორის მითითებით, 2021 წლის 14 აპრილს, საარბიტრაჟო მოსარჩელესა და პირველ საარბიტრაჟო მოპასუხეს შორის გაფორმებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლის თავდებიც მეორე საარბიტრაჟო მოპასუხე იყო, 2022 წლის დასაწყისში გადაკეთდა სესხად ისე, რომ აღნიშნულ სესხზე მეორე საარბიტრაჟო მოპასუხე თავდები აღარ არის. აღნიშნული გარანტიის სესხად გადაკეთება სწორედ იმ პირობის გამო მოხდა, რომ მეორე საარბიტრაჟო მოპასუხე პირველი საარბიტრაჟო მოპასუხის - საწარმოს მიერ აღებული სესხის თავდები არ ყოფილიყო. აღნიშნულის დასადასტურებლად საჩივარს კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტები აქვს დართული:
3.1. საარბიტრაჟო მოსარჩელის- ბანკის მიერ, 2022 წლის 8 სექტემბერს გაცემული ცნობით N145231 დასტურდება, რომ თავდებს კრედიტორის მიმართ არანაირი დავალიანება და საკრედიტო ვალდებულება არ გააჩნია. იმ ფაქტს, რომ სესხის თავდები საჩივრის ავტორი არ არის, ადასტურებს კრედიტორის მიერ გაგზავნილი კიდევ ერთი წერილი, დათარიღებული 2022 წლის 3 ივნისით, სადაც მითითებულია, რომ ბანკმა 2022 წლის 21 იანვარს სესხი გასცა პირველ საარბიტრაჟო მოპასუხეზე-საწარმოზე. არსად არის ნახსენებითავდები ან სოლიდარული თავდები, მეორე საარბიტრაჟო მოპასუხე მითითებულია მხოლოდ როგორც პირველი საარბიტრაჟო მოპასუხე შპს-ის დირექტორი;
3.2. სესხის გადახდის მოთხოვნაზე წერილები იგზავნება შპს-ის სახელზე, ასევე მეორე საარბიტრაჟო მოპასუხის, როგორც დირექტორის და ახალი დირექტორის, მ.შ–ის სახელებზე. ყველა მათგანში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ სესხი აქვს პირველ საარბიტრაჟო მოპასუხეს-შპს-ას, არსად თავდები პირი არ არის ნახსენები. მეორე საარბიტრაჟო მოპასუხის საბანკო ბარათებიდან თანხა არ ჩამოჭრილა, რაც აუცილებლად მოხდებოდა დავალიანების არსებობის პირობებში. მობაილბანკში დღემდე არსადაა დაფიქსირებული რაიმე ვალდებულება ბანკის (საარბიტრაჟო მოსარჩელის) მიმართ;
3.3. საჩივრის ავტორს 2022 წლის იანვარში გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაზე არანაირ თავდებობაზე ხელი არ მოუწერია და ასეთი მოთხოვნა არც ბანკის მხრიდან ა ყოფილა;
3.4. შესაბამისად, აღნიშნულ საარბიტრაჟო დავაში საჩივრის ავტორი მოვალე არ არის და მხარეები ჯერ კიდევ საბანკო გარანტიის მიღებისას შეთანხმდნენ, რომ იგი თავდები იქნებოდა საბანკო გარანტიაზე (50 000 ლარზე), რადგან ბანკისთვის მხოლოდ მიზერული სარგებლის (თვეში 250-280 ლარის) გადახდა ხდებოდა, რაც პირნათლად შეასრულა მეორე საარბიტრაჟო მოპასუხემ, ხოლო გარანტიის ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ შპს (პირველი საარბიტრაჟო მოპასუხე) ვერ მოახერხებდა საბანკო გარანტიის დაფარვას, ზეპირი შეთანხმებით, პირველ საარბიტრაჟო მოპასუხეზე გაკეთდებოდა სტანდარტული სესხი - ყოველთვიურად ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა, საკმაოდ მაღალ 30%-ში მოხდებოდა, ხოლო მეორე საარბიტრაჟო მოპასუხე ამ შემთხვევაში თავდები არ იქნებოდა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით მეორე საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35612 და 35618 მუხლების თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით;
4.2. სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია);
4.3. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს საჩივარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს;
4.4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კრედიტორს, მოვალესა და თავდებს შორის არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმებები. 2021 წლის 14 აპრილს დადებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავა შპს ,,არბიტრაჟის სახლს" გადაეცემა და დავის განხილვის ადგილია ქ. ქუთაისი. განმცხადებელი (საარბიტრაჟო მოსარჩელე) მიუთითებს, რომ აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი, რომლის მოთხოვნაა პირველი საარბიტრაჟო მოპასუხისათვის საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ 85 734,05 ლარის დაკისრება;
4.5. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და მიუთითა, რომ საარბიტრაჟო განხილვისას დადგენილი საქმის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ბანკის საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთ პირობებში კი, თუ საჩივრის ავტორი კუთვნილ ქონებას გაასხვისებს და მას სხვა ქონება აღარ დარჩება, გადაწყვეტილება ვეღარ აღსრულდება, ხოლო თუ იგი ქონებას უფლებრივად დატვირთავს, შესაძლებელია, მის ხარჯზე მოთხოვნა დაიკმაყოფილოს უზრუნველყოფილმა კრედიტორმა და განმცხადებელი მასზე აღსრულებას ვერ მიაქცევს. გასათვალისწინებელია, რომ განმცხადებლის (ბანკის) მითითებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უზრუნველყოფილი არ არის;
4.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მეორე საარბიტრაჟო მოპასუხის (თავდები პირის) საჩივარში მითითებული გარემოებები, ისეთი არსებითი შინაარსის ფაქტებია, რომელთა არსებობა/არარსებობა საარბიტრაჟო განხილვის საგანია და დავის არსებითი განხილვისას საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ უნდა იქნეს გადაწყვეტილი. თავდები პირის საჩივარი არ შეიცავს ისეთ გარემოებებზე მითითებას, რაც საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ დააყენებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქმეებს იხილავენ სააპელაციო სასამართლოები. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის საგანია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების კანონიერება.
7. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.
8. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სუსგ-ები: №ას-923-2023, 20.07.2023 წ; №ას-970-2019, 19.07.2019წ.).
9. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
10. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ №ას-1586-2018, 26.10.2018 წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).
13. მოცემულ შემთხვევაში, აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი მიკუთვნებითი მოთხოვნით - თანხის დაკისრება. შესაბამისად, თუ საარბიტრაჟო სარჩელის განხილვამდე მოპასუხე განკარგავს უძრავ ქონებას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მეორე საარბიტრაჟო მოპასუხისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა აკრძალვა სრულად უზრუნველყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და, თავის მხრივ, შეუსაბამოდ არ ზღუდავს საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებებს, ანუ საარბიტრაჟო სარჩელთან მიმართებით ადეკვატური და თანაზომიერია.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პირს შეუძლია უარი თქვას მისთვის გარანტირებულ სასამართლოს უფლებაზე არბიტრაჟის სასარგებლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უარის თქმა ნებადართულია და ჩამოყალიბებულია თავისუფლად და ერთმნიშვნელოვნად (Suda v. the Czech Republic, no.1643/06, §46-47, 28.10.2010; Tabbane v. Switzerland, no.41069/12. 01.03.2016, §§26-27 და 30). უფლებაზე უარის თქმა დაცული უნდა იყოს მისი მნიშვნელობის შესაბამისი, დაცვის მინიმალური მექანიზმებით (Eiffage S.A. and Others v. Switzerland, no. 1742/05, 15.09.2009; Tabbane v. Switzerland (განჩნება), no. 41069/12, 01.03.2026, §§ 31.).
15. საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომელიც წინამდებარე განჩინების 3.1-3.4 ქვეპუნქტებშია ასახული და მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარეობს, საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ არსებითად განსახილველ საკითხებს უკავშირდება და ვერ აბათილებს საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების მოთხოვნას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რაზედაც სავსებით მართებულად მიუთითა სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსაც მიაჩნია, რომ საჩივრის პრეტენზიები დაუსაბუთებელია.
16. საკასაციო სასამართლო განუმარტავს საჩივრის ავტორს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას სარჩელი არსებითად განიხილოს. სადავო საკითხზე უნდა იმსჯელოს არბიტრაჟმა და მის მიერ მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება) მხარემ კანონით დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში სარჩელის საფუძვლიანობა მეორე საარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ სასამართლოს განხილვის საგანი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 1971 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ქ–იას საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განჩინება.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ზ.ძლიერიშვილი