Facebook Twitter

საქმე № ას-852-2022 22 თებერვალი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ა–ძე (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჟ.ო–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

აღწერილობითი ნაწილი:

1. 2021 წლის 22 ივლისს ჟ.ო–ძემ სარჩელი აღძრა ნ.ს–ძის წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინებით, საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად არასრულწლოვანი გ.ა–ძე ჩაება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, ჟ.ო–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ნ.ს–ძის (პ/ნ .....) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისში, .......... (საკადასტრო კოდი: .......) და მესაკუთრე - ჟ.ო–ძეს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩართულმა მესამე პირმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, მე-3, 364-ე და 374-ე მუხლებით.

6. აღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრით მოთხოვნილია მისი გაუქმება და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინებით, საკუთარი ინტერესების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის უფლება დაერღვა, ამასთან აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო დანაწესებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.

9. დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა გ.ა–ძემ, რომელიც საქმეში ჩაბმულია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის სტატუსით.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით, რომლებიც ჩამოთვლილია სსსკ-ს 83-ე მუხლში. ამასთან ერთად, სსსკ-ის 91-ე მუხლი შეიცავს მხარის იმ უფლებამოსილებათა ჩამონათვალს, რომლებითაც მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ვერ ისარგებლებს. კერძოდ, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირს არ შეუძლია, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო ან საკასაციო წესით (სსსკ-ის 364-ე და 391-ე მუხლები).

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

12. მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს, კერძოდ, გადაწყვეტილების საპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ, მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს თანამონაწილეებს (თანამოსარჩელეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ არიან საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.

13. საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. იმავე კოდექსის მე-3 მუხლი კი, განამტკიცებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში ერთ-ერთ ფუძემდებლურ დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მითითებული ნორმა მხარეს აძლევს შესაძლებლობას მისი უფლების სასამართლო წესით დაცვის რეალიზაცია მოახდინოს მხოლოდ საკუთარი ნების თავისუფლად გამოვლენის საფუძველზე, მასვე ეძლევა სრული შესაძლებლობა, საპროცესო კანონმდებლობის სხვა პრინციპების გათვალისწინებით, გარკვეულწილად თავადვე განაპირობოს საქმის წარმოების შედეგი.

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ") დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ #ას-254-239-2011, 11.05.2011).

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან მოწესრიგებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს ("გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", საქმე #4451/70).

16. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი/გ.ა–ძე დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირია, შესაბამისად, იგი არ იყო უფლებამოსილი, გაესაჩივრებინა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, რომელიც ფაქტობრივად, სხვა სუბიექტის საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია. ამასთან, გარდა პროცესუალური წინააღმდეგობისა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გასაჩივრების არც ფაქტობრივი საფუძვლები იკვეთება, სახელდობრ, საქმეში წარდგენილია სადავო საცხოვრებელ ბინაში გ.ა–ძის ცხოვრების თაობაზე ბებიის/მოსარჩელის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა.

17. საკასაციო სასასმართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის ობიექტს, წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გადაწყვეტილება გამოტანილი. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის დანაწესი მოიაზრებს გასაჩივრების მსურველი მხარის იმ შესაძლებლობას, რომ ზემდგომი წესით მან იდავოს მხოლოდ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც მის წინააღმდეგაა მიმართული, რაც განსახილველ შემთხვევაში არ გვაქვს სახეზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობებიც კანონიერად არ არსებობდა.

18. ზემოაღნიშნული განმარტებიდან და დადგენილი სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ გ.ა–ძე არ იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტი და ასკვნის, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესოსამართლებრივი საფუძვლები ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონშესაბამისია.

19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ა–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე