Facebook Twitter

საქმე №ას-1514-2023 11 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

ლევან მიქაბერიძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ნ–ოს“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მიოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ტ–ი“, მ.მ–ა (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოპასუხე - ნ. დ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით:

1.1. შპს „ბ.ტ–ის“ (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.2. ნოტარიუს ი.შ–ძის მიერ 2022 წლის 30 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა, სადაც კრედიტორი იყო შპს „ნ–ოსი“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის პირველი ავტორი, საწარმო), ხოლო, მოვალე - პირველი მოსარჩელე;

1.3. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს 17 542 ლარის ანაზღაურება დაეკისრა;

1.4. 587.37 ლარის პირველი მოპასუხისთვის დაკისრებაზე პირველ მოსარჩელეს უარი ეთქვა;

1.5. პირველ მოსარჩელეს უარი ეთქვა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ვალის არსებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და 1 842 ლარის ნ–ოლოზ დირკსისთვის (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან კერძო საჩივრის მეორე ავტორი) დაკისრებაზე;

1.6. 1 212 აშშ დოლარის მეორე მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე მ.მ–ას (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

1.7. პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ პირველ მოსარჩელეს 6 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 15 750 ლარის ოდენობით ქირის ანაზღაურება დაეკისრა.

2. დასახელებულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 369.1, 374.1 მუხლები).

4. სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებულ განჩინებაზე მოპასუხემ კერძო საჩივარი შემოიტანა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით მოითხოვა:

სასამართლოს მსჯელობით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 2023 წლის 28 აგვისტოს იწურებოდა, რაც არასწორია, რადგან 28 აგვისტო უქმე დღეა. 2023 წლის 15 აგვისტოს მხარის წარმომადგენელმა ზ.ბ–ძემ საქმის რეგისტრაციის სერვისიდან სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომლის საქმის მასალებთან ატვირთვის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც (მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კერძო საჩივარს თან ერთვის.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 24 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

6. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევა.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, აპელანტისთვის სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა 2023 წლის 28 აგვისტოს ამოიწურა, ხოლო ამ უკანასკნელმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2023 წლის 1 სექტემბერს, ე.ი. გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით შეიტანა.

8. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ზემომითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ სასამართლოში საქმის რეგისტრაციის სერვისიდან (https://www.ecourt.ge) სააპელაციო საჩივარი 2023 წლის 15 აგვისტოს, ე.ი. კანონით დადგენილ ვადაში გააგზავნა.

ზემომითითებული გარემოება შემდეგი მტკიცებულებებით დასტურდება, კერძოდ:

საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ ზ.ბ–ძის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი შესაბამისი სასამართლოს შტამპის გარეშეა ატვირთული, რომელზეც ელექტრონული ხელმოწერა 2023 წლის 15 აგვისტოს თარიღით არის შესრულებული.

კერძო საჩივარზე თანდართული საქმის რეგისტრაციის სერვისიდან გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიხედვითაც, 15 აგვისტოს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ეცნობა, რომ მისი განაცხადი წარმატებით გაიგზავნა და იგი "დაკავშირებულია საქმესთან".

დასახელებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სასამართლოში საქმის რეგისტრაციის სერვისიდან (https://www.ecourt.ge) სააპელაციო საჩივარი აპელანტის წარმომადგენელმა 2023 წლის 15 აგვისტოს, კანონით დადგენილ ვადაში გააგზავნა. ზემოაღნიშნული ტკიცებულებების გამაქარწყლებელ რაიმე გარემოებაზე და/ან არგუმენტზე მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია, რაც სსსკ-ის 102-103-ე მუხლების გათვალისწინებით მისი მტკიცების ტვირთში შედიოდა.

ამდენად, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში შეტანილად ითვლება, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას წარმოქმნის.

9. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ზემოხსენებული მოტივაციით საკასაციო სასამართლო აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას და მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად საქმეს იმავე სასამართლოს უბრუნებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ნ–ოს“-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

ლევან მიქაბერიძე