Facebook Twitter

№ა-6877-ა-1-2023 12 მარტი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

განცხადების ავტორები - მ.ბ–ძე, ს.ბ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ც.მ–ძე, ჯ.ბ–ძე (მოპასუხეები), ჭ.ბ–ძე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

განმცხადებლების მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მათთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით ჯ.ბ–ძისა (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და ც.მ–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ სამართლოში სარჩელი აღძრა მ.ბ–ძემ (შემდეგში - პირველი განმცხადებელი ან პირველი მოსარჩელე) და ს.ბ–ძემ (შემდეგში - მეორე განმცხადებელი ან მეორე მოსარჩელე).

2. მოგვიანებით, თავდაპირველ მოსარჩელეთა მიმართ იმავე სასამართლოში სარჩელი შეიტანა ჭ.ბ–ძემ (შემდეგში - შეგებებული მოსარჩელე), რომელმაც მოითხოვა: ა). 1988-1996 წლებში საკოლმეურნეო კომლიდან მისი ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ ხელვაჩაურის არქივის მიერ საკომლო წიგნის ამონაწერში არსებული მინაწერის ბათილად ცნობა; ბ). სადავო ქონების თანამესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ზემომითითებული სარჩელებით აღძრული საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით:

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- დადგინდა, რომ უძრავი ქონება გამოთხოვილიყო მოპასუხეთა მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეებს გადასცემოდათ;

- შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შეგებებულმა მოსარჩელემ და მოპასუხეებმა, ამ გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფისა და, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით:

- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

- სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

- შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;

- შეგებებული მოსარჩელის საკოლმეურნეო კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ 1988-1996 წლებში ხელვაჩაურის არქივის მიერ საკომლო წიგნის ამონაწერში არსებული მინაწერი ბათილად იქნა ცნობილი;

- სადავო ქონების 1/6 ნაწილზე საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა სახელზე არსებული საკუთრების რეგისტრაციის ჩანაწერი გაუქმდა;

- საჯარო რეესტრის ზემომითითებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილება შევიდა და დადგინდა, რომ უძრავი ქონების 1/6 ნაწილი შეგებებული მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხულიყო.

6.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, საკომლო წიგნის ჩანაწერს. კომლიდან გამოყოფას თავისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდებოდა, უნდა არსებულიყო გამოსაყოფი პირის ნება, თანხმობა (ამ შემთხვევაში განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა გამოყოფას) და, შესაბამისი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორ გადაწყდა აღნიშნული საკითხი. კონკრეტულ შემთხვევაში, არც ერთი დასახელებული დოკუმენტი საქმეში არ მოიძებნებოდა და არც არქივში იყო დაცული. ამდენად, არ დგინდებოდა, თუ რა გახდა შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გამოყოფის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ჩანაწერის არსებობა საკმარისი არ იყო იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შეგებებული მოსარჩელე სწორედ 1993 წლამდე, კერძოდ კი 1988 წელს ცალკე კომლად გამოეყო, მაშინ როდესაც თავად მხარეთა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა, რომ 1993 წელსაც და მის შემდგომ პერიოდშიც, ოჯახთან ერთად, იგი იმავე საცხოვრებელ სახლში მუდმივად ცხოვრობდა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკოლმეურნეო კომლის საოჯახო ქონების გაყოფა ძირითადად კომლის შემადგენლობის შეცვლასთან იყო დაკავშირებული, რის შედეგადაც კომლი, როგორც საოჯახო შრომითი გაერთიანება ან მთლიანად წყვეტდა თავის არსებობას და მის ბაზაზე ორი ან რამდენიმე ახალი კომლი იქმნებოდა, ან იგი რიცხობრივად მცირდებოდა, კომლიდან წევრის გასვლის გამო. პირველი შემთხვევა შეეხებოდა – კომლის გაყრას, ხოლო მეორე შემთხვევა – კომლიდან გამოყოფას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან გაუსვლელად მამისეული კომლიდან გამოყოფის ფაქტის დადგენილად მიჩნევის პირობებშიც კი, შეგებებულ მოსარჩელეს კომლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე უფლება არ დაუკარგავს, რადგან მამისეული სახლის (ე.ი. კომლის კუთვნილი სახლის) გარდა, მას სხვაგან არ უცხოვრია.

6.2. რაკი საქმეზე დადგინდა, რომ მოსარჩელეებიც და შეგებებული მოსარჩელეც, 1993 წლამდე კომლის წევრები იყვნენ, ხოლო იმ დროისათვის კომლს 6 წევრი ჰყავდა, შესაბამისად, შეგებებული მოსარჩელის წილი სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა, როგორც მთლიანი ქონების 1/6 ნაწილი, იდეალურ წილში. აქვე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეგებებული მოსარჩელე დავობდა, როგორც კომლის წევრი და, არა, როგორც გარდაცვლილი რ.ბ–ძის მემკვიდრე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია წილთა თანაფარდობა სხვაგვარი ყოფილიყო. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაცო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა ვინდიკაციური მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან მოპასუხეები იყვნენ სადავო ქონების ერთ-ერთი მესაკუთრის, შეგებებული მოსარჩელის ოჯახის წევრები და ისინი სადავო საცხოვრებელ სახლს სწორედ შეგებებული მოსარჩელის თანხმობით ფლობდნენ.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- შეგებებული მოსარჩელისა და მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ის ნაწილი, რომლითაც სადავო ქონების 1/6 ნაწილი შეგებებული მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;

- სადავო ქონების 1/3 ნაწილზე საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა სახელზე არსებული საკუთრების რეგისტრაციის ჩანაწერი გაუქმდა, საჯარო რეესტრის ზემომითითებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილება შევიდა და უძრავი ქონების 1/3 ნაწილი შეგებებული მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა;

- დანარჩენ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

9. 2022 წლის 26 დეკემბერს მოსარჩელეებმა საკასაციო სასამართლოში განცხადება წარმოადგინეს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება ითხოვეს, რაც შემდეგნაირად დაასაბუთეს:

- მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განმცხადებელთათვის ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ აუცილებელ დოკუმენტებად მიჩნეული მტკიცებულებები არქივში აღმოაჩინეს. შესაბამისად, განმცხადებლებმა ხსენებული მტკივებულებები დაუყოვნებლივ გამოითხოვეს, კერძოდ, ხელვაჩაურის არქივიდან ისინი მათ 2022 წლის 29 ნოემბერს გადაეგზავნათ.

- ზემომითითებული დოკუმენტებით უდავოდ დგინდება, რომ შეგებებული მოსარჩელე (მისი ოჯახის წევრებთან ერთად) 1988 წლის 29 ივლისის #178 გადაწყვეტილებით სადავო მამისეული კომლიდან გამოეყო. ამდენად, საქმეზე გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში - სსსკ) გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით განცხადება განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. პალატის განხილვის საგანია, თუ რამდენად საფუძვლიანია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა, კერძოდ, არსებობს თუ არა სსსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებული საფუძვლით საქმისწარმოების განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

12. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის დანაწესის ფარგლებში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს კუმულატიურ წინაპირობათა ერთობლიობა, კერძოდ: მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას და ამავდროულად ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც ცნობილი იყო მხარისათვის გადაწყვეტილების გამოტანამდე ან რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს საქმის წარმოების დასრულებამდე ჰქონდა (იხ. სუსგ, №ა-1413-ა-5-2017, 25.12.2017).

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელს შესაძლებლობა ჰქონდა საქმის წარმოების განახლების საფუძვლად წარმოდგენილი დოკუმენტაცია სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარედგინა, რამდენადაც განცხადებაზე თანდართული ხელვაჩაურის არქივის 2022 წლის 29 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები 2020 წლის 11 და 18 აგვისტოს, დოკუმენტების დიგიტალიზაციის პერიოდში იქნა აღმოჩენილი, დროის ამ მონაკვეთში სასამართლოში საქმის წარმოება დასრულებული არ ყოფილა.

14. გარდა აღნიშნული არგუმენტისა, არსებითი ხასიათის საკითხია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების მოპოვების ვადების გათვალისწინების გარეშეც განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი მაინც ვერ წარმოიქმნებოდა, ვინაიდან განმცხადებლების მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული გარემოება და წარმოდგენილი დოკუმენტაცია იმ სამართლებრივ შედეგს არ განაპირობებს, რომელიც მხარის მიზანს წარმოადგენს.

2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით (რომლის გაუქმებასაც განმცხადებელი მოითხოვს) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გასვლის ფაქტი საქმეზე არ დადასტურებულა, შესაბამისად, კომლის ქონებაზე, განმცხადებლებთან ერთად საკუთრების უფლება შეიძინა მისი ოჯახის სხვა წევრმაც - შეგებებულმა მოსარჩელემ, რომელიც 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომლის წევრი იყო.

ამდენად, საკასაციო პალატის დასახელებული გადაწყვეტილების უმთავრესი საფუძველი ის გარემოებაა, რომ შეგებებული მოსარჩელის მამისეული კომლიდან გასვლის ფაქტი საქმეზე ვერ დადასტურდა.

განმცხადებელთა მოსაზრებით, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გამოყოფის ფაქტს ადასტურებს, თუმცა მათი შინაარსი საწინააღმდეგოზე მიუთითებს.

კერძოდ, პალატას მხედველობაში აქვს შეგებებული მოსარჩელის 1988 წლის 19 მაისის განცხადება, სადაც ეს უკანასკნელი ახალშენის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავს და ცალკე კომლად გამოყოფას მოითხოვს თავისი მამის ოჯახში. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, 1988 წლის 29 ივლისს, ახალშენის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რაც ამ უკანასკნელის განცხადებით აღძრული მოთხოვნის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების ფაქტის მაუწყებელია.

შესაბამისად, ზემოაღნიშნული დოკუმენტებით უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია შეგებებული მოსარჩელის, მამის ოჯახიდან ცალკე კომლად გამოყოფა დადასტურებულიყო მხოლოდ მიწის ნაკვეთის და მასზე მდგომი უძრავი ქონების ნაწილის მიკუთვნების პირობით. ეს მოსაზრება არაა თანხვედრაში განსახილველი განცხადების ავტორთა ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციასთან, ამდენად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოში აღწერილი ტკიცებულებების წარდგენის პირობებშიც, განმცხადებელთათვის სასარგებლო სასარგებლო სამართლებრივი შედეგი ვერ იქნებოდა მიღწეული.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული დოკუმენტები არ ქმნის სსსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის სამართლებრივ შემადგენლობას, რის გამოც საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადება დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 423-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ბ–ძისა და ს.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე