1 8 ივლისი, 2024 წელი
საქმე №ას-806-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე (მომხსენებელი)
რევაზ ნადარაია,
ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,მ.ფ.ჰ.ბ–ი” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - (მეორე კასატორი) ა.გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, განცხადებით მიმართა შპს ,,მ.ფ.ჰ.ბ-ს'' წარმომადგენელმა და მოითხოვა, ყადაღა დაედოს მომავალი მოპასუხის ა.გ–ის კუთვნილ 5%-იან წილს შპს ,,ქ.გ–ში'', საიდენტიფიკაციო კოდით: ........ (იურიდიული მისამართი,
საქართველო, ქ.თბილისი, დიდუბის რაიონი, ........).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ა.გ–ის (0-0714...) 5% პროცენტიან წილს, შპს ,,ქ.გ–ში'', საიდენტიფიკაციო კოდით: .........
თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,მ.ფ.ჰ.ბ–ი-ს'' წარმომადგენელმა და მოითხოვა, მოპასუხეს, მის მიერ სოლიდარულად შესასრულებელი ვალდებულების ნაწილის სახით, დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 1 520 116.85 აშშ დოლარისა და 331907 ევროს გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით შ. ,,მ.ფ.ჰ. ბ. ვ“-ს (32121..; ....., 52520 რ. გ., ისრაელი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე, ა.გ–ს (ისრაელის მოქალაქე, პირადი N0-......) მოსარჩელე, შპს ,,მ.ფ.ჰ.გ ბ. ვი“-ს (......; ..... ქუჩა 3ა, 52520 რ. გ., ისრაელი) სასარგებლოდ, დაეკისრა 60390.77 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ასევე, მოპასუხე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინებით აპელანტების სააპელაციო საჩივრები არ არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს ,,მ.ფ.ჰ.ბ–ი-მ” შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ასევე, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ა.გ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის განჩინებით შპს ,,მ.ფ.ჰ.ბ–ი-ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის განჩინებით, ა.გ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2024 წლის 10 ივლისს განცხადებით მომართა შპს ,,მ.ფ.ჰ.ბ–ი-ს” წარმომადგენელმა, ლ.ზ–მა და განაცხადა, რომ უარს ამბობს სარჩელზე, და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას. მხარემ ასევე მოითხოვა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და საქმეში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც ამავე კოდექსის XLIX თავი შეიცავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამავე კოდექსის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მიხედვით (დისპოზიციურობის პრინციპი) მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარემ (კასატორმა) უარი განაცხადა სარჩელზე, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის №2/19994-14 გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის №2ბ/4021-18 განჩინება და შპს ,,მ.ფ.ჰ.ბ–ი-ს” სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
ვინაიდან, მხარემ უარი თქვა სარჩელზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ა.გ–ის (0-.....) 5% პროცენტიან წილს, შპს ,,ქ.გ–ში'', საიდენტიფიკაციო კოდით: .......
საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის (მოსარჩელის) შპს ,,მ.ფ.ჰ. ბი. ვი“-ს წარმომადგენლის მიერ 2024 წლის 3 ივნისს, 4 ივნისს, 11 ივნისს, 14 ივნისს და 18 ივნისს წარმოდგენილ განცხადებებზე, სადაც მხარე შუამდგომლობს საქმეში, კასატორის (მოსარჩელის) შპს ,,მ.ფ.ჰ. ბ. ვ“-ს უფლებამონაცვლედ მუხრან ბაგრატიონის ცნობის თაობაზე და განმარტავს, რომ წარმოქმნილი პროცესუალურ სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, (კასატორის (მოსარჩელის) მიერ, 2024 წლის 10 ივლისს, სარჩელზე უარის თქმის შესახებ წარმოდგენილი განცხადებით, შპს ,,მ.ფ.ჰ.ბ–ი-ს” სარჩელზე წყდება საქმის წარმოება) ზემოაღნიშნული განცხადებების (შუამდგომლობის) განხილვის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე კასატორმა (მოსარჩელემ) უარი თქვა სარჩელზე, შპს ,,მ.ფ.ჰ. ბ. ვ“-ს (......) სრულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8 000 ლარი, ხოლო ა.გ–ს (პირადი N.......) ასევე უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 6000 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე 272-ე, 273-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,მ.ფ.ჰ. ბ. ვ“-ს ( ........) შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის №2/19994-14 გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის №2ბ/4021-18 განჩინება და შპს ,,მ.ფ.ჰ.ბ–ი-ს” სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ა.გ–ის (.........) 5% პროცენტიან წილს, შპს ,,ქ.გ–ში'', საიდენტიფიკაციო კოდით: .......
4. შპს ,,მ.ფ.ჰ.ბ.ვ“-ს (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ვ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარი (გადახდის თარიღი: 24.06.2022, საგადახდო დავალება №0, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150, ბანკის კოდი: TBCBGE22, საიდ.კოდი: 404507182).
5. ა.გ–ს (პირადი N0-0714139-3) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს ,,ბ.ე.ს.ჯ–ას'' მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6000 ლარი (გადახდის თარიღი: 06.05.2022, საგადახდო დავალება №292, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150, ბანკის კოდი: TBCBGE22, საიდ. კოდი: 205077398).
6. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
რევაზ ნადარაია
ლაშა ქოჩიაშვილი