1 მაისი, 2024 წელი,
საქმე №ას-138 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ს.კ.ა–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინება;
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.კ.ა–ა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე; ამ გადაწყვეტილებით შ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამზღვევი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 9010 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მძღოლის მიერ ავტომობილის საჭის გზის საპირისპირო მხარეს მიმართვა და შემხვედრ ზოლში გადასვლა მზის სინათლის მკვეთრი ნათებით თვალის მოჭრამ განაპირობა. კასატორის მოსაზრებით მოწინააღმდეგე მხარის მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა დაკვალიფიცირდეს რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2022 წლის 13 ივნისს მხარეებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება გაფორმდა. დაზღვევის პერიოდი - 2022 წლის 26 ივნისისდან 2023 წლის 26 ივნისამდე განისაზღვრა.
4.4. მზღვეველმა დაზღვეულის სახელზე სადაზღვევო პოლისი გასცა.
4.5. სადაზღვევო შემთხვევა 2022 წლის 22 ოქტომბერს დადგა, სახელდობრ, ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა/მოდელი - სუბარუ, სახელმწიფო ნომრით - .... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დაზღვეული ავტომანქანა), რომელსაც მართავდა მოპასუხე გადავიდა საპირისპირო ზოლში და წინა მარცხენა ფრთით შეეჯახა სამტრედია-ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ 1-ლ კმ-ზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთით მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას მარკა/მოდელი BMW, სახელმწიფო ნომრით ......, რომელსაც მართვდა ა.ბ–ი.
4.6. ადმინისტრაციული სამარათალდარღვევის ოქმის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა მოსარჩელე და ეს უკანასკნელი დაჯარიმდა 250 ლარით.
4.7. სადაზღვევო კომპანიამ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა (იხ. მოპასუხის 04.11.2022 წლის წერილი).
4.8. ავტოსაგზაო შემთხვევისას ორივე ავტომობილი დაზიანდა, კერძოდ, დაზღვეული ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანი - 5490 ლარი, ხოლო მესამე პირის ავტომობილისთვის - 3520 ლარია, რომელიც მოპასუხემ აანაზღაურა.
4.9. სადაზღვევო შემთხვევა მძღომის/მოსარჩელის უხეშ გაუფრთხილებლობას არ გამოუწვევია.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.
6. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ავტოსაგზაო შემთხვევს დადგომა დამზღვევის/მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობის შედეგია.
7. საკასაციო სასამართლო კასატორის მითითებულ პრეტენზიას უარყოფს და განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების ფარგლებში დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს.
იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, ისე, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს წარმოადგენს, მხარეთა მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.
დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო;
მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა.
სსკ-ის 799-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.
შესაბამისად, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან შეძლებისდაგვარად გამოირიცხოს სახელშეკრულებო დათქმების შეუსრულებლობა, მაქსიმალურად შეიზღუდოს არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს საკუთრივ დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.
8. საკასაციო პალატის განსჯით, განსახილველი დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის კვლევის ძირითადი საგანი, სახელდობრ: სადავო ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია თუ არა ავტომობილის მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილმა ქმედებამ, კერძოდ, მის მიერ საპირისპირო ზოლში მოძრაობამ;
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიქაცევს სსკ-ის 829-ე მუხლის შინაარსზე, რომლითაც დადგენილია, რომ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. აქვე, საგულისხმოა, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის განხილვისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი - მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი ხელშეკრულების გამონაკლისს წარმოადგენს, რის გამოც, სადაზღვევო დაფარვა მასზე ვერ გავრცელდება (სუსგ: Nას-1181-2020, 28.01.2021).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევ მიზეზად მოპასუხის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედება უნდა დაადასტუროს მზღვევლმა და ეს გარემოება ცალსახად კასატორის მტკიცების ტვირთში შედიოდა.
საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (შდრ. სუსგ Nას-1306-1226-2015, 1.07.2016წ).
უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (შდრ. სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ).
გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას არ წარმოადგენს, როგორიცაა:
დაშვებული სიჩქარის უმნიშვნელოდ გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომობილის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (შდრ.სუსგ Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1279-2022, 20.12.2022წ.).
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადაზღვევო კომპანიამ ვერ დადასტურა მოსარჩელის მიერ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის ფაქტი.
9.1. დადგენილია, რომ მძღოლი/მოსარჩელე დაშვებული სიჩქარის გადაჭარბებით არ მოძრაობდა და საჭეს ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა (იხ. საპატრულო პოლოციის პატაკი და სატრანსპორტო შემთხვევის სქემა).
ასევე დადგენილია, რომ დაზღვეული ავტომანქანა გადავიდა მოძრაობის საწინაღმდეგო ზოლში და შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ ავტომანქანას; შეჯახება განხორციელებულია სამტრედია-ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზის ვიწრო, მარცხნივ მკვეთრი მოსახვევის მონაკვეთზე, ოქტომბერში, დღის პირველ ნახევარში; ასეთი მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას - როცა არ არსებობდა სხვა ლოგიკური ახსნა, თუ რამ განაპირობა შეჯახება, გასაზიარებელი იყო მოსარჩელის მითითება, რომ გზის საპირისპირო მხარეს საჭის უნებლიე მიმართვა მზის სინათლის მკვეთრი ნათებით თვალის მოჭრამ განაპირობა, რაც უხეშ გაუფრთხილებლობად არ უნდა შეფასებულიყო.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 450 ლარის (საგადახდო დავალება #948, გადახდის თარიღი 15.12.2023წ), 70% - 315 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ა–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.კ.ა–ას“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 450 ლარის (საგადახდო დავალება #948, გადახდის თარიღი 15.12.2023წ), 70% - 315 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე