20 ივნისი, 2024 წელი,
საქმე №ას-297-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს ,,B-C’’ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ქ.ი." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2005 წლის 2 ოქტომბერს, შემდეგმა პირებმა: შპს ,,ტ–მა“, გ.კ–ძემ და თ.ჭ–ამ, ერთობლივი საქმიანობის ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ტ–მი" დააფუძნეს, რომლის მიზანიც ქ.ბ–ში, ......... ქუჩა N51-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იყო.
2. ამხანაგობის წესდებით განისაზღვრა, რომ ამხანაგობის საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისთვის მესამე პირების წინაშე ამხანაგობის დამფუძნებლები (მონაწილეები) სოლიდარულად აგებდნენ პასუხს (მე-7 მუხლი).
წესდებითვე დამფუძნებლები შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრებულიყო, ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები, შემდგარიყო საინვენტარიზაციო ნუსხა, შემდეგ არსებული ვალები უნდა დაფარულიყო.
თუკი ამხანაგობის საქმიანობით მიღებული შემოსავალი ვალდებულების დასაფარად საკმარისი არ იქნებოდა, დამფუძნებლები (მონაწილეები) ვალდებული იყვნენ, ვალები თავიანთი ქონებიდან მათი წილების პროპორციულად დაეფარათ (მუხლი მე-10).
3. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბ–ის“ სამი წევრიდან მონაწილეთა ურთიერშეთანხმებით ორს წევრობა შეუწყდა და ამხანაგობის 100% წილი მხოლოდ ერთ პარტნიორს, შპს ,,B-C-ს’’ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან საწარმო) გადაეცა.
ამხანაგობის წესდებაში ხსენებული ცვლილება ნოტარიუსმა 2007 წლის 10 ოქტომბერს დაამოწმა. მითითებულ თარიღში, მოპასუხე საწარმოს დირექტორმა ნუგზარ ბაკურიძემ განცხადებით მიმართა სანოტარო ორგანოს, სადაც აღნიშნა, რომ შპს ,,ტ–ისგან" და ფიზიკურ პირ თ.ჭ–ასგან შეისყიდა ერთობლივი საქმიანობის ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ბ–ის" 100%-იანი წილი და ამხანაგობის ერთადერთი დამფუძნებელი პარტნიორი გახდა, შესაბამისად, ამხანაგობა „ბ–ის“ დაფუძნების აქტში მან შესაბამისი ცვლილების შეტანა მოითხოვა.
4. მოპასუხემ, როგორც ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ბ–ის" პარტნიორმა, 2009 წლის 21 დეკემბერს დამფუძნებელთა კრება ჩაატარა, სადაც 100% წილის მქონე პარტნიორმა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ბ–ის" საქმიანობის შეწყვეტის, მისი ლიკვიდაციისა და ამხანაგობის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
ამავე კრების გადაწყვეტილებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ–ის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ქ.ბ–ში, ....... N77-ში/...... ქუჩა N51-ში მდებარე ქონება, საკუთრების უფლებით, ამხანაგობის დამფუძნებელს - მოპასუხეს დაუბრუნდა, რომელსაც საპროექტო დოკუმენტაციასა და მშენებლობაზე ნებართვა გადაეცა.
5. დავალიანების გადახდევინების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 6 ივნისის ბრძანებით, შპს „ქ.ი–ის" (შემდეგში - მოსარჩელე, კრედიტორი ან მოწინააღმდეგე მხარე) სასარგებლოდ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ბ–ს" დავალიანების - 30 142 ლარის გადახდა დაეკისრა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე აღსრულების ორგანომ გადახდის ბრძანება გამოსცა.
6. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოება დაიწყო.
7. მოსარჩელე საწარმოს დირექტორისადმი კერძო აღმასრულებელ მ.პ–ძის წერილის მიხედვით, აღსრულების მიზნით აღმასრულებლის მიერ მოკვლეული მასალებით დადგინდა შემდეგი:
- საბანკო დაწესებულებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, მოვალე ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ–ს“ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშები აქვს, რომლებიც დაყადაღებულია;
- შემოსავლების სამსახურიდან მიწოდებული ინფორმაციით, ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ–ს“ პასიური გადამხდელის სტატუსი აქვს მინიჭებული;
- საჯარო რეესტრიდან მიწოდებული ინფორმაციითა და დოკუმენტების თანახმად, ერთობლივი საქმიანობის ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ–ის“ დამფუძნებლის, მოპასუხე საწარმოს 2009 წლის 21 დეკემბრის კრების ოქმით შეწყდა ერთობლივი საქმიანობის ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ–ის“ საქმიანობა; მოხდა მისი ლიკვიდაცია, ამხანაგობის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით მის დამუძნებელს, მოსარჩელეს დაუბრუნდა, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბოლოო ლიკვიდაციის პროცედურები არ დასრულებულა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით აღმასრულებელმა მიიჩნია, რომ იძულებითი აღსრულების მიზნით სამართლებრივი ღონისძიებების გაგრძელება შეუძლებელი იყო.
8. 2019 წლის 12 სექტემბერს, ბ–ის საქალაქო სასამართლოში წადგენილი განცხადებით მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა, დავალიანების გადახდევინების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 6 ივნისის ბრძანების საფუძველზე, კერძო აღმასრულებელ მ.პ–ძის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო წარმოებაში მოვალის - ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ბ–ის" უფლებამონაცვლედ მოსარჩელის ცნობა, რაც ბ–ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, განსახილველად არ იქნა მიღებული.
ზემომითითებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი მოსარჩელის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაცო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, თუმცა საჩივრის ავტორს განემარტა, რომ უფლებამონაცვლეობის საკითხი საერთო სასარჩელო წარმოების წესით უნდა გადაწყვეტილიყო.
9. აღმასრულებელ მ.პ–ძის წარმოებაში არსებულ დასახელებულ საქმეზე უფლებამონაცვლედ მოპასუხის ცნობის მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
10. ბ–ის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოპასუხე ცნობილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 6 ივნისის ბრძანების საფუძველზე არსებულ სააღსრულებო წარმოებაში მოვალე ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ–ის“ უფლებამონაცვლედ.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ბ–ის" ვალდებულების გასტუმრებასა და გადახდის ბრძანებით დაკისრებული თანხის გადახდაზე პასუხისმგებელი პირი იყო მოპასუხე, რამდენადაც სწორედ ის წარმოადგენდა ამხანაგობის მატერიალური აქტივის - კუთვნილი უძრავი ქონების მიმღებსა და მის დამფუძნებელს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 940-ე მუხლი).
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დარღვეულია რიგი პროცესუალური ნორმები; ამხანაგობის საქმიანობა შეწყვეტილია მისი ორი წევრის გასვლიდან გამომდინარე, მისი ქონება გადაეცა შპს ,,B-C’’-ს, ამასთან გამარტივებული წარმოება მის მიმართ კი არ დაიწყო, არამედ - ამხანაგობა „ბ–ის“ მიმართ, რაც უფლებამონაცვლედ მოპასუხის ცნობის მოთხოვნას აცლის საფუძველს (დეტალურად იხილეთ საკასაციო საჩივარი).
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
17. საკასაციო პალატის შეფასებით, უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისი დასკვნა ჩამოაყალიბა და სწორად მიიჩნია, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ბ–ის" ვალის გასტუმრებასა და გადახდის ბრძანებით დაკისრებული თანხის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი იყო მოპასუხე; ეს დასკვნა გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომ სწორედ ის წარმოადგენდა ამხანაგობის მატერიალური აქტივის - კუთვნილი უძრავი ქონების მიმღებსა და მოვალის ერთადერთ დამფუძნებელ პარტნიორს.
მითითებული საკითხის გაანალიზებისას, არსებითი მნიშვნელობისაა საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბ–ის“ სამი წევრიდან მონაწილეთა ურთიერშეთანხმებით ორი წევრი გავიდა და ამხანაგობის 100% წილი მხოლოდ ერთ პარტნიორს, მოპასუხეს გადაეცა.
- მოპასუხემ, როგორც ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ბ–ის" პარტნიორმა, 2009 წლის 21 დეკემბერს დამფუძნებელთა კრება ჩაატარა, სადაც 100% წილის მქონე პარტნიორმა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ბ–ის" საქმიანობის შეწყვეტის, მისი ლიკვიდაციისა და ამხანაგობის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ამავე კრების გადაწყვეტილებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ–ის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ქ.ბ–ში, პუშკინის ქუჩის N77-ში/ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა N51-ში მდებარე ქონება, საკუთრების უფლებით, ამხანაგობის დამფუძნებელს - მოპასუხეს დაუბრუნდა, რომელსაც საპროექტო დოკუმენტაცია და მშენებლობის ნებართვაც გადაეცა.
- დავალიანების გადახდევინების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 6 ივნისის ბრძანებით, შპს „ქ.ი–ის" (შემდეგში - მოსარჩელე, კრედიტორი ან მოწინააღმდეგე მხარე) სასარგებლოდ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ბ–ს" დავალიანების - 30 142 ლარის გადახდა დაეკისრა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე აღსრულების ორგანომ გადახდის ბრძანება გამოსცა.
- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოება დაიწყო.
18. შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოვალის უფლებამონაცვლედ მოპასუხის ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა ცალსახად წარმატებულია და გამომდინარეობს სსკ-ის 940-ე მუხლის დეფინიციიდან (ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები, შედგეს საინვენტარიზაციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად. ქონების განაწილებისას უნდა დაიფაროს ერთობლივი საქმიანობის დროს წარმოშობილი ვალები. თუ ქონება საკმარისი არ არის ვალების დასაფარავად, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულნი არიან გაისტუმრონ ვალები თავიანთი წილის შესაბამისად).
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,B-C-ს’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,B-C-ს’’ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება # 21478077000, გადახდის თარიღი - 19.04.2024) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე