27 მაისი, 2024 წელი,
საქმე № ას-512-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ. და გ. ც–ბი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.თ–ლი (მოსარჩელის უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, თ.მ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი ვ. და გ. ც–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) წინააღმდეგ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე უარყოფილ იქნა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის გაჩინებით, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა რ.თ–ლი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის უფლებამონაცვლე). სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ განჩინება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი.
3.2. 2022 წლის 30 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მოპასუხეებმა, წარადგინეს მოსარჩელის გარდაცვალების მოწმობა (ასლი) და საქმისწარმოებს შეწყვეტის თაობაზე იშუამდგომლეს.
3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხეების შუამდგომლობა უარყოფილ იქნა; მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე (არაუმეტეს ერთი წლისა), საქმისწარმოება შეჩერდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის გაჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მისი გაუქმება მოითხოვეს.
4.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის უფლება პირადი ხასიათისაა და მხოლოდ სარჩენმა შეიძლება განახორციელოს, შესაბამისად, როცა უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში არ დაიშვება, დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც, რაც განსახილველ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ, კერძოდ:
7. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 92-ე მუხლი, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.
8. განსახილველ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის ფარგლებში, მატერიალური სამართალი აღიარებს სამართალურთიერთობაში სუბიექტთა შეცვლას, რასაც, თავის მხრივ, ახალი სუბიექტის მიერ წინამორბედის უფლებებისა და მოვალეობის თავის თავზე აღება უკავშირდება. ამ უფლებებსა და მოვალეობებს შორის ერთ-ერთია საპროცესო უფლებამონაცვლეობა, რომელიც ახალ სუბიექტს (უფლებამონაცვლეს) ზუსტად იმ მდგომარეობაში გადაეცემა, რა მდგომარეობაშიც არსებობდა წინამორბედის ხელში.
9. სარჩენის გარდაცვალება მიჩნეული უნდა იქნეს სწორედ სსსკ-ის 92.1. მუხლით გათვალისწინებულ, საქმეში უფლებამონაცვლის დაშვების წინაპირობების წარმომქმნელ გარემოებად, რადგან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე მოთხოვნის უფლება, არ უკავშირდება მხოლოდ სარჩენს და იგივე მოთხოვნის ფარგლებში დავის გაგრძელების შესაძლებლობა მის მემკვიდრესაც გააჩნია სსკ-ის 1328-ე მუხლიდან გამომდინარე (სსკ-ის 1328-ე მული - სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის).
10. საყურადღებოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომელმაც მიუთითა: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
11. მოხმობილი ნორმის და სასამართლო პრაქტიკის ანალიზით, სამკვიდრო წარმოადგენს იმ უფლებების და ვალდებულებების კომპლექსს, რომელიც მამკვიდრებელს ჰქონდა სიცოცხლეში. სამკვიდროში შედის არა მხოლოდ კონკრეტული საგნები, არამედ მამკვიდრებლის უფლება ამ საგნებზე. ამდენად, სამკვიდრო აქტივში შედის ის უფლებაც, რომელიც მამკვიდრებელს/მოსარჩელეს გააჩნდა სადავო ნივთთან - სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებისთვის გადაცემულ უძრავ ქონებასთან მიმართებით. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით მოცემულ საქმეში როგორც საპროცესო, ისე მატერიალური თვალსაზრისით უფლებამონაცვლეობა დასაშვებია და კერძო საჩივრის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. და გ. ც–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე