27 ივნისი, 2024 წელი,
საქმე №ას-1500 -2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ.ქ–ია (მოსარჩელე მინდა ქაჯაიას უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ქ–ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა; მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ქ–ია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის უფლებამონაცვლე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინებას სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც მ.ქ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაჩუქრებული) წინააღმდეგ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოწმის ჩვენებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მჩუქებელმა მოპასუხეს ქონება იმ მიზნით აჩუქა, რომ დასაჩუქრებულს მის მიმართ მზრუნველობა გამოეჩინა, რაც მოპასუხემ არ შეასრულა; მოსარჩელე საკუთარი ასაკიდან გამომდინარე მუდმივ მზრუნველობას საჭიროებდა, თუმცა მოპასუხე მრავალგზის თხოვნის მიუხედავად ამ მოვალეობას თავს არიდებდა, ამავე მოტივით მჩუქებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. დასაჩუქრებული ნაჩუქარ ქონებას არც ბებიის სიცოცხლეში არც შემდგომ არ დაუფლებია.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მარტვილში, სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონება ს/კ-ით #........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, უძრავი ქონება) 2011 წლის 26 სექტემბრიდან მ. ქ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მჩუქებელი ან მოპასუხის ბებია) საკუთრებაში აღირიცხა.
4.4. მოპასუხე მჩუქებლის შვილიშვილია.
4.5. სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), მჩუქებლისა და ნოტარიუსის წინააღმდეგ დადგენილების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ნოტარიუსის 2012 წლის 20 დეკემბრის დადგენილება ცნობილ იქნა ბათილად; მარტვილის რაიონის სოფელ ...... მდებარე მ.ქ–ას სამკვიდრო ქონების ¾ (მთლიანი ქონების 3/8 ნაწილის) ნაწილის მესაკუთრედ კასატორი იქნა ცნობილი და აღირიცხა მესაკუთრედ, ხოლო დანარჩენი 5/8 ნაწილი მჩუქებლის საკუთრებაში დარჩა.
4.6. 2015 წლის 31 აგვისტოს მოსარჩელემ, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადვო ჩუქების ხელშეკრულება), ზემოაღნიშნული უძრავი ქონება შვილიშვილს/მოპასუხეს აჩუქა და ეს უკანასკნელი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა ( სსკ-ის 524-ე მუხლი).
4.6.1. მხარეებს შორის არა სამისდღეშიო რჩენის, არამედ ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა.
4.7. 2016 წლის მარტში მჩუქებელი დაეცა და მენჯ-ბარძაყი მოიტეხა.
4.8. რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მოსარჩელის შვილი/ც.ქ–ა, რომელმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასურა, რომ მოსარჩელე შვილიშვილისგან მზრუნველობას ითხოვდა და უარი მიიღო (იხ. მოწმის ჩვენება).
4.9. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება), სადავო ჩუქების ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად და უძრავი ქონება მოსარჩელის სახელზე აღირიცხა.
4.10. მოსარჩელე 2016 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა, რომლის სამკვიდრო შვილმა/კასატორმა მიიღო და სამკვიდრო მნივთის ქონების მესაკუთრედ.
4.11. 2018 წლის 14 ივნისს კასატორმა უძრავი ქონება მ.ლ–ს მიჰყიდა და მოცემულ მომენტში ქონების მესაკუთრედ ეს უკანასკნელი ირიცხება.
4.12. 2017 წლის 9 ნოემბერს მოპასუხემ განცხადებით მომართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.
4.13. სენაკის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა კასატორი.
4.14. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებით კი, განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმისწარმოება განახლდა.
5. განსახილველ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და სადავო ნივთის კვლავ მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 529.1 (ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხოფასმიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ), 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1 მუხლის (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.) დანაწესიდან გამომდინარეობს, ამასთან სარჩელი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი შესრულებული იქნება ამ ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობები და დავაზე არ გამოიკვეთება მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხველი ან შემაფერხებელი გარემოებები.
6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც ზნეობრივ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა. „სამართალში და განსაკუთრებით სამოქალაქო სამართალში ყოველთვის აუცილებელია სამართალსა და ზნეობას შორის ფუნდამენტური ურთიერთობის გათვალისწინება. აუცილებელია იმ მსგავსებისა და განსხვავების გათვალისწინება, რომელიც არსებობს სამართლებრივ შეფასებასა და ზნეობრივ შეფასებას, სამართლებრივ ღირებულებასა და ზნეობრივ ღირებულებას შორის“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბ., 2007, 29).
7. ნაჩუქრობა სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის გამოვლინებაა. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ უკავშირდება დასაჩუქრებულის მხრიდან, მართალია, არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს.
8. ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა, გარკვეულწილად ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივ-სამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს. ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას.
9. სსკ-ის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქების გაუქმების შესაძლებლობას კანონი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას უკავშირებს, როგორიც არის: 1) დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა და/ან 2) მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა.
10. აღნიშნული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი, ანუ აშკარა უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება.
შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება, შეფასდეს მძიმე შეურაცხყოფად ან უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, წარმოიშვას ჩუქების გაუქმების საფუძველი.
თავისთავად „მძიმე შეურაცხყოფა“ და „დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო ყველა გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის (მჩუქებლის) განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა, კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის.
სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი.
ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ, მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (შდრ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი).
12. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხს მჩუქებლის ქცევის გათვალისწინებით და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უმადურობა და მიყენებული შეურაცხყოფა ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, მითითებული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
13. როგორც აღინიშნა კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წანამძღვრების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება. ამ საკვანძო გარემოების არსებობა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერაც არაა დადგენილი რაც გამორიცხავს საკასაციო პრეტენზიის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება #1015388381, გადახდის თარიღი 23.02.2024 წ.) და 400 ლარის (საგადასახადო დავალება #1083728604, გადახდის თარიღი 05.04.2024 წ.), ჯამურად - 700 ლარის 70% - 490 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ქ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ქ–იას (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარისა (საგადასახადო დავალება #1015388381, გადახდის თარიღი 23.02.2024 წ.) და 400 ლარის (საგადასახადო დავალება #1083728604, გადახდის თარიღი 05.04.2024 წ.), ჯამურად - 700 ლარის 70% - 490 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე