საქმე №ას-563-2024 6 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ,,მ.შ.ე–ი“ (M. S.L.)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – „ჰ.ე.ჯ“ (H.A.)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საჩივრის დავის საგანი - საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 18 მარტს, საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ,,ჰ.ე.ჯ–მ“ (შემდეგში - განმცხადებელი ან საჩივრის ავტორი), რომელმაც მოითხოვა:
1.1. გემისთვის - ,,იმპერატორი“ - ყადაღის დადება - რათა არ განხორციელდეს ,,მ.შ.ე–ის“ (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიერ საქართველოს იურისდიქციიდან (ტერიტორიული წყლებიდან) მისი გაყვანა, გასხვისება,უფლებრივად დატვირთვა ან სხვაგვარად განკარგვა;
1.2. გემის - ,,იმპერატორი“ - დაპატიმრება რათა თავიდან იქნეს აცილებული საქართველოს ტერიტორიიდან (ტერიტორიული წყლებიდან) მისი გაყვანა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განჩინებით:
2.1. მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2.2. ყადაღა დაედო ფოთის პორტში მყოფ გემს ,,იმპერატორი“, ხოლო ყადაღადადებულ გემს აეკრძალა საქართველოს იურისდიქციიდან (ტერიტორიული წყლებიდან) გასვლა;
2.3. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით საარბიტრაჟო სარჩელის მოპასუხის წინააღმდეგ წარსადგენად მოსარჩელეს აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა მიეცა; მასვე დაევალა, რომ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრიდან 10 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის დამადასტურებელი მტკიცებულება წარედგინა;
3. 2024 წლის 25 მარტს, მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით, ხოლო 2024 წლის 26 მარტს დაზუსტებული განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ამავე სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა. ამავდროულად, განმცხადებელმა განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ იშუამდგომლა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის განჩინებით:
- განცხადება დაკმაყოფილდა;
- ამავე სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა, ფოთის პორტში მყოფი გემი ,,იმპერატორი“ ყადაღისგან გათავისუფლდა და ყადაღადადებულ გემის მიმართ დადგენილი საქართველოს იურისდიქციიდან (ტერიტორიული წყლებიდან) გასვლის აკრძალვა მოიხსნა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის განჩინება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
6. 2024 წლის 26 მარტს სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფა ისეთ სუბიექტს („თაუერ შიფინგ ინქი“ - ყადაღადადებული გემის მესაკუთრე) შეეხო, რომელიც საქმეში მხარედ არ მონაწილეობს, ხოლო ამ ღონისძიებით ხელყოფილ იქნა ამ უკანასკნელის უფლებები, რაც მისთვის ზიანის მიყენებას იწვევდა და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველს ქმნიდა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.
- იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უკვე გაუქმებული იყო, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუსაბუთებელად მიიჩნია, გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 1971 მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომელიც ამავე კოდექსის 7.2 მუხლის საფუძველზე ანალოგიით გამოიყენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით, რომელიც ამავე კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების საფუძველზე გამოიყენება საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, დადგენილია შემდეგი: სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამავე კოდექსის 273.2 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ შეიძლება.
9. პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, საყურადღებოა შემდეგი გარემოებები:
1).ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განჩინებით: მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ფოთის პორტში მყოფ გემს ,,იმპერატორი“, ხოლო ყადაღადადებულ გემს აეკრძალა საქართველოს იურისდიქციიდან (ტერიტორიული წყლებიდან) გასვლა;
2). 2024 წლის 25 მარტს, მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით, ხოლო 2024 წლის 26 მარტს - დაზუსტებული განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და, ამავე სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა. ამავდროულად, განმცხადებელმა განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ იშუამდგომლა.
3).ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის განჩინებით: განცხადება დაკმაყოფილდა; ამავე სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა; ფოთის პორტში მყოფი გემი ,,იმპერატორი“ ყადაღისგან გათავისუფლდა და ყადაღადადებულ გემის მიმართ დადგენილი საქართველოს იურისდიქციიდან (ტერიტორიული წყლებიდან) გასვლის აკრძალვა მოიხსნა.
4).სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
5).2024 წლის 26 მარტს, სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.
10. ზემომითითებული გარემოებები იმის მაუწყებელია, რომ მხარეთა შორის სადავო სამართალურთიერთობა ამოწურულია და გასაჩივრებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებულია თავად შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნის საფუძველზე (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის განჩინება) შესაბამისად განსახილველი საჩივრის კონტექსტში აღარ არსებობს დავის საგანი, რაც სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე ქმნის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ,,მ.შ.ე–ის“ (M. S.L.) საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით წარმოება შეწყდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული განჩინებები და მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
3. ,,მ.შ.ე–ის“ (M. S.L.) დაუბრუნდეს საჩივარზე ნ.დ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარი (საგადახდო დავალება #21116667553, გადახდის თარიღი - 25.03.2024), შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300183150.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე