¹ბს-1004-961(კ-07) 14 თებერვალი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. ხ-ემ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიმართ გადახდის ბრძანების მიღება მის სასარგებლოდ დავალიანების გამარტივებული წესით დაკისრების შესახებ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ გ. ხ-ე 1995 წლიდან მუშაობდა საჩხერის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში. მიუღებელი აქვს სახელფასო დავალიანება 1998 წლის მაისიდან 2000 წლის დეკემბრის ჩათვლით _ 803 ლარის ოდენობით, რაც დადასტურებულია საჩხერის რაიონული საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიერ 2004 წლის 30 სექტემბრის ცნობით (ს.ფ. 1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 447 ლარის ოდენობით, სარჩელის მოთხოვნა პრემიის, დახმარების დანამატისა და დახმარების ანარიცხების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ხ-ის დავალიანება 2004 წლის 1 იანვრისათვის შეადგენდა 803.20 ლარს, მათ შორის ხელფასი _ 447 ლარს, პრემია _ 132.14 ლარს, დახმარება-დანამატი _ 68 ლარს და დამქირავებლის ანარიცხები _ 190.07 ლარს. დადგენილად იქნა მიჩნეული ისიც, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2001 წლის 8 მაისს საგადასახადო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).
საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა პრემიის, დახმარება-დანამატისა და დამქირავებლის ანარიცხების ანაზღაურებაზე არ დააკმაყოფილა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დღიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში გ. ხ-თვის ცნობილი იყო, რომ ფინანსთა სამინისტრო არ უნაზღაურებდა 1998-1999-2000 წლების პრემიას, დახმარება-დანამატს და დამქირავებლის ანარიცხებს, ე.ი. დარღვეული იყო მისი უფლება, სასამართლოსათვის კი 2005 წლის მარტამდე არ მიუმართავს.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გაუშვა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა 2000 წლის პრემიის, დახმარება დანამატისა და დამქირავებლის ანარიცხების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 29).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს. ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა საჩხერის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში, შესაბამისად, მოპასუხედ ჩართული უნდა ყოფილიყო ის ორგანო, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა. ამდენად, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი, რაც საპროცესო დარღვევას წარმოადგენდა.
აპელანტის აზრით, საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი, რამდენადაც ეს ნორმა არ არეგულირებს სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე სახელფასო დავალიანების გაცემის წესს. აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლით, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სპეციალურ ნორმას წარმოადგენს. დასახელებული მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ანუ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით (ს.ფ. 32-33).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინებით გ. ხ-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარედგინა მოსაზრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათანადო მოპასუხით _ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციით შეცვლაზე. ამასთან, მოსარჩელეს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში მოსაზრების წარუდგენლობის შემთხვევაში მიჩნეული იქნებოდა, რომ გ. ხ-ე არ იყო თანახმა არასათანადო მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით _ საქართველოს შემოსავლების ქუთაისის საგადასახადო ინსპექციით (ს.ფ. 56-57).
ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გ. ხ-ეს მოსაზრება არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ გ. ხ-ეს 2006 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებაზე და 2007 წლის 25 ივლისის განჩინებაზე თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია, რაც მოცემულ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ იგი თანახმა არ იყო არასათანადო მოპასუხე სათანადო მოპასუხით შეცვლილიყო. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, გ. ხ-ის სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 67-69).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი მოტივებით:
საქალაქო სასამართლომ 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დააკისრა სახელფასო დავალიანება _ 447 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება მას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. ამის შემდეგ იგი მიიჩნევდა, რომ საქმე დასრულებული იყო და ელოდა სასამართლოს მიერ მისთვის მიკუთვნებული თანხის ანაზღაურებას.
მოგვიანებით გ. ხ-ემ მიიღო სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ივლისის განჩინება, თუმცა აღნიშნული განჩინების შინაარსი მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. მოსარჩელემ არ იცოდა, რომ მისი მოსაზრება მოპასუხის შეცვლასთან დაკავშირებით საქმის საბოლოო შედეგზე არსებითად იმოქმედებდა (ს.ფ. 74).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით მოპასუხის არასათანადოობის მოტივით სარჩელის დაუკმაყოფილებლობა მოსარჩელეს არ ართმევს უფლებას, კვლავ აღძრას სარჩელი სათანადო მოპასუხის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.