4 ივლისი, 2024 წელი,
#ას-556-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ.რ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან სამინისტრო) და შპს „თ.რ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) შორის 2022 წლის 11 მაისს #326 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება) დაიდო. რომლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი იყო დიდი ტვირთამწეობის ავტომანქანის საბურავები, რომლებიც აკმაყოფილებდა კონსოლიდირებული ტენდერის CON220000186 სატენდერო დოკუმენტაციითა და მისი დანართით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს. შესყიდვის ობიექტის აღწერილობა, ტექნიკური მახასიათებლები, რაოდენობა და ერთეულის ღირებულება განისაზღვრულ იქნა დანართი N1-ით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.
1.1. შეთანხმებით დეტალურად გაიწერა მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების შესრულების კონტროლის, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისა და ანგარიშსწორების წესი; ასევე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევებისთვის ფულადი სანქციები.
2. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 90 კალენდარულ დღეში (იხ. შეთანხმების 4.1. პუნქტი).
3. შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0.5% (იხ. ხელშეკრულების 8.1 პუნქტი).
4. მოპასუხემ 74 412.80 ლარის საქონელი შემკვეთს 2022 წლის 24 ნოემბერს მიაწოდა (დაგვიანება 100 დღე) (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი).
5. მოპასუხეს ვალდებულების დათქმულ ვადებში შეუსრულებლობის შედეგად დაეკისრა პირგასამტეხლო - 37 706.40 ლარი.
6. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 12 568.80 ლარის ანაზღაურება.
9. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით და არ არსებობდა აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
12. განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
12.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს მოცულობა, რომელიც თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრა და შესაბამისად მისი სახეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ დასაბუთებულია.
16. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა/მიწოდების განუხორციელებლობა, კანონიერ ძალაშია შესული.
16.1. კასატორის პრეტენზია იმაში გამოიხატება, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო დაუსაბუთებლად შეამცირეს, შესაბამისად, სადავოა მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.
17. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოპასუხეს შორის ნასყიდობის სამართალურთიერთობის არსებობა (სსკ-ის 477-ე მუხლი), კერძოდ, გამყიდველი ვალდებული იყო, მყიდველისათვის მიეწოდებინა ტვირთამწეობის ავტომანქანის საბურავები, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ - მიეღო საბურავები და გადაეხადა შეთანხმებული ნასყიდობის ფასი სრულად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია, გამოყენების ფარგლები და შემცირების წინაპირობები.
18. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.
პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).
19. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.).
პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
20. მართალია, ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.
21. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შეთანხმებით, მოპასუხე შემსყიდველის მოთხოვნიდან 90 კალენდარული დღის ვადის დაცვით შესყიდვის ობიექტის მიწოდების გარანტიას იძლეოდა (იხ. შეთანხმების 4.1. პუნქტი). მოსარჩელის ინტერესსაც სწორედ მითითებული ვადის დაცვით საბურავების მიღება წარმოადგენდა. დადგენილია, მოპასუხემ 74 412.80 ლარის საქონელი შემკვეთს 2022 წლის 24 ნოემბერს მიაწოდა (დაგვიანება 100 დღე) (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი).
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ვალდებულების დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხის, დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირეს და მოცემულ შემთხვევაში საქმესთან დაკავშირებით დადგენილი ყველა გარემოების ერთობლიობაში შეფასების შედეგად დარღვევისათვის/ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა - 18 853.20 ლარია (შდრ.სუსგ. #ას-189-2020, 20.04.2021წ).
21. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, მოპასუხეს სსსკ-ის 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) თანახმად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 314,22 (18 853.20-12568,80= 6284,4%5) ლარის ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „თ.რ–ს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს - 18 853.20 ლარის გადახდა;
5. შპს „თ.რ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 314,22 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე