Facebook Twitter

25 აპრილი, 2024 წელი,

საქმე №ას-48-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – გ.ჩ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.ჩ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.ჩ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და გ.ჩ–ძე (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) 2009 წლის 21 თებერვალს გარდაცვლილი ქ.ჩ–ძის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან, რომლის საკუთრებაში არსებული ქონება სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე 1/2 წილობრივი კუთვნილებით მათ საკუთრებაში გადავიდა.

აღნიშნულის შედეგად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე უძრავ ნივთებზე: საკადასტრო კოდით N...... (შემდეგში - პირველი უძრავი ნივთი ან პირველი უძრავი ქონება), N..........(შემდეგში - მეორე უძრავი ნივთი ან მეორე უძრავი ქონება), N........ (შემდეგში - მესამე უძრავი ნივთი ან მესამე უძრავი ქონება), N....... (მეოთხე უძრავი ნივთი ან მეოთხე უძრავი ქონება) - მხარეთა საზიარო უფლებები წარმოიშვა.

2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეები უძრავი ნივთების თანამესაკუთრეები არიან, თითოეულის სახელზე უძრავი ქონების 1/2 ნაწილია დარეგისტრირებული.

3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 მაისის დასკვნით, უძრავი ნივთების ღირებულება ჯამურად 65 970 ლარს შეადგენს.

4. ექსპერტიზის ზემომითითებული დასკვნის შესაბამისად:

- მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული პირველი უძრავი ქონების გამიჯვნა წილების შესაბამისად ისე არის შესაძლებელი, როგორც N1 დანართზე არის მოცემული, რა დროსაც, ½ წილის მესაკუთრე მოპასუხეს 1 200კვ.მ-დან მისი წილის შესაბამისი 600კვ.მ ფართობი შეიძლება გამოეყოს, ხოლო, ½ წილის მესაკუთრე მოსარჩელეს - მისი წილის შესაბამისი 600კვ.მ მიწის ფართობი.

- მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული მეორე უძრავი ქონების გამიჯვნა წილების შესაბამისად ისე არის შესაძლებელი, როგორც N2 დანართზე არის მოცემული, რა დროსაც, ½ წილის მესაკუთრე მოპასუხეს 1 300კვ.მ-დან მისი წილის შესაბამისი 650კვ.მ ფართობი შეიძლება გამოეყოს, ხოლო, ½ წილის მესაკუთრე მოსარჩელეს - მისი წილის შესაბამისი 650კვ.მ მიწის ფართობი.

- მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული მესამე უძრავი ქონების გამიჯვნა წილების შესაბამისად ისე არის შესაძლებელი, როგორც N3 დანართზე არის მოცემული, რა დროსაც, ½ წილის მესაკუთრე მოპასუხეს 500კვ.მ-დან მისი წილის შესაბამისი 250კვ.მ ფართობი შეიძლება გამოეყოს, ხოლო, ½ წილის მესაკუთრე მოსარჩელეს - მისი წილის შესაბამისი 250კვ.მ მიწის ფართობი.

- მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული მეოთხე უძრავი ქონების გამიჯვნა წილების შესაბამისად ისე არის შესაძლებელი, როგორც N4, N5, N6, N7 და N8 დანართებზე არის მოცემული, რა დროსაც, ½ წილის მესაკუთრე მოპასუხეს 174.17კვ.მ-დან მისი წილის შესაბამისი 70.06კვ.მ ფართობი შეიძლება გამოეყოს, რაც მის კუთვნილ 87.08კვ.მ ფართობზე 17.05კვ.მ-ით ნაკლებია. ამასთან, ½ წილის მესაკუთრე მოსარჩელეს, საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის 174.17კვ.მ ფართობიდან შეიძლება გამოეყოს 104.11კვ.მ ფართობი, რაც მის კუთვნილ 87.085კვ.მ ფართობზე 17.05კვ.მ-ით მეტია.

- ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ½ წილის მესაკუთრე მოპასუხეს სახლის სარდაფის სართულის 132.60კვ.მ-დან შეიძლება გამოეყოს 58.8კვ.მ ფართობი, რაც მის კუთვნილ 66.3კვ.მ ფართობზე 7.5კვ.მ-ით ნაკლებია. ½ წილის მესაკუთრეს მოსარჩელეს სახლის სარდაფის სართულის 132.60კვ.მ-დან შეიძლება გამოეყოს 73.8კვ.მ ფართობი, რაც მის კუთვნილ 66.3კვ.მ ფართობზე 7.5კვ.მ-ით მეტია.

- დამხმარე ნაგებობის, კერძოდ მარნის 42.62კვ.მ ფართობიდან ½ წილის მესაკუთრე მოპასუხეს შეიძლება გამოეყოს 21.31კვ.მ. ფართობი, რაც მის კუთვნილ 21.31კვ.მ ფართობს შეესაბამება. დამხმარე ნაგებობის, კერძოდ მარნის 42.62კვ.მ-დან ½ წილის მესაკუთრე მოსარჩელეს შეიძლება გამოეყოს 21.31კვ.მ ფართობი, რაც მის კუთვნილ 21.31კვ.მ ფართობს შეესაბამება. დამხმარე ნაგებობის, კერძოდ საფუტკრის 5.74კვ.მ-დან ½ წილის მესაკუთრეს მოპასუხეს შეიძლება გამოეყოს 2.87კვ.მ ფართობი, რაც მის კუთვნილ 2.87კვ.მ ფართობს შეესაბამება. დამხმარე ნაგებობის, კერძოდ საფუტკრის 5.74კვ.მ ფართობიდან ½ წილის მესაკუთრე მოსარჩელეს შეიძლება გამოეყოს 2.87კვ.მ ფართობი, რაც მის კუთვნილ 2.87კვ.მ ფართობს შეესაბამება.

- დამხმარე ნაგებობის, კერძოდ სათონის 17.14კვ.მ ფართობიდან ½ წილის მესაკუთრე მოპასუხეს შეიძლება გამოეყოს 8.57კვ.მ ფართობი, რაც მის კუთვნილ 8.57კვ.მ ფართობს შეესაბამება; ½ წილის მესაკუთრე მოსარჩელეს კი, დამხმარე ნაგებობის, კერძოდ სათონის 17.14კვ.მ ფართობიდან შეიძლება გამოეყოს 8.57კვ.მ. ფართობი, რაც მის კუთვნილ 8.57კვ.მ ფართობს შეესაბამება.

- დამხმარე ნაგებობის, კერძოდ, ბოსელის 89.71კვ.მ ფართობიდან ½ წილის მესაკუთრე მოპასუხეს შეიძლება გამოეყოს 44.855კვ.მ ფართობი, რაც მის კუთვნილ 44.855კვ.მ ფართობს შეესაბამება. ამავე ბოსელის 89.71კვ.მ ფართობიდან ½ წილის მესაკუთრე მოსარჩელეს შეიძლება გამოეყოს 44.855კვ.მ ფართობი, რაც მის კუთვნილ 44.855კვ.მ ფართობს შეესაბამება.

- მიწის ნაკვეთის განაშენიანების თავისუფალი 5 709.23კვ.მ ფართობიდან ½ წილის მესაკუთრე მოპასუხეს შეიძლება გამოეყოს 2 854.615კვ.მ ფართობი, რაც მის კუთვნილ 2 854.615კვ.მ ფართობს შეესაბამება. ½ წილის მესაკუთრე მოპასუხეს, მიწის ნაკვეთის განაშენიანების თავისუფალი ფართობი 5 709.23კვ.მ ფართობიდან შეიძლება გამოეყოს 2 854.615კვ.მ ფართობი, რაც მის კუთვნილ 2 854.615კვ.მ ფართობს შეესაბამება.

მომზადებული ვარიანტით შენობა-ნაგებობის გამიჯვნის შემთხვევაში ტერიტორიის ნაწილი, რაზეც შენობა-ნაგებობაა აღმართული, საერთო საკუთრებაში რჩება.

4. მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, შემდეგი მოთხოვნებით:

4.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 მაისის დასკვნის შესაბამისად პირველ უძრავ ქონებაზე მხარეთა შორის საზიარო უფლება გაუქმდეს, უძრავი ნივთი ნატურით გაიყოს, ხოლო გაყოფილ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება იქნეს ცნობილი;

4.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 მაისის დასკვნის შესაბამისად მეორე უძრავ ქონებაზე მხარეთა შორის საზიარო უფლება გაუქმდეს, უძრავი ნივთი ნატურით გაიყოს, ხოლო გაყოფილ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება იქნეს ცნობილი;

4.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 მაისის დასკვნის შესაბამისად მესამე უძრავ ქონებაზე მხარეთა შორის საზიარო უფლება გაუქმდეს, უძრავი ნივთი ნატურით გაიყოს, ხოლო გაყოფილ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება იქნეს ცნობილი;

4.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 მაისის დასკვნის შესაბამისად მეოთხე უძრავ ქონებაზე მხარეთა შორის საზიარო უფლება გაუქმდეს, უძრავი ნივთი ნატურით გაიყოს, ხოლო გაყოფილ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება იქნეს ცნობილი.

5. ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2022 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით: უძრავ ქონებებზე მხარეთა შორის საზიარო უფლება გაუქმდა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 მაისის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ქონებები ნატურით გაიყო, ხოლო გაყოფილ ქონებებზე მოსარჩელის საკუთრების უფლება იქნა ცნობილი.

5.1. საქმეში არსებული საექსპერტო გამოკვლევის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე საზიარო საგნის გაყოფასთან მიმართებით მასში მითითებული დასკვნა სასამართლომ გაიზიარა. ამასთან, სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზეც მიაქცია, რომ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნა მოპასუხეს არსებითად სადავოდ არ გაუხდია და არც მითითებული მტკიცებულების საპირისპირო რაიმე წონადი მტკიცებულება არ წარუდგენია.

5.2. სასამართლოს მოსაზრებით, საზიარო საგნის გაუქმებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ გამოდგებოდა მითითება იმის თაობაზე, რომ საცხოვრებელ სახლზე მოსარჩელემ უკანონო მშენებლობა აწარმოა, რაზეც ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა, ასევე, საცხოვრებელი სახლის პირველი სართულისა და სარდაფის სართულის ფართობები, მის კუთვნილ ფართობზე ნაკლები იყო, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სახლზე უკანონო მშენებლობის წარმოების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა მოპასუხეს მხარეს არ წარუდგენია.

5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 953-ე, 954-ე, 963-ე, 964-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, გაიზიარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 მაისის დასკვნა და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მესაკუთრეთა წილების შესაბამისად მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამიჯვნა შესაძლებელი იყო, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას განაპირობებდა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრით კასატორი მტკიცებულებათა საქმეზე დართვის შესახებ განჩინებისა და სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის დამატებითი განჩინების გაუქმებას მოითხოვს.

- საკასაციო საჩივრის საფუძველი ისაა, რომ ნატურით გაუქმების გზით საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი საგანი ღირებულების შემცირების გარეშე იყოფა, რასაც მეოთხე უძრავ ქონებასთან მიმართებით არ აქვს ადგილი; მტკიცებულებათა საქმეზე დართვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ურის თქმის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინება უსაფუძვლოა; გაუქმებას ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის დამატებითი განჩინებაც.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

2024 წლის 18 აპრილის განჩინებით გ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და მიღებულია არსებითად განსახილველად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 961.1 და 963-ე მუხლები. ამ ნორმების თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება; საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

თავდაპირველად მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნივთის ნატურით გაყოფა გამორიცხულია.

ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული.

ასეთი წესით საზიარო ქონების გაყოფისთვის გარკვეული წინაპირობების არსებობაა საჭირო, კერძოდ: საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სსკ-ის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა (იხ. სუსგ №ას-67-65-2014, 31.07.2014; №ას-1653-1550-2012, 15.04.2013; №ას-1089-1020-2012, 8.10.2012; №ას-932-875-2012, 17.09.2012; №ას-1665-1562-2012, 4.02.2013).

საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება, როგორც საკასაციო პალატამ თავის ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმება ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ე.ი. დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე - საერთო საკუთრება (იხ. სუსგ: №ას-39-39-2016, 1.03.2016).

11. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველ, მეორე და მესამე უძრავ ქონებასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა მოცემული საქმის გადაწყვეტისთვის უმთავრესი გარემოება: ხსენებულ უძრავ ქონებებზე საზიარო უფლების ნატურით გაუქმების ყველა წინაპირობების არსებობა.

ზემოაღნიშნული გამომდინარეობს მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 8 მაისის დასკვნიდან.

ხსენებულ მტკიცებულებაში ცალსახადაა მითითებული, რომ პირველი, მეორე და მესამე უძრავი ნივთის გამიჯვნა მოდავე მხარეთა წილების შესაბამისად ისე არის შესაძლებელი, რომ თითოეულ მათგან თავისი წილის შესაბამისი ქონება მიეკუთვნოს. ამდენად, ეს გარემოება გვაუწყებს დასახელებულ სამივე ნივთზე ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობას, რაც მოცემულ ნაწილში სარჩელის წარმატების საფუძველს ქმნის.

12. რაც შეეხება მეოთხე უძრავ ქონებას, ექსპერტიზის დასკვნა მასთან დაკავშირებით არ შეიცავს მითითებას უმთავრეს გარემოებაზე, კერძოდ, იმის შეასახებ, რომ ნატურით გაყოფისას მოდავე მხარეებს თავიანთი წილის შესაბამისი ქონება მიეკუთვნებათ. უფრო მეტიც, დასახელებული დასკვნის მიხედვით, მეოთხე უძრავი ქონების გამიჯვნა შესაძლებელია ისე, რომ ½ წილის მესაკუთრე მოპასუხეს, საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის 174.17კვ.მ.-დან ფართობიდან შეიძლება 70.06კვ.მ ფართობი გამოეყოს, რაც მის კუთვნილ 87.085კვ.მ ფართობზე 17.05კვ.მ-ით ნაკლებია, ხოლო ½ წილის მესაკუთრე მოსარჩელეს, საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის 174.17კვ.მ ფართობიდან შეიძლება 104.1კვ.მ ფართობი გამოეყოს, რაც მის კუთვნილ 87.085კვ.მ ფართობზე 17.05კვ.მ-ით მეტია.

ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ½ წილის მესაკუთრეს მოპასუხეს, სახლის სარდაფის სართულის 132.60კვ.მ-დან შეიძლება 58.8კვ.მ ფართობი გამოეყოს, რაც მის კუთვნილ 66.3კვ.მ ფართობზე 7.5კვ.მ ნაკლებია, ხოლო ½ წილის მესაკუთრეს მოსარჩელეს, სახლის სარდაფის სართულის 132.60კვ.მ-დან შეიძლება 73.8კვ.მ ფართობი გამოეყოს, რაც მის კუთვნილ 66.3კვ.მ ფართობზე 7.5კვ.მ-თ მეტია.

დასკვნაში საუბარია მეოთხე უძრავ ქონებაში შემავალ მიწის ნაკვეთზეც, კერძოდ, აღნიშნულია, რომ მომზადებული ვარიანტით შენობა-ნაგებობის გამიჯვნის შემთხვევაში ტერიტორიის ფართობი, რაზეც შენობა-ნაგებობაა აღმართული, საერთო საკუთრებაში რჩება.

ექსპერტიზის დასკვნის ზემოთ მოყვანილი ნაწილიდან ნათლად ჩანს, რომ მეოთხე უძრავი ქონების მხარეთა იდეალური წილების შესაბამისად გაყოფა ვერ ხერხდება, უფრო მეტიც, გამიჯვნის შემთხვევაშიც, უძრავი ნივთის ნაწილზე, სახელდობრ, მიწის ნაკვეთის ნაწილი, საერთო საკუთრებად რჩება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით კი, საზიარო საგნის ამგვარად გაყოფა დაუშვებელია და აღნიშნული ხასიათის გამიჯვნა თანასაკუთრებაზე საზიარო უფლების გაუქმების არსს ეწინააღმდეგება (იხ. სუსგ: №ას-1538-2022, 31.03.2023; №ას-1444-2019, 10.06.2021).

აქვე კიდევ ერთი გარემოებაა საყურადღებო, დასკვნის დასახელებული ნაწილი არ შეიცავს განმარტებას ერთ-ერთ საკვანძო საკითხზე, კერძოდ, გაყოფის შედეგად მეოთხე უძრავი ქონება (განსაკუთრებით მიწის ნაკვეთი) ხომ არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას, რასაც გაყოფამდე ასრულებდა;

ეს საკითხი საკასაციო პალატას მნიშვნელოვნად მიაჩნია ექსპერტიზის დასკვნას თანდართული (დანართი #8) #..... საკადასტრო კოდით რგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის თვალშისაცემად არასტანდარტული კონფიგურაციის შემოთავაზების პირობებში.

როგორც ზემოთ განიმარტა, სსკის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა.

ამრიგად, საქმეზე გამოკვლეული გარემოებები ცხადყოფს, რომ #61.15.22.201 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ნატურით გამიჯვნა სსკ-ის 963-ე მუხლის პირობების დაცვით შეუძლებელია და არსებითად ეწინააღმდეგება თანასაკუთრების ინდივიდუალურ საკუთრებად გარდაქმნის მომწესრიგებელ მართლწესრიგს.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მეოთხე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია გაზიარებული ვერ იქნება, რაც მითითებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის უარყოფას განაპირობებს.

13. საკასაციო საჩივრით კასატორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებასაც მოითხოვს, რომლითაც მას მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი 700 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით საქმეზე უცვლელად დარჩა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სამ უძრავ ნივთთან მიმართებით საკასაციო ინსტანციაშიც არ შეცვლილა; ეს გარემოება კი, იმის მაუწყებელია, რომ საბოლოო პროცესუალური შედეგის გათვალისწინებით სამ უძრავ ქონებასთან მიმართებით მოწინააღმდეგე მხარისათვის სასარგებლო შედეგია ჩამოყალიბებული, რაც არც წინამდებარე გადაწყვეტილებით შეცვლილა. ამდენად, სსსკ-ის 53.1 მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგების მხედველობაში მიღებით, მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი 700 ლარის კასატორისთვის დაკისრების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს დამატებითი განჩინება კანონშესაბამისია.

საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ვერც იმ განჩინების გაუქმების მოთხოვნას გაიზიარებს, რომლითაც ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ კასატორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებულია ახალი პროცესუალური შედეგი, გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მეოთხე უძრავ ქონებაზე მხარეთა შორის საზიარო უფლების გაუქმების შესახებ ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სახეცვლილია და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გარემოება მხარის შუამდგომლობას უკარგავს შინაარსობრივ და პროცესუალურ საფუძველს.

14. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

სსსკ-ის 53.1 მუხლის პირველი და მეორე წინადადების შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, კასატორის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 230 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 55-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ #..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე თენგიზი ჩიხაძესა და გ.ჩ–ძეს შორის საზიარო უფლების გაუქმების შესახებ ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

3. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება უცვლელად დარჩეს;

4. თ.ჩ–ძეს გ.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 230 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე