5 ივლისი, 2024 წელი,
საქმე № ა-2808-გან-7-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - სს „პ.ბ.ს–ო“
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ყ–ნი
სს„ ს.ბ–ი“
მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი - უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ყ–ნი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, პირველი კასატორი ან დასაქმებული) სს „ს.ბ–ში“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, მეორე კასატორი დამსაქმებელი ან ბანკი) მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის, მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) საკრედიტო ანალიზის ჯგუფის უფროს ბანკირად მუშაობდა და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 2 000 ლარს შეადგენდა.
2. ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის გაფორმებული დანართი Nვ-ს 1-ლი პუნქტით, დასაქმებულს დაუდგინდა კონკურენციის შეზღუდვა, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მისი შეწყვეტიდან ექვსი თვის განმავლობაში ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას, ბანკში მუშაობისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოეყენებინა კონკურენტი ფინანსური ინსტიტუტების ან სხვა პირთა სასარგებლოდ, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი მას 6 თვის განმავლობაში გადაუხდიდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ერთი თვის ანაზღაურებას. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დასაქმებულს, დამსაქმებლის სასარგებლოდ, ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის გადახდილი ნებისმიერი სახის ანაზღაურების ოდენობით, ამასთან, პირგასამტეხლოს გადახდა დასაქმებულს არ ათავისუფლებდა ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურებისაგან.
3. დამსაქმებელმა 2018 წლის 27 აპრილიდან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რასაც საფუძვლად დაედო დასაქმებულის პირადი განცხადება. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საბოლოო თარიღი 2018 წლის 12 მაისით განისაზღვრა.
4. მოსარჩელემ 6 - თვიანი შეზღუდვის ამოქმედების თაობაზე დასაქმებულს 2018 წლის 14 მაისის წერილით აცნობა.
5. დამსაქმებელმა პირველ მოპასუხეს შრომითი საქმიანობის შეზღუდვისათვის საკომპენსაციო თანხა (6 თვის) - 9600.01 ლარი გადაუხადა.
6. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით 2018 წლის 6 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა პირველი მოპასუხისა და სს „პ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კონკურენტი კომპანია) წინააღმდეგ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხისათვის ცნობილი იყო, რომ დამსაქმებელი იყენებდა შრომითი საქმიანობის შემზღუდველ პირობას ხელშეკრულების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, მიუხედავად ამისა, იგი მაინც დასაქმდა სხვა კომპანიაში (ბანკში).
7. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მათი მტკიცებით, შრომითი საქმიანობის შეზღუდვის პერიოდში პირველი მოპასუხე კონკურენტ კომპანიაში არ დასაქმებულა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები და საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 46-ე მუხლი გამოიყენა.
9. სააპელაციო საჩივრით დამსაქმებელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ მოპასუხეს - 9600.01 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველმა მოპასუხემ დაარღვია ბანკთან დადებული შეთანხმება და შრომითი საქმიანობის შეზღუდვის პერიოდში დასაქმდა კონკურენტ კომპანიაში, რაც წარმოშობდა მის ვალდებულებას თანხის გადახდასთან მიმართებით.
10.1. სააპელაციო პალატის დასკვნით, დავის სპეციფიკიდან, ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან, კრედიტორის მიერ განცდილი ზიანიდან და თავად პირგასამტეხლოს მოცულობიდან გამომდინარე მისი გონივრული და სამართლიანი ოდენობა - 2 000 ლარია, რაც თანაბრად უზრუნველოფდა მოდავე სუბიექტთა ინტერესებს.
11. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო პირველმა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
11.1. პირველი კასატორის/მოპასუხის საკასაციო პრეტენზიით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, არ დაასაბუთა მტკიცების ტვირთის შემობრუნების საჭიროება, რითაც არასწორად დაადგინა, სადავო პერიოდში კონკურენტ კომპანიაში მისი დასაქმების ფაქტი.
11.2. მეორე კასატორის/მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიით, გაუგებარია, თუ რა ობიექტურ წინაპირობებს დაეყრდნო თბილისის სააპელაციო სასამართლო პირგასამტეხლოს საერთო ოდენობის თითქმის 26-ჯერ შემცირებისას, რითაც ფაქტობრივად შინაარსი გამოაცალა პირგასამტეხლოს სამართლებრივ ინსტიტუტს და დაუკარგა მთავარი შემაკავებელი სანქციის ფუნქცია.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით,მ.ყ–ნის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „ს.ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა; სს „ს.ბ–ს“ დაეკისრა მ.ყ–ნის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 580.01 ლარის მოცულობით; სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
13. 2024 წლის 27 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა სს „პ.ბ.ს–ოს“ წარმომადგენელმა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის შემდეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმარტების შესახებ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას (ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი), ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას.
ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს.
კანონის მიხედვით, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან, თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების უმთავრესი მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა.
საგულისხმოა ისიც, რომ, დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან (შდრ. იხ. სუსგ, №ას-1762-2018, 27.02.2019).
15. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტების მიზანი აღსრულების ხელშეწყობაა, შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს, უნდა იყოს აღსრულებადი - იგი უნდა განსაზღვრავდეს უფლების საკითხს. შესაბამისად, განმარტებას ექვემდებარება გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი აღსრულებაუნარიანი, სამართლებრივი მართლწესრიგის დამდგენი ნაწილი - სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია და არ შეიცავს ცხად და არაორაზროვან პასუხს სასარჩელო მოთხოვნაზე. აღნიშნული მიმართულია იმისკენ, რომ გადაწყვეტილების არასწორი აღსრულებით არ დაირღვეს მხარეთა უფლებები (იხ. სუსგ, №ა-4551-გან-27-2023, 28.09.2023).
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ცალსახა და არაორაზროვანი შინაარსისაა, გადაწყვეტილება არ არის ბუნდოვანი და მისი სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას აყალიბებს განხილული საქმის სამართლებრივ შედეგთან მიმართებით, კერძოდ, გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სს „ს.ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რაც ასევე მოიცავს საპროცესო ხარჯებსაც.
17. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს განმარტების მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადების შინაარსს, რომლის მეორე გვერდზე ავტორი ანვითარებს შემდეგ მოსაზრებას: "უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების ნაწილში, მაგრამ არ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი "გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი" შესაბამისად, ბუნდოვანია ძალაში დარჩა თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული იურიდიული ხარჯი 1894,23 ლარი".
18. საკასაციო პალატა მხარეს მიუთითებს 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და 2.1 პუნქტებზე, რომელთა შინაარსი ასეთია:
სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
სს „ს.ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა;
აშკარაა, რომ საკასაციო პალატის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილების გულდასმით და ყურადღებით გაცნობის პირობებში ერთმნიშვნელოვნად ყალიბდება დასკვნა, რომ 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სრულადაა გაუქმებული რაზეც მეტყველებს კიდეც საკასაციო პალატის მიერ მოხმობილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებაზე არაა საუბარი.
19. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სს "ს.ბ–ის" სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და კანონისმიერი რეგულირებითაც არ არსებობდა საპროცესო ხარჯების მეორე მხარისთვის დაკისრების საფუძველი.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გამოკვეთილია 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების დამაბრკოლებელი არსებითი ხასიათის გარემოებანი: გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ცალსახა და არაორაზროვანი შინაარსისაა, გადაწყვეტილება არ არის ბუნდოვანი, სრულად შეესაბამება როგორც საპროცესო ისე მატერიალური კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „პ.ბ.ს–ოს“ განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე