საქმე №ას-220-2024 28 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ე–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ს–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.ს–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ე–ის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ ზიანის, 6458.30 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის ბინიდან მის უძრავ ქონებაში წყალი არაერთხელ ჩავიდა. წყლის ჩამოსვლის შედეგად გამოწვეული დაზიანებების შესაკეთებელი სამუშოების ღირებულება, 6458.30 ლარია, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ წყალი უმნიშვნელოდ მართლაც ჩავიდა, მაგრამ არა იმდენი, მოსარჩელისათვის რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა.
4. მოპასუხის მითითებით, ერთადერთი, რაც ექსპერტიზამ დაადგინა, არის ის, რომ ჭერსა და კედლებზე არსებული ლაქები გამოწვეულია წყლის ჩადინებით. რაც შეეხება სხვა დაზიანებებს, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა არაერთი გარემოების გამო, ვერ მოხერხდა, რისი გათვალისწინებითაც, მისთვის 6458.30 ლარის დაკისრება, რომელიც მოსარჩელის ბინაში არსებული ყველა დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხაა, დაუსაბუთებელი და უკანონოა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა 6458.30 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის, 200 ლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 992-ე და მე-1000 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელემ თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა (რომელიც ადასტურებს მოსარჩელის ბინაში არსებული დაზიანებების გამოწვევას მოპასუხის ბინიდან წყლის ჩადინებით. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ბინის ფართში შეინიშნება არაერთი დაზიანება, კერძოდ: სამზარეულო ოთახისა და სააბაზანოს ფართში კედელზე მოწყობილ კაფელზე აღინიშნება ბზარები, რამდენიმე ფილა გატეხილია, კედლები დეფორმირებულია და გაკრულ შპალერზე სინესტისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური შეფერილობის ლაქებია, ასევე, სინესტისა და სისველისაგან დაზიანებული და აყრილია ლამინატის ფილები, ჭერზე აღინიშნება წყლის ჩამოდინების კვალი და შრობის შემდგომ სინესტისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური შეფერილობის ლაქები. ქ. თბილისში, ...... არსებული დაზიანებების აღმოფხვრისათვის საჭირო სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ საორიენტაციოდ შეადგინა 6458.30 ლარი), რომლის საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება აპელანტის (მოპასუხის) მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მან ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნას გააქარწყლებდა.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი მტკიცებულებები. საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებულია წყლის ჩამოსვლის ფაქტი უხვად. ამასთან, საპატრულო პოლიციაში სატელეფონო ზარების აუდიოჩანაწერებითაც დგინდება წყლის დინების ხანგრძლივობა და მოსარჩელის მცდელობა, აღკვეთოს მომდინარე ზიანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ აპელანტის (მოპასუხის) მხოლოდ იმაზე მითითება, რომ შენობა ძველია და ისედაც დაზიანებულია, არ წარმოადგენს არსებით შედავებას მითითებული ფაქტების წინააღმდეგ.
10. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 408-ე და 409-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ დგინდება მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და ამის შედეგად მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო, ვინაიდან, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ...... არსებული დაზიანებების აღმოფხვრისათვის საჭირო სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ საორიენტაციოდ შეადგინა 6458.30 ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების სახით ეს თანხა მართებულად დაეკისრა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში შეყვანილ წყალს, რომლის ხმარების შედეგად ნამდვილად შეიძლება დაზიანდეს მეზობლის ბინა, თავისი არსითა და მასშტაბით ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ წყალი მიჩნეულ იქნეს მომეტებული საფრთხის წყაროდ, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა დელიქტის ზოგადი ნორმა სსკ-ის 992-ე მუხლი და არა სსკ-ის მე-1000 მუხლი, რომელიც ამძიმებს კასატორის მდგომარეობას.
13. კასატორის მითითებით, საქმის მასალებით არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი 2021 წლის ოქტომბერში წყლის უმნიშვნელო ჩამოდინებასა და მოწინააღმდეგე მხარის ბინაში არსებულ დაზიანებებს შორის. ერთადერთი, რაც ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, არის ის, რომ ჭერზე აღინიშნება წყლის ჩამოდინების კვალი და შრობის შედეგად დარჩენილი სპეციფიკური ლაქები, შესაბამისად, დანარჩენი დაზიანებების მიზეზი ვერ დგინდება. რაც შეეხება დეფორმირებულ ლამინატს, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ზევიდან ჩამოსული წყლისა და არა მოსარჩელის ბინაში წყლის გაჟონვის შედეგია. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ შენობა ავარიულია და ყველა დანარჩენი დაზიანების მიზეზი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა გარემოებით, როგორიცაა, შენობის ხანდაზმულობა და კედლების დაწევა, რისი გათვალისწინებითაც, გაუგებარია, რატომ უნდა გადაიხადოს კასატორმა მოწინააღმდეგე მხარის ბინის სრული რემონტის ღირებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას სასამართლოების მხრიდან სამართლებრივი ნორმის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს დელიქტური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმიდან - სსკ-ის მე-1000 მუხლიდან, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის (1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. 2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია, ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით. 4. რადიაციული ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული ზიანი უნდა აანაზღაუროს მისმა გამომყენებელმა), ასევე, სსკ-ის 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან.
17. პასუხისმგებლობა ნივთიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვის დგება ბრალის მიუხედავად. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის მე-1000 მუხლი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ამკვიდრებს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან (სსკ-ის 992-ე მუხლი), ბრალის მიუხედავად, ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციას შედეგად მოჰყვა პირის ან ნივთის დაზიანება (იხ.: სუსგ საქმე №ას-543-518-2016, 23.12.2016წ.). საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას ადამიანის მიერ მასზე სრული კონტროლის შეუძლებლობის გამო. სსკ-ის მე-1000 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, პირი მოვალეა, აუნაზღაუროს დაზარალებულს მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით (იხ.: სუსგ №ას-40-37-2015, 24.12.2015წ.). ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს ზიანის დადგომის ფაქტი და ის, რომ ეს ზიანი სწორედ მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა (იხ.: სუსგ №ას-90-90-2018, 11.05.2018წ.; №ას-1293-2020, 18.12.2020წ.; №ას-1177-2020, 22.01.2021წ.).
18. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, მოპასუხის ბინიდან მოსარჩელის უძრავ ქონებაში უხვი წყლის ჩამოსვლის ფაქტი, რის საფუძველზეც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოპასუხეს ზიანის, 6458.30 ლარის, გადახდა დააკისრეს, რასაც ეს უკანასკნელი იმ გარემოებაზე მითითებით ხდის სადავოდ, რომ საქმის მასალებით არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი წყლის ჩამოდინებასა და მოსარჩელის ბინაში არსებულ ყველა დაზიანებას შორის, რისი გათვალისწინებიაც, მისთვის 6458.30 ლარის დაკისრება, რომელიც მოსარჩელის ბინაში არსებული ყველა დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხაა, დაუსაბუთებელი და უკანონოა.
19. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასვნის საფუძველზე (წყლის ჩამოსვლის მიზეზებსა და ზარალის ოდენობასთან დაკავშირებით სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 16 ნოემბრის დასკვნის თანახმად, ექსპერტის მიერ შესწავლილ იქნა ქ. თბილისი, ...... და დადგინდა შემდეგი: ბინის ფართში შეინიშნება დაზიანებები, კერძოდ: სამზარეულო ოთახისა და სააბაზანოს ფართში კედელზე მოწყობილ კაფელზე აღინიშნება ბზარები, რამდენიმე ფილა - გატეხილია, კედლები დეფორმირებული, კედლებზე გაკრულ შპალერზე აღინიშნება სინესტისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური შეფერილობის ლაქები, ასევე, სინესტისა და სისველისაგან აყრილი და დაზიანებულია იატაკზე მოწყობილი ლამინატის ფილები, ჭერზე აღინიშნება ზემოდან წყლის ჩამოდინების კვალი და შრობის შემდგომ სინესტისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური შეფერილობის ლაქები. შენობა ხანდაზმული და ავარიულია, განიცდის ფიზიკურ ცვეთას. განმცხადებლის ბინაში არსებული დაზიანებების თვისებრიობის გათვალისწინებით, დგინდება, წყლის ჩადინების შემდგომი ლაქებით გამოწვეული დაზიანებები) მიიჩნევს, რომ ამ დასკვნით უტყუარად დგინდება წყლის ჩადინების შემდგომი ლაქებით გამოწვეული კედლის დაზიანებების არსებობა, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორს არ წარუდგენია. რაც შეეხება წყლის ჩამოსვლის შედეგად მოსარჩელის კუთვნილ ბინაში ლამინატის ფილების დაზიანებას, პალატა ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერზე ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებულია წყლის უხვად ჩამოსვლის ფაქტი, რომლითაც დგინდება წყლის დინების ხანგრძლივობა, მიუთითებს, რომ აღნიშნული ქმნის წყლის ჩამოდინების შედეგად იატაკზე მოწყობილი ლამინატის ფილების დაზიანების დასკვნის საფუძველს. ამასთან, ამ ნაწილში კასატორის პრეტენზია, რომლის თანახმად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ზევიდან ჩამოსული წყლისა და არა მოსარჩელის ბინაში წყლის გაჟონვის შედეგია ლამინატის დაზიანება, დაუსაბუთებელია, ვინაიდან რაიმე მტკიცებულებით არ არის გამყარებული, მაშინ, როდესაც უდავოა გარემოებაა მისი უძრავი ქონებიდან მოწინააღმდეგე მხარის ბინაში წყლის არაერთხელ ჩასვლის ფაქტი. კედლებზე მოწყობილი გაბზარული/გატეხილი კაფელის ფილებთან დაკავშირებით კი პალატა მიიჩნევს, რომ წყლის ჩამოდინების შედეგად კაფელის გაბზარვა/გატეხვა არადამაჯერებელია, რადგან აღნიშნული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება, პირიქით, დასკვნის თანახმად, ექსპერტიზით ტექნიკურად შეუძლებელია იმის დადგენა კედლებზე მოწყობილი კაფელის ფილების გაბზარვა/გატეხვა გამოწვეულია წყლის ჩასვლით თუ შენობის ხანდაზმულობითა და კედლების დაწევით, რამაც შესაძლებელია მოსარჩელის ბინაზე ფიზიკურად იმოქმედა.
20. საკასაციო პალატა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი პრინციპის გათვალისწინებით, მას ზიანის ოდენობის უტყუარად დადასტურების ვალდებულება ეკისრებოდა, აღნიშნული იმ უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უტყუარად დგინდება მიზეზობრივი კავშირი წყლის ჩამოსვლასა და კედლებისა და იატაკის დაზიანებას შორის, სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და მართებულად დაკმაყოფილდა. რაც შეეხება კაფელის დაზიანებას, ვინაიდან, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ კედელზე დაზიანებული კაფელი წყლის ჩამოშვების შედეგია, აღნიშნული ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, შესაბამისად, საორიენტო სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის დასაკისრებულ თანხას უნდა გამოაკლდეს კედლებიდან დაზიანებული კაფელის დემონტაჟზე და კედლების კაფელის მოწყობაზე აუცილებელი თანხა, რაც მთლიანად შეადგენს 3307.13 ლარს (116.27+2.02+525.72+1482.80+303.30+2.02=2432.13 ლარი. ამ თანხის ზედნადების ხარჯი 10%, გეგმური მოგება 8%, დღგ 18% 875 ლარი), შესაბამისად, მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხა ნაცვლად დაკისრებული 6458.30 ლარისა შეადგენს 3151.17 ლარს (6458.30-3307.13).
21. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3151.17 ლარის გადახდა.
22. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 378 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ.ე–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა.ს–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ნ.ე–ს დაეკისროს 3151.17 ლარის გადახდა ა.ს–ძის სასარგებლოდ;
5. ნ.ე–ს ა.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 378 ლარის, გადახდა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე