Facebook Twitter

საქმე №ას-658-2024 22 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თგ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.ლ.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი - დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „მ.ლ.კ–მა“ (შემდეგ - მოსარჩელე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თგ–ის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასარტორი), ლ.ჭ–ძისა (შემდგომ - მეორე მოპასუხე, პირველი თავდები) და გ.ჭ–ძის (შემდგომ - მესამე მოპასუხე, მეორე თავდები) მიმართ და მოითხოვა: მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა 5357.57 ლარი, პროცენტი - 3545.07 ლარი და პირგასამტეხლო - 2676.1 ლარი, ასევე – 2022 წლის 5 ივლისიდან მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების დაწყებამდე სესხის ძირითად თანხაზე, 5357.57 ლარზე, დარიცხული საპროცენტო სარგებლის წლიური 32%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.6970 ლარს; მოპასუხეებისათვის სოლიდარულად გადასახდელი ზემოაღნიშნული თანხებიდან პირველი თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 8000 ლარით, ხოლო მეორე თავდების - 7024 ლარით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხა - 5357.57 ლარი, დარიცხული პროცენტი - 3545.07 ლარი და პირგასამტეხლო - 267.61 ლარი; არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა 2022 წლის 5 ივლისიდან მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების დაწყებამდე სესხის ძირითად თანხაზე, 5357.57 ლარზე, დარიცხული საპროცენტო სარგებლის წლიური 32%-ის დაკისრების ნაწილში.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება პირველმა მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. შეგეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შეთანხმებით სესხის დარჩენილ ძირითად თანხაზე, 5357.57 ლარზე, განისაზღვრა წლიური 32%, რაც შეუსაბამოდ მაღალ პროცენტად ვერ მიიჩნევა. სასამართლომ არ გაიზიარა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შესახებ მოპასუხის მოსაზრებაც და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლო ვერ მიიჩნევა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და არ არსებობს მისი მეტად შემცირების მატერიალურსამართლებრივი წინაპირობები.

6. რაც შეეხება მოსარჩელის შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრულ პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებების, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას დარღვევების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო 2676.1 ლარი შეუსაბამოდ მაღალია და მართებულად შემცირდა 267.61 ლარამდე.

7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პროცენტის დაკისრების ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიაც და მიუთითა, რომ თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის მხარეთა შეთანხმება სესხის პროცენტის გადახდის თაობაზე როდესაც არ არსებობს და, ამასთან, ამგვარი ფაქტი მოსარჩელეს არ მიუთითებია სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებში, საფუძველს მოკლებულია 2022 წლის 5 ივლისიდან 2023 წლის 24 მარტის ჩათვლით ყოველდღიურად დარიცხული სარგებლის მსესხებლისათვის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირველმა მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. კასატორის განმარტებით, სესხის ძირითადი თანხა მოიცავს 5357 ლარს, ხოლო პროცენტი – 3545 ლარს, რასაც ემატემა 267 ლარი პირგასამტეხლო. ჯამურად პროცენტი და პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 75%-ია, რაც არასამართლიანია.

10. კასატორის მითითებით, პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებების შეფასებით და გათვალისწინებულ უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს, შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. სასამართლოს დისკრეციის ფარგლებში შეეძლო პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირება.

11. კასატორის მითითებით, მართალია, მოსარჩელის წინაშე აქვს ვალდებულება, მაგრამ, ვინაიდან სოციალურად დაუცველი, ხანდაზმული და მარტოხელა ქალბატონია, რომელსაც არ შესწევს უნარი, ერთიანად ან მოსარჩელის მიერ განსაზღვრული გრაფიკით გადაიხადოს დავალიანება, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ შემცირებული თანხა უნდა დაეკისროთ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხეთათვის სოლიდარულად სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება. ამ მოთხოვნების საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 463-ე (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს), 895-ე (თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა) მუხლები.

17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები შესრულებულია, კერძოდ, აშკარაა შესასრულებელი ვალდებულება, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოიშვა, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2019 წლის 22 ივლისს გაფორმდა №434026-287626 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 8 000 ლარი, 24 თვით, სესხის თანხაზე წლიური 32%-ის სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების თანახმად, სესხი უნდა დაფარულიყო სესხის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში ყოველი თვის 26 რიცხვში თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოც გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის - 0.27%-ით. კრედიტორის მიერ გაცემული სესხის თანხა მსესხებელმა აითვისა.

18. პირველი მოპასუხის მიერ №434061-404903 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს ვალდებულებას. 2022 წლის 4 ივლისის მონაცემებით მსესხებლის ჯამური დავალიანება გამსესხებლის წინაშე შეადგენს 11 590.81 ლარს, საიდანაც ძირი თანხა 5357.57 ლარი, დარიცხული პროცენტი 3545.07 ლარი, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 2676.1 ლარია.

19. კასატორის საკასაციო პრეტენზიების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს დისკრეციის ფარგლებში პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირება შეეძლო. კასატორი დაკისრებული პროცენტის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზეც მიუთითებს.

20. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე გამოიტანს დასკვნას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ.: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ.: სუსგ №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-1206-2023, 17.11.2023წ.).

22. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის ივალდებულა. უდავოა, რომ მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, რამაც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა წარმოშვა. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს თავისი მტკიცების ფარგლებში არ დაუდასტურებელია პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირების კანონიერება. საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 10-ჯერ შეამცირა და, ნაცვლად მოთხოვილი 2676.1 ლარისა, მოპასუხეებს სოლიდარულად 267 ლარის გადახდა დააკისრათ, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს მისი კიდევ უფრო შემცირების საფუძველი.

23. რაც შეეხება დარიცხული პროცენტის მართლზომიერებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდაც, რომლის თანახმადაც, სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლი - წლიური 32% შეუსაბამოდ მაღალ პროცენტად ვერ მიიჩნევა. საკასაციო პალატის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ზემოაღნიშნული საპროცენტო განაკვეთები, სესხის ხელშეკრულების დადებისას, ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისგან შეუსაბამო და მართლსაწინააღმდეგო პირობას არ წარმოადგენს (იხ.: სუსგ №ას-894-834-2017, 3.11.2017წ.; №ას-1325-2018, 22.02.2019წ.; №ას-663-629-2015, 28.07.2015წ.; №ას-894-834-2017, 3.11.2017წ.; №ას-377-2021, 12.10.2021წ.; №ას-386-2019, 2.04.2021წ.; №ას-444-2020, 17.03.2021წ).

24. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის 29 დეკემბერს, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში ცვლილება შევიდა და დაემატა მე-2 ნაწილი, რომლითაც სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 100% დაწესდა, ხოლო მოგვიანებით, 2018 წლის 21 ივლისს, იგივე მუხლი კვლავ შეიცვალა და საპროცენტო სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად 50% განისაზღვრა, რაც კონკრეტულ მიზნად სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირებას ისახავდა. ამდენად, ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესების დაცვის, სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით, კანონმდებელმა საკანონმდებლო ცვლილებებით სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი ჯერ 100%-ით, ხოლო მოგვიანებით 50%-ით განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის დაბლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშესაბამისია (იხ.: სუსგ №ას-4-2023, 30.03.2023წ.).

25. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომელიც ამ უკანასკნელის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ეხება, პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327 მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა სესხის ხელშეკრულებაც.

26. პალატის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარემ და კასატორმა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დადეს ხელშეკრულება, რომელიც კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში, ძირ თანხასთან ერთად ითვალისწინებდა პროცენტისა და პირგასამტეხლოს მსესხებლისათვის დაკისრებას, რისი გათვალისწინებითაც, კასატორის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, ვერ გახდება სახელშეკრულებო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

27. პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

29. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-1214-2018, 31.10.2019წ.; №ას-1741-2019, 28.07.2020წ.; №ას-1316-2018, 30.09.2019წ.; №ას-377-2021, 12.10.2021წ.; №ას-386-2019, 2.04.2021წ.; №ას-444-2020, 17.03.2021წ).

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

35. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თგ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე