საქმე №ას-1294-2023 30 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ს–ძე, უ.ს–ძე, თ.ს–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ს–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გორის რაიონული სასამართლოს 02.05.2022 წლის გადაწყვეტილებით ლ.ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 02.05.2022 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ხ.ს–ძემ, მ.ს–ძემ, უ.ს–ძემ და თ.ს–ძემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.07.2022წ. განჩინებით ხ.ს–ძის, მ.ს–ძის, უ.ს–ძის და თ.ს–ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
2. 29.09.2022წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა და იშუამდგომლეს მოცემული საქმის (№2ბ/3193-22) წარმოების შეჩერების მოთხოვნით და მიუთითეს, რომ გორის რაიონულ სასამართლოს 08.08.2022წ. სარჩელით მიმართა უ.ს–ძემ მოპასუხე ლ.ს–ის მიმართ და მოითხოვა: ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდილად აღიარება და უ.ს–ძის მესაკუთრედ ცნობა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.10.2022წ. განჩინებით შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. 18.05.2023წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმეორებით განცხადებით მიმართეს აპელანტებმა და იშუამდგომლეს მოცემული საქმის (№2ბ/3193-22) წარმოების შეჩერების შესახებ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით - შუამდგომლობა საქმისწარმოების შეჩერების შესახებ დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ, რაკი საქმისწარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობაზე იმავე საფუძვლით პალატამ უკვე იმსჯელა და 07.10.2022წ. განჩინებით უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე, არსებობდა წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი.
7. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, 07.10.2022 წლის ოქტომბრის განჩინება მათ არ ჩაჰბარებიათ, არ იცოდნენ ამ განჩინების შინაარსი, რის გამოც დასჭირდათ ანალოგიური შინაარსის განცხადების წარდგენა. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩნებით უსაფუძვლოდ დარჩა შუამდგომლობა განუხილველად. ამდენად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმისწაარმოება შეჩერდეს, რადგან ორივე სარჩელი შეეხება ერთი და იმავე ქონებას და მიღებული გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს შედეგზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. გასაჩივრებული განჩინებით საქმისწარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა განუხილველად დარჩა იმ მოტივით, რომ იმავე საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობაზე სააპელაციო პალატამ იმსჯელა და 07.10.2022 წლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
10. დადგენილია, რომ 29.09.2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა და იშუამდგომლეს საქმისწარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ გორის რაიონულ სასამართლოს 08.08.2022წ. სარჩელით მიმართა უ.ს–ძემ მოპასუხე ლ.ს–ის მიმართ და მოითხოვა: ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდილად აღიარება და უ.ს–ძის მესაკუთრედ ცნობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.10.2022 წლის განჩინებით შუამდგომლობა საქმისწარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა გორის რაიონულ სასამართლოში აღძრული სამოქალაქო დავის განხილვამდე მოცემული სამოქალაქო დავის განხილვის შეუძლებლობა. 18.05.2023 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმეორებით განცხადებით მიმართეს აპელანტებმა წარმოების შეჩერების შესახებ იმავე საფუძვლით, რაც მითითებული ჰქონდათ 29.09.2022 წლის შუამდგომლობაში და რაზეც სააპელაციო სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა და არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა.
11. ასეთ ვითარებაში კი, თუ მხარე იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებით მიმართავს სასამართლოს, საკითხი უნდა დარეგულირდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით). შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სწორად დარჩა განუხილველად საქმისწარმოების შეჩერების შესახებ განცხადება.
12. კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ მათ არ ეცნობათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.10.2022 წლის განჩინების შესახებ, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი 07.10.2022 წლის განჩინებით ნამსჯელია საქმისწარმოების შეჩერებაზე უარის თქმის მოტივებზე, რომელიც სსსკ-ის 404.2 მუხლის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება. აქედან გამომდინარე, არგუმენტი, რომ მხარე განჩინებას არ გასცნობია, ვერ გახდება შუამდგომლობაზე ხელახლა მსჯელობის საფუძველი.
13. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლებზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პალატა წინამდებარე განჩინების ფარგლებში მხოლოდ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების მართლზომიერებაზე მსჯელობს და საქმისწარმოების შეჩერებაზე უარის შინაარსობრივ მხარეს ვერ შეამოწმებს. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მხარემ საქმისწარმოების შეჩერება საკასაციო ინსტანციის სასამართლოშიც მოითხოვა, რის გამოც პალატა აღნიშნულზე ცალკე განჩინებით იმსჯელებს.
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ს–ძის, უ.ს–ძისა და თ.ს–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე