საქმე №ას-946-2022 22 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ-ბ“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ბ-ბ-მ“ (შემდგომ - მენარდე, პრიციპალი, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - შემკვეთი, ბენეფიციარი, მერია, მოპასუხე, კასატორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა 01.01.01/30/408, 01.01.01/30/384 და 01.01.01/30/382 ხელშეკრულებები, რომელთა ფარგლებში მოსარჩელემ შეასრულა შეთანხმებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები; 2019 წლის 18 იანვრის წერილით მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების შეწყვეტამდე მოსარჩელემ შეასრულა: 01.01.01/30/408 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 552 963,72 ლარის სამუშაო, საიდანაც მოპასუხემ აანაზღაურა მხოლოდ 440 403,90 ლარი; 01.01.01/30/384 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მენარდემ შეასრულა 545 582,14 ლარის სამუშაო, საიდანაც შემკვეთმა აანაზღაურა 317 632,44 ლარი; 01.01.01/30/382 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელემ შეასრულა 379 775,46 ლარად ღირებული სამუშაო, საიდანაც მოპასუხემ აანაზღაურა მხოლოდ 354 588,24 ლარი.
3. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო შესრულებული სამუშაოთა ხარისხის საგარანტიო თანხის 5%-ის დაკავებაც, საიდანაც ხელშეკრულების დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 5%-ის ნახევარი 2,5%, რაც თბილისის მერიამ არ შეასრულა. დარჩენილი 2,5% მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდგომ.
4. მოპასუხემ ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში შესრულების ვადების დარღვევის გამო მოსარჩელეს პირგასამტეხლო არაერთხელ დააკისრა. მოსარჩელის მიერ ვადის გადაცილება არ იყო თავისი ბრალით განპირობებული; ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლო დაანგარიშდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,02%-დან. მოსარჩელის ბრალეულობის შემთხვევაშიც კი, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დაანგარიშებულიყო სამუშაოების დარჩენილი ღირებულებიდან.
5. ბენეფიციარმა ბანკისაგან გამოითხოვა: 01.01.01/30/408 ხელშეკრულებიდან გამომდინარე საბანკო გარანტიის თანხა - 41 509,25 ლარი; 01.01.01/30/384 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 62 296,45 ლარი და 01.01.01/30/382 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 29 199,75 ლარი.
6. საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაჰკისრებოდა: ა) 01.01.01/30/408 ხელშეკრულების ფარგლებში 78 544,54 ლარი (აუნაზღაურებელი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო); ხარისხის გარანტიის სახით - 474 419,17 ლარის 5%-ის ნახევარი (2,5%) – 11 860,48 ლარი; უსაფუძვლოდ დაკისრებული/დაკავებული პირგასამტეხლო - 10 294,31 ლარი; ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის სახით უსაფუძვლოდ მითვისებული 41 509,25 ლარი; ჯამურად 142 208,58 ლარის გადახდა; ბ) 01.01.01/30/384 ხელშეკრულების ფარგლებში - 210 969,90 ლარი (აუნაზღაურებელი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო); ხარისხის გარანტიის სახით - 334 612,24 ლარის 5%-ის ნახევარი (2,5%) – 8 365,31 ლარი; უსაფუძვლოდ დაკისრებული/დაკავებული პირგასამტეხლო - 9 718,27 ლარი; ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის სახით უსაფუძვლოდ მითვისებული 62 296,45 ლარი; ჯამურად - 291 349,93 ლარის გადახდა; გ) 01.01.01/30/382 ხელშეკრულების ფარგლებში 2 467,45 ლარი (აუნაზღაურებელი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო); ხარისხის გარანტიის სახით - 354 588,24 ლარის 5%-ის ნახევარი (2,5%) – 9 432,7 ლარი; უსაფუძვლოდ დაკისრებული/დაკავებული პირგასამტეხლო - 8 876,74 ლარი; ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის სახით უსაფუძვლოდ მითვისებული 29 199,75 ლარი; ჯამურად - 49 976,64 ლარის გადახდა.
მოპასუხის შესაგებელი
7. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 18 იანვრის წერილებით თბილისის მერიამ ხელშეკრულებათა 10.5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვიტა მენარდის მიერ სამუშაოს საბოლოო შესრულების ვადის 20 კალენდარული დღეზე მეტი ვადით გადაცილებისათვის, რაც, თავის მხრივ, შესრულების საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხის გადახდის საფუძველი იყო. მოსარჩელის მიერ ჯამურად შესრულებულია არა 552 963,72 ლარის სამუშაო, არამედ 474 419,17 ლარის; ასევე - 545 582,14 ლარის ნაცვლად - 334 612,24 ლარის და 379 775,46 ლარის ნაცვლად - 377 308,01 ლარის სამუშაო. ხელშეკრულებათა 9.4 და 9.5 პუნქტები ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ით. ხელშეკრულებების პირობების დარღვევა კი, ხარისხის გარანტიის დაკავების საფუძველი იყო ხელშეკრულებების მე-4 პუნქტების თანახმად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა №01.01.01/30/408 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით 34 015,27 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს დაეკისრა №01.01.01/30/384 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით 16 979,8 ლარის, ხარისხის გარანტიის - 8 365,31 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხის - 9 469,08 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს დაეკისრა №01.01.01/30/382 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით 2 467,45 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მერიას დაეკისრა 395, 488 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ. მერიას დაეკისრა მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4089,54 ლარისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6715,57 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. მოპასუხეს დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის - 10 000 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები (ექსპერტიზის დასკვნები, ინსპექტირების ანგარიში), რომელთა შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ 01.01.01/30/408 ხელშეკრულებაზე შეასრულა თავდაპირველი პროექტით გაუთვალისწინებელი 78 544,54 ლარის სამუშაო, 01.01.01/30/384 ხელშეკრულებაზე თავდაპირველი პროექტით გაუთვალისწინებელი 210 969,90 ლარის სამუშაო და 01.01.01/30/382 ხელშეკრულებაზე თავდაპირველი პროექტით გაუთვალისწინებელი 2 467,45 ლარის სამუშაო. მოპასუხეს კი ამ მტკიცებულებათა საპირისპირო მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ მერიას არაერთი წერილით მიმართა და ითხოვა დამატებითი თანხის გამოყოფა, რადგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხშირ შემთხვევაში მოითხოვდა დამატებით ხარჯებს. ამასთან, მერიის პასუხად სამუშაოთა მოცულობები აისახებოდა პროექტის საბოლოო კორექტირებულ ვარიანტში, თუმცა შემდგომში მოსარჩელეს ეცნობა, რომ მიემართა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისთვის“ (შემდგომ - ლაბორატორია), რათა დამკვეთთან შეთანხმებული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების დადასტურებისას დანახარჯები გაეთვალისწინებინათ. ლაბორატორიის 2019 წლის 28 მარტის პასუხით მენარდეს ეცნობა, რომ ლაბორატორია უფლებამოსილია, დაადასტუროს მხოლოდ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაო. მოგვიანებით კი მერიამ აცნობა, რომ, რაკი ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა, ხარჯთაღრიცხვის კორექტირება შეუძლებელი იყო. ამასთან, მოპასუხეს როგორც ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ასევე - ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომაც არ განუცხადებია პრეტენზია, რომ მოსარჩელის მიერ ფაქტობრივრად შესრულებული სამუშაოები მისთვის მიუღებელი იყო.
9. ამდენად, სააპელაციო პალატის დასკვნით რაკი მერია მიუთითებდა, რომ დამატებითი ხარჯი გათვალისწინებული იქნებოდა პროექტის კორექტირებულ ვარიანტში, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კონკლუდენტური მოქმედებებით გამოხატავდა თანხმობას და არცერთ შემთხვევაში უარი არ უთქვამს სამუშაოთა შესრულებაზე, ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო დამატებითი ხარჯების გაღებაზე და არც ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, სსკ-ის 631-ე მუხლის თანახმად, წარმოუშობს ვალდებულებას, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
10. ხარისხის გარანტიის სახით დაკავებული თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, ხელშეკრულებათა თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წლით; ხელშეკრულებების 4.3 პუნქტების თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნებოდა 5%. დაკავებული 5%-დან 2,5% გადაიხდებოდა სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5% - შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარდგენის შემდგომ. აღნიშნული გარანტია წარდგენილი უნდა ყოფილიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 4.4 პუნქტების თანახმად, მიმწოდებელს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდებოდა აღნიშნული საბანკო გარანტია ხარვეზის აღმოფხვრისა და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. ხელშეკრულებების 4.5 პუნქტების თანახმად, თუ მიმწოდებელი არ შეასრულებდა ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ 4.3 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა. პალატამ მიიჩნია, რომ ღირებულებიდან დაკავებული 5 პროცენტიდან 2.5 პროცენტის ოდენობის თანხის დაბრუნების პირობა უკვე დამდგარია. მოპასუხეს რაიმე პრეტენზია ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით არ გააჩნდა. მას ამ თვალსაზრისით არც კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია და არც საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო ხელშეკრულების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
11. საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ: №01.01.01/30/408 ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 830 185 ლარით, საიდანაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებაა - 518,974; 01.01.01/30/384 ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1245929 ლარით, საიდანაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებაა - 528,601 ლარი; 01.01.01/30/382 ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 583 995 ლარით, საიდანაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებაა - 357 246 ლარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულების გათვალისწინებით, მოსარჩელეს 01.01.01/30/408 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაჰბრუნებოდა საბანკო გარანტიის 41 509,25 ლარის 66,6 % - 27 649 ლარი; 01.01.01/30/384 ხელშეკრულების საბანკო გარანტიიდან 62 296,45 ლარის 43.7% - 27, 223 ლარი; 01.01.01/30/382 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საბანკო გარანტიის 29 199 ლარის 65% - 18,979 ლარი, სულ - 73,851 ლარი.
12. დაკისრებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია გარემოებებზე და არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი მკაცრად იცავდა ხელშეკრულებებით დადგენილ ვადებსა და ცალკეულ სამუშაოებზე გეგმა-გრაფიკს და ყველა ზომას იღებდა, რომ ვადები არ დარღვეულიყო. ამდენად, რაკი დადგინდა მოსარჩელის მიერ ვალდებულების ვადის გადაცილებით შესრულება, პირგასამტეხლოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნა პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
14. კასატორის მტკიცებით, მენარდეს ხელშეკრულების ფარგლებში, შეთანხმებული პირობების დაცვით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სრულად აუნაზღაურდა ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოთა ღირებულება. უდავოა, რომ დამატებითი სამუშაო პროექტით შეთანხმებული არ ყოფილა და შემდგომ დამატებით არც მხარეებს არ შეუთანხმებიათ და არც მერიას არ დაუდასტურებია. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მერიის მიერ სამუშაოთა მოწონებას ან მიღებას, მით უმეტეს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო სამუშაოთა მიღების წესი - მიღებ-ჩაბარების აქტის გაფორმება. განსახილველ შემთხვევაში, შესაბამისი სუბიექტის - ლაბორატორიის მიერ არ არის შემოწმებული ხარისხი და არც ამ სამუშაოთა შესრულების საჭიროება. მენარდის მხრიდან შემკვეთის მხოლოდ ინფორმირება არ წარმოშობს დამატებითი ხარჯის ანაზღაურების საფუძველს. ხარჯების შეთანხმება საჭიროებდა წერილობით ცვლილებას ხელშეკრულებასა და ხარჯთაღრიცხვაში. შესაბამისად, არც მენარდის წერილები და არც ექსპერტიზის დასკვნები ანაზღაურების წინაპირობას არ წარმოადგენს.
15. ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული საბანკო გარანტიები იყო უპირობო და გამოუთხოვადი. უდავოა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულება არაჯეროვნად შეასრულა. ამდენად, სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მერიას შეეძლო შესრულების გარანტიების გამოთხოვა და ამ მოთხოვნას არ გააჩნია ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.
16. რაც შეეხება ხარისხის გარანტიას, მხარეებმა 2.5%-ის მენარდისთვის გადახდა/დაბრუნება დაუკავშირეს სამუშაოს სრულად დასრულებას და საბოლოო მირება-ჩაბარების აქტის გაფორმებას. დადგენილია, რომ მენარდემ სამუშაოს ვადაში დასრულება ვერ უზრუნველყო ვერცერთი ხელშეეკრულების ფარგლებში და ვერც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი ვერ გაფორმდა. შესაბამისად, ხარისხის გარანტიის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. გარდა ამისა, გაუგებარია, რომელ მტკიცებულებას დაეყრდო სასამართლო, როცა განმარტა, რომ მოპასუხეს ფაქტობრივ შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით პრეტენზია არ გააჩნდა.
17. სადავო გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაღებული იურიდიული მომსახურების ხარჯი - 10 000 ლარი, რაც იმთავითვე მიუღებელი და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლო არ მსჯელობს, რამდენად შეესაბამება „გონივრულ ფარგლებს“. არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რაც გამორიცხავს მერიისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, სარჩელი საბანკო გარანტიის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების კუთხით ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. განსახილველ შემთხვევაში, მენარდის მიერ შემკვეთის მიმართ გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 631-ე მუხლს ეფუძნება, რომლის თანახმადაც, (1) თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია, მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. (2) მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ხარჯთაღრიცხვის წინასწარ გაუთვალისწინებელი მნიშვნელოვანი გადაჭარბების დროს კანონი მენარდეს ავალდებულებს, წინასწარ აცნობოს შემკვეთს, რომელსაც, თავის მხრივ, ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და აანაზღაუროს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, ხოლო, თუკი მენარდე არ დაიცავს წინასწარი ინფორმირების ვალდებულებას, ის კარგავს უფლებას, მოითხოვოს გადაჭარბებული ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ის გარემოება, რომ შემკვეთისათვის ცნობილი იყო გაუთვალისწინებელი ფარული სამუშაოების არსებობის შესახებ, მან ეს სამუშაოები მოიწონა და ხელშეკრულება ამ საფუძვლით არ შეუწყვეტია (იხ.: სუსგ №ას-678-632-2017, 27.10.2017წ.). შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბებული ოდენობის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად კასატორის მიერ მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის გაუფორმებლობა ვერ იქნება განხილული საფუძვლიან არგუმენტად. მართალია, ხელშეკრულებებით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, რომ ის მიღებულად ჩაითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; შესრულებული სამუშაოების (ან მისი ნაწილის) დასრულების თარიღად მიიჩნეოდა დადასტურებული ფორმა №2-ით (შესრულებული სამუშაოს აქტი) განსაზღვრული სამუშაოს დასრულების თარიღი, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სხვა მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება (იხ.: სუსგ №ას-3232-307-2011, 01.12.2011წ.; №ას-939-879-2017, 29.09.2017წ.) ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, კანონიერია.
21. უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის გარანტიის სახით დაკავებული თანხის (მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან 2.5%) არასწორად დაკისრებასთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების 4.3 მუხლიდან ცალსახად დგინდება შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან 5%-ის დაკავების მიზნობრიობა, კერძოდ, შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს რაიმე პრეტენზია ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით არ გააჩნდა. მას ამ თვალსაზრისით კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია და არც საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულებით არ დადასტურდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შეუსაბამობა. არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რომ საგარანტიო თანხის დაბრუნებაც მხარეებმა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას დაუკავშირეს. როგორც აღინიშნა, ხელშეკრულების შინაარსის შესწავლით ირკვევა, რომ მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მიწოდებული საქონლის ხარისხის შემოწმებას არ დაუკავშირეს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საკითხი სამართლებრივად მნიშვნელოვანი არ არის. თუკი შემკვეთს შესრულებული სამუშაოს ხარისხთან მიმართებით პრეტენზია ჰქონდა, ნივთობრივი ნაკლის გამო ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე პრეტენზიის წარდგენა შეეძლო, რაც მას არ გაუკეთებია.
22. საკასაციო პალატა იზიარებს საბანკო გარანტიის საფუძველზე მოპასუხის მიერ მიღებული შესრულების დაბრუნების თაობაზე კასატორის პრეტენზიას. უდავოა, რომ მხარეთა მიერ გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებათა შესაბამისად, ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილი იყო, მათ შორის, საბანკო გარანტიით (სსკ-ის 879-ე-890-ე მუხლები). ნარდობის ხელშეკრულებები შესრულდა არაჯეროვნად. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, ბენეფიციარს შეთანხმებული თანხა აუნაზღაურა გარანტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლით. სსკ-ის 879-ე მუხლი განსაზღვრავს საბანკო გარანტიის ელემენტებს და ადგენს, რომ საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის ხსენებული საშუალება გარკვეულწილად მესამე პირის სასარგებლოდ დადებული იმგვარი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს პრინციპალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მისი კრედიტორის ინტერესებს. სამოქალაქო ბრუნვაში საკმაოდ მყარად დამკვიდრებული ხსენებული ინსტიტუტის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი მისი, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის დამოუკიდებლობაა პრინციპალსა და ბენეფიციარს შირის არსებული ვალდებულებისაგან, კერძოდ, სსკ-ის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. გარანტიის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს ბენეფიციარის მოთხოვნის შესრულების წესი, კერძოდ, ამავე კოდექსის 887-ე მუხლი ანაზღაურების წინაპირობას ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დოკუმენტების გარანტიის მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებასა და მოთხოვნის განსაზღვრულ ვადაში წარდგენის ფაქტს უკავშირებს, უფრო მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნა შეწყდა შესრულებით, სხვა საფუძვლით ან თუნდაც ბათილია, ბენეფიციარის მხრიდან განმეორებითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, გარანტს ნაკისრი ვალდებულების უპირობოდ შესრულება ევალება.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის ინსტიტუტის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა არ შეიცავს ბენეფიციარისათვის გარანტიის საფუძველზე გადაცემული შესრულების გამოთხოვის შესაძლებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ ვალდებულება დაირღვა, რომელიც უზრუნვეყოფილი იყო ორი დამოუკიდებელი საშუალებით (პირგასამტეხლო და საბანკო გარანტია) და არცერთი მათგანის ნამდვილობა სადავო არაა, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში იურიდიულად გაუმართლებელია პრინციპალის მოთხოვნა ბენეფიციარის მიმართ, დააბრუნოს საბანკო გარანტიის საფუძველზე მიღებული შესრულება. ამდენად, როდესაც ბენეფიციარის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია გარანტიის პირობების შესაბამისად (უზრუნველყოფილი ვალდებულება დაირღვა და საბანკო გარანტიის ნამდვილობა სადავო არაა), საბანკო გარანტიის საფუძველზე მიღებული შესრულების დაბრუნების თაობაზე პრინციპალის მოთხოვნა ბენეფიციარის მიმართ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია (იხ.: სუსგ №ას-1681-2018, 1.03.2019წ.).
24. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების ნაწილში, პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება (იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა) არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც სასამართლო განსაზღვრავს ხარჯების ოდენობას და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება შეასრულა ადვოკატმა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმისწარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გაწია და სხვა (სუსგ №ას-1054-2019, 30.09.2019წ; №ას-316-316-2018, 07.05.2018წ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს წარმომადგენლის ხარჯის ანაზღაურება დაკისრებული აქვს კანონით განსაზღვრული ფარგლების გათვალისწინებით და გონივრული ოდენობით.
25. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 321 637 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
26. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ამ დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრება 7 981.2 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; ამასთან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილი უარყოფილ იქნა. სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი იმ ბაჟის ნაწილს - 3 692.55 ლარს, რომლის გადახდისაგან გათავისუფლებულია მოპასუხე, აკისრებს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ბ-ბ-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს 321 637 ლარის გადახდა შპს „ბ-ბ-ს“ სასარგებლოდ;
5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს 7 981.2 ლარი შპს „ბ-ბ-ს“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
6. შპს „ბ-ბ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 3 692.55 ლარის გადახდა;
7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის - 10 000 ლარის ანაზღაურება შპს „ბ-ბ-ს“ სასარგებლოდ;
8. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე