Facebook Twitter

22 ივლისი, 2024 წელი

№ას-303-2024 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ა–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში –სს „ს.რ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 8850 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2500 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 12 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა №შს/21-030 ხელშეკრულება საქონლის შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად მოსარჩელე ყიდდა, ხოლო მოპასუხე ყიდულობდა პროდუქციას, კერძოდ, სხვადასხვა ტიპის აკუმულატორებს. ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვალდებულება იკისრა, ანგარიშსწორება განეხორციელებინა საქონლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. წერილის N5439 მიხედვით, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელე შეცდომით დაჯარიმდა 8850 ლარით.

3. მოსარჩელეს პირგასამტეხლო დაეკისრა ხელშეკრულების 10.1. მუხლის მიხედვით, თუმცა არ არსებობდა ამისათვის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. ვინაიდან მოსარჩელე არ დაეთანხმა ზემოხსენებულ დავალიანებას, მოპასუხეს მისწერა წერილი და განუმარტა შეცდომის შინაარსი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეს პირგასამტეხლო ეკისრებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, საქონლის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, რაც მოსარჩელის მხრიდან არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, არ იკვეთება პირგასამტეხლოს დაკისრების ტენდერითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძველი. უსაფუძვლოდ დაკისრებული ჯარიმის გაქვითვის მიზნით, მოპასუხემ ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი 8850 ლარი დაიტოვა. ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში, ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 8850 ლარის ოდენობით, რის დაუსაბუთებელ უარს აცხადებს.

4. №შს/21-030 ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიშსწორება განახორციელოს საქონლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2022 წლის 24 თებერვალს სხვა ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო გადასახდელი დაიტოვა 8850 ლარი, რისი მიზანიც, მოსარჩელის მოსაზრებით, მისთვის უსაფუძვლოდ დაკისრებული ჯარიმის გაქვითვაა. 2022 წლის 18 აპრილს, დავალიანების შესახსენებლად მოპასუხემ მოსარჩელეს მისწერა წერილი და განუსაზღვრა 5-დღიანი ვადა დავალიანების დასაფარად და კიდევ ერთხელ განუმარტა უსაფუძვლოდ დაჯარიმების შესახებ, რასაც მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2021 წლის 12 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის 7.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა - მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში მიეწოდებინა შემსყიდველისათვის საქონელი - სატრანსპორტო საშუალებები და აკუმულატორები. ხელშეკრულების 7.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველის მიერ კონკრეტულ ელექტრონულ მისამართზე მოთხოვნის გაგზავნიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა საქონლის მიწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების 10.1. პუნქტით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%, არანაკლებ დღეში 50 ლარისა. მყიდველის მიერ მოთხოვნა გაიგზავნა 2021 წლის 22 მარტს, მიმწოდებელმა აღნიშნული მოთხოვნა შეასრულა მხოლოდ ნაწილობრივ, ხოლო დარჩენილი 2 აკუმულატორის მიწოდება განხორციელდა - 2021 წლის 14 სექტემბერს, რაც დასტურდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით. ამდენად, მიწოდების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 22 მარტიდან და გაგრძელდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე - 2021 წლის 15 სეტემბრამდე, 171-დღიანი ვადაგადაცილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეს დაერიცხა პირგასამტეხლო, 8550 ლარის ოდენობით.

6. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ 2021 წლის 27 აგვისტოს გაგზავნილი მოთხოვნის შესაბამისად, ნასყიდობის საგნის ჩაბარების ვადა იყო 2 სექტემბერი, მიმწოდებლის მიერ ნასყიდობის საგნის მიწოდება მოხდა 1 დღის დაგვიანებით - 3 სექტემბერს, რის გამოც მოსარჩელეს დაერიცხა პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით. ასევე, 2021 წლის 29 ნოემბერს მიმწოდებელს გაეგზავნა მოთხოვნა, ჩაბარების ვადა იყო 3 დეკემბერი, საქონლის ჩაბარება რეალურად განხორციელდა 8 დეკემბერს, 5-დღიანი ვადაგადაცილებით, მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო 250 ლარის ოდენობით. ამდენად, სულ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 8850 ლარი, რაც მოსარჩელეს დაუკავდა, ვინაიდან ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ვალდებულება არ შესრულდება ჯეროვნად, სწორედ აღნიშნულისათვის არსებობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალება. შემსყიდველმა, საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით, ხელშეკრულების პირობებში გაითვალისწინა პირგასამტეხლო, რომლის გამოყენების უფლებაც მას ჰქონდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების დაგვიანების შემთხვევაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8350 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 12 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა №შს/21-030 ხელშეკრულება (კონსოლიდირებული ტენდერი 200000319) საქონლის შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად, მხარეების შეთანხმებისამებრ, მოსარჩელე ყიდდა, ხოლო მოპასუხე ყიდულობდა პროდუქციას, კერძოდ, სხვადასხვა ტიპის აკუმულატორებს.

10. ხელშეკრულების 7.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველის მიერ კონკრეტულ ელექტრონულ მისამართზე მოთხოვნის გაგზავნიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა საქონლის მიწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების 10.1. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%, მაგრამ არანაკლებ დღეში 50 ლარისა.

11. ხელშეკრულების თანახმად, მხარეს პირგასამტეხლო დაერიცხებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, საქონლის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში.

12. ხელშეკრულებს 10.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-ის ოდენობით. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იყო, ანგარიშსწორება განახორციელებინა საქონლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

13. ანგარიშის ბარათის მიხედვით, ბოლო რეალიზაცია განხორციელდა 2022 წლის 3 თებერვალს, შესაბამისად, არაუგვიანეს 2022 წლის 18 თებერვლისა, მოპასუხეს სრულად უნდა დაეფარა ნასყიდობის საფასური (18.02.2022 წლის მდგომარეობით - 23 682 ლარი). მოპასუხემ ეტაპობრივად გადაიხადა ნასყიდობის საფასური, ხოლო 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით დარჩენილი გადასახდელი თანხა შეადგენდა - 8 850 ლარს.

14. 2021 წლის 22 მარტს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ ელექტრონული ფოსტით მოითხოვა 13 ერთეული აკუმულატორის მიწოდება. 2021 წლის 26 მარტის მდგომარეობით, მიმწოდებელს აკუმულატორების სრულად არ მიუწოდებია, მიწოდებულ იქნა 11 ცალი აკუმულატორი, ხოლო დარჩენილი 2 მხარეს გადაეცა 2021 წლის 14 სექტემბერს - 171 დღის დაგვიანებით (მოთხოვნა გაიგზავნა 2021 წლის 22 მარტს, მიწოდების ვადა იყო 27 მარტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს დაერიცხა პირგასამტეხლო - 8550 ლარის ოდენობით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარი).

15. 2021 წლის 27 აგვისტოს, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხემ ელექტრონული ფოსტით მოითხოვა აკუმულატორის მიწოდება. მოსარჩელემ მიწოდება განახორციელა ერთი დღის ვადაგადაცილებით - 2021 წლის 3 სექტემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით.

16. 2021 წლის 29 ნოემბერს, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხემ ელექტრონული ფოსტით მოითხოვა აკუმულატორის მიწოდება. მიმწოდებლის მიერ აკუმულატორების მიწოდება განხორციელდა 5 დღის ვადაგადაცილებით - 2021 წლის 8 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო 250 ლარის ოდენობით.

17. ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, სულ მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო - 8 850 ლარის ოდენობით (171 დღე X 50 ლარი), სწორედ, აღნიშნული ოდენობით თანხა იქნა დაკავებული მოპასუხე მხარის მიერ შესყიდული აკუმულატორების საფასურიდან.

18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №შს/21-030 ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა 56 486 ლარის ღირებულების საქონელი. აღნიშნული დავალიანებიდან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გადახდილია 47 636 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს გაქვითვის მიზნით, დაკავებულია 8 850 ლარი.

19. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების საფუძველზე ბოლო გადახდა განახორციელა 2022 წლის 24 თებერვალს.

20. 2022 წლის 18 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეს, დავალიანების შეხსენების მიზნით, წერილი მისწერა და დავალიანების დასაფარად 5-დღიანი ვადა განუსაზღვრა. ამასთან, კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ უსაფუძვლოდ იყო დაჯარიმებული.

21. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი, უმთავრესად, ემყარება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ უხეშად დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 83-ე მუხლის მოთხოვნები, როდესაც მოპასუხის თანხმობის გარეშე მიიღო და განიხილა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მთავარი სხდომის მიმდინარეობისას შეცვლილი სასარჩელო მოთხოვნა და მისი ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ, აპელანტის განმარტებით, მოსარჩელემ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე მიუთითა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და საქმის განხილვის ამ ეტაპზე მოითხოვა მისი შემცირება.

22. სააპელაციო პალატამ არ გაიზაირა სააპელაციო საჩივრის აღნიშნულ პრეტენზია და აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა ჯერ კიდევ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე - 2023 წლის 22 თებერვალს საქალაქო სასამართლოში წარადგინა დამატებითი წერილობითი „პოზიცია“, სადაც უთითებდა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გათვალისწინებით, იკვეთებოდა მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქცევა, რადგან მან მიმწოდებელს დააკისრა მისაწოდებელი საქონლის ღირებულებაზე 17-ჯერ მეტი ოდენობის პირგასამტეხლო, რაც წარმოადგენდა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას.

23. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის შესაფასებელი იყო, რამდენად არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონით გათვალისწინებული წინაპირობა.

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 420-ე მუხლისა და 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

25. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

26. სააპელაციო პალატის განმარტებით, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

27. საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება, და რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.“ (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 2017 წლის 27 იანვარის განჩინება; №ას-1199-1127-2015, 2016 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-222-209-2015, 2015 წელი 6 მაისის განჩინება).

28. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაანგარიშების შემდეგ წესზე: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%, მაგრამ არანაკლებ დღეში 50 ლარისა. მოსარჩელემ მოპასუხის 2021 წლის 22 მარტის მოთხოვნის საპასუხოდ მიწოდება განახორციელა 171 დღის დაგვიანებით - 2021 წლის 14 სექტემბერს და ხელშეკრულების შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო - 8550 ლარის ოდენობით (171 დღე X 50 ლარზე); მოპასუხის 2021 წლის 27 აგვისტოს მოთხოვნიდან გამომდინარე, მიწოდება განახორციელდა ერთი დღის ვადაგადაცილებით - 2021 წლის 3 სექტემბერს, რისთვისაც დაერიცხა პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით; 2021 წლის 29 ნოემბრის მოთხოვნიდან გამომდინარე მიწოდება განხორციელდა 5 დღის ვადაგადაცილებით - 2021 წლის დეკემბერს, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 250 (5 დღე X 50 ლარი) ლარი. ამდენად, სულ ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 8850 (8550+50+250) ლარი.

29. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს გაანგარიშების კუთხით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად არის მითითებული, რომ იგი დაანგარიშებულია ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. რეალურად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ვადაგადაცილებული დღეების ჯამური ოდენობის 50 ლარზე გამრავლებით, როგორც ეს მხარეთა მიერ ხელშეკრულების 10.1 პუნქტით იყო გათვალისწინებული.

30. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

31. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს რაიმე შედავება მოსარჩელის იმ პოზიციის საპირისპიროდ, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი (17-ჯერ უფრო მეტი ვიდრე მიწოდებული საქონლის ღირებულება), არ განუხორციელებია, ანუ მოპასუხის მხრიდან მტკიცების ტვირთი რეალიზებული არ ყოფილა. ეს გარემოება კი დაუსაბუთებლად აქცევს აპელანტის იმ პრეტენზიას, რომ სასამართლომ არამართებულად გაიზიარა პირგასამტეხლოს არაგონივრულობის თაობაზე მოსარჩელის პოზიცია.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მოპასუხის კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში, არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 500 ლარი უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.

33. სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

34. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №შს/21-030 ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა 56 486 ლარის ღირებულების საქონელი. აღნიშნული დავალიანებიდან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გადახდილია 47 636 ლარი, ხოლო, პირგასამტეხლოს გაქვითვის მიზნით, დაკავებულია 8 850 ლარი.

35. ზემოაღნიშნული გარემოებები საფუძველია დასკვნისათვის, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს კუთვნილი საზღაურიდან პირგასამტეხლოს ანგარიშში 8350 ლარი (8850-500) ისე დაუკავა, რომ ამ უკანასკნელს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ შემსყიდველმა შემსრულებელს ხელშეკრულებით შეთანხმებული ნასყიდობის ფასი არ გადაუხადა. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია 8350 ლარის გადახდის ვალდებულება.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

36. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

37. კასატორის განმარტებით, მოცემულ საქმეზე დადგინდა, რომ მოსარჩელემ მის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რიგ შემთხვევებში შეასრულა ვადაგადაცილებით, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა.

38. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველად ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ შემსრულებელს ვადა არ დაურღვევია და მას პირგასამტეხლო საერთოდ არ უნდა დარიცხვოდა. პირიქით, მოსარჩელე თავად ითხოვდა მოპასუხისაგან პირგასამტეხლოს გადახდას. იგი სრულად უარყოფდა მის მიერ ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების ფაქტს და აღნიშნავდა, რომ 22 მარტის მოთხოვნასა და 14 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მონაცემები არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, ხოლო 14 სექტემბერს 2 აკუმულატორი შემსყიდველს ზეპირსიტყვიერი მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდა. ფაქტობრივად, 22 მარტის შემდეგ მოაპსუხეს მოსარჩელისათვის არანაირი მოთხოვნა არ გაუგზავნია. მოსარჩელემ იცოდა, რომ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ჰქონდა 2 აკუმულატორი მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და ასევე იცოდა ვალდებულების დაგვიანებით შესრულების შედეგები.

39. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების იმ პირობის ბათილობა არ მოუთხოვია, რომელიც მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისას მოპასუხეს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილებას ანიჭებდა. პირგასამტეხლოს ოდენობა მოსარჩელემ მხოლოდ მაშინ მიიჩნია შეუსაბამოდ, როდესაც მის მიერ ვადაგადაცილებულ იქნა 171 დღით, შესაბამისად, ვინაიდან ხელშეკრულების პირობებით პირგასამტეხლოს ზედა ზღვარი გათვალისწინებული არ იყო, იგი გადაანგარიშდა დაგვიანებული დღეების პროპორციულად, ხელშეკრულების 10.1 პუნქტის სრული დაცვით.

40. კასატორმა ყურადღება გაამახვილა სსსკ-ის 248-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ გაურკვეველია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლო რომელი სასარჩელო მოთხოვნით იხელმძღვანელებდა, რომელიც მითითებულია სარჩელში თუ დამატებით სამართლებრივ პოზიციაში. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხარეები სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილ მეწარმე სუბიექტებს წარმოადგენენ.

41. კასატორის მითითებით, მოსარჩელეს ცალკე სასარჩელო მოთხოვნად არ წარუდგენია ხელშეკრულების პირობების ბათილობა, ასევე, შეუსაბამოდ მაღალი პირგასატეხლოს შემცირება. მოსარჩელემ მხოლოდ მთავარი სხდომის მიმდინარეობის დროს დაადასტურა შესრულების ვადაგადაცილების ფაქტი, შეცვალა პოზიცია და უკვე მოითხოვა „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შემცირება. პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ მას არც წერილებში გამოუთქვამს პრეტენზია და არც სარჩელში დაუფიქსირებია. იგი ამტკიცებდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია.

42. სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის წინასწარი სასამართლოსათვის განხილვის მომზადების შემდეგ, სარჩელის საფუძვლის ან სარჩელის საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მთავარ სხდომაზე შეცვლილი სასარჩელო მოთხოვნის დაშვებით უხეშად დაარღვია მოპასუხის უფლებები.

43. კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლოს დაკისრების უფლების რეალიზება სრულიად დამოუკიდებელი და გამიჯნულია ზიანის არსებობის ფაქტისგან, რის გამოც მოსარჩელის მითითება აღნიშნულთან დაკავშირებით არარელევანტურია. კასატორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს შემდეგ პრაქტიკაზე: სუსგ №ას-1373-2018, 17.01.2019; №ას-953-918-2016, 22.11.2016; №ას-770-2020, 11.05.2022წ.

44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2024 წლის 23 მაისის განჩინებით კი საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

45. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

46. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ-ი) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით.

47. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

48. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

49. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.

51. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის გადახდის დაკისრება და დაკავებული პირგასამტეხლოს შემცირება, სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), სსკ-ის 420-ე ( სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან გამომდინარეობს.

52. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

53. სსკ-ის 477-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულება კონსესუალურია და იგი დადებულად ითვლება მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით მხარეთა შეთანხმების მომენტიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლა ნივთის გადაცემაზე დამოკიდებული არ არის. ამასთან, ხელშეკრულების მიზანი და ინტერესი, რასაკვირველია, საკუთრების უფლების გადაცემაშია და იგი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ უფლების გადაცემას ემსახურება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავს როგორც ვალდებულებით (მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე), ისე სანივთო (გარიგებით საკუთრების უფლების განკარგვა და გადაცემა ხდება) გარიგების ელემენტებს და იგი, როგორც ერთიანი ხელშეკრულება, ერთობლივად უნდა იქნეს განხილული.

54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში.

55. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

56. 2021 წლის 12 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა №შს/21-030 ხელშეკრულება (კონსოლიდირებული ტენდერი 200000319) საქონლის შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად, მხარეების შეთანხმებისამებრ, მოსარჩელე ყიდდა, ხოლო მოპასუხე ყიდულობდა პროდუქციას, კერძოდ, სხვადასხვა ტიპის აკუმულატორებს.

57. ხელშეკრულების 7.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველის მიერ კონკრეტულ ელექტრონულ მისამართზე მოთხოვნის გაგზავნიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა საქონლის მიწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების 10.1. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%, მაგრამ არანაკლებ დღეში 50 ლარისა.

58. ხელშეკრულების თანახმად, მხარეს პირგასამტეხლო დაერიცხებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, საქონლის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში.

59. ხელშეკრულებს 10.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-ის ოდენობით. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იყო, ანგარიშსწორება განახორციელებინა საქონლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

60. ანგარიშის ბარათის მიხედვით, ბოლო რეალიზაცია განხორციელდა 2022 წლის 3 თებერვალს, შესაბამისად, არაუგვიანეს 2022 წლის 18 თებერვლისა, მოპასუხეს სრულად უნდა დაეფარა ნასყიდობის საფასური (18.02.2022 წლის მდგომარეობით - 23 682 ლარი). მოპასუხემ ეტაპობრივად გადაიხადა ნასყიდობის საფასური, ხოლო 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით დარჩენილი გადასახდელი თანხა შეადგენდა - 8 850 ლარს.

61. 2021 წლის 22 მარტს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ ელექტრონული ფოსტით მოითხოვა 13 ერთეული აკუმულატორის მიწოდება. 2021 წლის 26 მარტის მდგომარეობით, მიმწოდებელს აკუმულატორების სრულად არ მიუწოდებია, მიწოდებულ იქნა 11 ცალი აკუმულატორი, ხოლო დარჩენილი 2 მხარეს გადაეცა 2021 წლის 14 სექტემბერს - 171 დღის დაგვიანებით (მოთხოვნა გაიგზავნა 2021 წლის 22 მარტს, მიწოდების ვადა იყო 27 მარტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს დაერიცხა პირგასამტეხლო - 8550 ლარის ოდენობით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარი).

62. 2021 წლის 27 აგვისტოს, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხემ ელექტრონული ფოსტით მოითხოვა აკუმულატორის მიწოდება. მოსარჩელემ მიწოდება განახორციელა ერთი დღის ვადაგადაცილებით - 2021 წლის 3 სექტემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით.

63. 2021 წლის 29 ნოემბერს, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხემ ელექტრონული ფოსტით მოითხოვა აკუმულატორის მიწოდება. მიმწოდებლის მიერ აკუმულატორების მიწოდება განხორციელდა 5 დღის ვადაგადაცილებით - 2021 წლის 8 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო 250 ლარის ოდენობით.

64. ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, სულ მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო - 8 850 ლარის ოდენობით (171 დღე X 50 ლარი), სწორედ, აღნიშნული ოდენობით თანხა იქნა დაკავებული მოპასუხე მხარის მიერ შესყიდული აკუმულატორების საფასურიდან.

65. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №შს/21-030 ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა 56 486 ლარის ღირებულების საქონელი. აღნიშნული დავალიანებიდან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გადახდილია 47 636 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს გაქვითვის მიზნით, დაკავებულია 8 850 ლარი. მოპასუხემ ხელშეკრულების საფუძველზე ბოლო გადახდა განახორციელა 2022 წლის 24 თებერვალს.

66. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები:№ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).

67. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

68. პირგასამტეხლო ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი).

69. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

70. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021 წელი).

71. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

72. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.

73. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.

74. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბ., 2020 წელი, გვ. 89; სუსგ №ას-1006-2021,31 მაისი, 2022 წელი, პ.17).

75. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ. გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ-ები: №ას-157-2023, 07 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).

76. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2021 წლის 22 მარტის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა 2021 წლის 14 სექტემბერს - 171 დღის დაგვიანებით (მოთხოვნა გაიგზავნა 2021 წლის 22 მარტს, მიწოდების ვადა იყო 27 მარტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს დაერიცხა პირგასამტეხლო - 8550 ლარის ოდენობით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარი). 2021 წლის 27 აგვისტოს, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხემ ელექტრონული ფოსტით მოითხოვა აკუმულატორის მიწოდება. მოსარჩელემ მიწოდება განახორციელა ერთი დღის ვადაგადაცილებით - 2021 წლის 3 სექტემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით. 2021 წლის 29 ნოემბერს, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხემ ელექტრონული ფოსტით მოითხოვა აკუმულატორის მიწოდება. მიმწოდებლის მიერ აკუმულატორების მიწოდება განხორციელდა 5 დღის ვადაგადაცილებით - 2021 წლის 8 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო 250 ლარის ოდენობით. ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, სულ მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო - 8 850 ლარის ოდენობით (171 დღე X 50 ლარი).

77. შესაბამისად გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის, მოპასუხეს წარმოეშვა მოსარჩელისაგან პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

78. კასატორის პრეტნზიასთან მიმართებით, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, რადგან მოსარჩელეს არ მიუთითებია არცერთი ფაქტობრივი გარემოება, თუ რატომ იყო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი დაკისრებული პირგასამტეხლო, რომელიც გამომდინარეობდა მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა სასამართლოს შეემცირებინა პირგასამტეხლო, სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლო იმგვარად, რომ არ უმსჯელია, თუ რა კონკრეტული ფაქტები მიიღო მხედველობაში, როდესაც შეთანხმებული პირგასამტეხლო შეამცირა, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:

79. ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-390-2023, 18 მაისი, 2023 წელი).

80. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი).

81. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).

82. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. (შდრ: სუსგ-ები: №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019წელი; №ას-535-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი).

83. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

84. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირიადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. (შდრ. სუსგ №ას-1527-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).

85. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.

86. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მხარის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც სარჩელში, (ასევე შესაგებელში თუ პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში შდრ: სუსგ №ას-576-2022, 7 ივლისი, 2022 წელი). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი).

87. პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (იხ. ნათია ჩიტაშვილი, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7.). პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წელი.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021 წელი).

88. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი.).

89. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.

90. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (შდრ: სუსგ-ები: №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი).

91. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.“ (შდრ: სუსგ-ები: №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,.პ.20-21; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი, პ.18; №ას-889-2022, 23 მარტი, 2023წ; №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ; №1519-2023, 21 ივნისი, 2024 წ; №485-2024, 28 ივნისი, 2024 წ.).

92. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, რომ სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის წინასწარი სასამართლოსათვის განხილვის მომზადების შემდეგ, სარჩელის საფუძვლის ან სარჩელის საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ მთავარ სხდომაზე შეცვლილი სასარჩელო მოთხოვნის დაშვებით უხეშად დაარღვია მოპასუხის უფლებები, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული პრეტენზია მოპასუხეს მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარშიც, თუმცა სააპელაციო პალატამ არ გაიზაირა აღნიშნული პრეტენზია და განმარტა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა ჯერ კიდევ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე - 2023 წლის 22 თებერვალს საქალაქო სასამართლოში წარადგინა დამატებითი წერილობითი „პოზიცია“, სადაც უთითებდა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გათვალისწინებით, იკვეთებოდა მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქცევა, რადგან მან მიმწოდებელს დააკისრა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობის პირგასამტეხლო ( იხ. ს.ფ. 131-133). შესაბამისად, არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია სსსკ-ის 83.3-ე მუხლის დანაწესის დარღვევასთან დაკავშირებით.

93. თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 500 ლარამდე არამართებულად შემცირდა. აღნიშნული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, ვადაგადაცილებული დღეებისა და იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც მოპასუხეს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა.

94. ამიტომაც სააპელაციო სასამართლოს დასკვნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობით შემცირებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია. შესაბამისად, კასატორის (მოპასუხე) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძლიანია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი ნაწილობრივ დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ( განჩინების) გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

95. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საქმის კონკრეტული გარემოებების, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, მოცულობისა და დარღვევის სიმძიმის შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად მიიჩნევს დაკავებული პირგასამტეხლოს - 8850 ლარის 1/2-ს - 4425 ლარს, რაც სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას.

96. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 4425 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

საკასაციო პალატის მიერ საპროცესო ხარჯების განაწილება:

97. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმის გათავლისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ 04/11/2022 წ. სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 363.90 ლარიდან 181.95 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს კი უნდა დაეკისროს მოპასუხის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე 26.04.2023 წ. ( 334 ლარი) და საკასაციო საჩივრზე 28.11.2023წ. (417.50 ლარი) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან (751.5 ლარი) – 375.75 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 411-ე მუხლით, 53-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. სს „ს.რ–ა“-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინების ნაწილობრივ გაუქმებით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ა–ი“-ს სარჩელი სს „ს.რ–ა“-ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. სს „ს.რ–ა“-ს შპს „ა–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 4425 ლარის გადახდა

5. სს „ს.რ–ა“-ს შპს „ა–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 363.90 ლარიდან -181.95 ლარის გადახდა.

6. შპს „ა–ი“-ს სს „ს.რ–ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 751.5 ლარიდან – 375.75 ლარის გადახდა.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე