საქმე №ას-426-2024 22 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ს.კ. „უ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ს.კ. „უ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ზიანის - 141 210.00 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2022 წლის 20 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა №2022/14ბ/037 დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზც დაზღვეულ იქნა მის ბალანსზე აღრიცხული ავტომობილები.
3. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პატაკში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 2 ივნისს გურჯაანიდან თელავის მიმართულებით მოძრავი მოსარჩელის ბალანსზე რიცხული „MITSUBISHI L200-ის“ მარკის ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შეჯახებისას სხეულის დაზიანება არავის არ მიუღია. მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.
4. სადაზღვევო კომპანიის 2022 წლის 7 ოქტომბრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2022 წლის 2 ივნისს ავტომანქანების დაზიანებასთან დაკავშირებული შემთხვევა არ ანაზღაურდებოდა.
5. 2022 წლის 23 სექტემბრის შპს „კ.მ–ის“ ცნობების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილები დათვალიერდა და, კონსტრუქციული დაზიანებების გამო, შეაფასდა ექსპლუატაციისათვის უვარგისად, რადგან მათ აღდგენაზე გაწეული ხარჯი ავტომობილის ღირებულების 80%-ს გადააჭარბებს.
6. მოსარჩელის მითითებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სრულად განადგურდა მოპასუხესთან დაზღვეული სააგენტოს კუთვნილი ორი ავტომანქანა, აღნიშნული ავტომანქანების საერთო ღირებულებამ შეადგინა 141 210.00 ლარი. აღნიშნული ღირებულება გამოთვლილია 2022 წლის 20 იანვარს გაფორმებული №2022/14ბ/037 ხელშეკრულების დანართის მე-40 და 54-ე პუნქტებში გათვალისწინებული ავტომანქანის ღირებულებიდან, რაც თითოეული ავტომანქანისთვის შეადგენს 70 605.00 ლარს.
7. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ არასწორად შეაფასა მომხდარი სადაზღვევო შემთხვევა და დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ არსებობდა მძღოლების მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობა. დამზღვევის ყოველი ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასება, მზღვეველს ანიჭებს ანაზღაურებაზე უარის შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსს.
8. საპატრულო პოლიციის მიერ შემთხვევა დაკვალიფიცირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით. აღნიშნული გულისხმობს ამავე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. შესაბამისად, დასტურდება, რომ ავტომობილის მძღოლის განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით სიჩქარე არ გადაჭარბებულა. სამართალდამრღვევად კი მხოლოდ ერთერთი მძღოლი იქნა მიჩნეული. მეორე მძღოლმა მიუთითა, რომ გვერდითა სარკეში გახედვის შემდეგ, შენიშნა მომავალი ავტომობილი, დროულად ჩართო მოხვევის მანიშნებელი და დაიწყო მანევრი, რათა შეეხვია კონკრეტულ შესახვევში, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება. შემთხვევის დროს მგზავრებიდან არავინ დაზარალებულა, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ავტომობილს აქვს მარცხენა წინა და უკანა კარების და სხვა ახლომდებარე ნაწილების დაზიანება.
9. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხე იჭრება საპატრულო პოლიციის კომპეტენციაში და თავად არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული დაზღვეული ავტომობილები გამოიყენება სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საამზომველო საქმიანობის განხორციელებაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათი დაზიანების შემდეგ კი, ვინაიდან მოპასუხემ უარი თქვა მათი შეკეთებისთვის საჭირო თანხის ანაზღაურებაზე, ავტომობილები გადაყვანილია ავტოსადგომზე, ცენტრში, რითაც მნიშვნელოვნად ფერხდება სისტემური რეგისტრაციისა და აზომვითი სამუშაოების ჩატარების პროცესი.
10. მოპასუხის კანონსაწინააღმდეგო უარით - აანაზღაუროს დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანი, ილახება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ორგანიზაციის - ამ შემთხვევაში მისი ფინანსური ინტერესები, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მოქალაქეთა ინტერესები, რომლებიც ყოველდღიურად ელიან მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების აზომვისა და რეგისტრაციის პროცესის დაწყებას.
მოპასუხის პოზიცია:
11. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მზღვეველი უარს აცხადებს ზიანის ანაზღაურებაზე ხელშეკრულებით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევის გამო. შპს „კ.მ–ის“ ცნობა არ ადასტურებს ზიანის ოდენობას, რადგან შედგენილია ავტომობილის გარეგანი დათვალიერების და არა ავტომობილის დაზიანებების დეტალური აღწერის საფუძველზე, შესაბამისად, ბუნდოვანია, როგორ დადგინდა, რომ ხარჯი გადააჭარბებდა ავტომობილის ღირებულების 80%-ს.
12. ხელშეკრულების გაფორმებისას დამზღვევი და მზღვეველი განსაზღვრავენ იმ სერვის-ცენტრ(ებ)ის ჩამონათვალს, რომლებშიც, სრული განადგურების (ტოტალის) დადგენის მიზნით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეფასება უნდა განხორციელდეს. სრული განადგურების დადგენისათვის და ზიანის შეფასებისათვის გაწერილია პროცედურები, რომლებიც სწორედ დამზღვევის მიერაა შემოთავაზებული კონსოლიდირებულ ტენდერში, რასაც მზღვეველი დაეთანხმა. სრული ანაზღაურება მაშინ უნდა მოხდეს, თუ მისი აღდგენა/შეკეთების ღირებულება ერთჯერადად ხელშეკრულებაში მითითებული საბალანსო ღირებულების 80%-ს ან მეტს შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში დაუდგენელია, რას შეადგენდა დაზიანებული ავტონაწილების ფასი. შესაბამისად, დაუდგენელია მათი ჯამი აჭარბებს თუ არა ავტომანქანის საბალანსო ღირებულების 80%-ს.
13. მოპასუხის მითითებით, ასევე, დაუდგენელია, სადაა ავტომანქანები და რას შეადგენს მათი ნარჩენი სარეალიზაციო ღირებულება. ზიანის ოდენობის დადასტურებისათვის მოსარჩელეს უნდა წარედგინა ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო სათადარიგო მასალებისა და სამუშაოების ჩამონათვალის შესაბამისი დეფექტური აქტი, რათა დადგენილიყო, რომ ზიანის ოდენობა ავტომანქანის საბალანსო ღირებულების 80%-ს აღემატებოდა. ასევე, დაზიანებული ავტომანქანის ჩასაბარებელი სალიკვიდაციო ღირებულება, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული ავტომანქანის საბალანსო ღირებულებას უნდა გამოკლებოდა ნარჩენი ღირებულება.
14. მოპასუხის განმარტებით, სადავო ავტომანქანებიდან ერთი დაზიანდა მეორის მძღოლის ბრალეული ქმედების შედეგად, შესაბამისად, სადაზღვევო თანხა და სადაზღვევო ლიმიტი უნდა დაანგარიშდეს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის ლიმიტიდან, რომელიც, სადაზღვევო პოლისისა და დაზღვევის პირობების თანახმად, შეადგენს 15 000.00 ლარს. ამდენად, მოთხოვნილი თანხა ვერანაირად ვერ გასცდება 15 000.00 ლარს.
15. 2022 წლის 18 ივლისს მზღვეველმა დანიშნა ექსპერტიზა და ექსპერტს დაუსვა შემდეგი კითხვები: დადგენილიყო შემთხვევის დროს მძღოლების მხრიდან კონკრეტულად რა დარღვევას ჰქონდა ადგილი და შეეძლოთ თუ არა მძღოლებს შეჯახების თავიდან აცილება. შემთხვევის ადგილის, ფოტოების და დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების მძღოლებს არ ჰქონდათ მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება, უსაფრთხო გადაადგილებისთვის ხილვადობა იყო საკმარისი, მაგრამ ავტომობილის მართვისას მათ გამოიჩინეს უყურადღებობა, გულგრილობა, მეტისმეტი დაუდევრობა, რის შედეგადაც დაარღვიეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის სხვადასხვა მოთხოვნა.
16. ექსპერტის მიერ ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევის ნაწილში მითითებულია: „შეჯახება მომხდარია ავტომობილების მოძრაობის საპირისპირო მოძრაობის ზოლში. ამის თქმის უფლებას იძლევა ავტომობილებზე არსებული დაზიანებები, „MITSUBISHI L200“ მარკის ავტომობილი ს/ნ - „......“ (შემდგომ - პირველი ავტომანქანა) შეეჯახა „MITSUBISHI L200“ მარკის ავტომობილს ს/ნ - „.......“ (შემდგომ - მეორე ავტომანქანა) მარცხენა გვერდზე დაახლოებით 70-80°-იანი კუთხით. ექსპერტული გამოცდილებით და ინჟინრული ცოდნით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი ერთი ავტომობილი მეორეს არ შეიძლება შეეჯახოს გვერდიდან, თუ ავტომობილები მოძრაობენ ერთსა და იმავე რიგში, ასეთი კუთხით შეჯახება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ წინ მოძრავი ავტომობილი მოუხვევს მარცხნივ, შესაბამისად, გადავა მარცხენა ზოლში და ამ დროს მოხდება შეჯახება. შემთხვევის ადგილზე არის ორმხრივმოძრაობიანი გზა, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, ხოლო საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი.
17. ექსპერტმა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, შეგროვდა დამატებითი ფოტო და ვიდეომასალა, ჩატარდა გაზომვები, გაკეთდა შემთხვევის ადგილის რუკაზე იდენტიფიცირება (ფოტო 11 და ფოტო კოლაჟი 1) ჩატარებული სამუშაოების შედეგად შესაძლებელია ითქვას, რომ: თელავის რაიონის სოფელ ....... შემთხვევის ადგილზე არის საგზაო მონიშვნა, უწყვეტი ღერძულა ხაზი, წყვეტილი ხაზი არის მხოლოდ მეორეხარისხოვან გზაზე შესახვევის გასწვრივ (ფოტო 9 და 10). აღნიშნულ მონაკვეთში არსებული წყვეტილი ხაზი უფლებას აძლევს გურჯაანიდან თელავის მიმართულებით მოძრავ ავტომობილს, კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მოუხვიოს მარცხნივ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო აკრძალულია მარცხნიდან გასწრების ან/და დაბრკოლების შემოვლის მანევრის შესრულება. სოფელ ...... ცენტრიდან, საიდანაც, პირველი ავტომობილის მძღოლის განცხადებით, მან დაიწო მოძრაობა თელავის მიმართულებით, შემთხვევის ადგილამდე არის დაახლოებით 300 მეტრი და გზის ამ მონაკვეთის 2 მონაკვეთად გაყოფის შემთხვევაში, მოძრაობის დაწყებიდან დაახლოებით 200 მეტრის სიგრძეზე, გზის პირველ მონაკვეთში გზა ჩანს მთლიანად და, ასევე, გზის მეორე მონაკვეთში, დაახლოებით 100 მეტრის სიგრძეზე შემთხვევის ადგილამდე არ არის მხედველობის შეზღუდვა (ფოტო 11 და ფოტო კოლაჟი 1). ავტომობილები მოძრაობდნენ თანმხვედრი მიმართულებით და ორივეს ახალი დაწყებული ჰქონდათ გურჯაანის მხრიდან თელავის მიმართულებით მოძრაობა, მათ, სოფელ ..... ცენტრიდან შემთხვევის ადგილამდე, დიდი ალბათობით, მთელი გზის მონაკვეთზე შეეძლოთ, ეკონტროლებინათ ერთმანეთის გადაადგილება. მოულოდნელი საფრთხის გამოჩენის შემთხვევაში, სამუხრუჭო მანძილი დამოკიდებულია ავტომობილის შესაძლებლობებზე და მძღოლის გამოცდილებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ კონცენტრაციაზე, რეაქციასა და სხვა ფაქტორებზე. აღნიშნული პირობის გათვალისწინებით დადგენილია სამუხრუჭო მანძილები და შემთხვევაში მონაწილე მარკა მოდელის ავტომობილებისათვის, მშრალი გზის პირობებში 50კმ/სთ-ით მოძრაობისას სრულ გაჩერებამდე დაჭირდებოდა 35-41 მეტრი, 70კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას - 56-69 მეტრი, 100კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას - 98-112 მეტრი. 50კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას ავტომობილი 100 მეტრის გავლას ანდომებს 7.2 წმ-ს, 70კმ/სთ-ით მოძრაობისას - 5.1 წამს და 100 კმ/სთ-ით მოძრაობისას - 3.6 წამს.
18. თუ პირველი ავტომობილი მოძრაობდა 50კმ/სთ-ით, ხოლო მარცხნივ მოხვევის მანევრისათვის მეორე ავტომობილი შენელდებოდა 5-7 კმ/სთ-მდე, პირველი ავტომობილის მძღოლს სრული გაჩერებისთვის დაჭირდებოდა დაახლოებით 35-41 მეტრი და სრულ გაჩერებას მოანდომებდა დაახლოებით 1.4-1.64 წამს. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილია, რომ დასახლებულ პუნქტში, ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის მიხედვით, მარცხნივ შეხვევის მანევრის შესრულებისთვის მძღოლი ვალდებულია, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს, მძღოლმა მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით. მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია, ჩართოს მარცხნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს მარცხნივ, გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელით. ამასთან, მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღების ვალდებულებისაგან.
19. შემთხვევის აღმწერი ფოტოების, დოკუმენტების და შემთხვევის ადგილის შესწავლიდან გამომდინარე, ავტომობილების მძღოლებს, როცა შემჯახებელი ავტომობილი მოძრაობდა 50კმ/სთ სიჩქარით, ჰქონდა საკმარისი დრო, დაახლოებით 7.2 წამი და 100მ მანძილი, რათა პირველს შეეფასებინა მის წინ მიმავალი ავტომობილის შენელება, დაენახა დროულად ჩართული მოხვევის მაჩვენებელი, ხოლო მეორეს გვერდითა სარკეში ჩახედვის შემდეგ, შეეფასებინა სიტუაცია, განესაზღვრა დანახული მომავალი ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე და მის ადგილამდე მოსვლის დრო, მხოლოდ ამის შემდეგ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, შეესრულებინა მარცხნივ მოხვევის მანევრი“.
20. ექსპერტი უთითებს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, შესაძლოა ავტომობილების მძღოლებმა შემთხვევის დროს დაარღვიეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები.
21. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს პირველი ავტომობილის მძღოლმა არ დაიცვა ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის საჭირო უსაფრთხო დისტანცია, დაარღვია მანევრირების წესები, გადაკვეთა გზის სავალი ნაწილის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზი, ხოლო მეორე ავტომობილის მძღოლმა არ დაიცვა მანევრირების წესების უსაფრთხოება და მოთხოვნები. ასევე, მძღოლებს არ ჰქონდათ მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება. მათ უნდა შეესრულებინათ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები, საგზაო ნიშნები, მონიშვნები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნები და მათი ქმედებები არ გამოიწვევდა საგზაო-ავტოსატრანსპორტო შემთხვევას.
22. მოპასუხემ მიუთითა, რომ აღნიშნულ შემთხვევას ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელსა და პრესაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
23. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შეფასების საგანს წარმოადგენს: სამართალდარღვევის ოქმის არარსებობის პირობებში, რამდენად შესაძლებელი იყო უხეში გაუფრთხილებლობის დადგენა მძღოლის - ილია ხომასურიძის (შემდგომ - მეორე ავტომობილის მძღოლი) მიმართ; ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, რამდენად შეიძლება იყოს განმსაზღვრელი უხეში გაუფრთხილებლობის; განსაზღვრული ზიანის ოდენობის მართებულობა.
26. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და დამატებით განმარტა, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ზიანის დადგომის ფაქტი, ზიანის გამომწვევი სუბიექტი, გადაცდომა და არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის კავშირი. აპელანტმა სადავოდ გახადა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაცია.
27. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 20 იანვარს, ერთი მხრივ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და, მეორე მხრივ, მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება №2022/14ბ/037 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
28. მზღვეველი თავისუფლდებოდა თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგებოდა უხეში გაუფრთხილებლობით.
29. 2022 წლის 2 ივნისს გურჯაანიდან თელავის მიმართულებით მოძრავი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული პირველი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქართველიშვილი ზურაბი (შემდგომ - პირველი ავტომანქანის მძღოლი), შეეჯახა იმავე მიმართულებით მოძრავ სსიპ საჯარო რეესტრის ბალანსზე რიცხულ მეორე ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ასევე ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი. შეჯახებისას სხეულის დაზიანება არავის მიუღია. საპატრულო პოლიციის მიერ პირველი ავტომანქანის მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.
30. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების მძღოლებს არ ჰქონდათ მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება, უსაფრთხო გადაადგილებისათვის ხილვადობა იყო საკმარისი, მაგრამ ავტომობილის მართვისას მათ გამოიჩინეს უყურადღებობა, გულგრილობა, მეტისმეტი დაუდევრობა, რის შედეგადაც დარღვიეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა მუხლების მოთხოვნები.
31. მძღოლებს უნდა შეესრულებინათ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მანევრირების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნები, შემჯახებელი ავტომობილის მძღოლს არ უნდა გადაეკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, უნდა ემოძრავა კანონით განსაზღვრულ სამოძრაო ზოლში, ორივე მძღოლს მანევრირებისას უნდა გაეთვალისწინებინა უსაფრთხო მანევრირების მოთხოვნები და მათი ქმედებები არ გამოიწვევდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას.
32. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით ცნობილ იქნა პირველი ავტომანქანის მძღოლი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მეორე ავტომობილის მძღოლის მითითებით: „გვერდითა სარკეში გახედვის შემდეგ, მან შენიშნა მომავალი ავტომობილი, დროულად ჩართო მოხვევის მანიშნებელი და დაიწყო მანევრი, რათა შეეხვია კონკრეტულ შესახვევში, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება. შემთხვევის დროს მგზავრებიდან არავინ დაზარალებულა, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ავტომობილს აქვს მარცხენა წინა და უკანა კარების და სხვა ახლომდებარე ნაწილების დაზიანება“.
33. სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მართავდნენ ავტომობილებს სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მეტიც, მათი ქმედების შედეგად პირდაპირ დაირღვა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონით დადგენილი აკრძალვა, კერძოდ, პირველი ავტომობილის მძღოლმა ერთმანეთის მიყოლებით დაარღვია მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის საჭირო უსაფრთხო დისტანცია, მანევრირების წესები და გზის სავალი ნაწილის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის აკრძალვის მოთხოვნა, ხოლო ავტომობილის, მეორე ავტომანქანის მძღოლმა - მანევრირების წესების უსაფრთხოება და მოთხოვნები. აღნიშნული დარღვევები ორივე მძღოლის მიერ ჩადენილია იმ პირობებში, როდესაც მათ არ ჰქონდათ მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება, მათ შორის უსაფრთხო გადაადგილების ხილვადობა იყო საკმარისი.
34. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის პრეტენზიაზე რომ ექსპერტიზის დასკვნით არ შეიძლება დადგინდეს პირის ბრალეულობა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილი, სადაც მითითებულია რომ „შეჯახება მომხდარია ავტომობილების მოძრაობის საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რაც, თავის მხრივ, აპელანტის მხრიდან ადასტურებს მეორე ავტომანქანის მძღოლის მიერ მანევრირების წესების და გზის სავალი ნაწილის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთას ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობდა მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება, მათ შორის, უსაფრთხლო გადაადგილების ხილვადობა.
35. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დაასკვნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით, მძღოლის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა იქნეს მიჩნეული. ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ სამართალდარღვევის ოქმს პრეიუდიციული ხასიათი არ გააჩნია, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც არსებობდა პირველი ავტომანქანის მძღოლის მიმართ, მოსარჩელეს არც ეს გაუხდია სადავოდ, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ოქმში მოყვანილ გარემოებათა კვალიფიკაციას დაეთანხმა, კერძოდ, იმას, რომ მძღოლმა მანევრირების წესების დარღვევით იმოქმედა და, ასკ-ის 125.10-ე მუხლის მიხედვით, დაჯარიმდა. ამრიგად, გამოვლენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 829-ე მუხლისა და ხელშეკრულებით დადგენილი საგამონაკლისო წინაპირობები, რაც მზღვეველს ანიჭებს უფლებამოსილებას, ზიანის ანაზღაურებაზე განაცხადოს უარი.
36. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება შეესატყვისება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის (იხ. სუსგ-ები: № ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ; №ას-1147-1067-2017, 29.12.2017წ; № ას-1622-2018, 25.01.2019წ; № ას-1094-18.10.2019წ; № ას-654-2019, 26.06.2020წ; № ას-618-618-2018მ 16.11.2020წ; № ას1497-2020, 23.04.2021წ; № ას-818-2020, 11.06.2021წ; № ას-124-2022, 20.05.2022წ; № ას-462-2022, 20.05.2022წ; № ას-253-2022, 27.12.2022წ; № ას-499-2023, 07.06.2023წ.).
37. სააპელაციო პალატის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, შეფასებულია ექსპერტიზის დასკვნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდგომ - სსსკ) დადგენილი წესით. ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. ექსპერტიზის ჩატარების უფლებამოსილება აქვთ იმ საექსპერტო ორგანოებს, რომელთა საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, როდესაც საუბარია ექსპერტიზის დასკვნაზე, როგორც სსსკ-ით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მტკიცებულებაზე (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი) იგულისხმება კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების მქონე საექსპერტო ორგანოს მიერ ჩატარებული ექსპერტის წერილობითი შედეგი (დასკვნა). თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
38. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.
39. სააპელაციო პალატამ სავსებით გაიზარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეებმა, ერთი მხრივ, სახელშეკრულებო პირობით, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში კანონზე მითითებით (სასამართლოს შეფასებით, ასეთი მითითების მიუხედავად, სსკ-ის 829-ე მუხლის დანაწესი წინამდებარე შემთხვევაში, მაინც ვარგისი იქნებოდა სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად) გამორიცხეს მზღვეველის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც შედეგი გამოწვეული იქნებოდა დაზღვეულის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით (შდრ. სუსგ №ას-566-566-2018, 13.07.2018 წ.).
40. სააპელაციო პალატამ მოიხმო სსკ-ის 799-ე მუხლი, რომლის თანახმად მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამდენად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (და არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.
41. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის „causa proxima-ს“ არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე სადაზღვევო დაფარვა ვერ გავრცელდება.
42. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევის შედეგად მეორე ავტომანქანის მძღოლის ქმედება მის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მიანიშნებს, რადგან დაარღვია მანევრირების წესები და შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზი გადაკვეთა, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და დადგა ზიანი.
43. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ამ ფაქტების ერთობლიობა იძლევა დამზღვევის მოქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას და მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებას საქმეზე №ას-566-566-2018, სადაც აღნიშნულია, რომ „მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. საქმეზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით ცხადია, რომ შემთხვევის მონაწილე მძღოლი აცნობიერებდა მის მიერ განხორციელებული მანევრის კანონსაწინააღმდეგობას, აუცილებელი წინდახედულობის ნორმების სრული უგულებელყოფით და თვითიმედოვნებით გასწია გაუმართლებელი რისკი, უსაფუძვლოდ იმედოვნებდა რა ზიანის თავიდან არიდებასა და უშვებდა საფრთხეს, უხეშად დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხმვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით“ და ამავე კანონის დანართის, საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3-ის (ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა აკრძალულია) მოთხოვნები, უმიზეზოდ გადაკვეთა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, რამაც გამოიწვია ორი სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, რაც თავისი შინაარსითა და შედეგებით სწორედ მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მეტყველებს და, სსკ-ის 829-ე მუხლის გათვალისწინებით, ათავისუფლებს მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მოვალეობის შესრულებისაგან.
44. აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
45. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
46. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მეორე ავტომანქანის მძღოლმა დაარღვია მანევრირების წესები, რადგან აღნიშნულ დასკვნას რაიმე საფუძველი არ გააჩნია. მეორე ავტომანქანის მძღოლი საპატრულო პოლიციას არ დაუჯარიმებია. ამდენად, სააპელაციო პალატა შეიჭრა საპატრულო პოლიციის კომპეტენციაში, როდესაც მეორე ავტომანქანის მძროლის ქმედება სამართალდარღვევად შეაფასა. ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო არა სასამართლოს ან ექსპერტიზის ბიუროს მოსაზრება, არამედ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი პატაკი, რაც სადაზღვევო კომპანიისათვის სახელმძღვანელო უნდა გამხდარიყო ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობასთან დაკავშირებით.
47. კასატორმა აღნიშნა, რომ უხეში გაუფრთხილებლობა შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი არსებობა ინდივიდუალურად უნდა დადგინდეს. ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისას გამოლენილი უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის საკითხს შეეხება საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1306-1226-2015. მოცემულ დავაში პირველი ავტომანქანის მძღოლი დაჯარიმდა რა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული ავტომატურად მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობის დამადასტურებელ ფაქტად ვერ მიიჩნევა. ავტოსაგზაო შემთხვევისას არ დაფიქსირებულა სიჩქარის გადაჭარბება, ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლისათვის დაზიანების მიყენების საფრთხე. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, შპს „მ–ის“ მიერ შესრულებული ექსპერტიზა კი კრიტიკულად შეაფასა.
48. მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ექსპერტის სუბიექტური აზრი, რაც უტყუარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მით უფრო, რომ ექსპერტი თავად იყო სადაზღვევო კომპანიის ყოფილი თანამშრომელი, რომლისთვისაც ცნობილია ზიანის ანაზღაურებისაგან თავის არიდების ხერხები.
49. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის ოქმი დამრღვევ პირს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, დაეთანხმა სანქციას და ქმედების კვალიფიკაციას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის დამრღვევად. აღნიშნული მსჯელობა წინააღმდეგობრივია, რადგან, ერთი მხრივ, სამართალდარღვევის ოქმით სასამართლომ მძღოლის მიერ სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა, მეორე მხრივ კი, ასეთად შეაფასა ისეთი მძღოლიც, რომელიც ოქმით არ დაჯარიმებულა.
50. კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ თითოეული ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა არ დასტურდება, რადგან საქმეში წარდგენილია შპს „კ.მ–ის“ ცნობა. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დანართის მე-2 ნაწილის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასახელებული შპს მხარეთა შეთანხმებით შერჩეული სერვის-ცენტრია, რომლის დასკვნა საკმარისი უნდა ყოფილიყო მოპასუხისათვის ზიანის ოდენობის განსაზღვრის საკითხში (სულ - 141 210 ლარი, თითოეულ ავტომანქანაზე - 70 605 ლარი). იმ შემთხვევაში თუ მითითებული დოკუმენტი მოპასუხეს არ დააკმაყოფილებდა, მას შეეძლო, თავად გამოეთხოვა სასურველი ინფორმაცია შპს-საგან, ვინაიდან ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, მომხდარი შემთხვევის განხილვის მიზნით, მოიპოვოს ყველა საჭირო დოუმენტი, მათ შორის დეფექტური აქტი. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ ასეთი დეტალური ინფორმაციის არსებობის შემთხვევაშიც ის გარემოება, რომ ავტომობილები უვარგისი გახდა ექსპლუატაციისათვის, არ შეიცვლებოდა.
51. კასატორმა სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის, 316-ე მუხლის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 799-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, 820-ე, 829-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, რითაც მხარეთა შეთანხმება დაარღვია.
52. კასატორმა ასეევ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ზიანის მომტანია არა მხოლოდ მოსარჩელე დაწესებულებისათვის, არამედ აფერხებს მისი საქმიანობის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების განხორციელებას.
53. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
54. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
55. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
56. 2022 წლის 20 იანვარს, ერთი მხრივ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და, მეორე მხრივ, მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება №2022/14ბ/037 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
57. მზღვეველი თავისუფლდებოდა თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგებოდა უხეში გაუფრთხილებლობით.
58. 2022 წლის 2 ივნისს გურჯაანიდან თელავის მიმართულებით მოძრავი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული პირველი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირველი ავტომანქანის მძღოლი, შეეჯახა იმავე მიმართულებით მოძრავ სსიპ საჯარო რეესტრის ბალანსზე რიცხულ მეორე ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ასევე ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი. შეჯახებისას სხეულის დაზიანება არავის მიუღია. საპატრულო პოლიციის მიერ პირველი ავტომანქანის მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.
59. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, პალატის მსჯელობის საგანია სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.
60. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე და 839-ე მუხლების დანაწესი.
61. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
62. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებისის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) დადაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).
64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).
65. სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.
66. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
67. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ: სუსგ №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი).
68. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების ძირითადი მიზანია, ერთი მხრივ, ს.კ.მ შემოსავალი მიიღოს და მეორე მხრივ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდეს (შდრ: ნ. მოწონელიძე, სუბროგაცია, როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, 2016, გვ.42).
69. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 829-ე მუხლი (იხ. სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021 წელი, პ.14; №ას-92-88-2016, 11.03.2016წ.). შესაბამისად, მნიშვნელოვანია თავად სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებების შინაარსი (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30.10.2015წ.).
70. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მძღოლების მართლსაწინააღმდეგო ქმედების „უხეშ გაუფრთხილებლობად“ კვალიფიკაცია. შესაბამისად, სადავო შემთხვევის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს მძღოლების ქმედება, კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა „უხეშ გაუფრთხილებლობას“, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება უხეში გაუფრთხილებლობა, ეს გამორიცხავს მზღვეველის პასუხისმგებლობას (სსკ-ის 829-ე მუხლი) კანონისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
71. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი.
72. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
73. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
74. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.
75. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
76. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითოეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწყვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე.
77. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის „causa proxima-ს“ არსებობა, მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.
78. საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა სსკ-ის 829-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის კონტექსტში, „უხეში გაუფრთხილებლობის“ დეფინიცია, მაგ, საქმეში №ას-1479-2019, 21.01.2020წ., სადაც ს.კ. მიუთითებდა მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე, როგორც ზარალის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე. დადგინდა, რომ მძღოლის ბრალეულობა გამოიხატა სწორედ მარტივ გაუფრთხილებლობაში და არა განზრახვასა თუ უხეშ გაუფრთხილებლობაში. ამგვარი დასკვნა დაეფუძნა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტებს: (ი) დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; (იი) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას; (იიი) ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; (ივ) მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; (ვ) შემთხვევა მოხდა ღამით, უამინდობისას; (ვი) ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლევა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის სქემის მიხედვით, მძღოლი მოძრაობდა მის სავალ ზოლში. არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შემთხვევის დროს მძღოლის მხრიდან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ან/და მისი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა.
79. ერთ-ერთ საქმეში სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მზღვეველის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს დაუპირისპირდა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევისა და, მაშასადამე, სსკ-ის 829-ე მუხლის საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის შესახებ. საბოლოოდ, მზღვეველისათვის დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება განაპირობა სსკ-ის 829-ე მუხლის სწორმა, სისტემურმა, ლოგიკურმა და თანმიმდევრულმა განმარტებამ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პასუხისმგებლობის ფარგლები (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. დასახელებულ საქმეში, მხარეებს ხელშეკრულებით არ ჰქონდათ დაზუსტებული ეს ფარგლები, მათ არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ი 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით მიღებული ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, დაუდევრად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (შდრ: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016 წელი). სხვა საქმეში დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტზე მოსარჩელის (დამზღვევის) მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში იყო მისაღები, რომ მოსარჩელე მოძრაობდა სწორ, 6.5მ. სიგანის ცალმხრივი მიმართულების მქონე უდეფექტო გზაზე, მშრალ ამინდში, ყოველგვარი წინაღობისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე, რა დროსაც სამანქანე გზის გვერდით არსებულ ტროტუარზე ხეს შეეჯახა (შდრ: სუსგ №ას-1217-1146-2012, 22 ოქტომბერი, 2012 წელი). ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული, 70 კმ/სთ სიჩქარით მაშინ, როდესაც დასაშვები სიჩქარე 40 კმ/სთ იყო, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს (შდრ: სუსგ №ას-943-901-2013, 17 თებერვალი, 2014 წელი).
80. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.
81. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალის სამართლებრივი კატეგორია განსაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია.
82. გაუფრთხილებლობა ბრალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სამოქალაქო სამართალში. თუ განზრახვასთან მიმართებით ცივილისტიკა მთლიანად სისხლის სამართალს ემყარება, გაუფრთხილებლობაში მას გარკვეული კორექტივები შეაქვს. გაუფრთხილებლობა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი წინდახედულობისა და ყურადღებიანობის უგულებელყოფას.
83. კერძო სამართალში დამკვიდრებული გაუფრთხილებლობის კონცეფცია ძირეულად განსხვავდება სისხლის სამართალში განმტკიცებული ანალოგიისაგან. „გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას“, რომელიც განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით და არა კონკრეტული ინდივიდის პიროვნებიდან გამომდინარე. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს მოეთხოვება მისი პროფესიის „საშუალო წარმომადგენლისათვის” დამახასიათებელი ჩვეული წინდახედულების დაცვა (იხ., ცვაიგერტი/კიოტცი, შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, ტომი II, 2001, 290).
84. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო შეთანხმებით, უმთავრესად, რეგულირდება ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი. კონტრაჰენტებს შეუძლიათ ხელშეკრულების ცალკეული პირობების დაცვა თავიანთი ვალდებულების სფეროდან გამორიცხონ. დაუშვებელია მსგავსი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რომელთა შეუსრულებლობა არსებით დარღვევას აფუძნებს. მხარეთა მიერ განსაზღვრული ან კანონით დადგენილი არსებითი პირობების დაცვა ხელშეკრულების მონაწილეთა ძირითადი ვალდებულებაა.
85. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, „განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად (შეგნებულად) მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც, პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია, მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას პირი არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, ეს არ ჩაითვლება განზრახ ქმედებად.
86. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახ და მარტივ გაუფრთხილებლობას. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ., სუსგ №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი, პ.53).
87. დაზღვევის ხელშეკრულებით შესაძლოა მოხდეს მხარეთა შეთანხმებით სახელშეკრულებო ვალდებულებებთან მიმართებით პასუხისმგებლობის სრულად ან ნაწილობრივ გამორიცხვა ან შეზღუდვა. პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსხვავებული მოწესრიგება უპირატესად გამოსაყენებელი დებულებაა და გამორიცხავს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა წარმოშობას, თუმცა მოცემული საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია, სწორად დადგინდეს ვალდებულების წარმომშობი გარემოებების არსებობა, რათა მზღვეველის მხრიდან გამოირიცხოს საგამონაკლისო დებულებებით უსაფუძვლო აპელირება.
88. მოცემულ შემთხვევაში კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დააკვალიფიცირა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების მძღოლების მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად. კასატორის პოზიცია ეფუძნება იმას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედება არცერთი მძღოლის მიმართ არ დადგენილა. ავტოსაგზაო შემთხვევისას არ დაფიქსირებულა სიჩქარის გადაჭარბება, ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლისათვის დაზიანების მიყენების საფრთხე.
89. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდიათ შემდეგი გარემოებანი: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების მძღოლებს არ ჰქონდათ მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება; გზაზე უსაფრთხო გადაადგილებისათვის იყო საკმარისი ხილვადობა; შემთხვევის ადგილზე იყო საგზაო მონიშვნა - უწყვეტი ღერძულა ხაზი, რაც მოცემულ მონაკვეთში მარცხნიდან გასწრების ან/და დაბრკოლების მანევრის შემოვლის შესრულებას კრძალავდა; შემჯახებელი ავტომობილი მოძრაობდა 50 კმ.სთ სიჩქარით, ჰქონდა საკმარისი დრო, დაახლოებით 7.2 წამი და მანძილი - 100 მეტრი, რათა პირველს შეეფასებინა მის წინ მიმავალი ავტომობილის შენელება, დაენახა დროულად ჩართული მოხვევის მაჩვენებელი, ხოლო მეორე ავტომობილი მძღოლს გვერდითა სარკეში გახედვის შემდეგ, შეეფასებინა სიტუაცია, განესაზღვრა დანახული მომავალი ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე და მის ადგილამდე მისვლის დრო, მხოლოდ ამის შემდეგ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნის დაცვით შეესრულებინა მოხვევის მანევრი.
90. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (ექსპერტიზის დასკვნა, საპატრულო პოლიციის პატაკი, მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხვა) ერთობლიობაში შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დარღვეულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მანევრირების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების პირობები, შემჯახებელი ავტომობილის მძღოლს არ უნდა გადაეკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, უნდა ემოძრავა კანონით განსაზღვრულ სამოძრაო ზოლში, ორივე მძღოლს უნდა გაეთვალისწინებინა უსაფრთხო მანევრირების მოთხოვნები, ავტომობილის მართვისას მათ გამოიჩინეს უყურადღებობა, გულგრილობა, მეტისმეტი დაუდევრობა. მითითებული წესების დაცვა შესაძლებლობას მისცემდათ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა თავიდან აერიდებინათ.
91. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობობა ვერ გახდება კასატორის პრეეტნზია, რომ მძღოლების მიერ უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედების დასადგენად, განკუთვნად მტკიცებულებას არ წარმოადგენდა ექსპერტის დასკვნა.
92. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გაითვალისწინა საქმეზე დართული, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ექსპერტისეული შეფასება.
93. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 105-ე მუხლზე, რომლიც ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
94. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
95. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის მითითება მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, რადგან განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არსებობს სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზრაურებისაგან მოპასუხის გათავისუფლების სანმართლებრივი საფუძველი.
96. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
97. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
98. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
99. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
100.ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
101.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
102. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №11581 საგადახდო დავალებით გადახდილი 7060,50 ლარის 70% – 4942,35 ლარი, ტრანზაქციის განხორციელების დროა 13/03/2024.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (საიდენტიფიკაციო კოდი №202...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №11581 საგადახდო დავალებით გადახდილი 7060,50 ლარის 70% – 4942,35 ლარი, ტრანზაქციის განხორციელების დროა 13/03/2024.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე