Facebook Twitter

საქმე №ას-438-2024 22 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.კ.უ–ნი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგ მხარე) სარჩელი აღძრა სს „ს.კ.უ–ნის“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა 10300 ლარის გადახდის დაკისრება და ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე მოპასუხის (N002/29.09.2021) წერილის ბათილად ცნობა.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს, მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებებისათვის სადაზღვევო მომსახურების გაწევის თაობაზე. 2021 წლის 11 აგვისტოს, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის კუთვნილი ავტომანქანა „ფ.ფ–ი" სახელმწიფო ნომრით ....., მიმაგრებული იყო უფროს რეინჯერ ი.ე–ძეზე. ი.ე–ძემ აღნიშნული ავტომანქანა 2021 წლის 11 აგვისტოს, ღამით 23:00 საათზე გააჩერა - სახლის მიმდებარედ ეზოსთან, ხოლო დილით, გამთენიისას ხმაურზე გამოვიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ მანქანა იყო ამობრუნებული და ხევში ჩავარდნილი. ავტომანქანის აღსადგენად საჭიროა 10300 ლარი. აღნიშნული დგინდება შპს „ა-ის" მიერ გაცემული დოკუმენტით. მოპასუხემ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს სადაზღვევო რისკს და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევას. შემთხვევა გამოიწვია ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეულმა ზემოქმედებამ. მოპასუხის წერილით დგინდება, რომ მის მიერ მითითებული ავტომანქანის დაგორება გამოიწვია ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა წყლის ნაკადმა. წერილში არ წერია, რომ ავტომანქანა თავისით დაგორდა, დაგორების მიზეზად მითითებულია ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული ისეთი ძალის წყლის ნაკადი, რომელსაც ავტომანქანის დაგორება შეუძლია. ცხადია ძლიერი წვიმა და ისეთი სიძლიერის წყლის ნაკადი, რომელსაც ავტომობილის დაგორება შეუძლია ბუნებრივი მოვლენაა. ავტომობილი არ ყოფილა დატოვებული სადგომი მუხრუჭის გარეშე, ხოლო გადაცემათა ცვლის კოლოფი ნეიტრალურ პოზიციაში. თავად წერილის ავტორი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „ავტომობილის დგომის ადგილი თვალისათვის შესამჩნევად დახრილია შემოსასვლელიდან ხევის მდინარის მხარეს", ცხადია ასეთი შესამჩნევი დახრის შემთხვევაში, თუ სადგომი მუხრუჭი არ იქნებოდა ჩართული და გადაცემათა ცვლის კოლოფი დატოვებული იქნებოდა ნეიტრალურ მდგომარეობაში, ავტომანქანა მისი გაჩერებისთანავე დაგორდებოდა და არ დაელოდებოდა – გათენებას. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ე.წ. „დაგორება" თუ ასეთს ჰქონდა ადგილი გამოწვეული იყო ბუნებრივი მოვლენით (ძლიერი წვიმით გამოწვეული წყლის ნაკადით). „დაგორება", ასევე დიდი ალბათობით შეიძლება გამოწვეული იყოს ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყლის ნაკადის ზემოქმედებით, მანქანის გაჩერების ადგილას ქვის კედლის (ჩამოშლით) ჩანგრევით, და შემდგომი გადატრიალებით, რაც ასევე ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედებაა. აღნიშნულზე მიუთითებს ავტომანქანის დგომის ადგილას ჩამონაშალი (ჩანგრევა) და ავტომობილის დაზიანებები.

3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, შპს „ა–ის" მიერ შედგენილი ინვოისი არ შეესაბამება საბაზრო ფასებს იგი გაზრდილია ხელოვნურად, შესაბამისად მოპასუხის მიერ მოსამზადებელ ეტაპზე წარმოდგენილი იქნება ზიანის დაანგარიშების ინვოისი. მოპასუხე აგრეთე უთითებს, რომ ნამდვილად განაცხადა მზღვეველმა უარი ანაზღაურებაზე, რადგან ადგილი არ ჰქონია სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული რომელიმე რისკის ხდომილების ფაქტს. შემთხვევა არ გამოწვეულა ბუნებრივი მოვლენებით, წყლის ნაკადი არაა დაზღვეული რისკი, არამედ დაზღვეული რისკები შემდეგია: 1.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა _ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში. 2. სატრანსპორტო საშუალების ან მისი ცალკეული ნაწილების დაკარგვა (მათ შორის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, გატაცების ან ქურდობის/ძარცვის/ყაჩაღობის/ გატაცების მცდელობის შედეგად); 3. ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება, კერძოდ, მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ზვავი, გრიგალი, ქარიშხალი, ღვარცოფი, მეხის დაცემა, მეწყერი და სეტყვა ან მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება და განადგურება გარეშე და აშკარა მიზეზებით. 4. აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა, ვანდალიზმი. 5. მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. 6. დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. წერილში რომელიც თავად აქვს წარმოდგენილი მოსარჩელეს, მითითებულია: ავტომანქანა „ფ.ფ–ი" სახ. N..... დაგორდა სადგომი ადგილიდან, ავტომობილი ჩავარდა მდინარეში და შეეჯახა მდინარის მეორე ნაპირზე არსებულ კლდეს, რის შედეგადაც დაზიანდა. ფერდზე არსებული კლდის ნატეხები შემთხვევამდეც არ გამოიყენებოდა სადგომი ადგილის გასადიდებლად და გასამაგრებლად, ამის გარდა, ადგილზე არ არის მიწის ისეთი ფართობი და ის რაოდენობა ჩამოშლილი რომელიც შეძლება გამხდარიყო ავტომობილის ქანობზე დაგორების და მდინარეში ჩავარდნის მიზეზი. გარემოებების შესწავლის შედეგად ავტომობილის დაზიანების მიზეზი დიდი ალბათობით არის ავტომობილის გადაცემათა ცვლის კოლოფის „ნეიტრალურ“ პოზიციაში, სადგომის მუხრუჭის გარეშე დატოვება". ამდენად, ცხადია რომ ავტომანქანა დაგორდა, თუმცა, არა სადაზღვევო რისკის ხდომილების შედეგად. მოპასუხე მხარის მიერ ჩატარდა ექსპერტიზა და სწორედ კვალიფიციური ექსპერტის მიერ იქნა დადგენილი, რომ ადგილი არ ჰქონია არც ბუნებრივი მოვლენების შედეგად ავტომანქანის დაზიანებას და არც სხვა რომელიმე რისკს, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია: „ავტომობილის, ადგილმდებარეობის, დახრილობის და სხვა გარემოებების შესწავლის შედეგად ავტომობილის დაგორების და მდინარეში ჩავარდნის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, დიდი ალბათობით, არის ავტომობილის, დგომის ადგილზე გადაცემათა ცვლის კოლოფის „ნეიტრალურ“ პოზიციაში, სადგომის მუხრუჭის გარეშე დატოვება". მოპასუხე თვლის, რომ მიკერძოებული მხარის ახსნა- განმარტება, რომელიც არ არის გამყარებული მტკიცებულებით არაა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, საწინააღმდეგოდ მოპასუხის მიერ გაქარწყლებულია მითითებული გარემოება, თუ რას შეეძლო გამოეწვია დაგორება. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარებისათვის საჭირო დოკუმენტებია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა; მძღოლების ახსნა- განმარტებები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან პატაკი; მძღოლის სიმთვრალე- სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი; საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილების (დადგენილების) ასლი; საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა დაკავშირებული დოკუმენტები, ამდენად, დგინდება რომ თავად საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის მაკვალიფიცირებელი დოკუმენტებიც და შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო და სავალდებულო მტკიცებულებებიც, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია, არადა ზემოაღნიშნული პირობა მათ მიერ შემუშავებული პირობაა სახელმწიფო შესყიდვებში, რასაც დასთანხმდა მზღვეველი. იმისთვის რომ საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა არსებობდეს და შემთხვევა კვალიფიცირდეს სადაზღვევო შემთხვევად, მოსარჩელე ვალდებულია წარმოადგინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა; მძღოლების ახსნა-განმარტებები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან პატაკი, ხოლო ასეთის არ არსებობისას არ არსებობს თავისთავად სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ხოლო ბუნებრივი მოვლენებით ავტომანქანის დაზიანების შემთხვევაში, ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, რომ დასახელებულ ადგილზე, მითითებულ დროს დასახელებულ ბუნებრივ მოვლენას ჰქონდა ადგილი და ასევე შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა, რომ ზიანი გამოწვეულია სწორედ ბუნებრივი მოვლენის შედეგად. საპატრულო პოლიციის მიერ მოწოდებული დოკუმენტიდან დგინდება, რომ ადგილი არ ჰქონია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას, საწინააღმდეგოდ კი, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევა მოხდა ავტომობილის დაგორებით, რაც არ წარმოადგენს სადაზღვევო რისკს და შესაბამისად სადაზღვევო შემთხვევას, ხოლო თავად მძღოლის მიერ ავტომობილის გადაცემათა ცვლის კოლოფის „ნეიტრალურ“ პოზიციაში სადგომის მუხრუჭის გარეშე დატოვება მითითებულ ადგილზე წარმოადგენს მეტისმეტ დაუდევრობას, უხეშ გაუფრთხილებლობას, რადგან ალბათობა იმისა, რომ ავტომანქანა წვიამიან ამინდში შეიძლებოდა დაგორებულიყო, იყო თითქმის 90%. ამდენად, დადგენილია, რომ სახეზე არაა: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; ბუნებრივი მოვლებებით დამდგარი შემთხვევა; არ არის არცერთი რისკის ხდომილების ფაქტი; სახეზეა მძღოლის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობა, რაც საგამონაკლისო პირობას წარმოადგენს. ამასთან, მოსარჩელის ინვოისი არ არის საბაზრო ღირებულებების შესაბამისი და არ დგინდება დაზიანებული ავტომობილის შეკეთებისთვის გასაწევი მომსახურებებისა და ავტონაწილების ფასები რა პრინციპითაა დათვლილი, ორიგინალია, არაორიგინალი თუ მეორადი ორიგინალი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასრგებლოდ დაეკისრა 10 300 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება დააფუძნა შემდეგ გარემოებებსა და მოსაზრებებზე მითითებით:

7. 2020 წლის 30 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა N29 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის სადაზღვევო მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 01 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრამდე. 2020 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულების I ნაწილის პირობების თანახმად, კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული სადაზღვევო რისკებია: „ა) საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში; ბ) სატრანსპორტო საშუალების ან მისი ცალკეული ნაწილების დაკარგვა (მათ შორის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, გატაცების ან ქურდობის/ძარცვის/ყაჩაღობის/ გატაცების მცდელობის შედეგად); გ) ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება. კერძოდ, მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ზვავი, გრიგალი, ქარიშხალი, ღვარცოფი, მეხის დაცემა, მეწყერი და სეტყვა ან მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება და განადგურება გარეშე და აშკარა მიზეზებით; დ) აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა, ვანდალიზმი; ე) მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება: ვ) დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება“. 2020 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულების I ნაწილის, მე-2 მუხლით განისაზღვრა საერთო საგამონაკლისო პირობები, კერძოდ, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზარალი მათ შორის შემდეგ შემთხვევებში: „დ) დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული განზრახ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როდესაც სატრანსპორტო საშუალება გამოყენებულია სისხლის სამართლის დანაშაულის იარაღად. ვ) შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას“.

8. ავტომანქანა FIAT FULLBACK, სახელმწიფო ნომრით ......, ირიცხება მოსარჩელის ბალანსზე.

9. 2021 წლის 03 სექტემბრის მოხსენებით ბარათში მითითებულია შემდეგი: „2021 წლის 11 აგვისტოს, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის კუთვნილი ავტომანქანა ფ.ფ–ი, სახელმწიფო ნომრით ......., რეინჯერ ი.ე–ძის მიერ 23:00 საათზე გაჩერდა სახლის მიმდებარედ, რომელიც გამაგრებული იყო ქვის კედლით. დილით ნახეს, რომ ადგილზე სადაც ავტომანქანა იყო გაჩერებული, ჩანგრეული იყო ქვის კედელი, მანქანა გადატრიალებული იყო და ჩავარდნილი ხევში. აღნიშნულის შედეგად, არავინ დაზიანებულა, ხოლო ავტომანქანა დაზიანდა გარედან. აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულია სადაზღვევო კომპანიაც“

10. 2021 წლის 28 სექტემბერს, მოპასუხემ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე და მიუთითა შემდეგი: „ვინაიდან, საპატრულო პოლიციის მიერ მოწოდებული დოკუმენტიდან დგინდება, რომ ადგილი არ ჰქონია საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევას, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევა მოხდა ავტომობილის დაგორებით, შესაბამისად შემთხვევა არ წარმოადგენს სადაზღვევო რისკს, რის გამოც კომპანია უარს აცხადებს ზიანის ანაზღაურებაზე“.

11. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის #MHL 105966 პოლისი ითვალისწინებს სადაზღვევო რისკების ჩამონათვალს შემდეგნაირად: საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო– სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა _ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში; სატრანსპორტო საშუალების ან მისი ცალკეული ნაწილების დაკარგვა (მათ შორის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, გატაცების ან ქურდობის/ძარცვის/ყაჩაღობის/ გატაცების მცდელობის შედეგად); ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება, კერძოდ, მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ზვავი, გრიგალი, ქარიშხალი, ღვარცოფი, მეხის დაცემა, მეწყერი და სეტყვა ან მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება და განადგურება გარეშე და აშკარა მიზეზებით. აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა, ვანდალიზმი; მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. ავტომანქანა FIAT FULLBACK-ის, სახელმწიფო ნომერით ...... აღდგენის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 10300 ლარით. კერძოდ: მანქანის გარე დეტალების დ/აწყობა - 750 ლარი, სათუნუქო სამუშაო საშუალო - 2000 ლარი, სათუნუქო სამუშაო რთული - 900 ლარი, სამღებრო სამუშაო (სრული) – 3000 ლარი, წინა საქარე მინის შეცვლა - 100 ლარი, წინა ბამპერი - 1500 ლარი, წინა საქარე მინა - 650 ლარი, ხოლო გარეთა სარკე - 1400 ლარი.

12. მოპასუხის მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმულ შეკითხვაზე: „1. შესაძლებელია თუ არა ავტომანქანა FIAT FULLBACK სახ. ნომრით ....... დაზიანებულიყო ისე, როგორც ფოტოებზე და შეტყობინებაშია მოცემული 2. შესაძლებელია თუ არა ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩამოშლილი მიწის გამო ავტომობილი ჩავარდნილიყო ხევში და 3. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შემთხვევაში რა მიზეზის გამო არის შესაძლებელი გაჩერებული ავტომობილი ჩავარდეს ხევში“ - ექსპერტის მიერ გაიცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: „1. თუ ავტომანქანა FIAT FULLBACK სახ. ნომრით ....... დაგორდებოდა სადგომი ადგილიდან მაშინ ავტომობილის მოძრაობა იქნებოდა ფოტოებზე და შეტყობინებაში აღწერილი ტრაექტორიით, ავტომობილი ჩავარდებოდა მდინარეში, შეეჯახებოდა მდინარის მეორე ნაპირზე არსებულ კლდეს და დაზიანებები იქნებოდა ისეთი, როგორიც აქვს ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილს; 2. ადგილზე არსებული ჩამოშლილი მიწის ფართობი და რაოდენობა, დიდი ალბათობით ვერ გახდებოდა ავტომობილის ქანობზე დაგორების და მდინარეში ჩავარდნის მიზეზი; 3. ავტომობილის, ადგილმდებარეობის, დახრილობის და სხვა გარემოებების შესწავლის შედეგად ავტომობილის დაგორების და მდინარეში ჩავარდნის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, დიდი ალბათობით არის ავტომობილის, დგომის ადგილზე გადაცემათა ცვლის კოლოფის „ნეიტრალურ“ პოზიციაში, სადგომის მუხრუჭის გარეშე დატოვება“.

13. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება 2021 წლის 28 სექტემბერს, მოპასუხემ ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ: „ვინაიდან, საპატრულო პოლიციის მიერ მოწოდებული დოკუმენტიდან დგინდება, რომ ადგილი არ ჰქონია საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევას, საწინააღმდეგოდ კი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევა მოხდა ავტომობილის დაგორებით, რაც არ წარმოადგენს სადაზღვევო რისკს და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევას, შესაბამისად, კომპანია უარს აცხადებს ზიანის ანაზღაურებაზე“.

14. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა 2021 წლის 2 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნულ დასკვნაში ექსპერტიზის წინაშე დასმული იქნა შემდეგი შეკითხვები: „1. შესაძლებელია თუ არა ავტომანქანა FIAT FULLBACK სახ. ნომრით ....... დაზიანებულიყო ისე, როგორც ფოტოებზე და შეტყობინებაშია მოცემული? 2. შესაძლებელია თუ არა ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩამოშლილი მიწის გამო ავტომობილი ჩავარდნილიყო ხევში? 3. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შემთხვევაში, რა მიზეზის გამო არის შესაძლებელი გაჩერებული ავტომობილი ჩავარდეს ხევში?“ - ექსპერტის მიერ გაცემული იქნა შემდეგი შინაარსის დასკვნა: „თუ ავტომანქანა FIAT FULLBACK სახ. ნომრით ....... დაგორდებოდა სადგომი ადგილიდან, მაშინ ავტომობილის მოძრაობა იქნებოდა ფოტოებზე და შეტყობინებაში აღწერილი ტრაექტორიით, ავტომობილი ჩავარდებოდა მდინარეში, შეეჯახებოდა მდინარის მეორე ნაპირზე არსებულ კლდეს და დაზიანებები იქნებოდა ისეთი, როგორიც აქვს ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილს; 2. ადგილზე არსებული ჩამოშლილი მიწის ფართობი და რაოდენობა, დიდი ალბათობით ვერ გახდებოდა ავტომობილის ქანობზე დაგორების და მდინარეში ჩავარდნის მიზეზი; 3. ავტომობილის, ადგილმდებარეობის, დახრილობის და სხვა გარემოებების შესწავლის შედეგად ავტომობილის დაგორების და მდინარეში ჩავარდნის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, დიდი ალბათობით არის ავტომობილის, დგომის ადგილზე გადაცემათა ცვლის კოლოფის „ნეიტრალურ“ პოზიციაში, სადგომის მუხრუჭის გარეშე დატოვება“. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ექსპერტთა განმარტებით: „შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, შესწავლა განხორციელდა ინტერნეტ სივრცეში არსებული რუქებითა და ფოტომასალის მეშვეობითაც. ჯ.თ.გ–ის ვებგვერდზე ნანახი ფოტოს დღევანდელ მდგომარეობასთან შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქანობზე არსებული ერთი დიდი და ერთი შედარებით პატარა ზომის კლდის ნამტვრევები იყო იმ ფოტოებზეც. ვებგვერდის მფლობელთან წერილობით დამყარებული კომუნიკაციის შემდეგ დადგინდა, რომ მათი ფოტო ვებგვერდზე ატვირთულია 2021 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო როგორც ცნობილია შემთხვევა მოხდა 2021 წლის 12 აგვისტოს. აღნიშნული კლდის ნამტვრევების გარდა ქანობზე არ შეიმჩნევა რამე მნიშვნელოვანი ზომის ან/და რაოდენობის ჩამონაშალი, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ავტომობილის ფერდზე დაგორების მიზეზი. ავტომობილის დგომის ადგილი თვალისათვის შესამჩნევად დახრილია შემოსასვლელიდან ხევის, მდინარის მხარეს. დიდი ალბათობით დგომის ადგილზე ავტომობილის გაჩერების შემდეგ გადაცემათა ცვლის კოლოფი დარჩა ნეიტრალურ პოზიციაში და არ მოხდა სადგომი მუხრუჭის გააქტიურება. აღნიშნულს დაემატა ძლიერი წვიმა, შესაძლებელია წყლის ნაკადმაც შეუწყო ხელი და გარკვეული დროის მერე ავტომობილი გაგორდა, ფერდის დახრის კუთხის გათვალისწინებით ფერდის დასაწყისში მიიღო სახურავის კუთხის, საქარე მინის და დგარის დაზიანება, ხოლო შემდგომ ფერდზე და მდინარის ნაპირზე არსებულ დიდ ქვებზე და კლდის ნამტვრევებზე მიიღო ფოტოებზე ნაჩვენები სხვა დაზიანებები. გარემოებების შესწავლის შედეგად ავტომობილის დაზიანების შესაძლო მიზეზი დიდი ალბათობით, არის ავტომობილის გადაცემათა ცვლის კოლოფის „ნეიტრალურ“ პოზიციაში, სადგომის მუხრუჭის გარეშე დატოვება.“

15. 2023 წლის 24 თებერვალს სასამართლო სხდომაზე გამოკითხული იქნა ექსპერტი მის მიერ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით. მისი განმარტებებით - „თუ ბუნებრივ მოვლენას არ ექნებოდა ადგილი, ავტომანქანა შეიძლება მთელი ღამის განმავლობაში მდგარიყო... როგორც დატოვა ისე იქნებოდა... ერთობლიობა იყო მიწის ჩამოშლისა და ავტომანქანის დაგორების“… დაგორება გამოიწვია მიწის მცირე ჩამოშლამ, რომელმაც მისცა პროვოცირება, ხოლო მიწის ჩამოშლა გამოიწვია კლიმატურმა პირობებმა (იხ. 24.02.2023 წლის სხდომის ოქმი 16:17:28; 16:21:35; 16:47:38 სთ; 16:43:07 სთ).

16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგადად ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს კატეგორიული - როცა ექსპერტი, ერთმნიშვნელოვნად (ცალსახად) პასუხობს მის წინაშე დასმულ საკითხებზე, სავარაუდო - როცა ექსპერტი არ გამორიცხავს საკითხის სხვანაირად გადაწყვეტის შესაძლებლობას და ბოლოს - საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის შესახებ. ექსპერტი ფლობს სპეციალურ ცოდნას და მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. საბოლოოდ კი, სასამართლო განსაზღვრავს ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას და ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. წარმოდგენილი დასკვნის შეფასების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ ავტომობილის, დგომის ადგილზე გადაცემათა ცვლის კოლოფის „ნეიტრალურ“ პოზიციაში, სადგომის მუხრუჭის გარეშე დატოვება ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება. ამასთან, ავტომანქანის გადაცემათა ცვლის კოლოფის „ნეიტრალურ“ პოზიციაში, სადგომის მუხრუჭის გარეშე დატოვების შემთხვევაში, მისი გაგორება მოხდებოდა არა გარკვეული პერიოდის შემდგომ არამედ გაჩერებისთანავე. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ მძღოლმა ავტომანქანა ღამით 23:00 საათზე გააჩერა - სახლის მიმდებარედ ეზოსთან, ხოლო დილით, გამთენიისას ხმაურზე გამოვიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ მანქანა იყო ამობრუნებული და ხევში ჩავარდნილი. ამდენად, ობიექტურად მომხდარი გარემოებებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით, ადგილი არ ჰქონია მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობას.

17. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ დადგენილად მიიჩია, რომ ვინაიდან ადგილი არ ჰქონია მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობას, სახეზეა სადაზღვევო შემთხვევა, რაც უნდა ანაზღაურდეს, მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე.

18. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება- მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).

19. ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021 წელი, პ.14; №ას-92-88-2016, 11.03.2016წ.). შესაბამისად, მნიშვნელოვანია თავად სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებების შინაარსი (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30.10.2015წ.).

20. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების(სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, 85.) (სუსგ ას-541-2023).

21. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ: სუსგ №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი).

22. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების, ექსპერტის ჩვენების და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა დაზღვევის პოლისში მითითებულ ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეულ ზემოქმედებას, კერძოდ, მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ზვავი, გრიგალი, ქარიშხალი, ღვარცოფი, მეხის დაცემა, მეწყერი და სეტყვა ან მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება და განადგურება გარეშე და აშკარა მიზეზებით. კონკრეტულად კი ადგილი ჰქონდა ბუნებრივ/მოულოდნელ მოვლენას, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის განმარტებით დგინდება: „თუ ბუნებრივ მოვლენას არ ექნებოდა ადგილი, ავტომანქანა შეიძლება მთელი ღამის განმავლობაში მდგარიყო... როგორც დატოვა ისე იქნებოდა... ერთობლიობა იყო მიწის ჩამოშლისა და ავტომანქანის დაგორების“… დაგორება გამოიწვია მიწის მცირე ჩამოშლამ, რომელმაც მისცა პროვოცირება, ხოლო მიწის ჩამოშლა გამოიწვია კლიმატურმა პირობებმა. ამდენად, დასტურდება, რომ ავტომანქანის დაგორება გამოიწვია ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა წყლის ნაკადმა, რომელმაც განაპირობა მიწის მცირე ჩამოშლა, რის შედეგადაც დაგორდა ავტომანქანა.“ ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა მოულოდნელ მოვლენას, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად ექვემდებარება ანაზღაურებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუნებრივი/მოულოდნელი მოვლენა ერთმნიშვნელოვნად არ დადგინდებოდა, მხარეები დაუდგენელი მიზეზით სატრანპორტო საშუალების დაზიანების ანაზღაურებაზეც იყვნენ შეთანხმებულნი და არც ამ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული მოპასუხის უარი ზიანის ანაზღაურებაზე. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული საფუძვლითაც კი შეეძლო აპელანტს განეხორციელებინა ანაზღაურება, დამატებითი მტკიცებულების მოთხოვნის გარეშე. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ თუ დამზღვევი/დაზღვეული არ ეთანხმებოდა მზღვეველის მიერ დაიდენტიფიცირებულ რისკს, მის მიერ უნდა მომხდარიყო საპასუხო წერილობითი შედავების განხორციელება, მის მიერ მიჩნეული სხვა რისკის ხდომილებით გამოწვეულ სადაზღვევო შემთხვევაზე მითითებით, რომლის შესაბამისი დოკუმენტაცია ასევე უნდა წარმოედგინა მზღვეველისთვის შემდგომი მსჯელობისთვის.

23. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას ზიანის ოდენობაზე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება. მოპასუხემ /აპელანტმა ვერ დაადასტურა, რომ დაზიანებული, დაზღვეული ავტომანქანის შეკეთებისათვის არ იყო საჭირო 10 300 ლარი და შესაძლებელი იყო ავტომანქანის ნაკლებ ფასად შეკეთება. აპელანტს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისის საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ინვოისი არ არის საბაზრო ღირებულების შესაბამისი და არ დგინდება დაზიანებული ავტომობილის შეკეთებისთვის გასაწევი მომსახურებებისა და ავტონაწილების ფასები.

24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოსარჩელე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:

25. კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მტკიცებულებათა ანულირების ფარგლებში მიიჩნიეს, რომ მოულოდნელ გარემოებას ჰქონდა ადგილი, მაშინ როდესაც საქმეში არ იყო რისკის ხდომილების ფაქტი; ადგილი ჰქონდა მძღოლის მეტისმეტი დაუდევრობას, უხეში გაუფრთხილებლობას, რაც საგამონაკლისო პირობას წარმოადგენს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარებისათვის საჭირო დოკუმენტებია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა; მძღოლების ახსნა-განმარტებები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან პატაკი; მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი; საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილების (დადგენილების) ასლი. იმისთვის რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არსებობდეს და შემთხვევა კვალიფიცირდეს სადაზღვევო შემთხვევად მოსარჩელე ვალდებულია წარმოადგინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა; მძღოლების ახსნა-განმარტებები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან პატაკი, ხოლო ასეთის არ არსებობისას არ არსებობს თავისთავად სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ხოლო ბუნებრივი მოვლენებით ავტომანქანის დაზიანების შემთხვევაში ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა რომ დასახელებულ ადგილზე, მითითებულ დროს დასახელებულ ბუნებრივ მოვლენას ჰქონდა ადგილი და ასევე შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა რომ ზიანი გამოწვეულია სწორედ ბუნებრივი მოვლენის შედეგად. გასაჩივრებულ განჩინებაში პალატა განმარტავს, რომ ავტომობილის, დგომის ადგილზე გადაცემათა ცვლის კოლოფის ნეიტრალურ“ პოზიციაში, სადგომის მუხრუჭის გარეშე დატოვება ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება.

26. ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებმა დაუსაბუთებლად შეაფასეს შპს „ა–ის" მიერ მომზადებული დასკვნა. არ იქნა მხედველობაში მიღებული ის საკითხი, რომ ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ჩაატარა დამატებითი მოკვლევა, თვითმხილველების გამოკითხვა და შეაგროვა დამატებითი ფოტომასალა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით: „ავტომობილის, ადგილმდებარეობის, დახრილობის და სხვა გარემოებების შესწავლის შედეგად ავტომობილის დაგორების და მდინარეში ჩავარდნის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, დიდი ალბათობით, არის ავტომობილის, დგომის ადგილზე გადაცემათა ცვლის კოლოფის „ნეიტრალურ“ პოზიციაში, სადგომის მუხრუჭის გარეშე დატოვება“. ვერც ერთი ექსპერტი ამაზე იმპერატიული ფორმით ვერ დაასკვნის საკითხს, ვინაიდან ამგვარი დასკვნები ყოველთვის არის დაშვებებზე და ამიტომ არის გამოყენებული დიდი ალბათობა.

27. თბილისის სააპელაციო სასამართლო ქვედა ინსტანციისგან განსხვავებით ლაკონურად ასკვნის, რომ „ვინაიდან ადგილი არ ჰქონია მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობას, სახეზეა სადაზღვევო შემთხვევა, რაც უნდა ანაზღაურდეს, რაც გამომდინარეობს მხარეთა შეთანხმებიდან. „უხეში გაუფრთხილებლობის შეფასებისას პალატა ერთმნიშვნელოვნად ეყრდნობა ავტომანქანის მძღოლის პოზიციას და ობიექტურად მომხდარ გარემოებად მძღოლის მონათხრობს მიიჩნევს. სასამართლო არ უარყოფს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა „გადაცემათა ცვლის კოლოფი ნეიტრალურ პოზიციაში“ დატოვა, აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს დასაშვებ ქცევას. თუმცა, დარღვევა (იმ შემთხვევაში თუ ჰქონდა მას ადგილი) ობიექტურად მომხდარი გარემოებებისა და ქმედების სუბიექტის (მისი ნების) გათვალისწინებით, უხეშ გაუფრთხილებლობად არ უნდა იქნეს მიჩნეული. საგულისხმოა, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევა მოხდა ავტომობილის დაგორებით, რაც არ წარმოადგენს სადაზღვევო რისკს და შესაბამისად სადაზღვევო შემთხვევას, ხოლო თავად მძღოლის მიერ ავტომობილის გადაცემათა ცვლის კოლოფის „ნეიტრალურ“ პოზიციაში სადგომის მუხრუჭის გარეშე დატოვება მითითებულ ადგილზე, წარმოადგენს მეტისმეტ დაუდევრობას, უხეშ გაუფრთხილებლობას, რადგან ალბათობა იმისა რომ ავტომანქანა წვიამიან ამინდში შეიძლებოდა დაგორებულიყო, იყო თითქმის 90%. მზღვეველის უფლება, გათავისუფლდეს თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია უხეში გაუფრთხილებლობით, დადგენილია საკანონმდებლო დანაწესით (სსკ-ის 829-ე მუხლი) და შესაბამისად, მბოჭავი ძალა აქვს სამართალურთიერთობის მონაწილე ყველა მხარისათვის. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ სადაზღვევო კომპანიის უარი ემყარება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ სატრანსპორტო საშუალების დაზიანება მოხდა უხეში გაუფრთხილებლობით, რაც სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. უხეში გაუფრთხილებლობის არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. უხეში გაუფრთხილებლობის ნორმატიულ დეფინიციას არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს.

28. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. სახეზე არაა ბუნებრივი მოვლებებით დამდგარი შემთხვევა. არ გვაქვს არცერთი რისკის ხდომილების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მძღოლის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობა, რაც საგამონაკლისო პირობას წარმოადგენს.

29. მოსარჩელის ინვოისი არ არის საბაზრო ღირებულებების შესაბამისი და არ დგინდება დაზიანებული ავტომობილის შეკეთებისთვის გასაწევი მომსახურებებისა და ავტონაწილების ფასები რა პრინციპითაა დათვლილი, ორიგინალია, არაორიგინალი, მეორადი ორიგინალი თუ სხვა. აღდგენის ღირებულების დასადგენად აუცილებელია არსებობდეს კონკრეტულად ამ ავტომობილისთვის საჭირო სამუშაოების, აუცილებელი მასალისა და სათადარიგო ნაწილების განსაზღვრა, რომლებიც შეფასებული უნდა იყოს საბაზრო ღირებულებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისის მიხედვით, არ დასტურდება ნაწილებისა და მომსახურების ფასების საბაზრო ღირებულებებთან მიახლოების ფაქტი. ავტომანქანა იყო 2015 წლიანი და მას ხელშეკრულების შესაბამისად არ ეკუთვნის ახალი ნაწილების ფასით ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისი, რომ საბაზრო ღირებულებასთან მიმართებაშია, მოსარჩელეს მტკიცება ნამდვილად გაუჭირდება, თანაც მაშინ, როდესაც თავად ინვოისში არ არის მითითებული - ახალი ორიგინალი ნაწილების ფასებია მითითებული, არაორიგინალის თუ მეორადი ორიგინალის. რაც ყველაზე გასაოცარია და დაზიანებებიდანაც (სურათებიდან) კარგად ჩანს, თავად მძღოლი მიუთითებს, რომ ავტომანქანა სრულად დაზიანდა, სარჩელზე კი დართულია 12.10.2021 წ. შეფასების აქტი, რომლითაც ავტომანქანამ თითქოს მიიღო 10300 ლარის ზიანი, რაც ლოგიკას მოკლებულია, რადგან ავტომანქანა ისეთი ადგილიდან დაგორდა, რომ თითქმის სრულად დაზიანებულია, შესაბამისად ჩნდება ეჭვი, სხვა შემთხვევის ინვოისი ხომ არ არის წარმოდგენილი სარჩელზე, რადგან ავტომანქანას დაზიანებული აქვს და დაჭეჭყილი სახურავი, კაპოტი, საბურავები, სავალი ნაწილები და სხვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

31. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

32. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი იმ საფუძვლით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის -10 300 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა მძღოლის მეტისმეტ დაუდევრობას, უხეშ გაუფრთხილებლობას, რაც მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების საგამონაკლისო პირობას წარმოადგენდა და გამორიცხავდა მოპასუხის ვალდებულებას აენაზღაურებინა ზიანი (იხ., დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).

33. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმატავს, რომ განმარტავს, რომ სასამართლოს ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

34. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ი) 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 814-ე (სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ), 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით), 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლებიდან.

35. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

36. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.

37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების(სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (იხ. სუსგ-ები: №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).

38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).

39. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).

40. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ: სუსგ №ას-1129-2023, 26 დეკემბერი, 2023 წ.).

41. შესაბამისად, იმის დასადგენად, წარმოეშვა თუ არა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა დადგინდეს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული, ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება (შდრ: სუსგ №ას-535-511-2016 8 ივლისი, 2016 წელი).

42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს ამ განჩინების პპ: 7-12-ში მითითებული გარემოებები.

43. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას.

44. მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; ასევე შდრ: სუსგ-ები: №ას-1298-2018; 22.03.2019წ; №ას-1329-2018, 22.02.2019წ; №ას-1610-2019, 07.02.2020წ.).

45. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა - სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).

48. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

49. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.

50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას კვლევაში. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით, რის შედეგადაც, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (იხ. დამატებით: ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122. რედ: ზ.ძლიერიშვილი, ნ.კვანტალიანი).

51. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა 2021 წლის 2 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის წინაშე დასმული იქნა შემდეგი შეკითხვები: „1. შესაძლებელია თუ არა ავტომანქანა Fiat FULLBACK სახ. ნომრით ....... დაზიანებულიყო ისე, როგორც ფოტოებზე და შეტყობინებაშია მოცემული? 2. შესაძლებელია თუ არა ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩამოშლილი მიწის გამო ავტომობილი ჩავარდნილიყო ხევში? 3. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შემთხვევაში რა მიზეზის გამო არის შესაძლებელი გაჩერებული ავტომობილი ჩავარდეს ხევში?“. ექსპერტის მიერ გაცემული იქნა შემდეგი შინაარსის დასკვნა: „თუ ავტომანქანა Fiat FULLBACK სახ. ნომრით ....... დაგორდებოდა სადგომი ადგილიდან მაშინ ავტომობილის მოძრაობა იქნებოდა ფოტოებზე და შეტყობინებაში აღწერილი ტრაექტორიით, ავტომობილი ჩავარდებოდა მდინარეში, შეეჯახებოდა მდინარის მეორე ნაპირზე არსებულ კლდეს და დაზიანებები იქნებოდა ისეთი, როგორიც აქვს ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილს; 2. ადგილზე არსებული ჩამოშლილი მიწის ფართობი და რაოდენობა, დიდი ალბათობით ვერ გახდებოდა ავტომობილის ქანობზე დაგორების და მდინარეში ჩავარდნის მიზეზი; 3. ავტომობილის, ადგილმდებარეობის, დახრილობის და სხვა გარემოებების შესწავლის შედეგად ავტომობილის დაგორების და მდინარეში ჩავარდნის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, დიდი ალბათობით არის ავტომობილის, დგომის ადგილზე გადაცემათა ცვლის კოლოფის „ნეიტრალურ“ პოზიციაში, სადგომის მუხრუჭის გარეშე დატოვება“. ექსპერტთა განმარტებით: „შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, შესწავლა განხორციელდა ინტერნეტ სივრცეში არსებული რუქებითა და ფოტომასალის მეშვეობითაც. ჯ.თ.გ–ის ვებგვერდზე ნანახი ფოტოს დღევანდელ მდგომარეობასთან შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქანობზე არსებული ერთი დიდი და ერთი შედარებით პატარა ზომის კლდის ნამტვრევები იყო იმ ფოტოებზეც. ვებგვერდის მფლობელთან წერილობით დამყარებული კომუნიკაციის შემდეგ დადგინდა, რომ მათი ფოტო ვებგვერდზე ატვირთულია 2021 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო როგორც ცნობილია შემთხვევა მოხდა 2021 წლის 12 აგვისტოს. აღნიშნული კლდის ნამტვრევების გარდა ქანობზე არ შეიმჩნევა რამე მნიშვნელოვანი ზომის ან/და რაოდენობის ჩამონაშალი, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ავტომობილის ფერდზე დაგორების მიზეზი. ავტომობილის დგომის ადგილი თვალისათვის შესამჩნევად დახრილია შემოსასვლელიდან ხევის, მდინარის მხარეს. დიდი ალბათობით დგომის ადგილზე ავტომობილის გაჩერების შემდეგ გადაცემათა ცვლის კოლოფი დარჩა ნეიტრალურ პოზიციაში და არ მოხდა სადგომი მუხრუჭის გააქტიურება. აღნიშნულს დაემატა ძლიერი წვიმა, შესაძლებელია წყლის ნაკადმაც შეუწყო ხელი და გარკვეული დროის მერე ავტომობილი გაგორდა, ფერდის დახრის კუთხის გათვალისწინებით ფერდის დასაწყისში მიიღო სახურავის კუთხის, საქარე მინის და დგარის დაზიანება, ხოლო შემდგომ ფერდზე და მდინარის ნაპირზე არსებულ დიდ ქვებზე და კლდის ნამტვრევებზე მიიღო ფოტოებზე ნაჩვენები სხვა დაზიანებები. გარემოებების შესწავლის შედეგად ავტომობილის დაზიანების შესაძლო მიზეზი დიდი ალბათობით, არის ავტომობილის გადაცემათა ცვლის კოლოფის „ნეიტრალურ“ პოზიციაში, სადგომის მუხრუჭის გარეშე დატოვება.“ 2023 წლის 24 თებერვალს სასამართლო სხდომაზე გამოკითხული იქნა ექსპერტი მის მიერ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელმაც განმარტა, რომ „თუ ბუნებრივ მოვლენას არ ექნებოდა ადგილი ავტომანქანა შეიძლება მთელი ღამის განმავლობაში მდგარიყო... როგორც დატოვა ისე იქნებოდა... ერთობლიობა იყო მიწის ჩამოშლისა და ავტომანქანის დაგორების“… დაგორება გამოიწვია მიწის მცირე ჩამოშლამ, რომელმაც მისცა პროვოცირება, ხოლო მიწის ჩამოშლა გამოიწვია კლიმატურმა პირობებმა (იხ. 24.02.2023 წლის სასამრთლო სხდომის ოქმი 16:17:28; 16:21:35; 16:47:38 სთ; 16:43:07 სთ).

52. წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა და საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, საკამარის საფუძველს ქმნის, რათა გაზიარებული იქნეს სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადაზღვევო შემთხვევა, დაზღვევის ხელშეკრულებითა და სადაზღვევო პოლისით დაფარულ სადაზღვევო რისკს მიეკუთვნება. სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ავტომობილის, დგომის ადგილზე გადაცემათა ცვლის კოლოფის „ნეიტრალურ“ პოზიციაში, სადგომის მუხრუჭის გარეშე დატოვება ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება. ამასთან, ავტომანქანის გადაცემათა ცვლის კოლოფის „ნეიტრალურ“ პოზიციაში, სადგომის მუხრუჭის გარეშე დატოვების შემთხვევაში, მისი გაგორება მოხდებოდა არა გარკვეული პერიოდის შემდგომ არამედ გაჩერებისთანავე. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ მძღოლმა ავტომანქანა ღამით 23:00 საათზე გააჩერა - სახლის მიმდებარედ ეზოსთან, ხოლო დილით, გამთენიისას ხმაურზე გამოვიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ მანქანა იყო ამობრუნებული და ხევში ჩავარდნილი. ამდენად, ობიექტურად მომხდარი გარემოებებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით, ადგილი არ ჰქონია მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობას და ამ მხრივ, კასატორის პრეტენზია გასაზირებელი არაა.

53. საკასაციო პალატა მიუთითებს ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატის განმარტებაზე, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, იქნა უარი ნათქვამი, რომ დაზიანება გამოწვეული იყო წვიმის შედეგად, ხოლო წვიმა ხელშეკრულებით არ წარმოადგენდა სადაზღვევო რისკს, განცდილი ზარალი არ იყო გამოწვეული არცერთი სადაზღვევო რისკის ხდომილებით და ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა. მითითებულ სადავო შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხსენებული მიზეზებით დამზღვევის მოთხოვნის უარყოფა წინააღმდეგობაში მოდის, როგორც სამართლიანობის, ისე - კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტთან (სსკ-ის 8.3, 115-ე მუხლები) (სუსგ №ას-1206 -2021, 2 მარტი, 2022 წელი).

54. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები საკასაციო პრეტენზია ვერც ამ განჩინების პ.29-ში მითითებული საფუძვლით და სრულად იზიარებს ზარალის ანაზღაურების შესახებ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს და დასკვნებს რომლებიც მითითებულია ამ განჩინების პ.23-ში.

55. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები. მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ, მოპასუხის მხარეზე გადაინაცვლა. შესაბამისად, დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას, მოპასუხეს შეეძლო, საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზიანის ოდენობის გასაქარწყლებლად თავადაც წარმოედგინა რელევანტური მტკიცებულება. (საკასაციო პალატა კასატორის ყურდღებას მიაქცევს მის მიერ წარდგენილ შესაგებელზე, სადაც მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის წარმოდგენილი შპს „ა–ის“ მიერ შედგენილი ინვოისი, არ შეესაბამება საბაზრო ფასებს, იგი გაზრდილია ხელოვნურად, შესაბამისად, მოპასუხის მიერ მოსამზადებელ ეტაპზე წარმოდგენილი იქნება ზიანის დაანგარიშების ინვოისი (იხ. ტ.1.ს.ფ. 142-ე, შესაგებლის მე-3 ფაქტობრივი გარემოება.). მართალია კასატორი სადავოდ ხდის ზიანის ოდენობას, თუმცა გარდა ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირწონედ, მან ვერ წარმოადგინა ვერცერთი კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისი პოზიციის მართებულობას ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან მიმართებით (იხ. სუსგ: საქმე № ას-1129-2023, 26 დეკემბერი, 2023 წ.).

56. საკასაციო პალატას მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, ხოლო მოპასუხემ კი ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების გამორიცხვა, შესაბამისად, კასატორმა (მოპასუხე) ვერ დარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

58. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება.

59. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.კ.უ–ნის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. სს „ს.კ.უ–ნს“ (ს.კ:.......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 4.19.2024წ. საკრედიტო საგადახდო დავალებით N6072975 გადახდილი 515 ლარის 70% – 360.5 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი