Facebook Twitter

საქმე №ას-441-2024 22 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2021 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს - 82 086.71 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 21 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (CMR210106798), რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შემსყიდველისათვის მიეწოდებინა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებული დანაყოფებისათვის პულოვერები. ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 333 685.80 ლარს საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ხელშეკრულების №1 დანართის პირობების შესაბამისად,

3. როგორც შსს-ის ლოჯისტიკის დეპარტამენტის №60906, №72945, №265178, №617888, №756760, № 912480 №1154509, №1301541 სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ნაცვლად 2021 წლის 30 ნოემბრისა, მიწოდებულ იქნა სრულად 2022 წლის 13 მაისს - 164 კალენდარული დღის დაგვიანებით.

4. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 333 685.80 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 82 086.71 ლარს (333685.80*0.15%*164).

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 22 ივნისის წერილით (№1683623) მოპასუხეს ეცნობა დაკისრებული სანქციის შესახებ და განესაზღვრა 30 კალენდარული დღე ჯარიმის გადასახდელად, რასაც მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2021 წლის 21 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის ფარგლებში ნამდვილად დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება. საქონლის მიწოდება ნამდვილად უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

7. მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხიანი საქონელი, რომელიც მოსარჩელემ მიიღო, თუმცა მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას, რომ საქონლის მიწოდება განხორციელდა ვადაგადაცილებით. მართალია, საქონლის მიწოდება დროში დაყოვნდა, მაგრამ გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგომ - სსკ) მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 401-ე მუხლის დანაწესები. ამავდროულად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევა ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობად ან დარღვევად და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, ხოლო ამავე მუხლის 11.1. პუნქტით პირდაპირ და იმპერატიულად განისაზღვრა, რომ ფორს-მაჟორულ გარემოებად აღიქმება სტიქიური მოვლენები, ომი, ბლოკადა და მათ შორის ეპიდემია, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს. აღნიშნული პერიოდისთვის მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, გამოცხადდა მსოფლიო პანდემია, პანდემიური სიტუაციის მდგომარეობიდან, „კოვიდ-19“ ვირუსის პრევენციისა და მისი მასშტაბურად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში შემოვიდა სახელმწიფოს მიერ დაწესებული გარკვეული სახის შემზღუდველი რეგულაციები, მათ შორის, შემოსვლისა და გადაადგილების აკრძალვა და ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა, რამაც ერთმნიშვნელოვნად და პირდაპირ პროპორციულად შეაჩერა მოპასუხის ეკონომიკური საქმიანობა. ქვეყანაში ამოქმედდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181-ე დადგენილება, რითაც მოხდა საყოველთაო საზღვრების ჩაკეტვა და ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა. აღნიშნულ პერიოდში, გარდა სხვა დამატებითი სახის შეფერხებისა, ჩინეთიდან ვეღარ ხდებოდა ტანისამოსის შეკერვისთვის საჭირო მატერიის დროული შემოტანა. არაერთ თანამშრომელს, რომლებიც ახორციელებენ ტანისამოსის შეკერვას, დაუდგინდა კოვიდი, შემცირებული იყო თანამშრომელთა რესურსი და, ვინაიდან თავიდან ყოფილიყო აცილებული „კოვიდის“ გავრცელება, თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი იმყოფებოდა იზოლაციაში.

8. შესაბამისად, მოპასუხე დამოუკიდებელი გარემოების გათვალისწინებით, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემუშავა სრული დატვირთვით, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია შესასრულებელი სამუშაოს დროში გადავადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ, მიუხედავად არსებული გარემოებისა, სრულად და ჯეროვნად შესრულდა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება. სადავო ვადაგადაცილება გამოწვეული იყო არა მოპასუხის ბრალეული მოქმედებით, არამედ მსოფლიოში გავრცელებული ეპიდემიით.

9. მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლო მოთხოვნილია მთლიან სახელშეკრულებო თანხაზე და არა შეუსრულეებლ ნაწილზე, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. მოთხოვნილი პირგასამტეხლო ასეევ არის შეუსაბამოდ მაღალი და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უნდა მოხდეს მისი შემცირება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 64 346.49 ლარის გადახდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, რომ 2021 წლის 21 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (CMR210106798), რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შემსყიდველისათვის მიეწოდებინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებული დანაყოფებისათვის პულოვერები. ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 333 685.80 ლარს. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2021 წლის 21 სექტემბერს ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის ვადაში, ხელშეკრულების №1 დანართის პირობების შესაბამისად.

13. შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის №60906, №72945, ͏ №265178, №617888, №756760, ͏͏№912480, №1154509, №1301541 სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ნაცვლად 2021 წლის 30 ნოემბრისა, მიეწოდა სრულად 2022 წლის 13 მაისს - 164 კალენდარული დღის დაგვიანებით.

14. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 333 685.80 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 82 086.71 ლარს (333685.80*0.15%*164).

15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 22 ივნისის წერილით (№1683623) მოპასუხეს ეცნობა დაკისრებული სანქციის შესახებ და განესაზღვრა 30 კალენდარული დღე ჯარიმის გადასახდელად. რასაც არ მოჰყოლია მოპასუხის მხრიდან რეაგირება.

16. მოპასუხემ, 2021 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პროდუქტის მიწოდების ვადა დაარღვია. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

17. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემული დავის საგანს წარმოადგენს, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრება. მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია სსკ-ის 417-418-ე, 420-ე და 477-ე მუხლები.

18. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დაარღვია და მოსარჩელეს ხელშეკრულების საგანი მიაწოდა ვადის დარღვევით.

19. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირგასამტეხლოს შემცირება ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0, 15%-დან ვადაგადაცილებული საქონლის ღირებულების 0,15%-მდე. მოცემულ საქმეში სადავოა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

20. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხე აპელანტის მოსაზრებას, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, არაგონივრულია და საერთოდ არ უნდა შემცირებულიყო.

21. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის პოზიცია ეფუძნება ობიექტურ გარემოებას - ვალდებულება ვადაში ვერ შესრულდა პანდემიის გამო. ამდენად, ვადაგადაცილება დარღვევად არ უნდა ჩაითვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პირგასამტეხლოს ოდენობა გამოანგარიშდეს შეუსრულებელი სამუშაოს და არა საერთო სახელშეკრულებო ღირებულებიდან.

22. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე სათანადო მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია საკუთარი პოზიცია, რომ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობა უშუალოდ პანდემიის შედეგი იყო. ამასთან, მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო 2021 წლის 21 სექტემბერს, ხოლო პანდემიის გამო შეზღუდვები 2020 წლის დასაწყისიდან დაიწყო. შესაბამისად, მოპასუხეს ხელშეკრულების გაფორმებისას შეეძლო არსებული შეზღუდვების გათვალისწინება და შესრულების განსხვავებული ვადის მოთხოვნა.

23. მიუხედავად იმისა, რომ მოვალემ ვალდებულება დაარღვია და პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი წარმოეშვა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დარიცხული პირგასატეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და მართებულად შემცირდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი დისკრეციით და საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს განაკვეთი ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.15%-დან შეამცირა ვადაგადაცილებული საქონლის ღირებულების 0.15%-მდე, კერძოდ: ხელშეკრულების პირველი პოზიციით გათვალისწინებული საქონელი - პულოვერი მუქი რუხი ფერის (ქბრბ): ნაცვლად 2021 წლის 30 ნოემბრისა, მიწოდებულ იქნა სრულად 2022 წლის 21 იანვარს - 52 (ორმოცდათორმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. პირგასამტეხლოს ოდენობა არის - 54.27 ლარი (695.80 (2022 წლის 21 იანვრისთვის მისაწოდებელი საქონლის ოდენობა) ლარი * 0.15% *52);

24. ხელშეკრულების მე-2 პოზიციით გათვალისწინებული საქონელი - პულოვერი ყელიანი (კოიოტი ღია ყავისფერი), ნაცვლად, 2021 წლის 30 ნოემბრისა, მიწოდებულ იქნა ორ ეტაპად: 25 347 ლარის ღირებულების საქონელი - 2022 წლის 10 იანვარს - 41 (ორმოცდაერთი) კალენდარული დღის დაგვიანებით, ამ დროისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის - 2 445.24 ლარი (39760 (2022 წლის 10 იანვრისთვის მისაწოდებელი საქონლის ოდენობა) ლარი * 0.15%* 41); 14 413 ლარის ღირებულების საქონელი მიწოდებულ იქნა 2022 წლის 21 იანვარს - 52 კალენდარული დღის დაგვიანებით. ამ დროისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის - 237.81 ლარი (14 413 (2022 წლის 21 იანვრისთვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულება) ლარი * 0.15%*11 (52-41);

25. ხელშეკრულების მე-3 პოზიციით გათვალისწინებული საქონელი - პულოვერი ყელიანი (შავი), ნაცვლად 2021 წლის 30 ნოემბრისა, მიწოდებულ იქნა ხუთ ეტაპად: 3 479 ლარის ღირებულების საქონელი მიწოდებულ იქნა 2022 წლის 7 მარტს - 97 კალენდარული დღის დაგვიანებით, ამ დროისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის - 28 925.40 ლარი (198 800 (2022 წლის 21 იანვრისთვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულება) ლარი * 0.15%* 97); 16 898 ლარის საქონელი მიწოდებულ იქნა 2022 წლის 21 მარტს - 111 კალენდარული დღის დაგვიანებით, ამ დროისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის - 4 101.74 ლარი (195 321 ლარი (2022 წლის 21 მარტისთვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულება) * 0.15% *14 (111-97); 48 209 ლარის ღირებულების საქონელი მიწოდებულ იქნა 2022 წლის 5 აპრილს - 126 კალენდარული დღის დაგვიანებით. ამ დროისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის - 4 014.52 ლარი (178 423 ლარი (2022 წლის 5 აპრილისთვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულება٭ 0.15% *15 (126-111); 100 145.50 ლარის ღირებულების საქონელი მიწოდებულ იქნა 2022 წლის 29 აპრილს - 150 კალენდარული დღის დაგვიანებით. ამ დროისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის - 4 687.70 ლარი (130 214 ლარი (2022 წლის 29 აპრილისთვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულება) ლარი * 0.15% * 24 (150-126); 30 068.50 ლარის ღირებულების საქონელი მიწოდებულ იქნა 2022 წლის 13 მაისს - 164 კალენდარული დღის დაგვიანებით. ამ დროისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის - 631.44 ლარი (30 068.50 (2022 წლის 13 მაისისთვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულება) ლარი * 0.15%*14 (164–150).

26. ხელშეკრულების მე-4 პოზიციით გათვალისწინებული საქონელი პულოვერი (შავი), ნაცვლად 2021 წლის 30 ნოემბრისა, მიწოდებულ იქნა ორ ეტაპად: 1. 20 575.80 ლარის ღირებულების საქონელი მიწოდებულ იქნა 2022 წლის 4 იანვარს - 3 კალენდარული დღის დაგვიანებით. ამ დროისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის - 4 957.58 ლარი - (94 430 (2022 წლის 4 იანვრისთვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულება) ლარი * 0.15%*35; 2. 73 854.20 ლარის ღირებულების საქონელი მიწოდებულ იქნა 2022 წლის 13 მაისს - 164 კალენდარული დღის დაგვიანებით. ამ დროისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის - 14 290.79 ლარი (73 854.20 ლარი (2022 წლის 14 მაისისთვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულება) * 0.15% * 129 (164–35). ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სულ პირგასამტეხლოს ოდენობად 2021 წლის 21 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს - 64 346.49 ლარით.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

28. კასატორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის თაობაზე, ისე, რომ მოპასუხეს არ მიუთითებია არცერთი ფაქტიობრივი გარემოება, თუ რატომ იყო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი დაკისრებული პირგასამტეხლო, რომელიც გამომდინარეობდა მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი სრულად უნდა დაკამყოფილდეს.

29. კასატორმა მოიხმო სსკ-ის 361-ე, 417-ე და 418-ე მუხლები და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 9.3 მუხლი სრულად ჯდება კანონით დადგენილ ჩარჩოებში.

30. კასატორმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე (სუსგ №ას-889-2022, 23.03.2023წ., №ას-896-846-2015, №ას-174-2020, 17.06.2020წ.) და მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა სასამართლოს შეემცირებინა პირგასამტეხლო, სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლო იმგვარად, რომ არ უმსჯელია, თუ რა კონკრეტული ფაქტები მიიღო მხედველობაში, როდესაც შეთანხმებული პირგასამტეხლო შეამცირა. მოსარჩელე სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, სადავო პროდუქციის დროულად მიწოდებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ხელშეკრულების შესრულება ემსახურებოდა სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობის ჯეროვან შესრულებას.

31. სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს გონივრულობის ფარგლებში და კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად. ყურადსაღებია ვალდებულების დროულად შესრულების საჯარო ინტერესი და ის მთავარი მიზანი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს უნდა გააჩნდეს შემაკავებელი ეფექტი. პირგასამტეხლოს თანხის ამდენად შემცირება, აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსებობას, მის ქმედითობას და ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისა თუ შეუსრულებლობის წახალისების საშუალებად, მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესის დაკნინებადაც კი შეიძლება იქნებს განხილული. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებით ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს ექმნება იმის მოლოდინი, რომ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების პირობებშიც კი, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის ფარგლები ძალიან მცირე იქნება, რაც შემსყიდველს ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფის ბერკეტს ართმევს. ასევე, არ იმუშავებს მისი შემაკავებელი ეფექტი.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

35. 2021 წლის 21 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (CMR210106798), რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შემსყიდველისათვის მიეწოდებინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებული დანაყოფებისათვის პულოვერები. ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 333 685.80 ლარს. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2021 წლის 21 სექტემბერს ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის ვადაში, ხელშეკრულების №1 დანართის პირობების შესაბამისად.

36. შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის №60906, №72945, ͏ №265178, №617888, №756760, ͏͏№912480, №1154509, №1301541 სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ნაცვლად 2021 წლის 30 ნოემბრისა, მიეწოდა სრულად 2022 წლის 13 მაისს - 164 კალენდარული დღის დაგვიანებით.

37. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 333 685.80 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 82 086.71 ლარს (333685.80*0.15%*164).

38. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 22 ივნისის წერილით (№1683623) მოპასუხეს ეცნობა დაკისრებული სანქციის შესახებ და განესაზღვრა 30 კალენდარული დღე ჯარიმის გადასახდელად. რასაც არ მოჰყოლია მოპასუხის მხრიდან რეაგირება.

39. მოპასუხემ, 2021 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პროდუქტის მიწოდების ვადა დაარღვია.

40. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა უკანონოდ შეამცირა, რადგან სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული აღნიშნულის წინაპირობების არსებობა მოცემულ საქმეზე არ დადასტურდა.

41. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები:№ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).

42. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

43. პირგასამტეხლო ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი).

44. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021 წელი).

45. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

46. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.

47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.

48. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბ., 2020 წელი, გვ. 89; სუსგ №ას-1006-2021,31 მაისი, 2022 წელი, პ.17).

49. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ. გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ-ები: №ას-157-2023, 07 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).

50. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და შესაბამისად, მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

51. კასატორის ( მოსარჩელის) პრეტენზია მიემართება სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობას.

52. სააკსაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის, პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ-ები: ͏№ას-1519-2023, 21 ივნისი, 2024 წ; №ას-89-2024, 12 აპრილი, 2024 წ; №ას-1366-2023, 28 თებერვალი, 2024წ. პ.19, №ას-1443-2023, 23 თებერვალი, 2024 წ. პ.21; №ას-861-2023, 15 თებერვალი, 2024წ. პ. 18; №ას-824-2023, 31 იანვარი, 2024წ.; №ას-1389-2023, 30 იანვარი, 2024წ.; №ას-732-2022, 24 ნოემბერი, 2022 წ. №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022, პ.74; №ას-603-2021, 14 დეკემბერი, 2021 წ.; №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1819-2019, 19 თებერვალი, 2020; №ას-971-2019, 28 ოქტომბერი, 2019; №ას-581-2019, 31 ივლისი, 2019; №ას-931-896-2016, 31 იანვარი, 2017 წ.; №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016).

53. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერებასთან დაკავშირებით მსჯელობისას, სააპელაციო პალატამ მიიღო მხედველობაში საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა პირგასამტეხლოს ოდენობის არაჯეროვნად შესრულებელი ვალდებულების და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშების შესახებ და მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 64 346.49 ლარის გადახდა, ხოლო ამის საწინააღმდეგეოდ კი, კასატორს არა აქვს წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

54. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

55. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

56. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

57. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

59. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე