საქმე №ას-568-2024 22 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.კ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ,,რ.ც–ი’’ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. კ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა ა(ა)იპ ,,რ.ც–ის’’ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგ მხარე) მიმართ და მოითხოვა: 1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად მისთვის დარიცხულ ხელფასსა (600 ლარი) და მოპასუხე კომპანიის „ჯგუფის უფროსის" პოზიციაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასებს (800 ლარი) შორის სხვაობის გადახდა ყოველთვიურად დარიცხული 200 ლარის ოდენობით 01.02.2022 წლიდან მოსარცელის ხელფასის „ჯგუფის უფროსის" ხელფასთან გათანაბრების დღემდე; 1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 01.11.2022 წლიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე გადაუხდელი შრომის ანაზღაურების, ჯამში დარიცხული 2000 ლარის, 0,07 პროცენტის გადახდა.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მუშაობს მოპასუხე ორგანიზაციაში 14.09.2015 წლიდან. მოსარჩელე ბრიგადირის თანამდებობიდან გადაიყვანეს ჯერ აგრონომის თანამდებობაზე, შემდეგ მუშის თანამდებობაზე, იმავე სახელფასო სარგოთი (დარიცხული 600 ლარი), იმ საფუძვლით, რომ დასახელებული თანამდებობები წარმოადგენდნენ ბრიგადირის ტოლფას თანამდებობას. 01.01.2022 წლიდან ჯგუფის უფროსს მოემატა ხელფასი 200 ლარით (მსგავსად მოსარჩელისა ჰქონდა დარიცხული 600 ლარი) და გახდა დარიცხული 800 ლარი, თუმცა მოსარჩელეს კვლავ იგივე ხელფასი (დარიცხული 600 ლარი) დარჩა. მოსარჩელემ მიუთითა მის მიმართ მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან არათანაბარ მოპყრობაზე.
3. სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ვერ ასახელებდა კონკრეტულად, რომელი აკრძალული ნიშნის საფუძველზე დაექვემდებარა განხვავებულ მოპყრობას, ვინაიდან დოკუმენტაციაში ნათლად ჩანდა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის შტატებში მოსარჩელის გარდა იყო კიდევ 1 მუშა (სათბურის) პოზიცია, ჯამში იყო 2 შტატი მუშა (სათბური), ორივე შტატზე 2021 წელს 570 ლარი იყო დარიცხული თანამდებობრივი სარგო, ხელფასის მატების შემდეგ ასევე ორივე შტატზე განისაზღვრა 600 ლარი, არათანაბარ მიდგომას იმ შემთხვევაში ექნებოდა ადგილი, თუ მხოლოდ მუშა (სათბურის) პოზიციაზე დასაქმებულ მეორე პიროვნებას მოემატებოდა სარგო და მოსარჩელეს არა, მაგრამ ასე არ მომხდარა, ყოველთვის ერთი და იმავე პოზიციებს ემატებათ ერთი და იმავე ოდენობის თანხა თანაბრად და არა კონკრეტულად პიროვნებებს.
4. მოპასუხის მითითებით, ვინაიდან თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაო ფუნქციების შესაბამისად, ჯგუფის უფროსს სხვა ფუნქციები აკისრია და სხვა დატვირთვით მუშაობს, მუშას სხვა და ა.შ აქედან გამომდინარე, დასაქმებულთან არათანაბარი განსხავავებული ან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რასაც ადასტურებს ზემოთაღნიშნული დოკუმენტაციაც. მოსარჩელეს ხელფასი არ დაკლებია, თუ პოზიციური ცვლილება ფიქსირდება, ყველა ცვლილება არის დასაქმებულის ინიციატივით, რასაც მისი ხელით დაწერილი განცხადებები ადასტურებს. შესაბამისად, ყველა პოზიციურ ცვლილებაში დასაქმებული საკუთარი ნების შესაბამისად მოქმედებდა. მოპასუხემ მიუთითა, რომ ამასთანავე მოთხოვნა ხანდაზმულია.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება დააფუძნა შემდეგ გარემოებებსა და მოსაზრებებზე მითითებით:
8. ა(ა)იპ „უზრუნველყოფას“ დირექტორის 2015 წლის 14 სექტემბრის N509 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე დაინიშნა ააიპ „უზრუნველყოფას“ ბრიგადირის პოზიციაზე 2015 წლის 14 სექტემბრიდან და მისი ხელფასი განისაზღვრა საშტატო განრიგის შესაბამისად.
9. მოსარჩელეს 2017 წლის 12 დეკემბრის შეტყობინებით ეცნობა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის N1787 ბრძანების საფუძველზე, ა(ა)იპ „უზრუნველყოფას“ და ააიპ „ქალაქ რუსთავის დასუფთავებას“ რეორგანიზაციის (შერწყმა/გაერთიანება) პროცესის დაწყების გამო, ა(ა)იპ „უზრუნველყოფას“ სამსახურში მოსალოდნელია ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც სავარაუდოდ გამოიწვევდა კადრების შემცირებას.
10. ა(ა)იპ „უზრუნველყოფას“ დირექტორის 2018 წლის 3 იანვრის N1 ბრძანების თანახმად, მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, 2018 წლის 3 იანვრიდან განთავისუფლდა ა(ა)იპ „უზრუნველყოფას“ ბრიგადირის პოზიციიდან. ა(ა)იპ "უზრუნველყოფა" შეუერთდა ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის დასუფთავებას. მოგვიანებით ა(ა)იპ ქ. რუსთავის დასუფთავებამ შეიცვალა სახელწოდება და გახდა ა(ა)იპ „რ.ც–ი".
11. 2018 წლის 01 თებერვალს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს სამსახურში მიღების თხოვნით. მოპასუხე დირექტორის 2018 წლის 1 თებერვლის N228 ბრძანების თანახმად, 2018 წლის 1 თებერვლიდან მოსარჩელე დაინიშნა მოპასუხე საზოგადოებაში აგრონომის (შტატგარეშე) პოზიციაზე. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღრა თვეში 600 ლარის ოდენობით (დარიცხული).
12. მოპასუხე საზოგადოების დირექტორის 2018 წლის 1 მაისის N721/3 ბრძანების თანახმად, ნ.კ–ძე ა(ა)იპ „რ.ც–ი“-ს სასათბურე მეურნეობის აგრონომის (შტატგარეშე) პოზიციიდან გათავისუფლდა 2018 წლის 1 მაისიდან, 2018 წლის 1 თებერვლის შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
13. მოსარჩელემ 2018 წლის 14 აგვისტოს განცხადებით მიმართა მოპასუხე საზოგადოების დირექტორს 2018 წლის 15 აგვისტოდან სასათბურე მეურნეობაში აგრონომად მიღების თხოვნით. მოპასუხე საზოგადოების დირექტორის 2018 წლის 15 აგვისტოს N1033 ბრძანების თანახმად, ა(ა)იპ „რ.ც–ი“-ს გამწვანების, სასათბურე, სატყეო და სანერგე მეურნეობის სამსახურში აგრონომად 2018 წლის 15 აგვისტოდან 2018 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით დაინიშნა მოსარჩელე.
14. 2018 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხე საზოგადოების დირექტორს და მოითხოვა აგრონომის პოზიციიდან სასათბურე მეურნეობის შტატგარეშე მუშის პოზიციაზე გადაყვანა. მოპასუხე საზოგადოების დირექტორის 2018 წლის 1 ნოემბრის N1256 ბრძანების თანახმად, მოსარჩელე გადაყვანილი იქნა სასათბურე მეურნეობის (შტატგარეშე) მუშის პოზიციაზე 2018 წლის 01 ნოემბრიდან. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 450 ლარის ოდენობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული ა(ა)იპ "რ.ც–ი"-ს შტატიანი და შტატგარეშე დასაქმებულთა ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესაბამისად.
15. 31.12.2021 წელს მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელის პოზიციად განისაზღვრა მოპასუხე საზოგადოების მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარების სამსახურში მუშის (სათბური) (შტატგარეშე) პოზიცია. ხელშეკრულების თანახმად, ხელფასის ოდენობად განისაზღვრა 600 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით. 2022 წლის 31 მარტს ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
16. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოსარჩელე ითხოვს სახელფასო დავალიანების და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას. კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის დარიცხულ ხელფასს - 600 ლარს და მოპასუხე ორგანიზაციის ჯგუფის უფროსის (აგრონომი) პოზიციაზე არსებულ სახელფასო სარგოს - 800 ლარს შორის არსებული სხვაობის გადახდა - დარიცხული 200 ლარის ოდენობით, 01.02.2022 წლიდან, მოსარჩელის ხელფასის ჯგუფის უფროსის ხელფასთან გათანაბრების დღემდე. მოსარჩელე აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე აგრონომის პოზიციიდან გადაყვანილი იქნა მუშის პოზიციაზე იმ საფუძვლით, რომ მუშის პოზიცია წარმოადგენდა აგრონომის ტოლფასს პოზიციას. მოსარჩელე აგრონომის თანამდებობრივ სარგოსთან მისი შრომის ანაზღაურების გათანაბრებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ 2018 წლის 1 ნოემბერს იგი მუშის პოზიციაზე გადავიდა იმ პირობით, რომ იყო აგრონომის ტოლფასი პოზიცია. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე 2022 წლის იანვრის თვემდე იღებდა აგრონომის პოზიციისათვის გათვალისწინებულ თანამდებობრივ სარგოს.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არის დადასტურებული, თითქოს მოსარჩელე აგრონომის პოზიციიდან გადაყვანილი იქნა ტოლფას პოზიციაზე და მუშის პოზიციაზე მუშაობის რომელიმე ეტაპზე იღებდა აგრონომის პოზიციისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას. მხარეთა შორის სადავო არ არის, კერძოდ, დადგენილია, რომ 2018 წლის 01 თებერვლიდან მოსარჩელე დაინიშნა მოპასუხე საზოგადოების აგრონომის (შტატგარეშე) პოზიციაზე და მისი სარგო განისაზღვრა თვეში 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით (დარიცხული). მოსარჩელე სასათბურე მეურნეობის აგრონომის (შტატგარეშე) პოზიციიდან გათავისუფლდა 2018 წლის 1 მაისიდან, 2018 წლის 01 თებერვლის შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. მოსარჩელე 2018 წლის 15 აგვისტოდან, 2018 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით დაინიშნა გამწვანების, სასათბურე, სატყეო და სანერგე მეურნეობის სამსახურში აგრონომად, შრომის ანაზღაურება - 600 ლარი (დარიცხული). 2018 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხე საზოგადოების დირექტორს და მოითხოვა აგრონომის პოზიციიდან სასათბურე მეურნეობის შტატგარეშე მუშის პოზიციაზე გადაყვანა. მოპასუხე საზოგადოების დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის N1256 ბრძანების თანახმად, მოსარჩელე გადაყვანილი იქნა სასათბურე მეურნეობის (შტატგარეშე) მუშად 2018 წლის 01 ნოემბრიდან. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 450 ლარის ოდენობით (დარიცხული).
18. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში აგრონომის პოზიციიდან მუშის პოზიციაზე მოსარჩელის გადაყვანა მოხდა მისი ნების საწინააღმდეგოდ ან სხვა უკანონო ქმედების შედეგად. აღნიშნულზე არც აპელანტი მიუთითებდა. აპელანტი მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ მას მუშის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში უნდა მიეღო/მიიღოს, აგრონომის პოზიციისთვის გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებდა 2022 წლის იანვრამდე. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელე აგრონომის თანამდებობრივ სარგოს იღებდა იმ პერიოდში, როდესაც იგი დასაქმებული იყო აგრონომის პოზიციაზე, ხოლო მუშის პოზიციაზე დასაქმების შემდეგ, იგი იღებდა მუშის პოზიციისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით - საგადახდო მოთხოვნებით დასტურდება, რომ 2018 წლის ნოემბრიდან მოსარჩელეს შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვს ყოველთვიურად 360 ლარი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე). 2020 წლის იანვრიდან - 2022 წლის იანვრამდე მუშის პოზიციაზე მოსარჩელის ხელფასის სახით მიღებული აქვს ყოველთვიურად 456 ლარი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე), მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში აგრონომის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 480 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე), ხოლო 2022 წლის იანვრიდან, შრომის ანაზღაურების მატების შემდეგ, ხელფასის სახით იღებს 480 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე). სასამართლოში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით (ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 27.07.2021 წლის ბრძანება, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 31.12. 2021 წლის ბრძანება (ს.ფ. 133-136) დასტურდება, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში პერიოდულად ხორციელდებოდა თანამდებობრივი სარგოს ზრდა.
19. ამდენად, არ დადასტურდა მხარეთა შეთანხმების არსებობა მოსარჩელის აგრონომის პოზიციიდან ტოლფას პოზიციაზე გადაყვანის შესახებ. მოსარჩელის მიერ მიღებული შრომის ანაზღაურება კი შეესაბამება მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებულ მოპასუხე საზოგადოების შტატიანი და შტატგარეშე დასაქმებულთა ნუსხით და თანამდებობრივი სარგოებით გათვალისწინებულ სარგოს ოდენობას.
20. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მოსარჩელისადმი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება N2/1/536). კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. დასაქმებულმა უნდა მიუთითოს ფაქტები, თუ რაში მდგომარეობდა მის მიმართ (ვისთან შედარებით) არათანაბარი მოპყრობა და რატომ იყო აღნიშნული მოპყრობა მისთვის დისკრიმინაციული (დაცული ნიშანი).
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
23. მოსარჩელის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი მოპასუხე ორგანიზაციაში მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების და მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებების კანონიერება, მათ შორის, აგრონომის პოზიციიდან მუშის პოზიციაზე გადაყვანის შესახებ. მხარეებს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებაში კი არაა მითითებული, რომ მოსარჩელე აგრონომის ტოლფას პოზიციაზე დასაქმდა.
24. გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე აგრონომის პოზიციის ტოლფას პოზიციაზე იქნა გადაყვანილი და 2022 წლის თებერვლამდე იღებდა ტოლფას ანაზღაურებას, შესაბამისად, არ დასტურდება, რომ მოსარჩელე არათანაბარ პირობებში იმყოფებოდა ან იღებდა განსხვავებულ შრომის ანაზღაურებას, ვიდრე იგივე პოზიციაზე დასაქმებული პირები. ამდენად, არ დასტურდება მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მოსარჩელისადმი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის თანამდებობრივი სარგოს და მოპასუხე ორგანიზაციაში ჯგუფის უფროსის პოზიციისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს შორის სხვაობის დაკისრების შესახებ სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
26. მოსარჩელე ასევე მოითხოვდა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ყოველი დაყოვნებული დღისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.
27. საქართველოს შრომის კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. აღნიშნული მუხლის თანახმად, დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას.
28. ვინაიდან სარჩელი სახელფასო დავალიანების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.
29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოსარჩელე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განსახილველად მისი ხელახლა დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში, შემდეგი საფუძვლებით:
26 კასატორი მიუთითებს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს, რომ კასატორი იღებდა ,,მუშის’’ და არა ,,აგრონომის’’, რომელიც შემდგომში გადაკეთდა ,,ჯგუფის უფროსის’’ თანამდებობად, პროპორციული ოდენობის ხელფასს. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხე ორგანიზაციიდან გამოთხოვილი და მოპასუხის მიერ სასამართლო განხილვისას წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ დარიცხული ხელფასი 2020- 2021 წწ. ჩათვლით შეადგენდა 450.00 ლარს, ,,აგრონომის,’’ რომელიც შემდგომში გადაკეთდა ,,ჯგუფის უფროსის’’ თანამდებობად, კი - 600 ლარს, ხოლო, კასატორი, რომელსაც ეკავა ,,მუშის’’ პოზიცია, იღებდა სწორედ რომ ,,აგრონომის’’, რომელიც შემდგომში გადაკეთდა ,,ჯგუფის უფროსის’’ თანამდებობად, პროპორციულ ხელფასს, - დარიცხულს 600 ლარს.
27 კასატორი შუამდგომლობს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
29 საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
30 საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
31 საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
32 საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ.ბოელინგი , ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.).
33 საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
34 მოცემულ შემთხვევაში, კასატორი იმ საფუძვლით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებას, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2022წ. -ის გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ, რომ მოპასუხე ორგანიზაციიდან გამოთხოვილი და მოპასუხის მიერ სასამართლო განხილვისას წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ დარიცხული ხელფასი 2020- 2021 წწ. ჩათვლით შეადგენდა 450.00 ლარს, ,,აგრონომის’’ რომელიც შემდგომში გადაკეთდა ,,ჯგუფის უფროსის’’ თანამდებობად, კი - 600 ლარს, ხოლო, კასატორი, რომელსაც ეკავა ,,მუშის’’ პოზიცია, იღებდა სწორედ რომ ,,აგრონომის’’, რომელიც შემდგომში გადაკეთდა ,,ჯგუფის უფროსის’’ თანამდებობად, პროპორციულ ხელფასს - დარიცხულს 600 ლარს. 01/01/2022 წ. „ჯგუფის უფროსის“ პოზიციას გაეზარდა ხელფასი - 200 ლარით ( მსგავსად მოსარჩელისა ჰქონდა დარიცხული - 600 ლარი) და გახდა დარიცხული - 800 ლარი, თუმცა მოსარჩელეს კვლავ იგივე ხელფასი ( დარიცხული 600 ლარი) დარჩა.
30. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას დაუსაბუთებლობის გამო და მიუთითებს საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც მითითებულია ამ განჩინების პპ: 17-19 -ში და რომლის თანახმად, დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 2018 წლის 01 თებერვლიდან მოსარჩელე დაინიშნა მოპასუხე საზოგადოების აგრონომის (შტატგარეშე) პოზიციაზე და მისი სარგო განისაზღვრა თვეში 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით (დარიცხული). მოსარჩელე სასათბურე მეურნეობის აგრონომის (შტატგარეშე) პოზიციიდან გათავისუფლდა 2018 წლის 1 მაისიდან, 2018 წლის 01 თებერვლის შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
31. მოსარჩელე 2018 წლის 15 აგვისტოდან, 2018 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით დაინიშნა გამწვანების, სასათბურე, სატყეო და სანერგე მეურნეობის სამსახურში აგრონომად, შრომის ანაზღაურება - 600 ლარი (დარიცხული).
32. 2018 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხე საზოგადოების დირექტორს და მოითხოვა აგრონომის პოზიციიდან სასათბურე მეურნეობის შტატგარეშე მუშის პოზიციაზე გადაყვანა. მოპასუხე საზოგადოების დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის N1256 ბრძანების თანახმად, მოსარჩელე გადაყვანილი იქნა სასათბურე მეურნეობის (შტატგარეშე) მუშად 2018 წლის 01 ნოემბრიდან. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 450 ლარის ოდენობით (დარიცხული).
33. კასატორი (მოსარჩელე) მიუთითებდა, რომ მას მუშის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში უნდა მიეღო/მიიღოს, აგრონომის პოზიციისთვის გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებდა 2022 წლის იანვრამდე.
34. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელე აგრონომის თანამდებობრივ სარგოს იღებდა იმ პერიოდში, როდესაც იგი დასაქმებული იყო აგრონომის პოზიციაზე, ხოლო მუშის პოზიციაზე დასაქმების შემდეგ, იგი იღებდა მუშის პოზიციისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას.
35. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით - საგადახდო მოთხოვნებით დასტურდება, რომ 2018 წლის ნოემბრიდან მოსარჩელეს შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვს ყოველთვიურად 360 ლარი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
36. 2020 წლის იანვრიდან - 2022 წლის იანვრამდე მუშის პოზიციაზე მოსარჩელის ხელფასის სახით მიღებული აქვს ყოველთვიურად 456 ლარი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე), მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში აგრონომის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 480 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე), ხოლო 2022 წლის იანვრიდან, შრომის ანაზღაურების მატების შემდეგ, ხელფასის სახით იღებს 480 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
37. სასამართლოში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით (ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 27.07.2021 წლის ბრძანება, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 31.12. 2021 წლის ბრძანება (ს.ფ. 133-136) დასტურდება, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში პერიოდულად ხორციელდებოდა თანამდებობრივი სარგოს ზრდა.
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
39. მტკიცების ტვირთზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
40. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
41. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა - სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
43. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი - მოპასუხემ. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, 64).
44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ).
45. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ დადასტურდა მხარეთა შეთანხმების არსებობა მოსარჩელის აგრონომის პოზიციიდან ტოლფას პოზიციაზე გადაყვანის შესახებ. მოსარჩელის მიერ მიღებული შრომის ანაზღაურება კი შეესაბამებოდა მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებულ მოპასუხე საზოგადოების შტატიანი და შტატგარეშე დასაქმებულთა ნუსხით და თანამდებობრივი სარგოებით გათვალისწინებულ სარგოს ოდენობას.
46. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს ერთგვარ აქცესორული ხასიათის უფლებას და დამოკიდებულია ძირითადი მოთხოვნის არსებობასა და წარმატებულობაზე. რადგან ამ შემთხვევაში, ძირითადი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ასეთი სახის მოთხოვნა კი გამომდინარეობს რა სშკ-ის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძვლიდან, მოსარჩელეს არ წარმოშობია ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაც (შდრ: სუსგ №ას-123-2024, 22 მაისი, 2024 წელი).
47. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებას მის მიმართ მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან არათანაბარ მოპყრობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება არ დადასტურდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ, (იხ., ამ განჩინების პპ: 20-24.), ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორს შედავება არ წარმოუდგენია.
48. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
49. სსსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად (საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს), საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ-ები: №ას-807-2020, 12 ნოემბერი, 2020წ.; №ას-1150-2020, 29 ნოემბერი, 2021წ.; №ას-1558-2022 01 მარტი, 2023 წ; №ას-654-2022, 02 მარტი, 2023 წ.).
50. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია გააკეთოს შეფასება და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ №ა-1915-ბ-8-2015 , 22 ივლისი, 2015წ. №ას-1150-2020, 29 ნოემბერი, 2021წ.).
51. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48; სუსგ №ას-806-2021, 22 თებერვალი, 2022 წ, პ.8).
52. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს, სასამართლოს შეხედულებას მიანდობს (შდრ. სუსგ-ები: №ას-1098-2023, 4 დეკემბერი, 2023 წ.; №ას-270-2023, 31 მაისი, 2023 წ.; №ას-1142-2020, 20 აპრილი, 2021წ.; №ას-102-2021, 31 მარტი, 2021წ.; №ას-968-2020, 21 დეკემბერი, 2020 წ.; №ას-670-2020, 15 სექტემბერი, 2020 წ.; №ას-1208-2019, 21 ნოემბერი, 2019წ.). ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე (ECHR, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, № 8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32); ევროპულმა სასამართლომ არ ჩათვალა ზეპირი მოსმენის არ არსებობა მე-6 მუხლის დარღვევად, სამოქალაქო საქმეში K. v. SWITZERLAND, no. 15668/89, ECHR (Plenary), Decision of 06.12.1991.
35 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
36 ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება.
37 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38 მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კასატორის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი