საქმე Nას-492-2023
18 ივლისი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით - მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ.ტ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით - მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, სარჩელით მიმართა შპს „გ.ტ–მა“, მოპასუხე - სს „ს.კ.ა–ის“ მიმართ და მოითხოვა სს „ს.კ.ა–ს“, შპს „გ.ტ–ის“ სასარგებლოდ, დაკისრებოდა 10970 აშშ დოლარის გადახდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შეგებებული სარჩელით მიმართა, სს „ს.კ.ა–მა“, მოპასუხე - შპს „გ.ტ–ის“ მიმართ და მოითხოვა შპს „გ.ტ–ს“, „ს.კ.ა–ის“ სასარგებლოდ, დაკისრებოდა სადაზღვევო პრემიის დავალიანების 3014.36 აშშ დოლარისა და 88.25 ევროს გადახდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „გ.ტ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სადაზღვევო კომპანია „ა–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „გ.ტ–ს“ სადაზღვევო კომპანია „ა–ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 85 ევროს გადახდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრეს - შპს „გ.ტ–მა“ და სს „ს.კ.ა–მა“. შპს „გ.ტ–მა“ მოითხოვა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; სს „ს.კ.ა–მა“ მოითხოვა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით, შპს „გ.ტ–ის“ და სს „ს.კ.ა–ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „გ.ტ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; სს „ს.კ.ა–ს“ შპს „გ.ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 10 970 აშშ დოლარის გადახდა; სს „ს.კ.ა–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „გ.ტ–ს“, სს „ს.კ.ა–ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა სადაზღვევო პრემიის დავალიანების 3014.36 აშშ დოლარისა და 88.25 ევროს გადახდა; სს „ს.კ.ა–ს“ შპს „გ.ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა
ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში - 1 136 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში - 1 299 ლარის გადახდა; შპს „გ.ტ–ს“ სს „ს.კ.ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში - 395 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში - 374 ლარის გადახდა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.კ.ა–მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 08 მაისის განჩინებით, - სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, 2024 წლის 05 ივნისს, გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოდავე მხარეებს, მორიგების მიზნით, მიეცათ ვადა და დაევალათ წარმოედგინათ წერილობითი მოსაზრებები.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით, - სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
10. 2024 წლის 16 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნა მხარეთა შორის მიღწეული მორიგების აქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ. №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
14. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ. სუსგ. Nას-1103-2022 19.02.2024წ.).
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
16. წარმოდგენილი მორიგების პირობების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ა–ის“ წარმომადგენლის მ.ჭ–ისა და შპს „გ.ტ–ის“ დირექტორის გ.გ–ძის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2 დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:
2.1 ა) შპს გ.ტ–ი გამოთქვამს თანხმობას მის მიერ სარჩელით მოთხოვნილი და დაკისრებული თანხა შემცირდეს და სს ს.კ.ა–ის მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინოს 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი, გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილი კურსის შესაბამისად. წინამდებარე დავის ფარგლებში არსებული დაკისრებული ჯამური თანხიდან სს „ს.კ.ა–ი გადაიხდის 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო სხვა დამატებითი ხარჯების გადახდაზე აცხადებს უარს;
2.1 ბ) სს ს.კ.ა–ი გამოთქვამს თანხმობას არ მოითხოვოს შპს გ.ტ–ისგან შეგებებული სარჩელის ფარგლებში მოთხოვნილი დებიტორული დავალიანება 3014.36 აშშ დოლარის და 88.25 ევროს ოდენობით. სს „ს.კ.ა–ი“ უარს აცხადებს სასამართლოს მიერ დაკისრებული ხარჯების მოთხოვნაზე;
2.2 სს „ს.კ.ა–ი“ იღებს ვალდებულებას, მორიგების აქტის 2.1. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრული თანხა, კერძოდ - 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი სრულად დაფაროს წინამდებარე მორიგების აქტის კანონიერ ძალაში შესული ასლის, მისთვის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
2.3 გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით შემდეგ საბანკო რეკვიზიტზე: ა/ა: GE89TB7516336020100002 GEL დანიშნულება: უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებული დავის ფარგლებში მორიგებით განსაზღვრული თანხის გადახდა;
2.4 საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმდინარე საქმეზე კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად;
2.5 დაუშვებელია კასატორის მიერ მორიგების აქტის 2.1. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული თანხის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისგან.
2.6 დაუშვებელია მოწინააღმდეგე მხარის მიერ მორიგების აქტის 2,2 პუნქტში მითითებულ 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარზე მეტი თანხის მოთხოვნა.
2.7 მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილია გამოითხოვოს სააღრულებო ფურცელი სასამართლოდან შეთანხმების 2.2. პუნქტში მითითებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში.
2.8 მხარეები თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ მორიგების აქტის მე-2.1 პუნქტით აღებული ვალდებულების შესრულების შემდეგ ერთმანეთის მიმართ არც მხარეთა შორის გაფორმებული წინამდებარე დავის ფარგლებში განხილული პოლისიდან და არც შემთხვევის დროს დამდგარი შემთხვევიდან გამომდინარე ვალდებულებებთან/უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით, არანაირი სახის პრეტენზია აღარ ექნებათ და აღნიშნული მომავალში არასოდეს გახდება მათი მხრიდან დავის საგანი.
3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, (საქმე N2/10051-21) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე №2ბ/2223-22);
1.4 მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-492-2023წ.;
1.5 საკასაციო საჩივრის ავტორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს - სს „ს.კ.ა–ის“ მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“, 2023 წლის 20 მარტს, №1b7 საგადახდო დავალებით გადახდილი 1416 ლარი.
1.6 განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
1.7 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე