Facebook Twitter

საქმე Nას-678-2023

07 მარტი 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ა.დ–ვა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ა.დ–ვამ“, (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“), მოპასუხე, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში წოდებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სს „ა.დ–ვას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. 2023 წლის 31 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სს „ა.დ–ვამ“ და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება იმ საქმის განხილვის დასრულებამდე, რომელიც იხილებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში პალატაში, ანალოგიურ დავის საგანთან მიმართებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარე (სარჩელში მოსარჩელე) შპს „ე.მ–ია ა.ტ.ე.ვ.ე“-ს მიმართ.

5. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ირკვეოდა, რომ შპს „ე.მ–ია ა.ტ.ე.ვ.ე“-ს (მიმწოდებელი, პრინციპალი) მიერ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემსყიდველი, ბენეფიციარი) მიმართ აღძრული სარჩელი, გამომდინარეობდა სწორედ იმ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან, რომლიდანაც გამომდინარე მიმწოდებლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ა.დ–ვას“ მიერ გაცემული იყო საბანკო გარანტია და რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (ბენეფიციარი) სასარგებლოდ 821 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

6. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, ხსენებული ფაქტი (სხვა სამოქალაქო საქმის არსებობა) არსებითად ცვლიდა წინამდებარე დავის საგნის სამართლებრივ საფუძველს და მოსარჩელეს საშუალებას აძლევდა, ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე დაეფუძნებინა სასარჩელო მოთხოვნები.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 მარტის განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა საქმის წარმოება №2ბ/275-19 სამოქალაქო საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ №2/3139-19 სამოქალაქო საქმეზე 2022 წლის 28 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

8. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას,

რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შპს „ე.მ–ია ა.ტ.ე.ვ.ე“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ ე.ტ. №102-12 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 172 199.48 ლარის გადახდა დაეკისრა.

8.1 უდავოა ის გარემოებაც, რომ სწორედ მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებლის (შპს „ე.მ–ია ა.ტ.ე.ვ.ე“) ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ა.დ–ვას“ მიერ გაცემული იყო საბანკო გარანტია, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (ბენეფიციარი) სასარგებლოდ 821 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

8.2 სააპელაციო პალატამ განმარტებით, მითითებულ საქმესა და განსახილველ სამოქალაქო საქმეს შორის არსებით კავშირს ადასტურებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ს.წ–იას 29.11.2022 წლის #2-15/19022 წერილი სს „ა.დ–ვას“ დირექტორის მიმართ, რომლის მიხედვით, ამ უკანასკნელის მიერ მოცემულ საქმეში დეპარტამენტისგან „მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ე.ტ. №102-12 ხელშეკრულების ფარგლებში კონტრაქტორისთვის გადასახდელ თანხას, შესაბამისად შეუძლებელია კონტრაქტორის კუთვნილი თანხის მესამე პირისთვის-არდისთვის ანაზღაურება, კონტრაქტორთან წინასწარი, წერილობითი შეთანხმების გარეშე.

8.3 აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ №2/3139-19 სამოქალაქო საქმეზე 2022 წლის 28 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილებაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ N2/ბ-626-2022 სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ექნება განმსაზღვრელი მნიშვნელობა სააპელაციო პალატის წარმოებაში არსებულ წინამდებარე საქმეზე;

8.4 სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული გარემოება განსახილველ საქმეზე წარმოების შეჩერების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს წარმოადგენს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

10. კერძო საჩივრის ავტორები არ ეთანხმებიან სააპელაციო პალატის მოსაზრებას მასზედ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ №2/3139-19 სამოქალაქო საქმეზე 2022 წლის 28 აპრილს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, დეპარტამენტის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ N2ბ/-626-2022 სამოქალაქო საქმეზე, მიღებულ გადაწყვეტილებას ექნება განმსაზღვრელი მნიშვნელობა სააპელაციო პალატის წარმოებაში არსებულ წინამდებარე საქმეზე, ვინაიდან დავას, რომელსაც აწარმოებს სს „ე.მ–ია ა.ტე.ვე-ს საქართველოს ფილიალი დეპარტამენტის წინააღმდეგ არ აქვს შემხებლობა მიმდინარე დავასთან. მოცემულ საქმეზე, კომპანია დავობს თანხის მიღებას, იმიტომ, რომ დეპარტამენტი ვერ უხდის ამ უკანასკნელს შესრულებული და მიღებული სამუშაოებისათვის თანხას, რადგანაც კომპანიის მოთხოვნის უფლებას ადევს აღმასრულებლის ყადაღა. შესაბამისად, ნათელია რომ კომპანიას აპელანტი ედავება და თავისი უფლებების რეალიზებას ახორციელებს დამოუკიდებელი დავის ფარგლებში, 2019 წლიდან.

11. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2022 წლის 26 დეკემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „ა.დ–ვას“ წარმომადგენელმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ N2ბ/-626-2022 სამოქალაქო საქმეში მესამე პირად ჩართვა.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განჩინებით, სს „ა.დ–ვას“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. პალატამ განმარტა, რომ სს „ა.დ–ვას“ მესამე პირად საქმეში ჩაბმა, გავლენას ვერ მოახდენდა მიზნის განხორციელებაზე, ვინაიდან აღნიშნული დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, დაარღვია, თუ არა სს „ე.მ–ია ა.ტ.ე.ვ.ე-მ, მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არსებობდა თუ არა დეპარტამენტის მიერ, პირგასამტეხლოს დაკისრების და შესაბამისად, ასანაზღაურებელი თანხიდან მისი დაკავების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

13. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 ივნისის განჩინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად შემდეგი გარემოებათა გამო:

15.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 02 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და მოცემულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება №2ბ/275-19 სამოქალაქო საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ №2/3139-19 სამოქალაქო საქმეზე 2022 წლის 28 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

17. სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. 18. მითითებული ნორმის დანაწესიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან გამომდინარე, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას (იხ. სუსგ - №ას-624-591-2015, 22.07.2015წ.).

19. მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში: სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იყო მოცემული საქმის განხილვა. ნორმატიული დათქმა – საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, ასევე, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – საპროცესო ეკონომიის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს საქმის განხილვა. ამდენად, სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და არა ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან“ (იხ. სუსგ ას-1062-1002-2015, 27.04.16 წ.; ას-925-865-2017, 25.09.2017წ.).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს დასკვნა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ №2/3139-19 სამოქალაქო საქმეზე 2022 წლის 28 აპრილს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2/ბ-626-2022 სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ექნება განმსაზღვრელი მნიშვნელობა სააპელაციო პალატის წარმოებაში არსებულ წინამდებარე საქმეზე; ამასთან, სანამ საკასაციო სასამართლო უშუალოდ შეაფასებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობას მოცემულ შემთხვევაში, პალატა საჭიროდ მიიჩნევს მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.12.2014 №2/17475-14 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,ს.კ.ა.ჯ–ს’’, მოსარჩელე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ, დაეკისრა 821 500 ლარის გადახდა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში; სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იძულებითი აღსრულების ფარგლებში, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის სრულად იქნა ანაზღაურებული 2014 წლის 29 მაისს გაცემული №FRI/14-047677 უპირობო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა - 821 500 ლარი.

21. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებზე პასუხის გაცემის მიზნით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნაზე გაამახვილოს ყურადღება, რათა დადგინდეს, რამდენად მჭიდრო კავშირი არსებობს ამ ორ საქმეს შორის და შეჩერების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად, შეუძლებელია, თუ არა, წინამდებარე საქმის განხილვა.

22. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ა.დ–ვამ“, მოპასუხე, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

23. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სს „ა.დ–ვას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

24. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე არსებითად მიუთითებს მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე 2016 წლის 24 მაისის №002978016 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დასტურდება, რომ მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი ალდებულების მოცულობა განისაზღვრა 515 533.76 ლარით. მოსარჩელის აზრით, მის მიერ მოპასუხისთვის თანხა გადახდილია არა ფაქტობრივი, არამედ სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რის შედეგადაც სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის მიხედვით

გადახდილი თანხა - 821 500 ლარი, ფაქტობრივ - 515 533.76 ლარზე 305 966.24 ლარით

მეტია, რაც განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე აღნიშნული თანხის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას;

25. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ შპს „ე.მ–ია ა.ტ.ე.ვ.ე“-ს წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის მოთხოვნით.

26. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „ე.მ–ია ა.ტ.ე.ვ.ე“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. სარჩელის საფუძვლად მითითებულია, რომ შპს „ე.მ–ია ა.ტ.ე.ვ.ე“-ს საქართველოს ფილიალმა სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც დასტურდება წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებით. შემსყიდველს საავტომობილო გზების დეპარტამენტს წარმოეშვა ვალდებულება გადაეხადა მოსარჩელისთვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადაუხდელი ნაწილი, რაც დღემდე არ არის შესრულებული. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს (SPA120016700) ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 172199.48 ლარის ოდენობით; 2. ე.ტ.N02-14 (SPA130016294) ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1494.52 ლარის ოდენობით; 3. ე.ტ.N3-14 (SPA130016291) ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2563.95 ლარის ოდენობით; 4. ე.ტ.N4-14 (SPA130016289) ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1922.16 ლარის ოდენობით; 5. ე.ტ.N5-14 (SPA130014909) ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 19697.81 ლარის ოდენობით. ამდენად, შემსყიდველს წარმოეშვა ვალდებულება გადაეხადა მათთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელი ნაწილი - ჯამში 266 115.53 ლარი, რის თაობაზეც მრავალგზის წერილობით მიმართეს მოპასუხეს, თუმცა, უშედეგოდ, მას დავალიანება დღემდე არ დაუფარავს.

27. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, ზემოთ მითითებულ საქმესა და განსახილველ სამოქალაქო საქმეს შორის არსებით კავშირის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა ეყრდნობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 29.11.2022 წლის N2-15/19022 წერილს. ამ წერილში, რომლის ადრესატია სს "ა.დ–ვა", დაფიქსირებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოსაზრებები, მხარეთა შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სს "ა.დ–ვას" სააპელაციო საჩივრის გამო, მიმდინარე დავის მორიგებით დასრულების თაობაზე. აღნიშნულ წერილში, ასევე გამოთქმულია მოსაზრება, რომ სს ა.დ–ვის მიერ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ე.ტ. №102-12 ხელშეკრულების ფარგლებში კონტრაქტორისთვის გადასახდელ თანხას, შესაბამისად შეუძლებელია კონტრაქტორის კუთვნილი თანხის მესამე პირისთვის-არდისთვის ანაზღაურება, კონტრაქტორთან წინასწარი, წერილობითი შეთანხმების გარეშე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 29.11.2022 წლის N2-15/19022 წერილით, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ დასტურდება საქმეთა შორის არსებითი ხასიათის, პირდაპირი კავშირის არსებობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, დაეშვა ვარაუდი, რომ კონკრეტულ დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ დავის გადაწყვეტამდე, სასამართლო ვერ შეძლებს მოცემული საქმის განხილვას,

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმისწარმოების შეჩერებისას, მარტოოდენ საქმეთა შორის პირდაპირი კავშირის არსებობა არ წარმოადგენს შეჩერების საკმარის საფუძველს, აუცილებელია დავის საგნისა და სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დავის განხილვისა და გადაწყვეტის შეუძლებლობის ვარაუდი, ანუ სამართლებრივად ისეთი ვითარების არსებობა, როცა კონკრეტულ დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ დავის გადაწყვეტამდე, სასამართლო ვერ შეძლებს იმ საქმის განხილვას, რომლის შეჩერებასაც ითხოვს მხარე (იხ. სუსგ. №ას-417-2022, 29.04.2022წ).

29. განსახილველ შემთხვევაში, დავა შეეხება უპირობო საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გარანტსა და ბენეფიციარს შორის წარმოშობილ სამართლებრივ კონფლიქტს, ხოლო სხვა სამოქალაქო საქმეში სასამართლოს განსახილველ დავას წარმოადგენს პრინციპალს და ბენეფიციარს შორის დადებული ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების მიზნით დაკავებული თანხების გადახდევინება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ დასტურდება ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ №2/3139-19 სამოქალაქო საქმეზე 2022 წლის 28 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

30. შესაბამისად, საკასაციო პალატა აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას და, სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საქმეს უბრუნებს იმავე სასამართლოს საქმისწარმოების შეჩერების შეასახებ შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად. ზემოხსენებულ მსჯელობათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ, კიდევ ერთხელ, უნდა განიხილოს მოსარჩელის შუამდგომლობა საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე