Facebook Twitter

საქმე№ას-79-2024 24 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს ,,ქ.ვ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ბ....-3“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ქ.ვ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი, განმცხადებელი) საჩელი აღძრა შპს „ბ....“ (შემდეგში: მოპასუხე, მეორე აპელანტი ან დამკვეთი) მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა საკუთრების უფლება აღუდგეს 170 000 კუბურ მეტრ სამთო მინაკუთვნზე (ბაზალტზე), რომლის მოპოვებაც გათვალისწინებულია ქედის მუნიციპალიტეტის სოფ ........

2. მოსარჩელემ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა შემდეგი ფურმულირებით: - ქედის მუნიციპალიტეტის სოფ ....... №10001526 ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი 850 000 მ3 სამთო მინაკუთვნდან (ბ....), 170 000 მ3 სამთო მინაკუთვნი (ბ....), აღიარებული იქნას მოსარჩელის საკუთრებად.

3. 2021 წლის 21 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი გაზარდა. საბოლოოდ მისი მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: - ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ....... №10001526 ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი 850 000 მ3 სამთო მინაკუთვნიდან (ბ....), 170 000 მ3 სამთო მინაკუთვნი (ბ....), აღიარებული იქნას მოსარჩელის საკუთრებად. - მოპასუხე კომპანიას დაევალოს ოთხი თვის ვადაში აღმოფხვრას სამთო მინაკუთვნის მოპოვების ხელშემშლელი პირობები.

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ....... ტერიტორიაზე სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს“ მიერ 2020 წლის 24 ივნისს მოპასუხე კომპანიის სახელზე გაცემული სამთო მინაკუთვნის (ბ....ს), მოპასუხის სახელზე გაცემული №10001526 ლიცენზის ფარგლებში მოსაპოვებელი 170 000 მ3 სამთო მინაკუთვნზე აღიარებული იქნა მოსარჩელე კომპანიის საკუთრების უფლება.

5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე კომპანიამ, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

10. განმცხადებლის განმარტებით, მოსარჩელე კომპანიისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ, ასეთ გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის ადმინისტრაციული წარმოება სსიპ „მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსადმი“ მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიას შორის ნოტარიულად გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესრულებული პირობების საფუძველზე მოსარჩელე კომპანიაზე გაცემული იმ სალიცენზიო პირობების ცვლილების შესახებ, რაც გახდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოპასუხე კომპანიის სასარგებლოდ შეცვლის საფუძველი.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად განმარტავს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ, განმცხადებლისათვის, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უარის თქმის შესახებ განჩინების დასაბუთებულობა.

14. საკასაციო სასამართლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების საფუძვლად წარდგენილ განცხადების მოტივებს მიაქცევს ყურადღებას და განმარტავს, სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მხარე უთითებდა, რომ მოსარჩელისგან მალულად, მოპასუხის ინიციატივით შეიცვალა სალიცენზიო პირობები, რომლის შედეგადაც ლიცენზიანტს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა. განმცხადებელი განმარტავდა, მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო დამატებითი ვალდებულებების ინიციატორი მოპასუხე კომპანია იყო, საერთოდ არ დაეთანხმებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აღნიშნული ვალდებულებების აღებას.

15. განმცხადებლის განმარტებით, იმ გარემოების შესახებ, რომ ხელშეკრულების პირობები მოპასუხე კომპანიის ინიციატივით შეიცვალა, შემთხვევით გახდა მისთვის ცნობილი. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იმყოფება №3/7158-22 საქმე, რომელზეც არასწორად აიტვირთა განცხადება, რომლის გათვალისწინებითაც ირკვევა, რომ სალიცენზიო პირობების ცვლილების ინიციატორი მოპასუხე კომპანია იყო.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 421.1-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

17. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ასახულია სსსკ-ის 423.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას).

18. კანონის დასახელებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ. ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ N ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).

20. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ყოველთვის ვერ გახდება ხელახალი სამართალწარმოებისათვის სამართლებრივი ბარიერი, რადგან შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმით შელახული განმცხადებლის ინტერესი აღემატებოდეს ამ გადაწყვეტილების გაუქმებით შელახულ ინტერესს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებლისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმა, გამართლებული ვერ იქნება. სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომელსაც იგი იძენს გარკვეული, კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობების საფუძველზე (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005, გვ.377).

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან განასხვავებენ გადაწყვეტილების ფორმალურ და მატერიალურ კანონიერ ძალას. გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომლის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს. სასამართლო გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა გათვალისწინებულია სსსკ-ის 264-ე მუხლით. „დავა გადაწყვეტილია“ პრინციპიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სსსკ-ის 265-ე და 421-ე მუხლები, რომლებიც ითვალისწინებენ საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა საპირისპირო გადაწყვეტილებას (მთლიანად ან ნაწილობრივ). კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს (იხ. სუსგ-ები: №ა-4083-ა-11-2021, 24.12.2021წ.; №ას-7-2021, 18.03.2021 წ.).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს, მათ შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობისა და შესრულების საკითხი წარმოადგენდა. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას როგორც შ.პ.ს. „ბ....“-ის, ისე შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ახალი ლიცენზიის გაცემამდე მათთვის ცნობილი გახდა იმ დამატებითი ვალდებულებების შესახებ, რომლებიც ასახული არ ყოფილა ძველ სალიცენზიო პირობებში, თუმცა ლიცენზიატს დაუწესდებოდა ადგილმონაცვლეობის შედეგად. 2022 წლის 03 მაისის სასამართლო სხდომის ოქმში ორივე მხარე ადასტურებს, რომ ძველი ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულება საკუთარ თავზე აიღო შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს დირექტორმა მ.ს–ძემ. თუმცა მენარდე განმარტავს, რომ აღნიშნული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებს სანაცვლოდ მას უნდა მიეღო დამატებითი გასამრჯელო 80 000მ3-ის სახით. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ "ხელშეკრულების შესრულების პროცესში გახდა ნათელი, რომ შ.პ.ს. „ქ.ვ“-ს არ შეეძლო ნაკისრი ძირითადი ვალდებულების შესრულება იმ შინაარსით, როგორითაც დაითქვა მხარეთა შორის წერილობით ხელშეკრულებაში, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ხელშეკრულებით დასახული პირველადი მიზნის მისაღწევად და ამ ხელშეკრულების მიმართ შემკვეთის ინტერესის შესანარჩუნებლად, მხარეებმა სახელმწიფო ორგანოს მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ვალდებული პირის განსაზღვრით ცვლილება შეიტანეს ხელშეკრულების არსებით პირობაში, კერძოდ, შესასრულებელი სამუშაოს შინაარსში (2.2.1. პუნქტი), იმგვარად, რომ ზეპირი შეთანხმების შედეგად, მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენდა არამარტო კარიერის ადგილმონაცვლეობის უზრუნველყოფა, არამედ დამატებითი სალიცენზიო პირობების საკუთარი მოქმედებით შესრულება. სწორედ ამ ვალდებულებათა კუმულატიურად შესრულების შემთხვევაში წარმოეშობოდა საზღაურის მიღების უფლება შ.პ.ს. ქ.ვ–ს". ამგვარად, საქმის განხილვისას, მხარემ დაადასტურა მის მიერ როგორც წერილობით გაფორმებული, ასევე ზეპირად ნაკისრი ვალდებულებების არსებობა. ეჭვქვეშ არ დამდგარა დასახელებულ გარიგებათა ფარგლებში მხარის მიერ ნების გამოვლენისა და ამავე ნების ნამდვილობის საკითხი, რის გამოც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

24. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის პრეტენზიას, რომ ადმინისტრაციულ საქმეში ატვირთული წიაღის ეროვნული სააგენტოსადმი 2020 წლის 18 ივნისის წერილი (რომლის მიხედვით, შპს ბაზალტმა იკისრა ვალდებულება ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან ერთი წლის ვადაში კომპანიამ განახორციელოს არანაკლებ 500000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში ინვესტიცია, რაც დაიხარჯება სამთო მინაკუთვნის გადამამუშავებელი დანადგარის შეძენა-მონტაჟში. ასევე ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არანაკლებ საქართველოს 20 მოქალაქის დასაქმების შესახებ)(ტ.4,ს.ფ.189), წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. კერძოდ, აღნიშნული მტკიცებულების წარდგენა, საშუალო წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელი იყო საქმის განხილვის ეტაპზე.

25. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტაცია, რომ მისი არასწორი წარმოდგენის გამო (არ იცოდა, რომ დამატებითი სალიცენზიო პირობების ცვლილების ინიციატორი მოპასუხე კომპანია იყო) აღიარა გარკვეული ვალდებულებები, დაუსაბუთებელია და ვერ მოახდენს გავლენას საქმის სასამართლო განხილვისას, განმცხადებლის მიერ დადასტურებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტის (იმის შესახებ, რომ შპს ქ.ვ–მა იკისრა დამატებითი სალიცენზიო ვალდებულებების შესრულება, დამატებითი ანაზღაურების მიღების პირობით) სისწორეზე, შესაბამისად, ვერ გახდება საქმის წარმოების განახლების საფუძველი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დამატებითი სალიცენზიო ვალდებულების აღების დადასტურების პირობებში (სააპელაციო სასამართლოს 03.05.2022წ. სხდომის ოქმი, მხარეთა განმარტებები, 15:38-16:01), განცხადებლის მიერ მითითებული ახლად აღმოჩენილი გარემოება საქმის არსებითი განხილვისას რომ ყოფილიყო ცნობილი სასამართლოსთვის, საქმის შედეგზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა. ამდენად, განმცხადებლის მიერ მითითებული ახლად აღმოჩენილი გარემოება, კერძოდ, დამატებით ვალდებულებებთან დაკავშირებით ინიციატორის მითითება, ვერ გახდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

26. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ქ.ვ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე