საქმე №ას-918-2022
10 მარტი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ი.ზ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.შ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ე.შ–ნმა (შემდეგში წოდებული: „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“ მხარეებად) თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ი.ზ–ძესა და (შემდეგში წოდებული: „მოპასუხე“, „კასატორ“ მხარედ) ლ.გ–ძის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2016 წლის 18 ოქტომბერს ი.ზ–ძესა და ლ.გ–ძეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ი.ზ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 200 000 აშშ დოლარის გადახდა. ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლითაც ი.ზ–ძეს აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, ........ ს/კ N ........., გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
2.2. 2019 წლის აგვისტოში, აღმასრულებელმა ე.შ–ნს შეატყობინა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 აპრილის გადახდის ბრძანების იძულებით აღსრულების მიზნით, ინიშნება აუქციონი ი.ზ–ძის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, ქ. თბილისი, ....... ს/კ N ........ გადახდის ბრძანების გაცემის საფუძველია ი.ზ–ძესა და ლ.გ–ძეს შორის 2016 წლის 18 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება 135 000 აშშ დოლარზე.
2.3. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია მოსაჩვენებლად და მის საფუძველზე გამარტივებული წარმოების წესით დაწყებული იძულებითი აღსრულების პროცესის წარმართვა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ ი.ზ–ძესა და ე.შ–ნს შორის არსებული სამოქალაქო დავიდან გამომდინარე, არ განხორციელდეს რეალური აღსრულება, ამავე ქონებიდან.
2.4. სესხის ხელშეკრულების მოჩვენებითობის დასასაბუთებლად მოსარჩელე მიუთითებს სესხის სუბიექტებს შორის ნათესაურ კავშირზე. ასევე იმ გარემოებაზე, რომ სესხის ხელშეკრულება 135 000 აშშ დოლარზე დადებულია მარტივი წერილობითი ფორმით. ხელშეკრულება დათარიღებულია 2016 წლის 18 ოქტომბრით, რა დროსაც მოსარჩელე და მოპასუხე ქორწინებაში იმყოფებოდნენ. მოსარჩელისათვის არ იყო ცნობილი ამ თანხის სესხების თაობაზე. ამასთან, ამ ოდენობის თანხის სესხად აღების საჭიროებაც არ გააჩნდათ. სესხი ამ ოდენობის თანხაზე გაცემულია უზრუნველყოფის გარეშე, რაც ასევე გარიგების მოჩვენებითობას ადასტურებს. ი.ზ–ძეს - მიუხედავად იმისა, რომ დაკისრებული თანხა სოლიდურია, პროტესტი გადახდის ბრძანების წინააღმდეგ არ შეუტანია. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანიდან რამდენიმე დღეში კრედიტორმა წარადგინა სესხის ხელშეკრულება აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რაზეც 2019 წლის 13 აპრილს გაიცა გადახდის ბრძანება. სწორედ ამ მიზეზით, ი.ზ–ძეს არ გამოუხატავს ინტერესი 2017 წლის 01 ივნის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის 200 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ დავის მიმართ.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხე ი.ზ–ძემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა.
3.2. მოპასუხემ განაცხადა, რომ სადავო სესხის ხელშეკრულებით ნასესხები თანხა სწორედ მოსარჩელის თხოვნით იქნა მოძიებული და 2014-2016 წლებში ნასესხები ლ.გ–ძისაგან.
4. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.შ–ნმა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.შ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 18 ოქტომბერს, ი.ზ–ძესა და ლ.გ–ძეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება.
5.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე დადასტურებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1) სესხის ხელშეკრულების მხარეთა ახლო ნათესაური კავშირი; 2) ხელშეკრულების მარტივი წერილობითი ფორმა; 3) ი.ზ–ძის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში სესხის ხელშეკრულების სწორედ იმ დროს წარდგენა, როცა მის წინააღმდეგ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ე.შ–ის სასარგებლოდ 200 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ - ერთობლიობაში, საფუძველს ქმნის გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე იმ გარემოების არსებობის ვარაუდის დაშვებისათვის, რომ 2016 წლის 18 ოქტომბრით დათარიღებული სესხის ხელშეკრულება მოპასუხეთა მიერ შეიქმნა ურთიერთშეთანხმებით, ფიქტიურად, მოსაჩვენებლად, იმ მიზნით, რომ ი.ზ–ძეს თავი აერიდებინა ე.შ–ნის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან. ამ ვარაუდის გაქარწყლების ტვირთი კი, მოპასუხეთა მხარეზე იყო.
5.3. პალატის განმარტებით: მართალია, მოცემულ შემთხვევაში შედავებულია სამოქალაქო ბრუნვაში დამოუკიდებლად მონაწილე სუბიექტებს შორის არსებული სესხის ხელშეკრულება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორ პირს შორის არსებული ურთიერთობა გავლენას ახდენს სხვა პირის უფლებაზე. სწორედ ამიტომ, მტკიცების თამასა სცდება ჩვეულებრივ, მხოლოდ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შორის არსებულ მტკიცების სტანდარტს. მაგალითისათვის: ერთმანეთთან დავაში ზ–ძესა და გ–ძეს შორის „მტკიცებულებათა დედოფლად“ წოდებული აღიარება (ზ–ძის მიერ თანხის მიღების) საკმარისი იქნებოდა სესხის გადაცემის ფაქტის დასადასტურებლად, თუმცა ვითარება სრულიად იცვლება, როდესაც მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა და შესაბამისად, თანხის სესხად გადაცემა გავლენას ახდენს სხვა, საამისოდ ლეგიტიმური საფუძვლის მქონე სუბიექტის უფლებაზე, ისეთზე, როგორიც მოცემულ დავაში ე.შ–ია.
5.4. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ ლ.გ–ძემ და ი.ზ–ძემ თანხის გადაცემის ფაქტი ვერ დაადასტურეს, რის გამოც სესხის ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, სესხს ხელშეკრულება მოჩვენებითად იქნა მიჩნეული.
5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, ი.ზ–ძემ გაასაჩივრა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის საოქმო განჩინების გაუქმებას.
6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არ აქვს ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობა უნდა გახდეს. სახელდობრ, კასატორის მითითებით, მოსარჩელეს იურიდიულ ინტერესად მითითებული აქვს ლ.გ–ძის სასარგებლოდ გაცემული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაუქმება, რაც სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობით ავტომატურად არ მიიღწევა. ბრძანების გასაუქმებლად მოსარჩელეს კვლავ მოუწევს ცალკე დავის წამოწყება, შესაბამისად წინამდებარე სარჩელით მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მიღწევადი არ არის.
6.4. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს თითქოს ლ.გ–ძეს არ გააჩნდა შესაძლებლობა ამ ოდენობის სესხი გაეცა, ამასთან კასატორი უთითებს, რომ ი.ზ–ძის მიერ სადავო პერიოდში, ოჯახის ძვირფასეულობის აუქციონზე გაყიდვა სწორედ იმას მიანიშნებდა, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და სესხის აღებას საჭიროებდა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, ი.ზ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ლ.გ–ძის საკასაციო საჩივარი 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით, დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
8.3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა, საკასაციო პალატის შეფასების საგანია კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
8.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ საქმეზე, კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება.
8.5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, აღიარებით სარჩელზე მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა და სადავო სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ძალისა და ბუნების განსაზღვრა.
8.6. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა.
8.7. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (შდრ. იხ. სუსგ. საქმე №ას-856-822-2016,13 მაისი, 2019 წელი).
8.8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, ასევე მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.
8.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი რამ სასამართლომ გადაწყვეტილებით აღიაროს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ-ები: #ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; #ას-937-887-2015, 10.11.2015; #ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; #ას-773-730-2015, 08.09.205წ.; #ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; #ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
8.9. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საკუთარ მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება არის მოჩვენებითი ხასიათის და ემსახურება ერთადერთ მიზანს - არ მოხდეს ი.ზ–ძესა და ე.შ–ნს შორის არსებული სამოქალაქო დავიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რეალური აღსრულება. უდავოა, რომ სამოქალაქო სამართალში არსებული დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, იმის მიხედვით, თუ რას განიხილავს მოსარჩელე უფლების დარღვევად, მან უნდა აღძრას შესაბამისი სარჩელი (ხელშეშლის აღკვეთა, ქონების საკუთრებაში დაბრუნება/აღრიცხვა, წილის მიკუთვნება, უკანონო მფლობელობიდან საზიარო საგნის/მისი ნაწილის გამოთხოვა და სხვა). თუმცა განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულება, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ი.ზ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 200 000 აშშ დოლარის გადახდა. ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლითაც ი.ზ–ძეს აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, ........ ს/კ N ...., გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საგულისხმოა, რომ ი.ზ–ძესა და ლ.გ–ძეს შორის დადებული სადავო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, სწორედ ის უძრავი ქონება მიექცა აღსასრულებლად, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით იყო გამოყენებული ი.ზ–ძესა და ე.შ–ნს შორის არსებულ დავაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, გამარტივებული საქმის წარმოების ფარგლებში, გაცემული სააღსრულებო ფურცლით კასატორი ცდილობს, საფუძველი გამოაცალოს ე.შ–ნის სასარგებლოდ მიღებულ და კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულებას. ხოლო, მოსარჩელის იურიდიული ინტერესია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დაცვა. ცხადია, რომ მოსარჩელეს ცალკე მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის სამართლებრივი ვალდებულება არ გააჩნია, ვინაიდან მისი ინტერესია ბათილად იქნეს ცნობილი ის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გამარტივებული საქმისწარმოების საფუძველზე დაწყებული იძულებითი აღსრულების პროცესის გამო, იგი ვერ იკმაყოფილებს მისთვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე მიკუთვნებულ მოთხოვნას.
8.10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო სესხის ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით და ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის, 56.1 მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს) მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.
8.11. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება.
8.12. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ)(იხ. სუსგ #ას-1395-2018, 21.12.2018. #ას-366-2019 17.05.2019წ #ას-928-2019, 22.10.2019)
8.13. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი). სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ (შდრ: სუსგ №ას-71-2023, 24 ივლისი, 2023 წ; №ას -662-2022, 11 ნოემბერი, 2022 წ; №ას-301-2021,25 ივნისი, 2021წ.პ.48; №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი, 2015 წელი).
8.14.საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებაც ფაქტობრივი გარემოებაც (იხ. თამარ ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 623, www.gccc.ge; თამარ შოთაძე, სესხის ხელშეკრულების მოდერნიზაციის აუცილებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საიუბილეო კრებული: რომან შენგელია 70, თბილისი, 2012, გვ.361).
8.15. დავის საგანთან მიმართებით, კასატორი მხოლოდ სადავო ფაქტობრივი გარემოებების შედავებით შემოიფარგლა და მიუთითა, რომ სადავო პერიოდში ი.ზ–ძის მიერ ოჯახის ძვირფასეულობის აუქციონზე გაყიდვის ფაქტი, ცხადყოფდა რომ მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ხოლო ლ.გ–ძეს კი შეეძლო თანხის სესხის სახით გაცემა, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც სასამართლოში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, ვერ იქნა წარდგენილი. საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ კასატორის მიერ ფაქტობრივ გარემოებებზე შედავება ძალიან ზედაპირული, არათანმიმდევრული და დაუსაბუთებელია, რაც ვერ აკმაყოფილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლებისათვის საჭირო დასაბუთების სტანდარტს. ამასთან ხაზგასასმელია, რომ კასატორის მიერ მოხმობილი არგუმენტები გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ დამატებით მსჯელობას ეხება, მთავარი საფუძველი სადავო გარიგების მოჩვენებითად ცნობის კონტექსტში დაეფუძნა ი.ზ–ძესა და ლ.გ–ძის ახლო ნათესაურ კავშირს (დეიდაშვილები), საკმაოდ სოლიდური თანხის მარტივი წერილობითი ფორმით, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე გაცემას და რაც მთავარია - იმ გარემოებას, რომ მხარეები ვერცერთი ხელშესახები მტკიცებულებით ვერ ადასტურებდნენ სოლიდური თანხის ფაქტობრივად გადაცემის ფაქტს, რაც სესხის ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, მის ნაკლიან სამართლებრივ ბუნებას ადასტურებს. საკასაციო საჩივარში არ არსებობს შედავება ხსენებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ფაქტობრივ გარემოებებზე, რის გამოც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებებს და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას კანონიერად მიიჩნევს.
8.16. საკასაციო პალატა ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დასძლია მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი. შესაბამისად, სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
8.17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
8.18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
8.19. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
8.20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
8.21. საკასაციო პალატის დასკვნით, გასაჩივრებული გადაწყვეტლება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
9. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორ ი.ზ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 2022 წლის 19 ივლისს, სს „საქართველოს ბანკში“ სახელმწიფო ბაჟის სახით, №13904582787 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი.ზ–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი; კასატორ ი.ზ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2022 წლის 19 ივლისს, სს „საქართველოს ბანკში“ სახელმწიფო ბაჟის სახით, №13904582787 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე