Facebook Twitter

№ა-5939-ა-35-2023

25 იანვარი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

განცხადების ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „G. C.ჯ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „G. C.ჯ–ის“ (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 17705.08 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2096.2 ლარის გადახდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ივნისის განჩინებაზე დარჩა განუხილველი, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განცხადება განხილულ იქნა 2024 წლის 25 იანვარს ზეპირი მოსმენით, სადაც განმცხადებლის წარმომადგენელმა მიუთითა იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი საქართველოს ფოსტის საფელდეგერო განყოფილებას ჩაჰბარდა გასაჩივრებისთვის დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი რეესტრი N11, საკასაციო საჩივრის საფოსტო განყოფილებისათვის 2023 წლის 14 აგვისტოს ჩაბარების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მოსარჩელის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 421-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

11. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მან საკასაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩააბარა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ 21 დღის ვადაში.

12. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები:

- მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;

- ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;

- მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ #ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).

14. საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობა არსებითია მხარეებისთვის, რამდენადაც დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27), თუმცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესაძლოა გაუქმდეს, თუკი დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარმოდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა კი გულისხმობს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილ გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე.

15. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის პრეტენზია და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება წარმოშობს საფუძველს იმისთვის, რომ გაუქმდეს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და საქმის წარმოება განახლდეს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციით დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო საჩივარი სს „საქართველოს ფოსტაში“ წარადგინა სსსკ-ის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ 21 დღის ვადაში, კერძოდ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაჰბარდა 2023 წლის 24 ივლისს, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე თანდართულ რეესტრ N11-ზე არსებული სს საქართველოს ფოსტის“ ბეჭედი ადასტურებს, რომ საკასაციო საჩივარი სს „საქართველოს ფოსტას“ ჩაჰბარდა 2023 წლის 14 აგვისტოს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ახლად აღმოჩენილი გარემოება (კასატორმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ კორესპონდენცია სს „საქართველოს ფოსტას“ ჩააბარა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, 2023 წლის 14 აგვისტოს), რაც სადავო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო უნდა განახლდეს საქმის წარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან შემოწმება არის ის დასაბუთებული საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მხარეს, მისი საკასაციო განაცხადი შესწავლილ იქნეს სამართალწარმოების საბოლოო ეტაპზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 430-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე