Facebook Twitter

№ა-2906-შ-77-2024

16 ივლისი, 2024წ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ზ.მ–ნი (ა.ა–ი)

განხილვის საგანი – ლიეტუვას რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – სახელისა და გვარის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლიეტუვას რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ზ.მ–ნს შეეცვალა სახელი და გვარი და გახდა ა.ა–ი.

ზ.მ–ნის (ა.ა–ი) წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ზ.მ–ნის (ა.ა–ი) წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ლიეტუვას რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული ლიეტუვას რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზ.მ–ნს შეეცვალა სახელი და გვარი და გახდა ა.ა–ი. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილია ცნობა, რომელიც ადასტურებს მითითებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას 2015 წლის 10 მარტს. შუამდგომლობას ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ა.ა–ის დაბადების აქტის ჩანაწერში ცვლილების შესატანად, განმცხადებელს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განჩინების წარდგენა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ლიეტუვას რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ ზ.მ–ნს შეეცვალა სახელი და გვარი და გახდა ა.ა–ი, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.მ–ნის (ა.ა–ი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ლიეტუვას რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.მ–ნის სახელი და გვარი შეიცვალა სახელით და გვარით - „ა.ა–ი“.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე