Facebook Twitter

№ას-105-2023

16 ნოემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – ე.ც–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მეორე კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ც–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 ოქტომბრის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.ც–მა (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში - მოპასუხე, მეორე კასატორი) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (ტ. 1, ს.ფ. 2-17).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, ე.ც–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 24 მარტის №პ280 ბრძანება ე.ც–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 ივნისის №პ-432 ბრძანება ე.ც–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ე.ც–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 37 200 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით ე.ც–ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩალ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2018 წლის 01 მარტს ე.ც–ი დაინიშნა სსიპ შემოსავლების სამსახურის გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრის უფროსის თანამდებობაზე. ე.ც–ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 3100 ლარს.

5.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 24 მარტის №პ280 ბრძანების საფუძველზე, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო, მომსახურების დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრის უფროსის, ე.ც–ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „გაფრთხილება“.

5.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 ივნისის №პ-432 ბრძანებით სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისა და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დარღვევის გამო, მომსახურების დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრის უფროსის, ე.ც–ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „სამსახურიდან გათავისუფლება“. ე.ც–ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2020 წლის 10 ივნისიდან.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.4. პალატამ მიუთითა, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 24 მარტის №პ280 ბრძანებაზე, რომლითაც ე.ც–ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება. ბრძანების გამოცემის საფუძველი იყო სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 20 მარტის №31986-21-08 წერილი. აღნული წერილის თანახმად, 2020 წლის დასაწყისში განხორციელებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 2017 წლის ბოლოდან გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრის მიერ, რომლის ხელმძღვანელია ე.ც–ი, არ ხორციელდება მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა და საგადასახადო მოთხოვნების გადასახადის გადამხდელებთან გაგზავნა.

5.5. პალატის მოსაზრებით, მხარეთა ახსნა-განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდებოდა, რომ თბილისის სერვისცენტრები არ ახორციელებდნენ მიწის გადასახადის დარიცხვას და ზეპირი თანხმობა არსებობდა აღნიშნულის შესახებ. ზეპირი შეთანხმება წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის სისტემაში დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომელიც სერვისცენტრების ხელმძღვანელებს ათავისუფლებდა პასუხისმგებლობისგან. ასეთი შეთანხმება მართალია საგადასახადო ორგანოს, როგორც ადმინსიტრაციული ორგანოს ვალდებულების შეუსრულებლობას იწვევდა, თუმცა იგი განპირობებული იყო საკადრო რესურსის ნაკლებობით, რის გამოც შეუძლებელი იყო კანონით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება.

5.6. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ე.ც–თან ზეპირი შეთანხმების არარსებობის პირობებშიც გაუმართლებელი იყო დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. გასაზიარებელი იყო მოსარჩელის პოზიცია, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან არსებობდა შეთანხმება და ზემდგომი პირები ინფორმირებულები იყვნენ მიწის გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით. ამ ფაქტს უფრო სარწმუნოს ხდიდა ის გარემოებაც, რომ ამგვარი თანხმობა არსებობდა იმ პერიოდში, როდესაც ე.ც–ს დაკავებული ჰქონდა ვაკის სერვისცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია. ამდენად, ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობდა. ამასთან, ხელმძღვანელ პირებს წლების განმავლობაში არ მოუკითხავთ მიწის გადასახადის დარიცხვის საკითხი, არ დასმულა კითხვა, არ შემოწმებულა, რატომ არ ადგენდა ე.ც–ი რეპორტებს. არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა იმ პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ ე.ც–ის საქმიანობის კონტროლი.

5.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 ივნისის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება. ვინაიდან მის მიმართ უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, ე.ც–ი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან. ბრძანებაში სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 08 ივნისის №52981-21-06 წერილი. წერილის თანახმად, შემოწმდა 2020 წლის იანვარ-მარტის (25 მარტის ჩათვლით) პერიოდში ელექტრონული ფორმით თბილისის სერვის-ცენტრების მიერ შესრულებული განცხადებების დამუშავების სტატუსები. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრში ინფორმაციის დამუშავების პროცესში გამოვლინდა ელექტრონული კორესპონდენციის აღსრულების თაობაზე გარკვეული ხარვეზები. შემოსავლების სამსახურის ბრძანების და ხელმძღვანელი პირების წერილები/სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე დგინდებოდა, რომ ე.ც–ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა სერვისცენტრის მიერ გადასახადის გადამხდელებზე პასუხების დაგვიანებით გაცემა, ასევე ნ.ბ–ძის წერილი, რომლის თანახმადაც, ე.ც–მა მას სატელეფონო საუბრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

5.8. საქმეში წარმოდგენილი სერვისცენტრის ოფიცრების ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ განცხადებებზე პასუხის დაგვიანებით გაცემა რიგ შემთხვევაში გამოიწვია ტექნიკურმა ხარვეზმა, რიგ შემთხვევაში დაგვიანებით აისახა პროგრამულად, რომ განცხადება შესრულებული იყო. არ არსებობდა გადასახადის გადამხდელთა უფლებების დარღვევის ფაქტი. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, წერილი, საჩივარი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მოქალაქის ინტერესი შელილახა და მან ვერ მიიღო სათანადო მომსახურება. სამსახურის ელექტრონული პროგრამის არსებობის ერთ-ერთ მიზანს კი სწორედ მათი ინტერესების დაცვის კონტროლი წარმოადგენდა.

5.9. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ გადასახადის გადამხდელის წერილებზე პასუხის გაცემა სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის პრეროგატივაა, ხოლო მიზანი - გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება და მათი უფლებების დაცვა. მოცემულ შემთხვევაში ერთი მხრივ მოპასუხე ვერ ადასტურებდა ამგვარი უფლებების დარღვევის ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნული დარღვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ადმინისტრაციული ორგანოს შიდა ორგანიზაციული საკითხია, ვინაიდან საგადასახადო ორგანო, როგორც გადასახადების ადმინისტრირების ორგანო, ტექნიკური პრობლემის გამო ვერ ახორციელებდა დროული მომსახურების გაწევას. დგინდება, რომ ტექნიკური ხარვეზის შესახებ ინფორმირებული იყო ე.ც–ი. სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, რომ ამგვარი პრობლემა შეექმნათ სხვა სერვისცენტრებსაც. შესაბამისად, მომსახურების პროცესში ტექნიკური თუ რაიმე სხვა ხარვეზის არსებობის დროს სამსახური ვალდებული იყო ეზრუნა მის დროულ გამოსწორებაზე. მომსახურების დეპარტამენტის რომელიმე კონკრეტული სერვისცენტრის ხელმძღვანელისთვის კი პასუხისმგებლობის დაკისრება იყო დაუსაბუთებელი, რადგანაც მათ დამოუკიდებლად აღნიშნული საკითხის მოგვარების უფლება-მოვალეობა არ გააჩნდათ.

5.10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, დამსაქმებელმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ არსებობდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის წინაპირობები, რაც მართლზომიერ საფუძველზე განაპირობებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მართებულად განხორციელდა მოპასუხისათვის ერთი წლის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის დაკისრება, ვინაიდან, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მტკიებულება და განმარტა, რომ ის თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული იყო ე.ც–ი, საქმის განხილვის დროისათვის არ იყო ვაკანტური.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ კი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლისა და ამავე წლის 11 აპრილის განჩინებებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ე.ც–ის საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ ბათილად ცნო სადავო ბრძანებები და დაადასტურა მოსარჩელის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების ფაქტი, გადაწყვეტილება არ დააფუძნა შრომის კონსტიტუციური უფლებისა და შრომის კანონმდებლობით დაცულ დასაქმებულის შრომის უფლების აღდგენა/შენარჩუნების სამართლიანი შედეგის მიღწევის მიზანს.

7.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ შეუძლებელია მოსარჩელის შრომის უფლების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ აღნიშნული საკითხზე მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია. მ.მ–ი იყო მოსარჩელის ზემდგომი თანამდებობის პირი და მისი მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე დანიშვნა ემსახურება სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის ილუზიის შექმნასა და ასევე სამსახურში აღდგენის უფლების მოსპობას.

7.3. სასამართლომ არასწორად შეაფასა და არ გაითვალისწინა დასაქმებულისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომელიც მას მიადგა უკანონო გათავისუფლების შედეგად. სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაცია შეუსაბამოა უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან და მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებით, მიმდინარე საქმის ხანგრძლივობით, უმუშევრობით, ოჯახური მდგომარეობითა და მძიმე მატერიალურ-არამატერიალური მდგომარეობით გამოწვეულ ფაქტობრივ ზიანთან.

7.4. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მთელი რიგი საერთაშორისო სამარართლებრივი აქტები. მაგალითად, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ევროპის სოციალური ქარტია, რომლებიც აღიარებს შრომის უფლებას და მხარეებს ავალდებულებს ხელი შეუწყოს დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას. აღნიშნული აქტებით მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

7.5. სასამართლომ არასწორად შეაფასა კომპენსაციისა და განაცდური ხელფასის ერთდროულად დაკისრების შესაძლებლობა, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას კომპენსაციასთან ერთად, მოპასუხე მხარეს დაეკისროს განაცდურის ანაზღაურება.

სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.6. კასატორი მიუთითებს, რომ მართალია ე.ც–ის ვაკის სერვისცენტრის უფროსად ყოფნის პერიოდში ნამდვილად არსებობდა შეთანხმება მიწის გადასახადის განუხორციელებლობასთან დაკავშირებით, თუმცა, ეს ფაქტი აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი თანხმობა იარსებებდა მას შემდეგ, რაც ე.ც–ი დაინიშნებოდა გლდანი ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრის უფროსად. საქმეში არსებული მასალების თანახმად, ეს უკანასკნელი სერვისცენტრები გამოირჩეოდნენ ვიზიტორთა მცირე რაოდენობით.

7.7. კასატორი აღნიშნავს, რომ ამ ფაქტს სარწმუნოს ხდის ის გარემოებაც, რომ ამგვარი თანხმობა არსებობდა იმ პერიოდში, როდესაც ე.ც–ს დაკავებული ჰქონდა ვაკის სერვისცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია. ამდენად, ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობდა.

7.8. კასატორი მიუთითებს, რომ გაურკვეველია სასამართლოს მითითება და მოსარჩელის მტკიცება, რომ გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში მიწის გადასახადის დარიცხვის განსახორციელებლად არ იყო საკმარისი ადამიანური რესურსი. ვინაიდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა მართლაც შეუძლებელი იყო აღნიშნულ საკითხზე მუშაობა, თუმცა თანამშრომელთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, სერვისცენტრის უფროსი არ დაინტერესებულა აღნიშნული საკითხით და არ განუროხციელებია გადასახადის დარიცხვაზე მუშაობა. სამსახურებრივ ფოსტაზე მიწის გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით ხელმძღვანელი პირებისაგან მისული წერილების საპასუხოდ, მოსარჩელეს არ განუხორციელებია საპასუხო მიმოწერა და არ მიუთითებია, რომ იგი გათავისუფლებული იყო გადასახადის დარიცხვის ვალდებულებისგან.

7.9. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც შეეხებოდა ვადაგადაცილებულ წერილებზე მოსარჩელის სათანადო რეაგირების ვალდებულებას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ სერვისცენტრის ხელმძღვანელს შესაძლებლობა ჰქონდა განეხორციელებინა წერილების/განცხადებების სხვა შემსრულებელზე გადაწერა ან/და თანამშრომლების გათიშვა, მათ მიერ წერილების მიღების შეზღუდვის მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ე.ც–ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.

13. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრით სადავოა ბრძანებების ბათილობის საფუძვლისა და კომპენსაციის დაკისრების წინაპირობების არსებობა, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრით სადავოა სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობების არსებობა და კომპენსაციის ოდენობა.

14. განსახილველ შემთხვევაში, ე.ც–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა დავის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (კანონის მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი) - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შრომის სამართალში პრინციპი - „Ultima Ratio“, ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (სუსგ №ას-1350-2019, 27.11.2019წ; №ას-368-2019, 31.07.2019წ., პ.23; №ას-416-399-2016, 29.06.2016წ.).

17. პალატა ასევე მიუთითებს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საგულისხმოა, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (შდრ: სუსგ. №ას-630-630-2018, 6 ივლისი, 2018 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).

18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 24 მარტის №პ280 ბრძანებით ე.ც–ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 ივნისის №პ-432 ბრძანებით სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისა და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დარღვევის გამო, მომსახურების დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრის უფროსის ე.ც–ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „სამსახურიდან გათავისუფლება“. ე.ც–ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2020 წლის 10 ივნისიდან.

19. სსიპ შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნული ბრძანებები გამოცემული იყო კანონიერად.

20. სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 24 მარტის №პ280 ბრძანების (ე.ც–ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება) გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 20 მარტის №31986-21-08 წერილი. აღნიშნული წერილის თანახმად, გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრის უფროსის - ე.ც–ის მხრიდან ადგილი აქვს არაკომპეტენტურობას და მიღებული დავალებების შეუსრულებლობის ფაქტს. კერძოდ, 2020 წლის დასაწყისში განხორციელებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 2017 წლის ბოლოდან გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრის მიერ, რომლის ხელმძღვანელიც იყო ე.ც–ი, არ ხორციელდებოდა მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა და საგადასახადო მოთხოვნების გადასახადის გადამხდელებთან გაგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ე.ც–ს, ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის უფროსს თ.გ–ს, მომსახურების დეპარტამენტის უფროსს ლ.დ–ძეს, მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მ.მ–ს, ამავე დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს უფროსს ე.ლ–ს და მის მოადგილეს შ.ი–ს.

21. ე.ც–ის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან მიწაზე დასარიცხი ქონების შესახებ ინფორმაცია მოდიოდა დაუმუშავებელი და არასრულყოფილი, რის გამოც ჯერ კიდევ ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრში ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში საქმის მოცულობიდან, გადატვირთული სამუშაო პროცესიდან და გადამხდელების დიდი ნაკადიდან გამომდინარე ვერ ახერხებდა გამოეყო თანამშრომელი, რომელიც იმუშავებდა მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვაზე და გადამხდელებთან გაგზავნაზე. აღნიშული გამოიწვევდა გადატვირთულ რიგებს და გადასახადის გადამხდელთა უკმაყოფილებას. ე.ც–ის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში იმყოფებოდნენ მისი უშუალო ხელმძღვანელები. კერძოდ, მ.მ–ი, შ.ი–ი და გ.ბ–ი. მათთან უშუალო სიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე 5 წლის განმავლობაში არ ამუშავებდა აღნიშნულ ინფორმაციას და ამ საკითხზე ოფიციალური სამსახურეობრივი დავალება, გარდა სამსახურებრივი მეილისა, არ მიუღია. ე.ც–ის განცხადებით, ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრიდან გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრში გადასვლის პერიოდში 2018 წლის 01 მარტს გლდანის სერვისცენტრში ირიცხებოდა დაახლოებით 10 თანამშრომელი, რომელთაგან 6 გადავიდა შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში და საბოლოოდ მის დაქვემდებარებაში დარჩა 4 თანამშრომელი, რომლებიც მომსახურების გაწევას გადამხდელებისთვის, საქმის მოცულობიდან გამომდინარე ძლივს ასწრებდნენ. შესაბამისად, დამატებით მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვაზე მუშაობა შეუძლებელი იყო. ე.ც–ი მიუთითებდა, რომ ხელმძღვანელობასთან ზეპირსიტყვიერად შეთანხმებული იყო, რომ სერვისცენტრი ვერ დაარიცხავდა მიწის გადასახადს. ხელმძღვანელმა პირებმა იცოდნენ აღნიშნულის შესახებ, ვინაიდან წლების განმავლობაში ისინი მიწის გადასახადთან დაკავშირებით არ იღებდნენ რეპორტს. ე.ც–ის ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუღია არანაირი შენიშვნა, მითითება. ამასთან, მიწის გადასახადს ასევე არ არიცხავდნენ სხვა სერვისცენტრები და მათი ხელმძღვანელების მიმართ არ არის გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

22. მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მ.მ–მა განმარტა, რომ თბილისის სხვა სერვისცენტრებიც არ მუშაობდნენ გადასახადის დარიცხვის მიმართულებით, მათ შორის, არც ვაკის სერვისცენტრი, თუმცა მათ ხელმძღვანელებთან არსებობდა ზეპირი შეთანხმება, ე.ც–ის შემთხვევაში კი ამგვარ შეთანხმებას ვერ იხსენებდა.

23. სამსახურებრივ ბარათში მოცემული იყო მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს უფროსის - ე.ლ–ის განმარტება, რომლის თანახმად, როგორც მისთვის ცნობილი გახდა, ე.ც–ის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები ვაკის და გლდანის სერვისცენტრებში არ ახორციელებდნენ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვას და საგადასახადო მოთხოვნების გადამხდელებთან გაგზავნას. აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ იხსენებდა ე.ც–ს მისთვის ეთქვას, რომ მწირი სამუშაო რესურსიდან ან სხვა მიზეზიდან გამომდინარე მისი თანამშრომლები ვერ ახორციელებდნენ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვებს და საგადასახადო მოთხოვნების გაგზავნას.

24. მოხსენებით ბარათში ასევე წარმოდგენილი იყო ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის თ.გ–ის ახსნა-განმარტება, რომელიც მიუთითებდა, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო სერვისცენტრს დაეწყო მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა, რადგან ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი ემსახურებოდა ყველაზე მეტ გადამხდელს საქართველოს მასშტაბით, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა იყო ძალიან ცოტა.

25. საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების შინაარსის შეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის სერვისცენტრები არ ახორციელებდნენ მიწის გადასახადის დარიცხვას და ზეპირი თანხმობა არსებობდა აღნიშნულის შესახებ. ზეპირი შეთანხმება წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის სისტემაში დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომელიც სერვისცენტრების ხელმძღვანელებს ათავისუფლებდა პასუხისმგებლობისგან. პალატა ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე მასზედ, რომ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, საგადასახადო ორგანოებისთვის დადგენილი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა. საგადასახადო ორგანო ახდენს ქვეყნის ტერიტორიაზე გადასახადების ადმინისტრირებას და როგორც დამსაქმებელი, ვალდებულია თავისი მოვალეობის შესრულების მიზნით შექმნას სამუშაო პირობები, გაწეროს დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები და კონტროლი გაუწიოს მის შესრულებას. განსახილველ საქმეში დგინდება, რომ სერვისცენტრების ხელმძღვანელებთან ზეპირი შეთანხმების არსებობას საგადასახდო ორგანო უშვებს იმ მიზეზით, რომ შესაბამისი საკადრო რესურსის არსებობის გამო შეუძლებელია კანონით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება. გარდა იმისა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ თბილისის სერვისცენტრები არ ახორციელებდნენ მიწის გადასახადის დარიცხვას, რაზეც სერვისცენტრების ხელმღვანელი პირები ზეპირად იყვნენ შეთანხმებული მათ ზემდგომებთან, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ე.ც–თან ზეპირი შეთანხმების არარსებობის პირობებშიც გაუმართლებელი იყო დასაქმებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება და ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ხელმძღვანელ პირებს წლების განმავლობაში არ მოუკითხავთ მიწის გადასახადის დარიცხვის საკითხი, არ დასმულა კითხვა, არ შემოწმებულა, რატომ არ ადგენდა ე.ც–ი რეპორტებს. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ იმ პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ ე.ც–ის საქმიანობის კონტროლი, არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

26. რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 ივნისის ბრძანებას ე.ც–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება. შესაბამისად, ვინაიდან მის მიმართ უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, ე.ც–ი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან. ბრძანებაში სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 08 ივნისის №52981-21-06 წერილი, რომლის თანხმად, შემოწმდა 2020 წლის იანვარ-მარტის (25 მარტის ჩათვლით) პერიოდში ელექტრონული ფორმით თბილისის სერვის-ცენტრების მიერ შესრულებული განცხადებების დამუშავების სტატუსები და შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრში ინფორმაციის დამუშავების პროცესში გამოვლინდა ელექტრონული კორესპონდენციის აღსრულების თაობაზე გარკვეული ხარვეზები. კერძოდ: წერილის დაგვიანებით შესრულება, შესრულების შესახებ დავალების ჩამოწერის (დადებითი სტატუსის მინიჭება) დაგვიანებით განხორციელება, ტექნიკური ხარვეზი და ა.შ. წერილის თანახმად, გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ე.ც–ი პროგრამა Oracle-ში შემოსულ წერილების დროულ შესრულებაზე არ ახორციელებდა კონტროლს. 2020 წლის 05 მაისის N43462-21 წერილით მომსახურების დეპარტამენტისგან მოთხოვილი ინფორმაცია ყველა სერვისცენტრის მიერ პროგრამა Oracle-ში ვადაგადაცილებით შესრულებული ელექტრონული წერილების თაობაზე. გამოვლინდა, რომ ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრს ყველა ელექტრონულ წერილზე დროულად აქვს რეაგირება განხორციელებული და შესაბამისი სტატუსებიც მინიჭებული ბაზაში. ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრში დაფიქსირდა 3 ვადაგადაცილებული განცხადება, თუმცა, ვინაიდან საქმე ეხებოდა საგადასახადო ანგარიშფაქტურებისთვის გაუქმებულის სტატუსის მინიჭებას, რომელიც დაკავშირებულია დამატებით პროცედურასთან, აღნიშნული ჩაითვალა ობიექტურ მიზეზად. გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრში დარეგისტრირებული 15 ელექტრონული წერილის შესრულება ფიქსირდებოდა ვადაგადაცილებით, რომელთაგან რამდენიმე არასაპატიო მიზეზით არის შეუსრულებელი. ვადაგადაცილებულ წერილებთან დაკავშირებით შესაბამის კომენტარებში დაფიქსირებული იყო შემდეგი შინაარსის სტატუსები: შესრულების შესახებ დავალების დადებითი სტატუსის მინიჭება დაგვიანებით, ტექნიკური ხარვეზის გამო დავალების შეუსრულებლობა და ა.შ. გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრის უფროსის ე.ც–ის განმარტებით, მისი, როგორც სერვისცენტრის ხელმძღვანელის ჩართულობა აღნიშნულ საკითხში იყო ნულოვანი და წერილების აღსრულების პროცესში ერთვებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი გადიოდა შვებულებაში ან ბიულეტენზე; იმ დროს, როდესაც წერილი შეცდომით ეწერებოდა თანამშრომელს შესასრულებლად; გარკვეული პერიოდულობით, საკუთარი ინიციატივით და არა სადმე გაწერილი მოვალეობის გამო.

27. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრის ოფიცრების ახსნა-განმარტებები, რომლითაც ირკვევა, რომ განცხადებებზე პასუხის დაგვიანებით გაცემა რიგ შემთხვევაში გამოიწვია ტექნიკურმა ხარვეზმა, რიგ შემთხვევაში დაგვიანებით აისახა პროგრამულად, რომ განცხადება შესრულებული იყო. მომსახურების დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრის ოფიცრების: დ.ზ–ის, ნ.ხ–ძის, ს.კ–ძის ახსნა-განმარტებების თანახმად, 2020 წლის 09 მარტს მათ შესასრულებლად დაეწერათ შპს „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ის“ წერილი, რომლის მიხედვით, დამქირავებელმა გამოაგზავნა შეტყობინება კონკრეტულ პირებზე შეღავათის შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული კომპანია შეერწყა სხვა კომპანიას, რომელშიც მუშაობდა ის პირი, ვისზეც იყო შეტყობინება გამოგზავნილი. შეტყობინება მოწოდებული იყო სამართალმემკვიდრე კომპანიის მიერ, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების ერთიან სისტემაში oracle-ში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის არქონის გამო, ვერ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და დაინტერესებული პირისთვის პასუხის გაცემა. საიდენტიფიკაციო ნომერზე არ ფიქსირდებოდა ცნობის გაცემა. შესაბამისად, პროგრამაში შეტყობინების ასახვა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იარსებებდა მომართვა ახალი ცნობის ასაღებად. განცხადებას პასუხის გაცემის ვადა განესაზღვრა 10 სამუშაო დღე. აღნიშნულ ვადაში დაქირავებული პირის მომართვა ახალი ცნობის ასაღებად არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, შეტყობინების ასახვა და განცხადებაზე პასუხის გაცემა ვერ განხორციელდა. ოფიცრებმა განმარტეს, რომ შესასრულებელ განცხადებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ თავად და ვინაიდან, ზემოაღნიშნული მიზეზის გამო ვერ იქნა განცხადება შესრულებული, ხელმძღვანელთან შეთანხმებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ განცხადება სამსახურებრივი ბარათით გაგზავნილიყო საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში, რათა მათ განეხორციელებინათ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში შეტყობინების ასახვა. სამსახურებრივი ბარათის გაგზავნამდე დაფიქსირდა დაქირავებული პირის მომართვა ახალი ცნობის ასაღებად და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ჩართულობა ამ კონკრეტულ განცხადებასთან დაკავშირებით საჭირო აღარ იყო. სერვისცენტრის მთავარი ოფიცრის ს.კ–ძის ახსნა-განმარტებაში ასევე მითითებულია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 14 იანვარს შემოსულ ცნობაზე, რომელიც შეეხებოდა გადასახადის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლებას, 15 იანვარს გაგზავნილია შუალედური პასუხი, რომლის შესრულების თარიღიც ბაზაში აისახა ვადაგადაცილებით. სერვისცენტრის ოფიცრის ქ.თ–ის ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ 2020 წლის 10 იანვარს შესასრულებლად დაეწერა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილი, რომლის თანახმად, დამქირავებელმა გადმოაგზავნა შეტყობინება კონკრეტულ პირზე შეღავათის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულ კომპანიას წარსულ პერიოდში შეერწყა სხვა კომპანია, რომელშიც მუშაობდა ის პირი, ვის თაობაზე იყო გადმოგზავნილი შეტყობინება. შეტყობინებას პასუხის გაცემის ვადა განესაზღვრა 10 სამუშაო დღე. ოფიცერი განმარტავს, რომ დაუკავშირდა პირს, ვისზეც აგზავნიდა კომპანია შეტყობინებას და მისცა ინსტრუქცია, რომ თავად მისულიყო სერვისცენტრში და ადგილზე მიეღო შესაბამისი მომსახურება. პირი სერვისცენტრში მივიდა განსაზღვრულ ვადაში და პასუხიც გაიცა განსაზღვრულ ვადაში, თუმცა პროგრამული ხარვეზის გამო ქ.თ–მა მიანიჭა უარყოფითი სტატუსი თავდაპირველად შემოსულ განცხადებას და უარყოფითის მიზეზში მიუთითა, რომ უშუალოდ მიმართა დაქირავებულმა და გაიცა შეღავათის ცნობა დაქირავებულზე ახალ დამსაქმებელთან მიმართებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან თავად მიიღო გადაწყვეტილება და საქმის კურსში არ ჩაუყენებია ხელმძღვანელი, ვინაიდან ადრესატს პასუხი გაეცა განსაზღვრულ ვადაში. ამავე ახსნა-განმარტებაში ასევე მითითებულია, რომ შეასრულა ნ.გ–ას განცხადება მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებაზე, რომელიც დაეწერა 02 მარტს და შეასრულა იმ დღესვე. აღნიშნული განცხადება ეწერა მ.გ–ს, რომელსაც გახსნილი ჰქონდა საავადმყოფო ფურცელი. სერვისცენტრის ოფიცრის ლ.ბ–ის ახსნა-განმარტების თანახმად, 2020 წლის 08 იანვარს შემოსავლების სამსახურს მიმართა ზ.რ–მა საცხოვრებელი ფართის გამქირავებელ პირთა რეესტრში ცვლილების თაობაზე. ლ.ბ–ის მიერ არასწორად დარეგისტრირდა განცხადება. გადამხდელი აქირავებდა დამატებით კიდევ 3 ფართს. შეცდომის საფუძველზე მოხდა ოთხივე ფართის ამოღება გამქირავებელთა რეესტრიდან. აღნიშნულის შესახებ მან სამსახურებრივი წერილით აცნობა უშუალო ხელმძღვანელის ე.ც–ის შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისი მოვალეობის შემსრულებელს ლ.ო–ძეს, ასევე ახსნა-განმარტებითი წერილით მიმართა მომსახურების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსს და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მ.მ–ს. 2020 წლის 06 აპრილს ლ.ბ–მა მიიღო წერილობითი პასუხი პროგრამულ მოდულში „საცხოვრებელი ფართის გამქირავებლები“ ფ/პ ზ.რ–ის სტატუსი „აქტიური“ აღდგენის თაობაზე. 2020 წლის 29 აპრილს დაგვიანებით ჩამოიწერა განცხადება. სერვისცენტრის ოფიცრის ნ.ა–ძის ახსნა-განმარტების თანახმად, 2020 წლის 26 თებერვალს მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრს მიმართეს გადამხდელებმა გ.ს–ამ და ბ.პ–მა მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. განცხადებები დაარეგისტრირა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის მეშვეობით და იმავე დღეს გადამხდელების თანდასწრებით განიხილა. განცხადებების შესრულება მოხდა ვადაში, იმავე დღეს და გადამხდელებისთვის ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია.

28. ოფიცრების ახსნა-განმარტებების თანახმად, მათ ელექტრონული პროგრამის საშუალებით შესასრულებლად ეწერებათ განცხადებები, თავად ასრულებდნენ და აკონტროლებდნენ მათი შესრულების ვადებს. სერვისცენტრის უფროსის პროცესში ჩართვა ხდებოდა მაშინ, როდესაც აუცილებელი იყო განცხადების სხვა ოფიცრისთვის გადაწერა.

29. მოსარჩელე მხარე სერვისცენტრში არსებულ ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით მიუთითებდა ხანძარსა და გენერატორის დაზიანებაზე, რაც დადასტურებულია ელექტრონული მიმოწერით, ფოტოსურათებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2021 წლის 30 მარტის ცნობითა და შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის უფროსის მ.ა–ის მოხსენებითი ბარათით, რომელშიც განმარტებულია, რომ 2019 წლის 12 სექტემბრის ხანძრით დაზიანდა და აღდგენას არ ექვემდებარებოდა გენერატორი. გენერატორი შეიცვალა, რამდენჯერმე დაზიანდა და შეკეთდა და საბოლოოდ სრულად აღდგა 2020 წლის 16 მარტს.

30. 2020 წლის 05 მაისის N43462-21 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სამსახურებრივი შემოწმების პროცესში სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე 2020 წლის 28 მაისს შემოვიდა მოქალაქე ნ.ბ–ძის წერილი, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა ე.ც–მა სატელეფონო გასაუბრების პროცესში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. საკითხის შესწავლისას განხორციელდა გასაუბრება ნ.ბ–ძესა და თ.მ–ძესთან, ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ასევე ე.ც–ს. ნ.ბ–ძის განმარტებით 2020 წლის 28 მაისს მისი ყოფილი თანამშრომელი მივიდა თბილისის გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრში შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით. მის ინტერესს წარმოადგენდა მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაციის მოძიება. სერვისცენტრის ხელმძღვანელი ე.ც–ი გაესაუბრა ნ.ბ–ძეს. საუბრის პროცესში მან ნ.ბ–ძეს განუცხადა, რომ სირცხვილი იყო ის ფაქტი, რომ ის, როგორც ბუღალტერი, არ ფლობდა ინფორმაციას მთავრობის დადგენილებაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით და მუშაობდა ბუღალტრის პოზიციაზე. წერილში აღნიშნულია, რომ ე.ც–ის მიერ მოქალაქის მიმართ მომსახურების გაწევის პროცესში მომსახურების/კომუნიკაციის სტანდარტის და ეთიკის/ქცევის წესების დარღვევა წარმოადგენს ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართულ საქციელს, რაც უარყოფითად მოქმედებს შემოსავლების სამსახურის რეპუტაციაზე. აღნიშნული დარღვევების გამო, ვინაიდან ე.ც–ის მიმართ უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მოსარჩელე გაათავისუფლეს სამსახურიდან.

31. ზემოაღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ე.ც–მა განმარტა, რომ სატელეფონო საუბრისას მას ნ.ბ–ძისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაიკითხა თ.მ–ძე, რომელმაც განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრში მივიდა კომპენსაციის საკითხის გასარკვევად. ესაუბრა ე.ც–ს, შემდეგ მან დაურეკა ბუღალტერს ნ.ბ–ძეს და სთხოვა მონაცემების გადაგზავნა. საუბრის დროს ე.ც–ს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

32. საკასაციო პალატა ყოველივე ზემოაღნიშულის გათვალისწინებით ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 ივნისის Nპ-432 ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობასთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ სერვისცენტრის ხელმძღვანელი, ვერ იქნება პასუხისმგებელი მის დაქვემდებარებაში არსებული თანამშრომლის მიერ განცხადების შესრულების ვადებზე, იმ პერიოდში როდესაც მას კანონის საფუძველზე კუთვნილი შვებულების გამო შეჩერებული აქვს შრომითი ურთიერთობა. ამასთან, თავად ე.ც–ის საქმიანობის კონტროლის ვალდებულება გააჩნიათ მის ხელმძღვანელ პირებს, რომელთა მიმართაც, როგორც უკვე აღინიშნა, არც მიწის გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით და არც წერილებზე დაგვიანებული პასუხების შემთხვევაში გამოყენებული არ ყოფილა დისციპლინური ღონისძიება. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს არ შეუქმნა შესაბამისი პირობები, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს შესაძლებლობა ექნებოდა, ზედმიწევნით შეესრულებინა დაკისრებული ვალდებულებები, რაც გამორიცხავს ბრძანებებში მითითებულ გარემოებათა გამო მოსარჩელისათვის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

33. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად უნდა ადასტურებდეს მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის ფაქტს. პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომისთვის, დამსაქმებლის მიერ პასუხისმგებლობის სახით ყველაზე მკაცრი სახდელის დაკისრება, იმ პირობებში, როდესაც ამ გადაცდომის ჩადენა გამოწვეულია დამსაქმებელი ორგანიზაციის გაუმართავი ფუნქციონირებით, ვერ იქნება პროპორციული და ვერ დაიცავს ზომიერ ბალანსს დარღვევასა და გათავისუფლებას შორის. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანებები მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და არ არსებობს სსიპ შემოსავლების საკასაციო პრეტენზიების გაზიარების საფუძველი.

34. რაც შეეხება მოსარჩელის საკასაციო შედავებას მასზედ, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე (იხ. სუსგ Nას-792-2019, 18.02.2021წ).

35. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული იყო ე.ც–ი, ვაკანტური არ არის. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთი ადამიანის შრომის უფლების აღდგენით არ შეიძლება სხვების შრომითი უფლებების იგნორირება, პალატა მიიჩნევს, რომ მართებულად არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში.

36. პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის ბათილად ცნობა, მაშინ, როდესაც პირვანდელ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის აღდგენა ობიექტურად შეუძლებელია, იწვევს უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულისათვის ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის ვალდებულებას, თუმცა, უნდა არსებობდეს მოთხოვნა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, დამსაქმებელთან არსებული საშტატო ნუსხიდან კონკრეტულად რომელი სამუშაო (თანამდებობა) წარმოადგენს განთავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული სამუშაოს ტოლფას თანამდებობას.

38. განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მხრიდან დარღვეული უფლების რესტიტუციის სახით, კონკრეტულად რომელიმე ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მითითების ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ გამხდარა სასამართლოს მსჯელობის საგანი. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად დაადგინეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის შედეგი უნდა ყოფილიყო არა სამსახურში პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, არამედ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეთათვის კომპენსაციის გადახდის დაკისრება.

39. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, მოპასუხისათვის კომპენსაციასთან ერთად, განაცდურის დაკისრების საფუძვლის არსებობაზე, პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამდენად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი სადავოობისას, დასაქმებული უფლებამოსილია: 1) ან მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა და პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა (ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს ასევე შეუძლია მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება), 2) ან ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად, აღდგენის ნაცვლად, მოითხოვოს კომპენსაცია.

40. პალატა განმარტავს, რომ განაცდური დამსაქმებელს იმ შემთხვევაში ეკისრება, თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად იქნა ცნობილი და ამასთან, უკანონოდ დათხოვნილი პირი იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგება. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სამსახურში აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო, სშკ-ის მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ რეგულაციას (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია) სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის რედაქცია არ ითვალისწინებდა, კასატორის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში საფუძველს მოკლებულია.

41. მოსარჩელის, როგორც საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიები შეეხება ასევე კომპენსაციის ოდენობას. სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა, სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (მრავალ გადაწყვეტილებათა შორისაა სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 2021 წლის 18 თებერვალის განჩინება, №ას-536-2021, 2021 წლის 21 სექტემბერის განჩინება). ამავდროულად, გასათვალისწინებელია, უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური ვითარება, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272). გამომდინარე იქიდან, რომ შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას, იგი ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით დგინდება.

42. საკასაციო პალატა საქმეში მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია შეესატყვისება კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტს. ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; №ას-632-2019, 21 ივნისი, 2019 წელი; №ას-395-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია და მისი ოდენობის შეცვლის წინაპირობები არ არსებობს.

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ და მართებულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების შესახებ. კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

44. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.

45. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

46. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

47. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

49. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ე.ც–ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი. სსიპ შემოსავლების სამსახური კი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ც–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო

3. ე.ც–ს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N16589549499, გადახდის თარიღი 01.04.2023) 70% – 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე