ას-436-2024
13 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ხ.თ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ო.მ.ი–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების ნაწილობრივ არსებობის აღიარება, ხელშეკრულების მუხლების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, იპოთეკის ვალდებულების შეწყვეტა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხ.თ–ძემ (შემდეგში პირველი მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) და ნ.თ–ძემ (შემდეგში მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს შპს „მ.ო.მ.ი–ის“ (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვეს:
1.1 პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 25 ივლისის ხელშეკრულების 2.4 მუხლის ბათილად ცნობა, ყოველთვიურად 3%-დან 2%-ის გადახდის დაკისრების ნაწილში და დავალიანების 5029.2 აშშ დოლარით განსაზღვრა;
1.2 უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ........., კომერციული ფართი 36.29 კვ.მ, საკადასტრო კოდი ........ 2012 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი იპოთეკის უფლების შეწყვეტილად აღიარება;
1.3 ნოტარიუს ნ.კ–ის მიერ 02.02.2017 წელს გაცემული N170102555 სააღსრულებო ფურცლის გაუქმება;
1.4 პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 9.5 მუხლის „ა“ პუნქტის და 2014 წლის 25 ივლისის ხელშეკრულების 9.5 მუხლის „ა“ პუნქტის, ასევე მეორე მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის 2012 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 20.1 მუხლის „ა“ პუნქტის ბათილად ცნობა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება ყოველთვიურად 3%-დან 2%-ის გადახდის დაკისრების; 2014 წლის 25 ივლისის ხელშეკრულების 2.4 მუხლის ბათილად ცნობისა და დავალიანების 5029.2 აშშ დოლარით განსაზღვრის; სადავო უძრავ ნივთზე იპოთეკის უფლების შეწყვეტილად აღიარებისა და ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 02 თებერვალს გაცემული N170102555 სააღსრულებო ფურცლის გაუქმების ნაწილში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება იპოთეკის უფლების შეწყვეტილად აღიარებისა და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა და სახელმწიფო ბაჟის ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო უძრავ ნივთზე 2012 წლის 20 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის სასარგებლოდ წარმოშობილი იპოთეკის უფლება აღიარებული იქნა შეწყვეტილად, გაუქმდა ნოტარიუს ნ.კ–ის მიერ 02.02.2017 წელს გაცემული N170102555 სააღსრულებო ფურცელი. დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შპს „მ.ო.მ.ი–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
7. მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძველზე, 2023 წლის 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაზე, გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
8. 2024 წლის 25 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს „მ.ო.მ.ი–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 4-ე და 5-ე პუნქტების (უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ......., კომერციული ფართი 36.29 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .........., 2012 წლის 20 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე შპს მ. ო. „მ.ი–ის“ სასარგებლოდ წარმოშობილი იპოთეკის უფლება ჩაითვალოს შეწყვეტილად; გაუქმდეს ნოტარიუს ნ.კ–ის მიერ 2017 წლის 02 თებერვალს შპს „მ.ო.„მ.ი–ის“ სასარგებლოდ გაცემული N170102555 სააღსრულებო ფურცელი) განმარტება. ამავე წლის 31 იანვარს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ასევე ხ.თ–ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის განმარტება.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინებით ხ.თ–ძისა და შპს „მ.ო.მ.ი–ის“ წარმომადგენელების განცხადებები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინდა ხ.თ–ძემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის განმარტება მოითხოვა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
12. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო საამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, იპოთეკის უფლების შეწყვეტის ნაწილში აღსრულებულია. მოპასუხემ აღძრა სარჩელი ხ.თ–ძის მიმართ, რომლითაც ითხოვს სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული თანხების დაკისრებას და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას. აღნიშნული საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმოებაშია.
12.1. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მათ შორის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ ჩაითვლება ხანდაზმულად, მოსარჩელეს უფლება არ აქვს მოითხოვოს იმ თანხაზე მეტი, ვიდრე ის სააღსრულებო ფურცლით მოითხოვდა. მითითებული საქმის განხილვისას დადგა საკითხი იმის შესახებ, რამდენად არის გაუქმებული მთალიანად სააღსრულებო ფურცელი, მათ შორის ხ.თ–თვის თანხების დაკისრების ნაწილშიც. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხები ძალაშია და არ გაუქმებულა.
12.2. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განჩინებაში ყურადღება უდა მიექცია არა ფორმალურ მხარეზე, არამედ, შინაარსზე იმ კონტექსტში, რომ მოსარჩელეების მიერ აღძრული მოთხოვნა დაკისრებული თანხის შემცირების ნაწილში, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
12.3. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი ბუნდოვანია და არსებობს მისი განმარტების საჭიროება. კერძოდ, სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს - მხოლოდ უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი განიმარტოს იმგვარად, რომ სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა ნაწილობრივ, უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში, ხოლო ხ.თ–ძის მიმართ დაკისრებული თანხები არ გაუქმებულა და დარჩა ძალაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განჩინების მართლზომიერება.
16. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი ბუნდოვანია, კერძოდ, გადაწყვეტილება უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა ნაწილობრივ, უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში, ხოლო ხ.თ–ძის მიმართ დაკისრებული თანხები არ გაუქმებულა და დარჩა ძალაში.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლითაც დარეგულირებულია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი. კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და, თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას და ორიენტირებულია მოდავე მხარეთა უფლებების იმგვარ დაცვაზე, როდესაც ერთმნიშვნელოვნად სწორად უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულება. კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი - მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამასთან ერთად, გადაწყვეტილების განმარტების სავალდებულო პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ იყოს აღსრულებული, ვინაიდან ასეთ დროს აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა და განმარტების შედეგად არ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება (იხ. სუსგ საქმე №ას-827-778-2015, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).
18. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება იპოთეკის უფლების შეწყვეტილად აღიარებისა და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა და სახელმწიფო ბაჟის ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო უძრავ ნივთზე 2012 წლის 20 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის სასარგებლოდ წარმოშობილი იპოთეკის უფლება აღიარებული იქნა შეწყვეტილად, გაუქმდა ნოტარიუს ნ.კ–ის მიერ 02.02.2017 წელს გაცემული N170102555 სააღსრულებო ფურცელი. დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ნათლად და არაორაზროვნად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს და სახეზე არ არის მისი განმარტების წინაპირობები, რის გამოც განმცხადებლებს მის განმარტებაზე მართებულად ეთქვათ უარი. პალატა ასევე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამომდინარეობს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული დასაბუთებიდან, სადაც სასამართლო სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძვლებზე მსჯელობს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმარტების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით დადგენილ გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს და დაუშვებელია.
20. პალატას ყურადღების მიღმა არ რჩება საკასაციო წარმოების ეტაპზე ხ.თ–ძის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, იპოთეკის უფლების შეწყვეტის ნაწილში აღსრულებულია, ხოლო მოსარჩელე სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, სწორედ იპოთეკის უფლების შეწყვეტას უკავშირებდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოთხოვნილია კანონიერ ძალაში შესული და უკვე აღსრულებული გადაწყვეტილების განმარტება, რაც, პალატის მოსაზრებით, ცალსახად ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზანს - გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას (სსსკ 262.1 მუხლი).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი განმცხადებლებს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის განმარტების შესახებ განცხადებების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი არ იყო ბუნდოვანი. ამასთან, ვინაიდან გადაწყვეტილების განმარტების დანიშნულებაა (მიზანია) აღსრულების ხელშეწყობა, რისი საჭიროებაც, მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.თ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე