ბს-1006-960(კ-06) 12 ივლისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ლანა ჭანტურია
კასატორი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (ამჟამად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდირების სააგენტო), წარმომადგენელი ე. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ რ. მ-ი, წარმომადგენელი მ. ჩ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი _ გადიდებული პენსიის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 8 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. მ-მა მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რუსთავის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 45 ლარის ოდენობის პენსიის დანიშვნისა და 2001-2003 წლების მიუღებელი პენსიის თანხის _ 1620 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1962 წელს გაწვეულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1964 წლის 3 თებერვალს, როდესაც ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამხედრო მოვალეობას _ იდგა საგუშაგოზე, მოულოდნელად მოხვდა გაურკვეველი ადგილიდან გასროლილი ტყვია. მოსარჩელე თავისი ნების საწინააღმდეგოდ დათანხმდა ნაწილის ხელმძღვანელობას, რომ ჭრილობა, რომელიც მიიღო, დაფიქსირებულიყო თითქოსდა მასზე სატაბელოდ გაპიროვნებული ავტომატის წმენდისას შემთხვევით გასროლის შედეგად მიღებული ჭრილობა. აღნიშნულმა ჭრილობამ შედეგად გამოიწვია მისი მეორე ჯგუფის ინვალიდობა, რაც დღემდე უგრძელდება. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ჭრილობა შეუძლებელია მიყენებული იყოს იარაღის _ ავტომატის წმენდის შედეგად გასროლით, რა მდგომარეობაშიც არ უნდა ეჭიროს ავტომატი პირს წმენდის დროს. ზემოაღნიშნული ჭრილობით მოსარჩელე დაინვალიდდა სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებას აძლევდა, მიეღო გაზრდილი პენსია (ს.ფ. 1ა-2).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რუსთავის ფილიალს დაევალა რ. მ-ისათვის გადიდებული პენსიის გაცემა 45 ლარის ოდენობით სარჩელის შეტანიდან _ 2004 წლის იანვრიდან ყოველთვიურად, მასვე დაევალა სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის _ 2001-2003 წლების საპენსიო თანხის ანაზღაურება 1620 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ცნობილნი არიან ვეტერანებად აღნიშნული კანონის შესაბამისად. მითითებული კანონის მე-6 მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კატეგორიას მიეკუთვნება სამხედრო ძალების ვეტერანები.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რუსთავის ფილიალის უარი მოსარჩელისათვის გაზრდილი პენსიის მიცემაზე უკანონოა, ვინაიდან “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალდდნენ სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად, ხოლო საქმეში არსებული მასალებით, რ. მ-ის ავადმყოფობის დასკვნით კი დასტურდება, რომ იგი არის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაინვალიდდა სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. მ-ს, რომელიც დაინვალიდდა სამხედრო სამსახურში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობით, უნდა მიეცეს გადიდებული პენსია 45 ლარის ოდენობით, ასევე უნდა აუნაზღაურდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაში _ ბოლო სამი წლის განმავლობაში მისაღები გადიდებული პენსიის თანხა 1620 ლარის ოდენობით (ს.ფ. 20-21).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
საქმეში არსებული მასალებიდან გარკვევით ჩანს, რომ რ. მ-ი არის სამხედრო სამსახურის გავლის დროს მიღებული საერთო დაავადების საფუძველზე დაინვალიდებული პირი, რომელსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანოებიდან წარმოდგენილი აქვს შესაბამისი დასკვნა. “სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანო წარმოადგენს ერთადერთ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც განსაზღვრავს შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსს, ამასთან დაკავშირებით ადგენს მიზეზობრივ კავშირს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლში სავსებით ნათლადაა გამიჯნული ინვალიდობის ორი სხვადასხვა მიზეზი: “ე” ქვეპუნქტში მითითებულია, რომ ინვალიდობის დადგენის საფუძველი შეიძლება იყოს შესაძლებლობების შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან, “ვ” ქვეპუნქტში კი მოცემულია შესაძლებლობების შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებული არ არის სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან. რ. მ-ს ინვალიდობა დადგენილი აქვს სწორედ “ვ” ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლით, რომელიც არ შეიძლება გახდეს მისთვის ომის ვეტერანთათვის გათვალისწინებული პენსიის _ 45 ლარის დანიშვნის საფუძველი.
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, დაადგინა ახალი იურიდიული ფაქტი იმის შესახებ, რომ რ. მ-ის შესაძლებლობის შეზღუდვა უკავშირდება სამხედრო მოვალეობის შესრულებას, მაშინ როდესაც იურიდიული ფაქტის დადგენას სასამართლო ახორციელებს მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მისი დადგენის სხვა წესს.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლი. აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდდნენ სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის დასახიჩრების ან დაავადების შედეგად. კონკრეტულ ურთიერთობაში სასამართლო წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებასთან იმის შესახებ, რომ რ. მ-ი არ წარმოადგენს სამხედრო სამსახურის შესრულებისას დაინვალიდებულ პირს (ს.ფ. 29-31).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. მ-ი წარმოადგენს მეორე ჯგუფის ინვალიდს, რისი მიზეზიც სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში მიღებული ტრავმაა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ამ მიმართებით ძირითადს წარმოადგენს საკითხი, სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს იქნა თუ არა დაზიანება მიღებული. საქართველოს ფსიქიატრიული სამედიცინო-საექსპერტო ბიუროს 2005 წლის 15 ივლისის ცნობით რ. მ-ის ინვალიდობის მიზეზია სამხედრო სამსახურის გავლის დროს მიღებული ტრავმა. მართალია, შემდგომ ცნობა შესწორდა და მოსარჩელის ინვალიდობა დაკავშირებული იქნა სამხედრო სამსახურის გავლასთან და არა სამხედრო მოვალეობის შესრულებასთან, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა დამაჯერებლად ვერ ახსნა მის მიერ გაცემული ცნობის შეცვლის მიზეზი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია რუსთავის საქალაქო სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის მიერ ინვალიდობის გამომწვევი დაზიანების სამხედრო მოვალეობის Aშესრულებისას მიღებულად მიჩნევის შესახებ (ს.ფ. 113-115).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მითითებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ რ. მ-ი არის სამხედრო სამსახურის გავლის დროს მიღებული საერთო დაავადების საფუძველზე დაინვალიდებული პირი, რომელსაც სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ორგანოებიდან წარმოდგენილი აქვს შესაბამისი დასკვნა. “სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული ორგანო ერთადერთი კომპეტენტური ორგანოა, რომელიც განსაზღვრავს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსს, ამასთან დაკავშირებით ადგენს მიზეზობრივ კავშირს. ამ კანონის მე-16 მუხლში გამიჯნულია ინვალიდობის ორი სხვადასხვა მიზეზი, “ე” ქვეპუნქტში მითითებულია, რომ ინვალიდობის დადგენის საფუძველი შეიძლება იყოს შესაძლებლობების შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან, “ვ” ქვეპუნქტში კი მოცემულია შესაძლებლობების შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებული არ არის სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან. რ. მ-ს ინვალიდობა დადგენილი აქვს სწორედ “ვ” ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლით, რომელიც არ შეიძლება გახდეს მისთვის ომის ვეტერანთათვის გათვალისწინებული პენსიის დანიშვნის საფუძველი (ს.ფ. 118-119).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რ. მ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საქმის გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინების გაუქმების საფუძველია.
საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე რ. მ-ი წარმოადგენს მეორე ჯგუფის ინვალიდს. აღნიშნული ინვალიდობა გამოწვეულია სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს მიღებული ჭრილობით და ეს გარემოება საქმეზე სადავო არ არის. სადავოა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს მიღებული აღნიშნული ჭრილობა წარმოადგენს თუ არა სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მიღებულ დაზიანებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რ. მ-ის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის სწორად განსასაზღვრად და შესაბამისად, მოსარჩელისათვის სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმის გამო ინვალიდობის პენსიის გაცემის საფუძვლის არსებობის დასადგენად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის შესაძლებლობის შეზღუდვა გამოწვეულია სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმის შედეგად. სააპელაციო სასამართლო აღნიშნული დასკვნის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ფსიქიატრიული სამედიცინო-საექსპერტო ბიუროს 2005 წლის 15 ივლისის ცნობაში რ. მ-ის ინვალიდობის მიზეზად სამხედრო სამსახურის გავლის დროს მიიღებული ტრავმა იყო მითითებული, ხოლო შემდგომში აღნიშნული ცნობის შესწორება სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტად და არ გაიზიარა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია.
დადგენილია, რომ რ. მ-ს ჭრილობა მიღებული აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს 1964 წლის 3 თებერვალს. აღნიშნულ ფაქტზე 1964 წელსვე სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ შედგენილია ავადმყოფობის მოწმობა, სადაც მითითებულია, რომ რ. მ-მა ჭრილობა მიიღო ავტომატის წმენდის დროს შემთხვევითი გასროლის შედეგად, სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნული მოწმობაა ის ძირითადი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დგინდება, თუ რა ვითარებაში მიიღო ჭრილობა რ. მ-მა. სამხედრო-სამედიცინო კომისიის აღნიშნული ავადმყოფობის მოწმობა ნამდვილია და მისი სიყალბე დადგენილი არ არის. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სამხედრო-სამედიცინო კომისიის 1964 წლის აღნიშნული მოწმობა და მასზე მეტი მტკიცებულებითი ძალა მიანიჭა სამედიცინო-საექსპერტო ბიუროს 2005 წლის 15 ივლისის ცნობას, მაშინ როდესაც სამხედრო-სამედიცინო კომისიის მოწმობა განხილულ უნდა იქნეს როგორც საფუძველი სამედიცინო-საექსპერტო ბიუროს ცნობის მიმართ, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საფუძველ დოკუმენტს.
“სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის განმსაზღვრელია შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი. აღნიშნული ნორმის “ე” და “ვ” ქვეპუნქტები შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზთა შორის, ერთი მხრივ, გამოყოფს შესაძლებლობის შეზღუდვას, რაც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან და მეორე მხრივ, შესაძლებლობის შეზღუდვას, რაც არ არის დაკავშირებული სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში განმარტებულია, თუ რა შემთხვევაში დგინდება თითოეული სტატუსი. მე-6 პუნქტის თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმით ან დაავადებით დგინდება იმ შემთხვევაში, თუ იგი უკავშირდება საქართველოს და ყოფილი სსრკ ინტერესების, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ან სხვა სამხედრო ან ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებას, აგრეთვე სხვა ქვეყნების ლოკალურ ომებში მიღებულ ჭრილობას, დასახიჩრებას, კონტუზიას ან დაავადებას. ამავე კანონის მე-7 პუნქტის თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, რომელიც დაკავშირებული არ არის სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან, დგინდება იმ შემთხვევაში, როდესაც ტრავმა ან დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის გავლისას და არ უკავშირდება სამხედრო ვალდებულების შესრულებას.
ავტომატის წმენდის დროს შემთხვევით მომხდარი გასროლა არ შეიძლება შეფასდეს როგორც ყოფილი სსრკ ინტერესების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის ან სხვა სამხედრო ან ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებისას მიღებული დაზიანება, რაც ზემოაღნიშნული მე-6 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელისათვის სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმით გამოწვეული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების საფუძველი იქნებოდა და რაც, ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა. აღნიშნული დაზიანება მოსარჩელეს მიღებული აქვს სავალდებულო სამსახურის გავლის დროს, მაგრამ არა სამხედრო ვალდებულების შესრულებისას, რაც ზემოაღნიშნული მე-7 პუნქტის რეგულირებაში ექცევა. სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმით, რომ არ გამოუყენებია ზემოაღნიშნული ნორმები და არ მოუხდენია მათ საფუძველზე საქმის გარემოებების სამართლებრივი შეფასება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ. მ-ის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი არ უკავშირდება სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმას, რაც მისთვის შესაბამისი პენსიის დანიშვნის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამდენად, რ. მ-ის სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.