Facebook Twitter

№ას-638-2023

23 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ტ.ა–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ა–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ფ.ა–ვამ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ტ.ა–ვას (შემდეგში მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2019 წლის 14 თებერვალს უძრავ ქონებაზე, მდებარე, გარდაბნის რაიონი, სოფელი .......... (ს/კ .......) დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და უძრავი ნივთის ფ.ა–ვას საკუთრებაში დაბრუნება (ტ.1, ს.ფ. 3-10).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ.ა–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. ტ.ა–ვასა და ფ.ა–ვას შორის 2019 წლის 14 თებერვალს დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე უძრავი ქონების, მდებარე: გარდაბნის რაიონი სოფელი .......... (კოდი ......), მესაკუთრედ რეგისტრირებულია ფ.ა–ვა;

3.2. ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ ფ.ა–ვას მატერიალური მდგომარეობა გაუარესებული არ არის.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ფ.ა–ვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ფ.ა–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ტ.ა–ვასა და ფ.ა–ვას შორის 2019 წლის 14 თებერვალს დადებული უძრავი ქონების, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი .......... (ს/კ ......) ჩუქების ხელშეკრულება და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა ფ.ა–ვას სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესრტის ეროვნულ სააგენტოში.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია.

6.2. პალატის მითითებით, მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების გაჩუქების შემდგომ მოსარჩელის საკუთრებაში უძრავი ქონება აღარ ირიცხება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პენსიის გარდა სხვა შემოსავლის არქონა, ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება, ადასტურებს სადავო ნივთის გაჩუქების შემდეგ აპელანტის ეკონომიური მდგომარეობის არსებითად გაუარესებას, გაჩუქებამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით.

6.4. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომ ის ძირითიადად დაკავებული იყო სოფლის საოჯახო მეურნეობით და მხარეებს შორის დავის წარმოშობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ დასაჩუქრებულმა მოსარჩელეს აუკრძალა მიწის დამუშავება და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა. მიწის ნაკვეთით სარგებლობის აკრძალვამ კი მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გააუარესა.

6.5. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ არსებობდა აღნიშნული მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული წინაპირობები, შესაბამისად, არსებობდა მხარეთა შორის 2019 წლის 14 თებერვალს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების უკან დაბრუნების საფუძველი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ივლისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

9. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

9.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასებითა და რიგი გარემოებების იგნორირებით მიიჩნია, რომ აპელანტის ეკონომიური მდგომარეობა არსებითად გაუარესდა. სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეზღუდვა მიუთითებს არა მოსარჩელის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე, არამედ ფაქტზე, რომ მას შემოსავალი შეუმცირდა.

9.2. მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნის დადასტურება, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, იმ საკითხის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით).

13. „სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ- Nას-493-473-2016, 14.12.2016წ.).

14. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის გაუქმების საფუძვლად მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 526-ე მუხლზე მიუთითებს (პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ მხოლოდ სსკ-ის 526-ე მუხლი არ შეიძლება იყოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რადგან დასახელებული ნორმა ჩუქების დაუშვებლობის წინაპირობას ადგენს და საარსებო წყაროს მოსპობის საფრთხის კონტექსტში, როგორც მჩუქებელს, ისე, მის კმაყოფაზე არსებულ პირებს უდგენს მოთხოვნის წარდგენის კანონით გათვალისწინებულ წანამძღვარს. მოცემულ საქმეში მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ჩუქების შემდეგ გამჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ქმნის სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის (თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში) საფუძველზე მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევის წინაპირობას.

15. მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა ჩუქების გაუქმება გამოწვეულია მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში, თუმცა გაჩუქების შემდეგ თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს, დასაჩუქრებულს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება მოსთხოვოს. იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გარდა ამისა, გამჩუქებელს უფლება არ აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება, თუ ასეთი მოთხოვნის საფუძველი მან ხელოვნურად შექმნა, კერძოდ, თუ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა, გამოწვეულია მისი განზრახი მოქმედებით, ან უხეში გაუფრთხილებლობით. მძიმე მდგომარეობის ხარისხი, რამაც სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს ჩუქებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს (იხ. სუსგ საქმე №ას-1067-1006-2015, 29 დეკემბერი, 2015 წელი; №ას-1333-2019, 27 ნოემბერი, 2019 წელი).

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

17. პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

18. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

19. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

20. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას.

21. მოსარჩელის ძირითადი პრეტენზია, როგორც უკვე აღინიშნა, შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მას შეეზღუდა ჩუქების ხელშეკრულების საგნით სარგებლობა და გაუარესდა მისი მდგომარეობა. მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებდა, რომ მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ დარჩა პენსია.

22. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებით, ის იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლებია სახეზე. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ბუნებრივია, ჩუქების ხელშეკრულების არსიდან და პირობებიდან გამომდინარე, გაჩუქებული ქონება გადის გამჩუქებლის საკუთრებიდან და გადადის დასაჩუქრებულის საკუთრებაში, რითაც გამჩუქებლის ქონებრივი მდგომარეობა მცირდება და დასაჩუქრებულისა იზრდება, სწორედ აღნიშნული გარემოებაა ჩუქების ხელშეკრულების ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკური ნაწილი, ვინაიდან, ჩუქების ხელშეკრულება არ არის ორმხრივმავალდებულებელი გარიგება და დაფუძნებულია არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ ზნეობრივ დამოკიდებულებებზეც. პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადების დროს მოსარჩელეს სხვა უძრავი ქონებაც გააჩნდა, რომელიც ჩუქების ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის შემდეგ სრულად გაასხვისა შვილიშვილზე. რაც შეეხება მისი შემოსავლის წყაროდ მხოლოდ პენსიაზე მითითებას, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებმდეც იყო პენსიონერი და ამასთან, იგი არასდროს ყოფილა დასაქმებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო გაჩუქების შემდგომი შედეგების შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ საქმეში სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაასხვისა სხვა უძრავი ქონება. ნიშანდობლივია ასევე ის, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსავლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი წარმოადგენდეს მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების ერთადერთი საარსებო წყაროს და მისი მოსპობით მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმეების ჩვენებებიდან არ დგინდება, რომ მოსარჩელეს სჭირდება დახმარება. მის კმაყოფაზე მყოფი პირების შესახებ მოსარჩელეს არ მიუთითებია, ხოლო მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელე ცხოვრობს შვილიშვილებთან ერთად, მისი შვილი გ.ა–ა სისტემატიურად მუშაობს თურქეთში, საიდანაც ფინანსურად ეხმარება ოჯახს.

23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 530-ე მუხლის მე-2 ნაწილზეც, რომლის თანახმად, გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში. პალატის მოსაზრებით, მართალია, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის სსკ-ის 530-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით მძიმე მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი, თუმცა, მოსარჩელის მიერ აღნიშნული გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, განსახილველი სარჩელის საფუძვლიანობას გამორიცხავს ის გარემოება, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ნივთიც გაასხვისა, რაც შეიძლება მისი მხრიდან განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად ჩაითვალოს.

24. ყოველივე ზემოაღიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მისი ფინანასური მდგომარეობის იმდენად შეცვლა, რომ იგი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში და არ შეუძლია როგორც მისი, ასევე მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. შესაბამისად, მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმით დადგენილი იმ მნიშვნელოვანი ფაქტობრივი ელემენტის დადასტურება, რაც მისი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოშობდა.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

26. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიება, ხოლო, სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ტ.ა–ვას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფ. .......... (ს/კ ......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, გადახდება მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია საკასაციო ინსტანციის სასამართლოში და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1500 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ტ.ა–ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ფ.ა–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ტ.ა–ვას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფ. ...... (ს/კ .......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

5. ფ.ა–ვას (…..) ტ.ა–ვას (.....) სასარგებლოდ დაეკისროს 1500 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე