Facebook Twitter

№ას-730-2024

25 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ტ.ზ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – პ.თ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. პ.თ–იამ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ტ.ზ–ვას (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ, განქორწინების მოთხოვნით (ს.ფ. 2-11).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა პ.თ–იასა და ტ.ზ–ვას შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების თარიღი 18.08.1962 წელი, რეგისტრაციის თარიღი 23.08.2021 წელი), გაუქმდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი N01210300078.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1962 წლის 18 აგვისტოდან.

5.2. მოსარჩელის მისამართები ფიქსირდება სარჩელში და მინდობილობაში და ის ცხოვრობს მისამართზე, მდებარე: ქ. თბილისი, ……., რეგისტრაციის მისამართად კი ფიქსირდება: ქ. თბილისი, …….. მოპასუხის მისამართი ასევე ფიქსირდება შესაგებელში და მინდობილობაში, იგი ცხოვრობს მისამართზე, მდებარე: ქ. თბილისი, …….., რეგისტრაციის მისამართად კი ფიქსირდება: ქ. თბილისი, ……..

5.3. მხარეთა ოჯახური თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია. ცხოვრობენ სხვადასხვა მისამართზე. მხარეთა დაშორების ზუსტი თარიღი არ არის დასახელებული.

5.4. 2023 წლის 6 აპრილს ნოტარიუსის მიერ შედგენილია მინდობილობა (N230441673), სადაც მოსარჩელე თ.ღ–ს ანიჭებს უფლებამოსილებას დაიცვას მისი პირადი ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები, მათ შორის განქორწინების საქმესთან დაკავშირებით. ნოტარიუს ბ.შ–ას მიერ შემოწმდა მარწმუნებლის ქმედუნარიანობა, უფლებამოსილება და ნების გამოვლენის ნამდვილობა.

5.5. მოპასუხე განქორწინების წინააღმდეგია და მხარეები ვერ შეთანხმდნენ ნებაყოფლობით, ერთობლივი განცხადებით მიემართათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის განქორწინების მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო.

5.7. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ გააქარწყლა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ერთად არ ცხოვრობენ. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არ სურს მოპასუხესთან შერიგება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტით დასტურდებოდა, რომ ნოტარიუსის მიერ პ.თ–იას ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა, პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მართებული.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის თანაცხოვრება შეწყვეტილია. ასევე არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ განქორწინების სურვილი გამოავლინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ტ.ზ–ვას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.).

14. მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (სუსგ №ას-1753-2018, 15.02.2019წ.).

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით რეგულირდება რა ქორწინების წესი და წინაპირობები, ნორმის პირველივე წინადადებაში ხაზგასმით ადგენს კანონმდებელი, რომ იგი მხარეთა ნებაზე დამყარებული ურთიერთობაა. ამასთან, მეუღლეთა განქორწინების სამართლებრივ წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლი, რომლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო.

16. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე ასევე განმარტა, რომ სსკ-ს 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, ინდივიდუალური დავის ხასიათიდან გამომდინარე, მისცეს მხარეებს ვადა შესარიგებლად, მაგრამ არაა ვალდებული ეს გააკეთოს (სუსგ №ას-225-921-03, 09.10.2003წ.).

17. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მხარეთა შორის თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია და მოსარჩელეს არ სურს მოპასუხესთან ქორწინებაში ყოფნა. ამ ფაქტის წინააღმდეგ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას, კასატორი ვერ აქარწყლებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ასევე, მოსარჩელეს არ სურს მოპასუხესთან შერიგება. სამოქალაქო კანონმდებლობა ოჯახს განიხილავს, როგორც ნებაყოფლობით კავშირს და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად ქორწინების შეწყვეტის შესახებ სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისია ერთ-ერთი მეუღლის განცხადება, რომ მას მეორე მეუღლესთან თანაცხოვრება არ სურს (იხ. სუსგ-ები: Nას-1831-2019, 2018, 14.11.2019წ; Nას-813-2019, 14.02.2020 წ;).

18. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მოსარჩელეს განქორწინების სურვილი არ გამოუვლენია. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობა, სადაც აღნიშნულია, რომ მინდობილ პირზე უფლებამოსილება მინიჭებულია განქორწინების საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსარჩელემ აღნიშნული მინდობილობის გაცემით გამოხატა ნება, რომ წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოოს განქორწინების საქმე.

19. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

20. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ტ–ძის მიერ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ.ზ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ტ.ზ–ვას (……) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ტ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N22740162312, გადახდის თარიღი 08.07.2024) 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ლაშა ქოჩიაშვილი