№ას-1273-2023
29 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.ფ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ქ–ი, დ.ა–ი, გ.მ–ი, ლ.მ–ი, ც.მ–ი, მ.გ–ძე, რ.ქ–ძე, ი.ა–ი, კ.ნ–ი, გ.ბ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელთა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ქ–მა, დ.ა–მა, გ.მ–მა, ლ.მ–მა, ც.მ–მა, მ.გ–ძემ, რ.ქ–ძემ, ი.ა–მა, კ.ნ–მა და გ.ბ–მა (შემდეგში მოსარჩელეებმა) სარჩელებით მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მ.ფ–ძის, თ.ლ–ძისა და თ.მ–ის (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ და მოითხოვეს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეებისათვის ნ.ქ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად 13500 აშშ დოლარის და 4200 ლარის; დ.ა–ის სასარგებლოდ 6000 აშშ დოლარის; გ.მ–ის სასარგებლოდ 7000 აშშ დოლარის; ლ.მ–ის სასარგებლოდ 28300 აშშ დოლარის; ც.მ–ის სასარგებლოდ 11000 აშშ დოლარის და 2000 ევროს; მ.გ–ძის სასარგებლოდ 19000 აშშ დოლარის; რ.ქ–ძის სასარგებლოდ 16500 აშშ დოლარის; ი.ა–ის სასარგებლოდ 3000 აშშ დოლარის; კ.ნ–ის სასარგებლოდ 31200 აშშ დოლარისა და გ.ბ–ის სასარგებლოდ 1900 აშშ დოლარის და 2000 ლარის დაკისრება.
1.1. მ.ფ–ძემ საამართლოში წარდგენილი შესაგებლებით სარჩელები არ ცნო. თ.მ–მა შესაგებელი წარადგინა მხოლოდ კ.ნ–ის სარჩელზე და სარჩელი არ ცნო, დანარჩენ სარჩელებზე მას შესაგებელი არ წარუდგენია. მოპასუხე თ.ლ–ძეს შესაგებლები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
1.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა საქმის N2/1703-20.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელების სარჩელები დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელე ნ.ქ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 13500 აშშ დოლარის და 4200 ლარის გადახდა; მოპასუხეებს მოსარჩელე დ.ა–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეებს მოსარჩელე გ.მ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეებს ლ.მ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 28300 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეებს ც.მ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11000 აშშ დოლარის და 2000 ევროს გადახდა; მოპასუხეებს მ.გ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 19000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეებს რ.ქ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 16500 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეებს ი.ა–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეებს მოსარჩელე კ.ნ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 31200 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეებს გ.ბ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1900 აშშ დოლარის და 2000 ლარის გადახდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. ნ.ქ–სა და შპს „ს.კ.ს–ოს“ შორის 2016 წლის 05 აპრილს დაიდო სესხის სამი ხელშეკრულება: №9721 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ კომპანიას 10000 აშშ დოლარი 12 თვის ვადით და წლიური 33% სარგებლის გადახდის პირობით გადასცა. №9722 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ კომპანიას 3500 ლარი 3 თვის ვადით და წლიური 25% სარგებლის გადახდის პირობით გადასცა. №9723 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ კომპანიას 500 აშშ დოლარი 3 თვის ვადით და წლიური 25% სარგებლის გადახდის პირობით გადასცა. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით კომპანიამ იკისრა სესხის ძირი თანხის და სარგებლის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების ვალდებულება. თანხის დაბრუნება მოხდებოდა იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც დაიდო ხელშეკრულება.
5.2. ნ.ქ–სა და შპს „ს.კ.ს–ოს“ შორის 2016 წლის 15 ივლისს დაიდო ორი შეთანხმება: პირველი - 2016 წლის 05 აპრილს დადებული №9722 სესხის ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ, რომლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გადაცემულ თანხას გაუკეთდა დანამატი 700 ლარი და მთლიანი თანხის ოდენობა 4200 ლარით განისაზღვრა. ხოლო სესხის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 3 თვით. მეორე - 2016 წლის 05 აპრილს დადებული №9723 სესხის ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ, რომლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გადაცემულ თანხას გაუკეთდა დანამატი 3000 აშშ დოლარი და მთლიანი თანხის ოდენობა 3500 აშშ დოლარით განისაზღვრა. ხოლო სესხის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 3 თვით.
5.3. დ.ა–სა და შპს „ს.კ.ს–ოს“ შორის 2016 წლის 07 მარტს დაიდო სესხის №9324 ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის ოდენობა 6000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა 12 თვე, სარგებლის ოდენობა წლიური 33%. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით კომპანიამ იკისრა სესხის ძირი თანხის და სარგებლის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების ვალდებულება. თანხის დაბრუნება მოხდებოდა იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც დაიდო ხელშეკრულება.
5.4. გ.მ–სა და შპს „ს.კ.ს–ოს“ შორის 2016 წლის 11 ოქტომბერს დაიდო სესხის №12120 ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის ოდენობა 7000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა 12 თვე, სარგებლის ოდენობა წლიური 33%. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით კომპანიამ იკისრა სესხის ძირი თანხის და სარგებლის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების ვალდებულება. თანხის დაბრუნება მოხდებოდა იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც დაიდო ხელშეკრულება.
5.5. ლ.მ–სა და შპს „ს.კ.ს–ოს“ შორის დაიდო სესხის ხუთი ხელშეკრულება: 2016 წლის 16 აპრილს გაფორმდა №9790 სესხის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა 11000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების ვადა 12 თვით, სარგებლის ოდენობა წლიური 33%-ით განისაზღვრა. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. 2016 წლის 04 თებერვალს გაფორმდა №8821 სესხის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა 7500 აშშ დოლარით, ხელშეკრულების ვადა 12 თვით, სარგებლის ოდენობა წლიური 33%-ით განისაზღვრა. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. 2016 წლის 15 იანვარს გაფორმდა №8482 სესხის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა 5000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების ვადა 12 თვით, სარგებლის ოდენობა წლიური 33%-ით განისაზღვრა. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. 2016 წლის 07 ივლისს გაფორმდა №11031 სესხის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა 1500 აშშ დოლარით, ხელშეკრულების ვადა 12 თვით, სარგებლის ოდენობა წლიური 33%-ით განისაზღვრა. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. 2016 წლის 12 აპრილს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა 3300 აშშ დოლარით განისაზღვრა. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით კომპანიამ იკისრა სესხის ძირი თანხის და სარგებლის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების ვალდებულება. თანხის დაბრუნება მოხდებოდა იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც დაიდო ხელშეკრულება.
5.6. ც.მ–სა და შპს „ს.კ.ს–ოს“ შორის დაიდო სესხის ორი ხელშეკრულება: 2016 წლის 28 იანვარს გაფორმდა №8721 სესხის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა 11000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების ვადა 12 თვით, სარგებლის ოდენობა წლიური 33%-ით განისაზღვრა. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. 2016 წლის 23 აპრილს გაფორმდა №10011 სესხის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა 2000 ევრო, ხელშეკრულების ვადა 12 თვით, სარგებლის ოდენობა წლიური 33%-ით განისაზღვრა. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, კომპანიამ იკისრა სესხის ძირი თანხის და სარგებლის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების ვალდებულება. თანხის დაბრუნება მოხდებოდა იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც დაიდო ხელშეკრულება.
5.7. მ.გ–ძესა და შპს „ს.კ.ს–ოს“ შორის 2016 წლის 13 იანვარს გაფორმდა №8460 სესხის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა 19000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების ვადა 6 თვით, სარგებლის ოდენობა წლიური 25%-ით განისაზღვრა. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. 2016 წლის 17 ივლისს დადებული შეთანხმებით სესხის ხელშეკრულების ვადა დამატებით 6 თვით გაგრძელდა. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით კომპანიამ იკისრა სესხის ძირი თანხის და სარგებლის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების ვალდებულება. თანხის დაბრუნება მოხდებოდა იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც დაიდო ხელშეკრულება.
5.8. რ.ქ–ძესა და შპს „ს.კ.ს–ოს“ შორის 2016 წლის 16 აგვისტოს გაფორმდა №11603 სესხის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა 16500 აშშ დოლარით, ხელშეკრულების ვადა 12 თვით, სარგებლის ოდენობა წლიური 33%-ით განისაზღვრა. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით კომპანიამ იკისრა სესხის ძირი თანხის და სარგებლის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების ვალდებულება. თანხის დაბრუნება მოხდებოდა იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც დაიდო ხელშეკრულება.
5.9. ი.ა–სა და შპს „ს.კ.ს–ოს“ შორის 2016 წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა №12222 სესხის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა 3000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების ვადა 6 თვით, სარგებლის ოდენობა წლიური 28%-ით განისაზღვრა. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით კომპანიამ იკისრა სესხის ძირი თანხის და სარგებლის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების ვალდებულება. თანხის დაბრუნება მოხდებოდა იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც დაიდო ხელშეკრულება.
5.10. კ.ნ–სა და შპს „ს.კ.ს–ოს“ შორის დაიდო სესხის ორი ხელშეკრულება: 2016 წლის 29 ივლისს გაფორმდა №11352 სესხის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა 15000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების ვადა 12 თვით, სარგებლის ოდენობა წლიური 33%-ით განისაზღვრა. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმდა №11388 სესხის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა 16200 აშშ დოლარით, ხელშეკრულების ვადა 12 თვით, სარგებლის ოდენობა წლიური 33%-ით განისაზღვრა. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. ორივე სესხის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, კომპანიამ იკისრა სესხის ძირი თანხის და სარგებლის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების ვალდებულება. თანხის დაბრუნება მოხდებოდა იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც დაიდო ხელშეკრულება.
5.11. გ.ბ–სა და შპს „ს.კ.ს–ოს“ შორის დაიდო სესხის ორი ხელშეკრულება: 2016 წლის 09 მარტს გაფორმდა №9335 სესხის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა 1900 აშშ დოლარით, ხელშეკრულების ვადა 12 თვით, სარგებლის ოდენობა წლიური 25%-ით განისაზღვრა. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. 2016 წლის 15 მარტს გაფორმდა №9414 სესხის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა 4000 ლარით, ხელშეკრულების ვადა 6 თვით, სარგებლის ოდენობა წლიური 28%-ით განისაზღვრა. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა იმავე დღეს გადასცა შპს „ს.კ.ს–ოს“. ორივე სესხის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, კომპანიამ იკისრა სესხის ძირი თანხის და სარგებლის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების ვალდებულება. თანხის დაბრუნება მოხდებოდა იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც დაიდო ხელშეკრულება.
5.12. შპს „ს.კ.ს–ომ“ 2016 წლის 15 მარტს დადებული №9414 სესხის ხელშეკრულებით გადაცემული თანხიდან 2000 ლარი მოსარჩელე გ.ბ–ს 2016 წლის 17 ოქტომბერს დაუბრუნა.
5.13. შპს „ს.კ.ს–ოს“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (დაახლოებით 20%-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი შემდგომი ინვესტირება. მის ერთპიროვნულ დამფუძნებელს თ.მ–ი, ხოლო დირექტორს თ.ლ–ძე წარმოადგენდა. შპს „ს.კ.ს–ოს“ საქმიანობას კი ფაქტობრივად სრულად წარმართავდა მ.ფ–ძე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ განახორციელა ფულადი შენატანი, კერძოდ: 2013-2016 წლებში, შპს „ს.კ.ს–ომ“ მოქალაქეებისაგან ჯამში სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. აღნიშნული თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების, დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ს.კ.ს–ოს“ დირექტორმა თ.ლ–ძემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ.ფ–ძის წაქეზებით და თ.მ–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ.ფ–ძის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში, სესხის სახით მ.ფ–ძეზე გაცემულ იქნა მსხესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „გ–ზე“ – 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც არ იქნა უკან დაბრუნებული და მ.ფ–ძემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, შპს „ს.კ.ს–ომ“ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
5.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად), თ.ლ–ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით; მ.ფ–ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. თ.მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
5.15. ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლოს საქმეზე მოსარჩელეები ცნობილი არიან დაზარალებულებად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელეთა მიერ კომპანიაში სესხის სახით სარჩელებში მითითებული ოდენობით თანხის შეტანა და დაუბრუნებლობა. მ.ფ–ძის მიერ სადავოდ იყო გამხდარი, თუ ვინ არის პასუხისმგებელი (კომპანია თუ მოპასუხეები) შეტანილი თანხის დაბრუნებაზე; ასევე, ვინ არის პასუხისმგებელი დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
5.17. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეები დაზარალებულად არიან ცნობილი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოპასუხეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მოსარჩელეებისათვის მატერიალური ზარალის მიყენება, რაც სამოქალაქო-სამართლებრივად დელიქტის შემადგენლობას იძლევა და დავის მოწესრიგება სსკ-ის 992 და 998-ე მუხლებითაა შესაძლებელი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტმბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა დელიქტური სამართლის ნორმები, მაშინ, როდესაც კასატორმა სადავო თანხა მიიღო სასესხო ურთიერთობის ფარგლებში. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ საქმეზე დელიქტური ზიანის დადგომისათვის საჭირო ელემენტების არსებობა არ დადასტურებულა, არანაირი მიზეზობრივი კავშირი კასატორის ქმედებასა და მოსარჩელეებისათვის მიყენებულ ზიანს შორის არ არსებობდა.
8.2. კასატორი არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, რადგან სესხი მ.ფ–ძეზე უკანონოდ გასცა შპს „ს.ო.ს–ოს“ დირექტორმა, ხოლო თავად კასატორი მოქმედებდა საკუთარი ინტერესების ფარგლებში.
8.3. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ეფუძნებოდა სესხის ხელშეკრულებებს, ამდენად, გაუგებარია, სასესხო ურთიერთობები დელიქტური სამართლის მომწესრიგებელი ნორმებით რატომ შეაფასა და არასწორად დააკისრა კასატორს პროცენტის გადახდა. მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს ვერც დელიქტური ზიანის ოდენობა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა ვერ წარადგინეს სსამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.
14. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
15. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მოსარჩელეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხის აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით, განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი(ე.წ. „გენერალური დელიქტი“). პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (სუსგ. №ას-769-737-2016, 20.06.2018).
17. საკასაციო პალატის განმარტებით, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესების წონასწორობის აღდგენაზე.
18. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარადგინეს სარჩელები, რომელსაც დაურთეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი.
19. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ 2017 წლის 31 ივლისის განაჩენზე, რომლითაც კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი (კასატორი) მეანაბრეთა, მათ შორის, მოსარჩელეთა კუთვნილი თანხების გაფლანგვის გამო, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. განაჩენის თანახმად, მოპასუხეები მსჯავრდებული არიან კომპანიის კუთვნილი ქონების, დაზარალებულების, მათ შორი მოსარჩელეთაგან სესხად მიღებული თანხის გაფლანგვისათვის, რამაც გამოიწვია კომპანიის მიერ მოსარჩელის წინაშე სესხის დაბრუნების ვალდებულებების შეუსრულებლობა.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სსსკ-ის 30920 მუხლის, ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (სუსგ №ას-1426-2018, 2019 წლის 11 აპრილის განჩინება). „საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920 მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი (ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სსსკ-ის XXXIV თავი)“ (სუს. საქმე №ას-638-605-2014, 22.04.2016).
21. სსსკ-ის 30920-ე მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სსსკ-ის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019).
22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. კანონით მინიჭებული შესაძლებლობა, საქმე განხილულ იქნას გამარტივებული წესით შემჭიდროვებულ ვადებში, მოსარჩელე მხარის დისპოზიციური უფლებაა და მას არ ეკრძალება სარჩელის წარდგენა საერთო საფუძველზე. გამარტივებული წარმოებით საქმის განსახილველად კი, მოსარჩელეს კანონი ვალდებულებას აკისრებს, სარჩელს თან დაურთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი (თუ დანაშაული გვაქვს სახეზე) ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რითაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის 1-ლი ნაწილი).
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რაც შეეხება განსხვავებას დელიქტით მიყენებული ზიანის გამარტივებული და ჩვეულებრივი სასარჩელო წესით განხილვას შორის, აღნიშნულთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვის დროს სახეზეა კანონიერ ძალაში არსებული განაჩენი, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ. სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია მხოლოდ ზიანის ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვვის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით იგი არ არის დადგენილი (მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობა დადგენილია განაჩენით). ასეთ დროს ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსამარჩელემ უნდა წარადგინოს. ჩვეულებრივი სასარჩელო წესით დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ სარჩელის განხილვის დროს კი, მხარეები სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად წარადგენენ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, ხოლო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.
24. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით საფუძველი შეიქმნა დასკვნისათვის, რომ მოსარჩელეებმა კომპანიისათვის სესხის სახით გადაცემული თანხა მოპასუხეთა განზრახი, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო ვერ დაიბრუნეს, რისი გათვალისწინებითაც არსებობს დელიქტური ზიანის ანაზღაურებისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.
25. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ განაჩენში მითითებული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ იქნეს განხილული, კასატორს არ წარუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება (შდრ. საქმე №ას-203-2020, 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება).
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენის თანახმად, მოსარჩელეებს ზიანი მარტო მსესხებელი კომპანიის ხელმძღვანელობის ქმედებების გამო არ მისდგომია, მითითებული ზიანის დადგომაში ბრალი კასატორსაც მიუძღვის, რის გამოც განაჩენში მითითებულ სხვა პირებთან ერთად, იგი თავადაც ცნობილ იქნა დამნაშავედ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ დავაში, მ.ფ–ძე მოსარჩელეთა მიმართ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირია.
27. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლი ვერ გახდება კასატორის საკასაციო პრეტენზია, რომლის თანახმად, ზიანის მიყენებისათვის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობა, კერძოდ, მიზეზობრივი კავშირი კასატორის ქმედებასა და მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებულ ზიანს შორის არ დგინდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი განაჩენი თავისთავად ასაბუთებს ამგვარი მიზეზობრივი კავშირის არსებობას.
28. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას დარიცხული პროცენტის ანაზღაურების საფუძვლის არარსებობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიმდინარე საქმეში მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირი თანხების ერთობლიობა და არა საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია აღნიშნულ ნაწილში საფუძველს მოკლებულია.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ სამართლებრივად სწორი კვალიფიკაცია მისცა, ამასთან, კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები, ხოლო საპირისპიროდ მოსარჩელეებმა სასამართლოს წარუდგინეს სათანადო მტკიცებულებები, რომელიც ამყარებდა მათ სასარჩელო მოთხოვნებს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია.
30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
33. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. განსახილველ შემთხვევაში კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე