№ას-996-2023
29 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს.ვ–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ა–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფ.ა–ვამ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ს.ვ–ვის (შემდეგში მოპასუხე, კასატორი) მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.
1.1. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე თანახმაა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის გადაიხადოს ალიმენტი თვეში 100 ლარის ოდენობით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ.ა–ვას სარჩელი მოპასუხე ს.ვ–ვის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - ე.ვ–ვის (დაბ. 2020 წლის 17 ივნისი, პ/ნ ......) სასარგებლოდ ყოველთვიურად არასრულწლოვანი ბავშვისათვის ალიმენტის სახით 500 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2021 წლის 30 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის ალიმენტის დაკისრება 100 ლარის ოდენობით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება: სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს:
5.1. 2019 წლის ივნისიდან მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - ე.ვ–ვი, დაბადებული 2020 წლის 17 ივნისს.
5.2. მხარეები ერთად ცხოვრებდნენ მოპასუხის მშობლების საცხოვრებელ სახლში. მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მისამართით ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ისე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც მხარეები დაშორდნენ 2021 წლის მაისიდან და მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან.
5.3. დადგენილია, რომ აპელანტი - ს.ვ–ვი დასაქმებულია. საქმის მასალებით დგინდება და ასევე, თავად აპელანტიც არ უარყოფს, რომ იგი მუსიკოსია, მღერის ქორწილებსა თუ სხვა ღონისძიებებზე და აქვს გარკვეული შემოსავალი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:
5.3. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი სს „ს.ბ–ის“ ამონაწერით დასტურდება ს.ვ–ვის საკმაოდ სოლიდური შემოსავლები. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს ყოველთვიური შემოსავლიდან გამომდინარე შესწევს უნარი, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი 500 ლარის ოდენობით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის 100 ლარით განსაზღვრა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, ს.ვ–ვის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება: 8. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი სს „ს.ბ–ის“ ამონაწერი ბუნდოვანია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით მოპასუხეს 2021 წლის 30 ნოემბრიდან 2023 წლის 10 აპრილამდე პერიოდში შემოსავალი არ უფიქსირდებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო: 10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას.
14. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.). ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.).
17. საკასაციო სასამართლოს, კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მისი მატერიალური მდგომარეობა და დაეყრდნენ ბუნდოვან მტკიცებულებას - ამონაწერს სს „ს.ბ–იდან“, დაუსაბუთებლად მიაჩნია. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით სს „ს.ბ–იდან“ დასტურდება მოპასუხის ანგარიშზე შემოსავლების არსებობა. ხოლო ის გარემოება, რომ ანგარიშზე შემოსული თანხების ნაწილი მას არ ეკუთვნოდა, მოპასუხემ ვერ დაადასტურა. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ მისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში სასამართლოსთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ნაცვლად, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მისთვის ნაკლები ოდენობის ალიმენტის დაკისრების აუცილებლობაში, შესაგებელში თავად მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ოდენობის 10000 ლარის ნაცვლად, მისი შემოსავალი შეადგენს 1500 ლარს. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის სასამართლოს მიერ გაუთვალისწინებლობაზე, ვინაიდან, მითითებული ინფორმაცია შეეხება 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდს, თუმცა მოპასუხის შესაგებელი, სადაც იგი თავად მიუთითებდა 1500 ლარის ოდენობით შემოსავლის ქონაზე, სასამართლოში შეტანილია 2021 წლის 20 დეკემბერს. აღნიშნული კი სასამართლოს უქმნის რწმენას, მოპასუხის გადახდაუნარიანობაზე.
18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლებისა და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, არასრულწლოვნის სასარგებლოდ ალიმენტის თანხად მართებულად განსაზღვრა ყოველთვიურად 500 ლარი და არ არსებობს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.
19. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი (მცირეწლოვანი არის 4 წლის) და ის გარემოება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის კმაყოფაზე არასრულწლოვნის გარდა სხვა პირის არსებობა. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ, გაცილებით მეტია, იგი მოიცავს ბავშვის სწავლა-განათლებისათვის, ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჰიგიენისთვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს, ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით (სუსგ.: ას-341-2022, 14.06.2022 წ.).
20. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი ვერ იქნება ბავშვის აუცილებელი საჭიროებები და მის აღზრდა-განვითარებას შეექმნება საფრთხე.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის, არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ვ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ს.ვ–ვს (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N18892918765, გადახდის თარიღი 09.10.2023) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე