Facebook Twitter

ას-1209-2023

29 მარტი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „G. C.ჯ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „G. C.ჯ–ის“ (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 17705.08 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2096.2 ლარის გადახდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2018 წლის 2 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „G.ჯ–ის“ შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N85, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული ტომატ-პასტის შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 125 568 ლარით.

5.2. მიმწოდებელს შემსყიდველისათვის ტომატ-პასტა უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

5.3. ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

5.4. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა. კერძოდ, ტომატ-პასტა ქ. რუსთავში, ნაცვლად 2018 წლის 11 ივნისისა, მიწოდებულ იქნა - 2018 წლის 18 ივნისს, შვიდი კალენდარული დღის დაგვიანებით.

5.5. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და ტომატ-პასტა ქ. რუსთავში, ნაცვლად 2018 წლის 03 დეკემბრისა, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 08 დეკემბერს, ანუ 5 კალენდარული დღის დაგვიანებით. ქ. წალკაში, ნაცვლად 2018 წლის 03 დეკემბრისა, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 08 დეკემბერს, ასევე 5 კალენდარული დღის დაგვიანებით. ქ. ახალციხეში, ნაცვლად 2018 წლის 04 დეკემბრისა, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 08 დეკემბერს, 4 კალენდარული დღის დაგვიანებით. ციხისძირში კი, ნაცვლად 2018 წლის 04 დეკემბრისა, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 10 დეკემბერს, 6 კალენდარული დღის დაგვიანებით.

5.6. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და ტომატ-პასტა ქ. ზუგდიდში, ნაცვლად 2018 წლის 05 ნოემბრისა, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 07 ნოემბერს, 2 კალენდარული დღის დაგვიანებით. ქ. თბილისში, ნაცვლად 2018 წლის 15 ნოემბრისა, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 15 დეკემბერს, 15 კალენდარული დღის დაგვიანებით. ქ. ზუგდიდში, ნაცვლად 2018 წლის 30 ნოემბრისა, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 15 დეკემბერს, 15 კალენდარული დღის დაგვიანებით.

5.7. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. კერძოდ, მოსარჩელეს შესყიდვის ობიექტი (ტომატ-პასტა) მიეწოდა 94 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, რის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატამ განმარატა რომ, მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.

5.9. პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ექვემდებარებოდა შემცირებას და გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად განისაზღვრა ხელშეკრულების შესასრულებელი ღირებულების 0.05%-ის ოდენობით, ჯამში - 2 096.20 ლარით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ივნისის განჩინებაზე დარჩა განუხილველი, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 თებერვლის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

11. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

11.1. კასატორის მითითებით, სასამართლო ცალსახად დაეყრდნო მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევის თაობაზე, ისე, რომ მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია არცერთი ფაქტობრივი გარემოება, თუ რატომ იყო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი დაკისრებული პირგასამტეხლო, რომელიც გამომდინარეობდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან.

11.2. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე არის მეწარმე სიბიექტი, რომელსაც მეტი პასუხისმგებლობით მოეთხოვება ვალდებულების შესრულება. ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირგასმტეხლოს მოთხოვნა ხელშეკრულებით განხორციელდა არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ, მას უნდა უზრუნველეყო ვალდებულების ჯეროვანი შესრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.

16. სადავო არ არის მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები. უდავოა ასევე მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა. სადავოა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

18. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

19. საკასაციო პალატა პირველ რიგში შეაფასებს, თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ და აღნიშნავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან.

20. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მის მიერ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მიუთითებდა, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება მოხდა მისი ბრალის გარეშე. მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. გონივრულ ოდენობად მოპასუხე მხარეს მიაჩნია შესასრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.05%.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასატმეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

22. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას.

23. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის და ის არ უნდა ატარებდეს სიმბოლურ ხასიათს. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.

24. განსახილველ შემთხვევაში, იმის განსაზღვრისას, დარიცხული პირგასამტეხლო არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი, პალატა პირველ რიგში შეაფასებს მოპასუხის მიერ აღნიშნულის დასადასტურებლად შესაგებელში მითითებული გარემოებების საფუძვლიანობას (მითითებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე) და აღნიშნავს, რომ მხოლოდ მითითება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობაზე, არ წარმოადგენს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს მოპასუხის სახით წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ შემსყიდველი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საკვები პროდუქტის მიწოდება, რომლის შესრულების განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა მოსარჩელეს და მიმწოდებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვებოდა ვალდებულების შესრულება. ხელშეკრულების მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.15%, არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხემ ვადის დარღვევით შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 44615.37 ლარის ნაწილში, რის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების 9.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.

25. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს არ მიიჩნევს საკმარის საფუძვლად პირგასამტეხლოს შესამცირებლად და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.15% არ მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, პალატა შეამოწმებს მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გამოთვლის წესი შეესაბამება თუ არა სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას.

26. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან (2018 წლის 02 თებერვალი) 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით. სადავო არ არის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა 44615.37 ლარის ნაწილში, დარღვევით მიწოდების თარიღები და ვადადარღვეული დღეების რაოდენობა. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებულია ხელშეკრულების საერთო საორიენტაციო ღირებულებიდან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ განჩინებასა და გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი: ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016).

27. მოცემულ შემთხვევაში, იმ გრემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო პალატა მოპასუხე მხარის შედავებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე არ მიიჩნევს კვალიფიციურ შედავებად, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ შესასრულებელი ვალდებულების ოდენობამ შეადგინა 44615.37 ლარი, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ კი 94 დღე, პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო გამოთვლილ უნდა იქნეს მითითებული თანხის ოდენობისა და ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული 0.15%-ის შესაბამისად.

28. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ არამართებულად იქნა გამოთვლილი პირგასამტეხლო მთლიანი ხელშეკრულების ღირებულებიდან.

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 6290.76 ლარის ოდენობით (44615.37 ლარის 0.15% =66.923X94 დღეზე=6290.76).

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 503.33 (125.83+167.78+209.72) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს „G. C.ჯ–ის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 6290.76 ლარის გადახდა;

5. შპს „G. C.ჯ–ის“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 503.33 (125.83+167.78+209.72) ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე