საქმე №ას-99-2023 25 ოქტომბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –ლ.ჭ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
აღწერილობითი ნაწილი:
1. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 17.08.2022წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით - სს ,,თ.ბ–ის" სასარჩელო მოთხოვნა ლ.ჭ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა (იხ: დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ს.ფ.65-70). მოპასუხე ლ.ჭ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება მდებარე, ქ. ამბროლაური, ..........., ს/კ ..... და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე სს „თ.ბ–ს“; დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ლ.ჭ–ძის წარმომადგენელმა, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 17.08.2022წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების, მისი ძალაში დატოვების შესახებ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივარი წარადგინა ლ.ჭ–ძის წარმომადგენელმა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.12.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მოპასუხემ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა (იხ: განჩინება, ს.ფ. 189-193).
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
4. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, თუმცა სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი კერძო საჩივარი და გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
6. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით აპელანტს, უარი ეთქვა სახ. ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნაზე და სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, მის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან; კერძოდ, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით - 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის (შემოსავლის ორდერის) და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის სასამართლოსათვის წარდგენა. ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება აპელანტს, ლ.ჭ–ძის წარმომადგენელს გ.გ–ძეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მის მიერ მითითებულ მისამართზე, რომელიც 2022 წლის 28 ნოემბერს ჩაბარდა პირადად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინების შესაბამისად აპელანტს, ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2022 წლის 8 დეკემბრის 24:00 საათამდე, რაც არ შეუვსია. 09.12.2022წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა გ.გ–ძემ და მოითხოვა ხარვეზის სრულად შევსების მიზნით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საფუძვლით, თუმცა განმეორებით წარდგენილ განცხადებაში, მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა - სააპელაციო საჩივარი, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 17 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი; ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს გ.გ–ძეს (იხ. ს.ფ. 194) გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე - ამბროლაური, სოფელი ....გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დასტურდება რომ გზავნილი - პირადად გ.გ–ძეს, 30.12.2022წ ჩაბარდა (იხ. ს.ფ. 195).
7. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.
8. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როცა მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენელთან მიმართებით შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საპროცესო მოქმედების შედეგი ვრცელდება მხარეზე, ამასთან, კანონმდებელი წარმომადგენელს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, რაც მდგომარეობს სასამართლოს უწყებისა თუ გზავნილის ჩაბარების შესახებ მხარის ინფორმირებაში. თუმცა, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგები მხარეს შეერაცხება.
10. მოცემულ შემთხვევაში, განჩინება ჩაბარდა წარმომადგენელს, რაც, აღნიშნული მუხლის საფუძველზე, მხარისთვის ჩაბარებად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 70-ე, 71-ე და 73-ე მუხლებით დადგენილი წესით გაუგზავნა აპელანტ მხარეს ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება და იგი მხარისათვის ჩაბარებულად მართებულად მიიჩნია. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის (წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი) თანახმად, დაიწყო 2022 წლის 29 ნოემბრიდან უდავოა, რომ აღნიშნული დღიდან - 10 დღის განმავლობაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო და არც სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით არ მიუმართავს. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა (10 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად. სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოიწურა. 2022 წლის 9 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, წარადგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა. აპელანტის განმეორებითი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
12. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიხედულებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსით დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია. შესაბამისად, დასაბუთებული და კანონიერია სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ Nას-1397-2019, 21.11.19 წ.).
13. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ლ.ჭ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.12.2022 წლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი